„დღეს ვერ ვხედავ რეალურ პროტესტს საქართველოში“

გიგა გელხვიიძე

2022 წლის 24 თებერვალი, _ ეს არის დღე, როდესაც მედიაში რუსეთის მხრიდან უკრაინის დაბომბვის პირველი კადრები გავრცელდა. ამ დღის შემდგომ საქართველოდან არაერთმა ადამიანმა გამოთქვა საურვილი, წასულიყო უკრაინაში საომრად. მიუხედავად ძალიან დიდი წინააღმდეგობებისა, რომლებიც მათ ხელისუფლების მხრიდან ხვდებოდათ, ისინი ახერხებდნენ და ჩადიოდნენ უკრაინაში. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წავიდნენ და ფიზიკური შრომით, ძირითადად, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მოხალისედ მუშაობით შეეცადნენ დახმარებას.

გაზეთმა „ქრონიკა+“-მა ჩაწერა პიროვნება, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე ცდილობდა, უკრაინელ ხალხს დახმარებოდა. ზალიკო კუხიანიძე ქუთაისიდან არის და სულ რაღაც ორი კვირაა, რაც სამშობლოში დაბრუნდა. როგორი იყო გზა უკრაინა- პოლონეთის საზღვრამდე და რა ვითარებაში უხდებოდა მას მუშაობა? _ ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ ზალიკო, რამდენი ხნის მანძილზე იმყოფებოდით უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე?
_ საქართველოში 31 დეკემბერს დავბრუნდი. უშუალოდ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სამი თვის მანძილზე ვიმყოფებოდი, შემდგომში უკვე გადავედი კრაკოვში და იქიდან ვცდილობდი დხმარებას, მქონდა კონტაქტი საზღვართან და თუ ვინმეს (უკრაინელი დევნილები იგულისხმება) დასჭირდებოდა საქართველოში წამოსვლა, ვეხმარებოდი. ასე ჩამოვიყვანეთ ერთი ოჯახი და ახლა კიდევ _ ორი დევნილი.
_ ეს გადაწყვეტილება მარტივად მიიღეთ?
_ დიახ, ეს გახლდათ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ცხოვრებაში მიმიღია. არ ვიცი, რამდენად შევძელი უკრაინელი ხალხის დახმარება, რამდენად კმაყოფილები არიან ისინი, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დაუდგეს გვერდით უკრაინას, რადგანაც დღეს ეს ქვეყანა ებრძვის ყველაზე დიდ ბოროტებას.
_ როდესაც ჩახვედით, როგორი იყო ვითარება? რა სურათი დაგხვდათ?
_ უშუალოდ უკრაინის საზღვარზე, კორჩავაში, რომელიც არის ბოლო საზღვრისპირა დასახლება, გამაოცა პოლონეთის მობილიზებამ, _ მათ უმასპინძლეს უკრაინელ ხალხს, რაც სხვადასხვა ქმედებით გამოიხატებოდა: კვებით, ტრანსპორტირებით, ტანისამოსით, სამედიცინო მომსახურებით თუ ა. შ.
უკრაინიდან შემოდიოდნენ დევნილები და შემდგომ უკვე მათ ანაწილებდნენ ევროპის ქვეყნების მიმართულებით. მოხალისეებში იყვნენ როგორც პოლონელები, ასევე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები: მექსიკიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, თითქმის მთელი ევროპიდან. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ორგანიზატორი იყო პოლონეთი და ჩვენც მათი დაქვემდებარების ქვეშ ვიმყოფებოდით და ვაკეთებდით ყველაფერს მათთან ერთად.
_ როგორი იყო სამუშაო გრაფიკი? რამდენადაც ვიცი, არ არის მარტივი, იმუშაო მოხალისედ, მით უფრო, ასეთ სიტუაციაში.
_ მხოლოდ 4 საათი გვეძინა მორიგეობით და ამას ყველა შეგუებული იყო. რეჟიმი უმძიმესი გახლდათ, რადგანაც ხვდები ადამიანებს, რომლებიც ომიდან მოდიან და დენთის სუნი ასდით. გაუსაძლისია მათი ისტორიების მოსმენა, მაგრამ მათ სჭირდებათ ტკივილის გამზიარებლები. როდესაც ვგრძნობდი, რომ დავიღალე, ყოველი ახალი ნაკადის შემოსვლა ამ დროს და უკრაინელი ადამიანების მიერ გადახდილი თითოეული მადლობა ახალ ძალასა და ენერგიას მმატებდა. საკუთარ თავს მარტივად ვეუბნებოდი, _ რა გაძინებს, როდესაც ომგამოვლილი ადამიანები მოდიან მატარებლებით და შენ მათ სჭირდები!
_ ძნელი იყო ამ ყველაფერთან შეგუება?
_ არანაირად, რადგან ძალიან დიდი იყო შემართება, დღითი დღე მემატებოდა ენთუზიაზმი. გააზრებული მქონდა, რომ სწორად ვიქცეოდი და ვაკეთებდი იმას, რასაც მივიჩნევდი საჭიროდ, ვცდილობდი, კიდევ უფრო მეტი გამეკეთებინა.
_ თქვენი მთავარი მოტივაცია…
_ ჩემი მთავარი მოტივაცია, ალბათ, ის იყო, რომ საქართველოში ვერ დავიხარჯე რუსეთის წინააღმდეგ და ვერ მოვახდინე საკუთარი თავის რეალიზება ისე, როგორც საჭირო იყო, ამიტომაც სადაც დავინახე, რომ მექნებოდა ამის საშუალება (და ეს იყო უკრაინა, ყველაზე დიდი, გაშლილი ველი), გადავწყვიტე, რომ ჩავრთულიყავი აქტიურად მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
_ სხვა თუ იყო ქართველი თქვენ გარდა?
_ თბილისიდან იყო ჩამოსული ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მარიამი, რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე ცხოვრობდა ასევე საზღვარზე. კორჩავაში სხვა არავინ ყოფილა ქართველი მოხალისე, თუმცა რამდენიმე ქართველმა გაიარა ჩვენს საზღვარზე, რომელიც უშუალოდ საბრძოლველად, ფრონტის ხაზზე მიდიოდა უკრაინაში.
_ აპირებთ თუ არა უკან დაბრუნებას?
_ ვფიქრობ, რომ საჭიროება იქნება. ახლა დროებით ვიმყოფები საქართველოში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ვგეგმავ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დაბრუნებას და ისევ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას, თუმცა ჯერ ზუსტად გაწერილი არ მაქვს გეგმა, ვინაიდან იმდენად არაპროგნოზირებადია საქართველოში სიტუაცია, რთულია რამე წინასწარ დაგეგმო.
_ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო შეიცვალა. როგორ აფასებთ იმას, რაც ხდება და თუ გქონდათ იქ ყოფნის დროს ინფორმაცია ამ ყველაფერზე?
_ დიახ, ვგებულობდი ყველაფერს. ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, არის კატასტროფა _ ეს არის რუსეთიზაციის ძალიან მკვეთრი მაგალითი. საქართველო ნელ-ნელა ხდება რუსეთის გუბერნია. ადამიანები გაყოფილები არიან ორ ნაწილად და ხელისუფლებას არც სურს, დაასრულოს პოლარიზაცია.
ახლა რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს: ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე სურათია, ჩამოვედი და ყველაფერზე გაზრდილი ფასები დამხვდა, ტრანსპორტზეც კი და ძალიან მიჭირს იმის შეფასება, თუ რა მდგომარეობაში არიან ადამიანები საქართველოში.
_ საქართველოში დაბრუნებული, ალბათ, მარტივად შეამჩნევდით, რომ აქ საკმაოდ ბევრი რუსია, მათ შორის, ქუთაისშიც. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და როგორი უნდა ოყოს ამ ფაქტზე ხელისუფლების პოზიცია?
_ ძალიან მძიმეა ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან მიმართებით. ერთი რაღაცით „ვიმშვიდებ“ თავს: როდესაც ქუჩაში რუსული საუბარი მესმის, ჩემს თავს ვეუბნები, რომ ესენი არ არიან რუსები, არამედ არიან უკრაინელები. არადა, რა გაუსაძლისია, როცა იცი, რომ ესენი არიან რუსები, ჩვენი ქვეყნის მტრები, რომლებიც დღემდე ახდენენ საქართველოს ოკუპაციას. ხელისუფლების პოზიცია კი კრიტიკას ვერ უძლებს ამ საკითხთან მიმართებით
_ აქტიურად მონაწილეობდით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. როგორც სამოქალაქო აქტივისტი, ერთ-ერთი იყავით, ვინც რუსთავის ციხის წინ არსებულ კარვებში იჯექით. დღეს რა ვითარებაც არის შექმნილი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ, როგორც შეაფასებ ამ მდგომარეობას? შეეძლო თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტის გაკეთება მისთვის?
_ ზერელე ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს, რა უნდა გაეკეთებინათ, ამაზე არ ვისაუბრებ, ვინაიდან შორს ვიყავი ბოლოდროინდელი პროცესებისგან, თუმცა მიმაჩნია, რომ ყველა ქართველმა, ვისაც ქართული პასპორტი აქვს და ვინც ამაყობს ქართველობით და საქართველოთი, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს და ის გაიყვანონ ქვეყნიდან შემდგომი შესაბამისი რეაბილიტაციისთვის.
დღეს ვერ ვხედავ რეალურ პროტესტს საქართველოში. არ ვიცი, ვის რა უნდა გაეკეთებინა, თუმცა ფაქტია, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.