ამორტიზებული ნაგებობა თბილისის მერიამ აუქციონზე 74 000 ლარად გაიტანა
გიგა გელხვიიძე
თბილისის მერიამ დაბა კოჯორში არსებული ყოფილი სატყეო მეურნეობის შენობის მეორე სართული, რომელიც დღეს თანამესაკუთრეობაში არის, აუქციონზე 74 000 ლარად გაიტანა, თუმცა აუქციონი ვერ შედგა, რადგანაც არავინ მოისურვა შეეძინა შენობის ის სართული, რომელიც ინგრევა და სადაც, პირველ სართულზე მცხოვრები პირის ნებართვის გარეშე, უბრალოდ, ვერაფერს დააშენებ.
„ქრონიკა+“ საქმესთან დაკავშირებით, ყოფილი სატყეო მეურნეობის შენობის პირველ სართულზე მცხოვრებ პირს, მაყვალა დანელიას ესაუბრა. იგი გვიყვება, _ შენობის მეორე სართული იმდენად დაზიანდა წლების მანძილზე, რომ მათ ე. წ. სინკარების გასამაგრებლად ბეტონის კონსტრუქციების აგება დასჭირდათ, რათა პირველი სართული სრულად არ დაეზიანებინა ნგრევის პროცესს.
ამავე საუბრიდან ცნობილი გახდა, რომ კომპანია, რომელიც, თავის დროზე, თბილისის მერიამ შენობის მეორე სართულის დასანგრევად გამოუშვა, დღეს ამ ნაგებობის მფლობელია და იმის ნაცვლად, რომ პირველ სართულზე მცხოვრებ ადამიანებს სიცოცხლის საფრთხე არ შეუქმნას, ნგრევის პროცესში მყოფი ფართით ვაჭრობს.
უფრო მეტს აღნიშნული საქმის შესახებ ჩვენი მასალიდან შეიტყობთ.
მაყვალა დანელია:
_ უკვე 50 წელზე მეტია, ვცხოვრობთ მთაწმინდის რაიონის დაბა კოჯორში, ყოფილი სატყეოს, ახლა უკვე ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩაზე. მესამე-მეოთხე თაობა ვართ. ორსართულიანი შენობა, რომელშიც შეჭრილები ვიყავით, დაგვიკანონა სახელმწიფომ, მეტი კონკრეტიკა რომ იყოს, დაგვიკანონა პირველი სართული, სადაც ვცხოვრობდით.
_ შეჭრილები რატომ იყავით?
_ სატყეოში მუშაობდა ჩემი მამამთილი დარაჯად და რომ გაუქმდა, დარჩა იქ. ამ შენობაში უკვე მოვახერხეთ დავფიქსირებულიყავით, როგორც აბონენტები, შემოვიყვანეთ გაზი, დენი, წყალი. შენობა დაზიანებულია და სისტემატურად ჩამოდიოდა წყალი, სხვადასხვა პერიოდში მივმართავდით ყველას, ვისაც კი ეხებოდა ეს საკითხი, რომ დაგვხმარებოდა და შენობის სახურავი შეეკეთებინათ, რათა ჩვენ, ვინც პირველ სართულზე ვცხოვრობდით, არ დავზარალებულიყავით იმაზე მეტად, ვიდრე დავზარალდით.
_ ვის სახელზე იყო ეს შენობა? თქვენს მამამთილს ჰქონდა დაკანონებული?
_ არა, ეს მთავრობის ბალანსზე იყო და ამის შემდგომ უკვე დავიკანონე მე, მაყვალა დანელიამ მაშინ, როდესაც გამოვიდა შესაბამისი კანონი: ვინც 2007 წლამდე იყო შესახლებული სადმე და ჰქონდა ამის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია, ის ფართი უკანონდებოდა.
_ თქვენ რა დოკუმენტაცია გქონდათ?
_ მე მქონდა კომუნალური გადახდების ქვითრები, რომლებიც ჩემს სახელზე მოდიოდა ამ მისამართზე, როგორც აქ მცხოვრების და ეს ყველაფერი წარვადგინე და დავიკანონე ამის შემდგომ.
_ საბოლოოდ მოხერხდა თქვენი დახმარება?
_ დავდიოდით ყველგან. წყლის ჩამოსვლის გარდა, უკვე ბლოკები ცვიოდა, რაც დამატებით საფრთხეს ქმნიდა. ყოფილი გამგებელი ვინც იყო, გია მარღიშვილი, მან მომცა 6-მეტრიანი სახურავები და ის დავაფარეთ ზემოთ, ბლოკები გვაქვს დალაგებული, მაგრამ ქარი რომ წამოუბერავს, გადმოკეცავს ხოლმე და მაინც ჩამოგვდის წყალი. ამის შემდგომ მივამართეთ მერს, რომ საკუთრებაშია ამ შენობის პირველი სართული და ან შენობა დაანგრიეთ და მე აღმომიჩინეთ დახმარება, ან მომეცით საშუალება, რომ ეს შენობა სრულად შევისყიდო და ჩემივე სახსრებით მივხედავ-მეთქი.
_ ამის შემდგომ რა ხდება?
_ ქონების მართვის სააგენტომ გამოგვიგზავნა წერილი, რომ მეორე სართულს დაანგრევდნენ. ამის შემდგომ მოვიდნენ, შპს საქსპეცტრანსის წარმომადგენლები, რომლებსაც უნდა დაენგრიათ შენობის მეორე სართული, თუმცა როცა ვერაფერი ნახეს, რომ ნანგრევები არანაირ მასალად არ გამოდგებოდა, პროცესი დროში გაგვიწელეს. გვითხრეს, რომ ერთ თვეში დავანგრევთ ამას და დაცალეთ ზედა სართული სასწრაფოდ, რომ ზამთრამდე დავანგრიოთო.
_ ეს გასულ წელს ხდება, ხომ?
_ დიახ, გასულ წელს ხდება. გაწელეს პროცესი ისე, რომ ზაფხულამდე მიიყვანეს სიტუაცია. ამის შემდგომ ვიკითხეთ, კიდევ რა ხდება, რატომ იწელება ასე პროცესი-მეთქი და დაგვიბარეს შპს საქსპეცტრანსში. ადგილზე განგვიცხადეს, რომ სახელმწიფოს ამ შენობის დანგრევა ძვირი უჯდებოდა და წაგებაში მიდიოდა. შემოგვთავაზეს, რომ დავანგრევთ სრულად, თუ გინდათ და ავაშენებთ ახალ კონსტრუქციასო, თუმცა ზემოთ სურდათ კომერციული ფართის განთავსება.
_ ანუ ახალაშენებულში თქვენ განთავსდებოდით იმავე კვადრატულ ფართში, რომელშიც იყავით და ზემოდან კიდევ რამეს დააშენებდნენ?
_ კი, ასე იყო. გვითხრეს, თუ დათანხმდებით, თქვენც შეგიყვანთ წილში იმ კომერციულ ფართშიო. ვუთხარი, რომ იქ წლებია ვცხოვრობდი, უკვე ხეხილი მაქვს გაშენებული. მიწა, რომელიც ორივე სართულს ეკუთვნის, არის 557 კვ.მ. და ეს არის გასაყოფი მიწა, უნდა გაიყოს შუაზე. ვუთხარი, რომ ეს 200 კვ.მ. არის 50 წელია ჩვენს სარგებლობაში და ის არის ჩვენი შემოსავლის წყარო და არაფერი სხვა. ასევე აღვნიშნე, რომ მიუხედავად მთავრობების ცვლილებისა, ასეთი რამ ჩვენთვის არავის მოუთხოვია-მეთქი.
_ რა გიპასუხეს?
_ მაშინ თუ ასე არის, შეისყიდეთო. მოიყვანეს სამხარაულის ექსპერტიზა. ექსპერტმა თქვა, რომ ის ამ შენობას ვერ შეაფასებდა, რადგანაც შენობა, ფაქტობრივად, ითვლებოდა არარსებულად. მათ თქვეს, რომ უნდა მოხდეს ამ შენობის სასწრაფო დემონტაჟი, თორემ აქ მცხოვრები ადამიანები უკვე დაზარალებულები არიან თქვენგანო.
_ შემდეგ რა მოხდა?
_ როდესაც შემოგვთავაზეს შესყიდვა, ვთქვი, რომ თუ სახელმწიფო გაიტანს შენობას აუქციონზე, მე როგორც აქ მცხოვრები, თუ მისაღები ფასი იქნება, შევისყიდი-მეთქი. შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის წარმომადგენელმა თქვა, რომ შენობას ვერ შევაფასებ, თუმცა შემიძლია შევაფასო მიწა, რომელიც ეკუთვნის მეორე სართულსო.
_ რამდენი ხანია, რაც ეს პროცესი გრძელდება?
_ სამი წელია, ეს პროცესი გრძელდება, შენობა თავზე გვენგრევა, ბეტონი ცვივა.
_ როგორ გაგრძელდა საქმის მსვლელობა მას შემდეგ, რაც სამხარაულის წარმომადგენელმა მიწა შეაფასა?
_ ამის შემდეგ დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ სამხარაულმა გამოიტანა დასკვნა და ამის საფუძველზე ფასი დადგინდა 75 000 ლარი. ვიკითხე, რა გამოდის, 120 დოლარად მთავაზობთ კვადრატულის შესყიდვას, როდესაც კოჯრის ცენტრში ერთი კვ.მ. 80 დოლარამდე ღირს-მეთქი? საბოლოოდ ვუთხარი, რომ ამ შენობის გაყიდვის უფლებას არ მივცემდი მათ.
_ საბოლოოდ, რამდენადაც ცნობილია, ეს შენობა მაინც გავიდა აუქციონზე, ხომ?
_ დიახ, გაიტანეს აუქციონზე, ძალიან ბევრმა დამირეკა მას შემდეგ, როდესაც სახლი იცნეს ადგილობრივებმა. მე ავუხსენი მათ, რომ ქვედა სართული არის ჩემი, ხოლო ზედა სართული იყო სახელმწიფოსი. ისიც ვუთხარი, რომ მათ შევთავაზე შესყიდვა, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს, რადგანაც ძვირი დამიფასეს-მეთქი. შემდეგ მკითხეს, ჩემს წილს ხომ არ გავყიდიდი და როდესაც უარი განვაცხადე ჩემი წილის გაყიდვაზე, აუქციონი უბრალოდ ვერ შედგა.
_ ამის მერე რა ხდება?
_ გავგზავნე ჩემი ადვოკატი მათთან და გადავეცი, რომ პირველი აუქციონი არ შედგა და არ გამოხატა არავინ შესყიდვის სურვილი, მეორე აუქციონის გამოცხადებისას ხომ ნახევრდება თანხა, მე გადავიხდი განახევრებულ საფასურს-მეთქი, მაგრამ უარი გვითხრეს.
შემდეგ ვალერი გელბახიანმა მისწერა წერილი ქონების მართვის სააგენტოს, სადაც ახსნილი იყო, რომ ჩატარდა აუქციონი, რომელიც არ შედგა და ამის შემდგომ ფასი უნდა განახევრდესო.
_ რა გიპასუხეს?
_ პასუხად მოგვივიდა ის, რომ ისინი მოკლებული იყვნენ ყოველგვარ შესაძლებლობას ფასთან დაკავშირებით.
ყოველ წუთს აწუხებენ ჩვენს ადვოკატს, ურეკავენ, რომ ამ თანხას არ დააკლდება, თუმცა დაელოდებიან ჩემს გადაწყვეტილებას. შემდგომ ჩემმა ადვოკატმა მათ ჰკითხა, ეს ორგანიზაცია შპს იყო თუ, რაიმე სახელმწიფო უწყება? განაცხადეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ სახელმწიფოს.
_ ფართი, რომელშიც ცხოვრობთ, რა ოდენობისაა?
_ ჩვენი ფართი არის 58 კვადრატული, სადაც ვცხოვრობთ, ხოლო მეორე სართული _ 66 კვადრატული, თუმცა აქაც შეცდომაა, _ ნახაზი გააკეთეს ისე, როგორც მათ აწყობდათ. ჩემი უფრო მეტია ფართი, მათი მეტად შეწეულია.
_ რა არის თქვენი საბოლოო მოთხოვნა?
_ ვიცით, რომ ეს შენობა, მეორე სართული არის სახელმწიფოსი.
ჩვენ გავაკეთეთ ექსპერტიზაც ზედა სართულთან დაკავშირებით, სადაც დამტკიცებულია, რომ პირველ სართულზე არაფრის დაშენება არ შეიძლება, რადგანაც არის დაზიანებული, თუმცა ამ დასკვნის გამოტანა ექსპერტიზის ბიუროდან ვერ შევძელით უსახსრობის გამო. ნაპრალები გაუჩნდა სახლს, ჩვენს სართულს. ფოტოსურათებშიც კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაში ვართ.
ჩვენი საბოლოო მოთხოვნა არის ის, რომ ჩვენ არ გავურბივართ სახელმწიფოს მოთხოვნას, ჩვენ არ მოვითხოვთ, რომ გვაჩუქოს ვინმემ ეს შენობა, უბრალოდ, ვითხოვთ იმას, რომ პირველი აუქციონის ჩავარდნის შემდგომ, როგორც წესია, განახევრებულ ფასში მოგვეცეს საშუალება ამ შენობის შესყიდვის. ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ ეს თანხა.
_ ეჭვი ხომ არ გაქვთ, რომ შეიძლება კიდევ ვინმეს ინტერესებში შედიოდეს ეს შენობა? სხვა დროს ხომ არ ყოფილა კიდევ გამოხატული რაიმე სახის ინტერესი ამ ლოკაციის მიმართ?
_ არ არის გამორიცხული, თუმცა სხვა დროს ჩვენთან არავინ მოსულა.
_ შპს საქსპეცტრანსი თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურმა გამოაგზავნა თქვენს მისამართზე, რომ მათ უბრალოდ უნდა დაენგრიათ მეორე სართული, ხომ?
_ კი ბატონო, მერიის ქონების მართვის სამსახურია.
_ ეს კომპანია, რომელსაც უბრალოდ დემონტაჟი უნდა განეხორციელებინა შენობის მეორე სართულის, რატომ გეუბნებათ, რომ მათ უნდათ რაიმეს დაშენება ზემოთ?
_ ძალიან ბევრი დარღვევაა, სწორედ ამას ვამბობთ.
„ქრონიკა+“-მა შპს „საქსპეცტრანსის“ შესახებ მოიძია ინფორმაცია, სადაც ირკვევა, რომ კომპანია 2012 წლიდან წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. მისი მფლობელები სხვადასხვა წლებში სხვადასხვა პიროვნებები იყვნენ, ამჟამად კი კომპანიის დირექტორი ლევან ჯიმშელეიშვილია. კომპანიის მახასიათებლებში მითითებულია, რომ ის სამშენებლო მიმართულებით მუშაობს. ასევე ირკვევა ისიც, რომ პანდემიის პერიოდში შპს „საქსპეცტრანსი“ სახელმწიფოს იმ 67 ფავორიტ კომპანიებს შორის მოხვდა, რომლებსაც ფუნქციონირების უფლება ჰქონდათ, თუმცა ამ შემთხვევაში ვკითხულობთ, რომ მისი დანიშნულება პირბადეების წარმოებისთვის საჭირო მასალების მიწოდება იყო და არა ის ფუნქცია, რომელიც რეალურად აქვს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შპს „საქსპეცტრანსი“ სახელმწიფომ 2019 წელს აუქციონზე 2 864 500 ლარად გაიტანა, თუმცა ვერ გაყიდა.
დაბა კოჯორში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით, თუ როდის გადავიდა ის შპს „საქსპეცტრანსის“ საკუთრებაში, მონაცემების მოპოვება არ მოხერხდა, თუმცა გავარკვიეთ, რომ ეს არ არის ერთადერთი უძრავი ქონება, რომელიც აღნიშნული შპს-ს მფლობელობაშია.
საკითხში უფრო მეტად გასარკვევად „ქრონიკა+“ შპს „საქსპეცტრანსის“ წარმომადგენელს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა, მიზეზად კი არასამუშაო დღე დაასახელა და ასევე ეჭვი შეიტანა იმაშიც, რომ ნამდვილად კონკრეტული მედიასაშუალებიდან ვურეკავდით თუ არა. მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხეთ იმის გარკვევა, რომ კომპანია არ აპირებს წასვლას დათმობაზე მაყვალა დანელიასთან და მისთვის შენობის მეორე სართულისა და მიწის ნაკვეთის სხვა, უფრო დაბალ ფასში გადაცემას გარდა პირველ აუქციონში წარმოდგენილი 74 000 ლარისა; ასევე კომპანიის წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ მიწაც და შენობის მეორე სართულიც, რომელიც არის მათ საკუთრებაში, განკარგული იქნება ისე, როგორც ეს კომპანიას სურს.
ჩვენს შეკითხვაზე, თუ როდის გადაეცა შპს „საქსპეცტრანსს“ საკუთრებაში აღნიშნული ქონება, პასუხი ვერ მივიღეთ. გვითხრეს, რომ ღია არიან მედიასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა არა ტელეფონით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამის მტკიცებულებას წარვადგენთ.
საქმესთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ასევე ესაუბრა მაყვალა დანელიას უფლებადამცველ ვალერი გელბახიანს. მისი თქმით, საქმეში კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ პირველი აუქციონის გამოცხადების შემდგომ აღარ მოხდა ორი კვირის ვადაში მეორე, ნულოვანი ფასის მქონე აუქციონის გამოცხადება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ პირებს სურთ, ფულადი სარგებელი ნახონ ამ საქმით:
„ამ საქმეში კანონდარღვევის ნაწილი ის არის, რომ როცა ქალბატონმა შეიტანა განაცხადი მეორე სართულთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს შენობა არის თანასაკუთრება, შეგვასყიდვინეთო (კანონით ეს შესაძლებელია), მათ გაიტანეს აუქციონზე და დაადეს სასწაული ფასი. აუქციონზე კი არ გაიყიდა. კანონის მიხედვით, ორი კვირის ვადაში უნდა გამოცხადებულიყო მეორე აუქციონი ნულოვანი ფასით, სადაც ეს ადამიანები მიიღებდნენ მონაწილეობას და შეისყიდდნენ. ეს შენობა რატომ არ გაიყიდა? არ გაიყიდა იმიტომ, რომ როდესაც პირველ სართულზე სხვა ცხოვრობს, მეორეზე ასასვლელიც არ მაქვს, არ გამოვა, არ ვიყიდი ასეთ საკამათო შენობას. აქ კორუფციული ნაწილი იკვეთება, ფულის გაკეთება სურთ. ხედავენ, რომ ამ ქალბატონს არ აქვს ფული და უნდათ, სხვა გზით ფულის გაკეთება“, _ განაცხადა გელბახიანმა.