ანა დოლიძე: „რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად გვექნება“
იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატად იყრიდა კენჭს, პარლამენტში ვერ მოხვდა, თუმცა ის არ აპირებს პოზიციების დათმობას _ თვითმმართველობის არჩევნებში გეგმავს, თბილისის მერის ან საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე იყაროს კენჭი.
რა ადგილს დაიჭერს ის ქართულ პოლიტიკურ ველზე და რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე? _ ამ საკითხების შესახებ ანა დოლიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა:
_ ანა, რას ფიქრობთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ოპოზიციის ბრძოლაზე?
_ ოპოზიციამ თავისი თავი უხერხულ მდგომარეობაში თვითონ ჩაიყენა. მე ბოიკოტის მომხრე ვიყავი თუკი ოპოზიცია იმუშავებდა ხალხთან, ქუჩაში, _ ამ შემთხვევაში ბოიკოტს ჰქონდა აზრი, მაგრამ როცა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა და საპარლამენტო პლატფორმა ხელიდან გაუშვა, პარალელურად არ აგრძელებდა ხალხთან მუშაობას. რეალურად, სახალხო პრობლემებთან მარტო დავრჩი მე. სწორედ მე მირეკავს ივერთუბნისა და ჩუღურეთის ხალხი. აღმოჩნდა, რომ ოპოზიცია კაბინეტში ჩაიკეტა და, შესაბამისად, თვითონ ჩაიყენა თავი ისეთ სიტუაციაში, რომ მოლაპარაკების პერიოდში მას ძალა არ მოემატა. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება ჰქონდა მისაღები: ან დათანხმებოდა საპარლამენტო პლატფორმას, ან გაეგრძელებინა ბოიკოტი, ოღონდ ამ ბოიკოტს სადამდე მივყავდით, ეს ვერავინ აღწერა. უკაცრავად და გიგა ბოკერიას ერთი კორპუსი ხალხი ვერ გამოჰყავს მიტინგზე, ერთი კორპუსი არ აძლევს ხმას და რით იქადნება?! ამიტომ თვითონ აღმოჩნდნენ ამ სიტუაციაში, როდესაც ექვსი თვის საუბრის შემდეგ ნაწილს მოუწია შესვლა პარლამენტში და ნაწილს ახლა მოუწევს შესვლა.
_ შექმნილ რეალობაში უნდა შევიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში?
_ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერანაირად ვერ მივცემ რჩევას, მას ჰყავს პოლიტიკოსები, რომლებიც 30 წელია, ამ სფეროში მოღვაწეობენ. მე იმაზე მოგახსენებთ, თავად როგორ მოვიქცეოდი, თუკი ბოიკოტს გამოვაცხადებდი: ყოველდღე დაგიკეტავდით ქუჩას, „ოცნებას“ იმ სიტუაციაში ჩავაყენებდი, რომ ის მოლაპარაკებებზე წამოსულიყო. ეს გამიკეთებია ადრეც და ახლაც ამას გავაკეთებდი…
_ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია კოორდინებული ფრონტით უნდა გამოვიდეს, თუ ინდივიდუალურად წარუდგნენ ამომრჩეველს?
_ მე განვასხვავებ სამ ცნებას: ერთიანობას, კოორდინაციასა და ინდივიდუალურად გასვლას არჩევნებზე. ვფიქრობ, ერთიანობა არ არის სწორი გადაწყვეტილება, ამან შეიძლება შეამციროს და არ გაზარდოს შედეგი, ანუ შეამციროს „ოცნებიდან“ წამოღებული ხმები. ჩვენი ამოცანა თუ არის, რომ „ოცნებას“ წავართვათ ხმები, შეიძლება, ინდივიდუალურად წამოვიღოთ მეტი. აქ ამოცანა ისაა, რომ ვიღაცამ კი არ მოიგოს, არამედ „ოცნებამ“ წააგოს.
როგორც დასავლეთშია, პარტიები ინდივიდუალურად გავლენ. კოორდინაცია საჭიროა, მაგრამ ერთიანობა, _ არა მგონია, სწორი იყოს იმ შედეგისთვის, რომ „ოცნებას“ მაქსიმალურად წავართვათ ხმები.
_ მემარჯვენე ძალების დაქსაქსვა არ გამოიწვევს ამომრჩევლის დაბნევას?
_ ამომრჩეველიც და ჩვენც, პოლიტიკოსებიც, უნდა მივეჩვიოთ, რომ ხმას ვაძლევთ პარტიებს მათი დღის წესრიგის მიხედვით. ეს არის თანამედროვე ევროპული პოლიტიკა. ზოგადად, ყოველთვის უცნაურია, როდესაც არჩევნები ახლოვდება, ვიღაცები ერთიანდებიან მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა სხვადასხვა აქვთ, ერთი ალთასაა, მეორე _ ბალთას. ევროპული პოლიტიკის არსი ის არის, რომ შენი ამომრჩეველი გყავს, ამით გადიხარ არჩევნებზე. თუ ისეთი მოცემულობა იქმნება, რომ ვერც ერთი იგებს, ამ შემთხვევაში კეთდება კოალიცია. თუ ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, უნდა მივეჩვიოთ ამას.
_ თქვენ რომელ ძალებთან გაერთიანდებოდით ამის საჭიროების შემთხვევაში?
_ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.
_ პირადად თქვენი და თქვენი პარტიის გეგმები როგორია თვითმმართველობის არჩევნებში?
_ ჩვენ ახლა მივდივართ რეგისტრაციისკენ და პარტია უნდა დავაფუძნოთ. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თბილისში მერობის კანდიდატად დავდგები თუ საკრებულოს თავმჯდომარეობის _ რომელი უპრიანი იქნება პარტიისთვის და საარჩევნო კლიმატისთვის…
_ ბოლო პერიოდში თქვენ ფეისბუკზე გააქტიურდით და იქ დააფიქსირეთ საკუთარი პოზიცია ჯართან დაკავშირებით. აღნიშნეთ, რომ ოპოზიციამ ვერ გაუწია ოპონირება პარლამენტში მისულ თავდაცვის მინისტრს. თქვენ რომ პარლამენტში ყოფილიყავით, რა საკითხებს დასვამდით?
_ თუ გახსოვთ, თავდაცვის სამინისტროში ჩემი მუშაობის დროს ჯარში ასეთი ფორმით გაწვევა გაუქმდა, შემდეგ როდესაც შეიცვალა თავდაცვის მინისტრი, ეს დაბრუნდა. დღევანდელი ფორმით გაწვევა არის მონური შრომა. ჩვენს ახალგაზრდებს თვეში 40 ლარის, ზოგან 16 ლარისა და 5 ლარის საფასურადაც კი ვამუშავებთ მათ ყარაულად, ესენი ხომ სამხედრო წვრთნას არ გადიან, უფასო დარაჯებად ჰყავთ. ჩვენი კონსტიტუციით მონური შრომა აკრძალულია, ამიტომ დღევანდელი ფორმით ასეთი ტიპის შრომა უნდა გაუქმდეს.
_ თქვენ ნამახვანჰესთან დაკავშირებითაც აფიქსირებთ პოზიციას, არსებობს მოსაზრება, რომ ამ პროტესტის უკან რუსული ძალა დგას. რას ფიქრობთ?
_ მიჩვეული ვარ სააკაშვილის დროიდან აგენტობაზე საუბარს. ვისაც არ ეზარება, ყველა ყველას აგენტობას აბრალებს. როდესაც საუბარია რუსულ ინტერესებზე, ამას უნდა დადასტურება და რაღაც მტკიცებულება. რაც შეეხება ამ მოძრაობას, მან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დასვა. დღესდღეობით ამ კითხვებზე პასუხი ხელისუფლებისგან არ მიგვიღია: რატომ გადაეცემა კომპანიას ამხელა მიწა? რატომ 99 წლით? ყველგან არის 49 წლით იჯარა. რატომ გადაეცემა ინვესტორს მიწა საკუთრებაში და რატომ არ შეიძლებოდა იჯარა?! ამოიღებდა ინვესტორი საკუთარ ფულს, მოგებას და მერე გადასცემდა ჰესს სახელმწიფოს. ინვესტორის ქვეყანაში შემოსვლა იმიტომ გინდა, რომ ხალხი დაგისაქმოს, ამ ხელშეკრულებით კი ეს ვალდებულება ინვესტორს არ აქვს. ძალიან ლეგიტიმური კითხვები არსებობს ხელისუფლების მიმართ და, ალბათ, დიდი პრობლემა აქვს, რადგანაც ამ კითხვებზე არ გვპასუხეობს.
_ საუბრობენ, რომ სხვა პირობებით არ შემოდიან ინვესტორები ქვუყანაში და რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?
_ პრობლემა ისაა, რომ არავითარ აქტიურ საქმიანობას ინვესტორების მოსაზიდად ეს ხელისუფლება არ აწარმოებს. ინვესტიცია კი არა, ვაქცინა ვერ შემოიტანეს… სადმე გინახავთ, რომ პრემიერი ან ახლანდელი ან წინა, დადიოდეს და ცდილობდეს ინვესტიციების მოზიდვას? ან ელჩების წახალისება ხდებოდეს, რომ მათ შემოიყვანონ ინვესტორები? _ არა. არ სურს ხელისუფლებას, რომ ინვესტორები შემოვიდნენ. ძალიან კომფორტულად გრძნობს ხელისუფლება თავს, რომ ქვეყანაში არ ჰყავს ფულიანი ხალხი, რომელიც მას დაუპირისპირდება.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება?
_ „ქართული ოცნების“ ინტერესშია სიღარიბე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყოს დამოკიდებული სოციალურ დახმარებაზე; პერიოდულად დახმარებებით გამოკვებოს, რომ არ იყოს „მშიერი ბუნტი“; ხოლო საშუალო ფენა რომ შეიქმნას, ის მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფალ სასამართლოს, ეს კი არ აწყობს.
_ ბოლო დროს ლევან ვასაძის მოძრაობა გააქტიურდა. რას ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ეს ძალა წარმატების მიღწევას?
_ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. „ქართული მარშის“ რეიტინგი არის მინიმალური, 0,4% მიიღო, როგორც პარტიამ, წინა არჩევნებში. ანუ არ აქვს მხარდაჭერა. ულტრანაციონალისტურ, რადიკალურ მოძრაობებს მომავალი არ გააჩნია, ჩვენი მოსახლეობა არის მშვიდობიანი, კეთილგანწყობილი და შემწყნარებელი, მართლმადიდებელი. ეს ვართ ქართველები. აქედან გამომდინარე, ამ პოზიციებს მხარდაჭერა არ ექნებათ. ვფიქრობ, ქსენოფობიური გამოხტომები საქართველოში მარცხისთვის განწირულია.
_ თვითმმართველობის არჩევნებში რა შანსი აქვს ოპოზიციას და გვექნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები?
_ თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ ვერ დააგროვებს 43%-ს. ვერ ვხედავ, რომ ირაკლი კობახიძის პარტიამ ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიას გარეშე დააგროვოს 43 პროცენტი. მაშინ არჩევნებზე უნდა მოაწყონ „ბართლომეს ღამე“, სხვანაირად, დემოკრატიული წესით, ამ არჩევნების მოგება იმ მოცემულობით, რაც ითქვა შარლ მიშელის შეთანხმებით, არა მგონია, „ოცნებამ“ შეძლოს. ვფიქრობ, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად გვექნება.
ირინა მაკარიძე