პაატა ზაქარეიშვილი: „ქართულ ოცნებას“ „ალტ-ინფოს“ ამომრჩევლის გადაბირება უნდა“
შორენა მარსაგიშვილი
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ის რაც ახლა მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ხდება, ნორმალურია. ზაქარეიშვილისთვის არანორმალური ვითარება მმართველ პარტიაშია, სადაც, კონფლიქტოლოგის განცხადებით, საერთოდ არაფერი ხდება.
რატომ არის „ნაციონალებში“ არსებული დაპირისპირება ჯანსაღი პროცესი? რა მიზნით გამოუშვა ივანიშვილმა „ოცნებიდან“ ადამიანების ჯგუფი? ვის ჩანაცვლებას ცდილობენ ისინი? რატომ არ წავა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან? რაზე მეტყველებს ირაკლი კობახიძის განცხადებები? _ ამ თემებზე პაატა ზაქარეიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.
_ ბატონო პაატა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას კუდის უფროსის ყოფილმა მოადგილე სოსო თოფურიძემ დამატებითი ინტრიგა შესძინა. მის განცხადებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე _ ხელისუფლებაში. თქვენი აზრით, რა ხდება მთავარ ოპოზიციურ ძალაში, რატომ დაიწყო პარტიის შიგნით ასეთი არეულობა?
_ სოსო თოფურიძემ რა თქვა, არ ვიცი, ის დიდი ხანია, საქართველოდან წასულია. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. ცოცხალ ორგანიზმში დუღილი და დაპირისპირება ჩვეულებრივი ამბავია. ის, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, ნორმალური პროცესია. არანორმალური პროცესები მიდის „ქართულ ოცნებაში“, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაფერი ნორმალურადაა.
_ „ქართულ ოცნებაში“ რა ხდება არანორმალური?
_ არანორმალური ის ხდება, რომ ხელისუფლების გუნდში არაფერი ხდება. პოლიტიკურ პარტიას უხდება დუღილი, აზრთა სხვადასხვაობა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მეც ვიყავი პოლიტიკური პარტიის წევრი, რესპუბლიკელებში გახლდით და ძალიან საინტერესო პარტია გვქონდა. იქაც იყო განსხვავებული მოსაზრებები, იქაც ვკამათობდით სხვადასხვა თემაზე. არასდროს მიფიქრია, რომ არანორმალური პროცესი მიმდინარეობდა. ასე რომ, პარტიაში კამათი, სხვადასხვა მოსაზრების ქონა ამა თუ იმ საკითხზე და გნებავთ დაპირისპირება ჩვეულებრივი და ნორმალური ამბავია.
ჩენი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ყველამ ისე უნდა შევაფასოთ, როგორც ჯანსაღი მოვლენა. გიმეორებთ: იქ არაფერი ტრაგიკული არ ხდება. ეს „ქართული ოცნება“ წარმოაჩენს ისე, რომ თითქოს იქ რაღაც საშინელებაა, სინამდვილეში კი ყველაფერი კარგად მიდის, არაჯანსაღი ვითარება „ქართულ ოცნებაშია“. იქ არაფერი არ ხდება და არც განსხვავებული აზრი არსებობს.
_ ეს დაპირისპირება, კამათი, აზრთა სხვადასხვაობა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დააზარალებს?
_ არ მიმაჩნია, რომ ეს პროცესები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ცუდია. დაზარალებით რატომ დააზარალებს? _ აზრთა სხვადასხვაობა რომ არსებობს, ეს თავად პარტიისთვის არის კარგი. მთავარი ახლა ის კი არ არის, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, მთავარი ისაა, თუ როგორ გადალახავს ყოფილი ხელისუფლება ამ ყველაფერს.
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, გადალახავენ?
_ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადალახავს ამ სირთულეებს. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ მე „ნაციონალური მოძრაობა“ არ მომწონს. ამის მიუხედავად, მათ შეფასებებში ყოველთვის ობიექტური ვარ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სულ რომ არაფერი გააკეთოს, რამდენიმე წელი ხმა რომ არ ამოიღოს, არჩევნებზე 5-იანი მაინც მიიღებს თავის გარანტირებულ 7-8%-ს. ოპოზიციური პარტიებიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტი ხმი ექნება. მას არჩევნებზე ყველაზე მეტი ამომრჩეველი მისცემს ხმას
_ რატომ მისცემს ამომრჩეველი ამ პარტიას ხმას?
_ საზოგადოებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არსებობს რაღაც გარკვეული ნდობა. ეს არ მომწონს, არ მესმის და ძალიან მიკვირს, მაგრამ ესაა დღევანდელი რეალობა. ვინც არ უნდა დარჩეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს პარტია ყოველთვის უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ნებისმიერი გამონაყოფი ამ პარტიიდან. „ნაციონალებს“ ბევრი გამოეყო, პარტიებიც შეიქმნა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად დარჩა.
ჩემი აზრით, ახლა ყოფილ ხელისუფლებაში ბრძოლა მიდის ნომერ 5-ზე და პარტიის სახელზე _ „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიმე ჯგუფი გამოეყო და მათ თავიანთი პარტიები შექმნეს. საუბარი მაქვს „სტრატეგია აღმაშენებელზე“, „ევროპულ საქართველოზე“, „გირჩზე“. ყველა მათგანის საქმე წავიდა ცუდად, ამიტომ ახლა ბრძოლა ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილს შორის კი არ მიმდინარეობს, არამედ იბრძვიან იმისთვის, თუ ვის დარჩება ნომერი 5. ვისაც ეს ნომერი და პარტიის სახელი დარჩება, მას შეუძლია მშვიდად იყოს. მშვიდად ყოფნაში იმას ვგულისხმობ, რომ შეუძლიათ არაფერი აკეთონ, ეწეროთ შუბლზე 5-იანი და არჩევნებზე ამომრჩეველი მათ ხმას მისცემს. ამ მომრჩევლის მე არ მესმის. ამ ამომრჩევლისთვის მთავარია ნომერი 5, ვინ იქნება იქ _ მელია თუ მგელია, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ეს კარგად იციან პარტიაშიც და ამიტომ იბრძვიან სახელისა და ნომრისთვის.
_ თქვენი აზრით, ვის დარჩება გამარჯვება, რომელი ჯგუფი გახდება 5-იანის მფლობელი?
_ ეგ არ ვიცი, ვისი ჯგუფი გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში, მე ის ვიცი და ასე მგონია, რომ მომავლის ხალხი არის ახალგაზრდობა. თავის დროზე, სწორედ ამიტომ გაიმარჯვა ნიკა მელიამ.
_ პარტიის თავმჯდომარედ არჩევას გულისხმობთ ნიკა მელიას გამარჯვებაში?
_ დიახ. მისი კონკურენტი იყო ლევან ვარშალომიძე. პარტიის წევრების დიდმა ნაწილმა ნიკა მელიას დაუჭირა მხარი. ლევან ვარშალომიძეს ძალიან კარგად ვიცნობ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ვყოფილიყავი, ლევან ვარშალომიძეს მოვცემდი ხმას.
_ რატომ მისცემდით ხმას ლევან ვარშალომიძეს?
_ იმიტომ, რომ იმ პერიოდში ნიკა მელია არ მომწონდა, ჩემთვის ვარშალომიძის კანდიდატურა უფრო მისაღები იყო.
_ რატომ არ მოგწონდათ ნიკა მელია?
_ იმ პერიოდში ძველი ბიჭივით იქცეოდა, ძალისმიერ კონფიგურანტად გამოიყურებოდა.
_ ახლაც იგივეს ფიქრობთ მასზე?
_ დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს თავისი ხედვები და მოსაზრებები, პრინციპები აქვს, რაც მისასალმებელია.
_ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ხედვების გამო ბევრს აღარ მოსწონს ნიკა მელია. მის გადადგომასაც კი ითხოვენ თავმჯდომარეობიდან.
_ ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. თუ არ მოსწონთ, გადაირჩიონ. პარტიის დებულების მიხედვიოთ, შეიძლება ყრილობის ჩატარება და თავმჯდომარის გადარჩევა. მოიწვიონ ყრილობა და გადაირჩიონ ნიკა მელია. იცით, რატომ არ იწვევენ ამ ყრილობას და რატომ არ აყენებენ დღის წესრიგში მისი გადაყენების საკითხს? იმიტომ არ იწვევენ, რომ იციან, მელიაზე პოპულარულები არ არიან პარტიაში და ყრილობის ჩატარების შემთხვევაში ისევ ნიკა მელია გაიმარჯვებს. ესაა მათი პრობლემა და ამიტომ არ იწვევენ ყრილობას.
რადგან შიგნიდან ვერაფერს უხერხებენ ნიკა მელიას, გარედან უტევენ. ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს. „ნაციონალებში“ არსებული დაპირისპირებით „ოცნებაში“ ძალიან გახარებულები არიან და თავიანთ სიხარულს არც კი მალავენ. მამუკა მდინარაძემ თუ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების არსებობას ხელს ვუწყობთო.
_ „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც იგივეს ამბობენ. აცხადებენ, ყველანაირად ხელს შევუწყობთ იმ პროცესს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაასუსტებს და დააზარალებსო.
_ ეს ნამდვილად არანორმალური პროცესია. არც ერთი პარტიის საქმე არ არის, თუ რა ხდება სხვა პარტიაში. მმართველი პარტია კი სულ სხვა საქმეებით უნდა იყოს დაკავებული. „ქართული ოცნების“ საქმე ქვეყნის მართვაა და არა სხვა პარტიის ჩაძირვა, რაზედაც ასე ამაყად საუბრობს კობახიძე. გამუდმებით გაიძახის, ჩვენ უნდა ჩავძიროთ „ნაციონალური მოძრაობაო“. ეს განცხადებებიც ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად შორს არის ირაკლი კობახიძე პოლიტიკური აზროვნებისგან, ისიც კი არ იცის, რა უნდა ილაპარაკოს. კაცი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა და მისთვის მთავარი ამოცანა სხვა პარტიის ჩაძირვაა.
_ ზემოთ განაცხადეთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი რომ არ გააკეთოს, ხმა რომ არ ამოიღოს, ნომერი 5 არჩევნებზე 7-8%-ს მაინც აიღებსო. იმ შემთხვევაშიც იგივე შედეგს დადებენ, თუ მიხეილ სააკაშვილი მათ გვერდით აღარ იქნება?
_ მიხეილ სააკაშვილი სად უნდა წავიდეს? ეს პარტია მისი შექმნილია. მე არ ველოდები, რომ ის „ნაციონალებიდან“ წავა. სადაც 5 ნომერი იქნება, იქ იქნება მიშაც. ასე რომ, „ნაციონალებს“ გარანტირებული აქვთ არჩევნებზე, სულ მცირე, 7-8%.
_ რატომ გგონიათ, რომ სააკაშვილი არ წავა „ნაციონალური მოძრაობიდან“? მესამე პრეზიდენტმა დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკას ემიჯნება.
_ მიშას ძალიან კარგად ვიცნობ და ამიტომ ვამბობ, რომ ის პოლიტიკიდან არ წავა. მას გულწრფელად ვუსურვებ ჯანმრთელად ყოფნას. დაუშვებელია, რომ ადამიანი პოლიტიკის გამო ავადდებოდეს და მით უმეტეს, _ კვდებოდეს. უმსგავსობა და ამორალურობაა ის, როგორც ექცევა „ქართული ოცნება“ დღეს სააკაშვილს. კიდევ ერთხელ ვუსურვებ მიშას გამოჯანმრთელებას და ასევე ვუსურვებ, რომ შეასრულოს თავისი პირობა.
_ პოლიტიკიდან წასვლის პირობას გულისხმობთ?
_ კი. ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის, თუ მიშა პოლიტიკიდან წავა. როგორც უკვე გითხარით, სააკაშვილს კარგად ვიცნობ და ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მიშა პოლიტიკიდან არ წავა. როგორც კი ის გამოჯანმრთელდება, მაშინვე დაბრუნდება პოლიტიკაში. მას სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლია. მიხეილ სააკაშვილი ედუარდ შევარდნაძესავით არ წავა პოლიტიკიდან, პოლიტიკიდან წასვლას მიშა ვერ მოახერხებს.
_ იქნებ, მოახერხოს.
_ თუ მოახერხებს, მაგას რა ჯობს, მაგრამ არ წავა. ძალიან მინდა, რომ წავიდეს პოლიტიკიდან, ის ამით საქართველოს ძალიან დიდ საქმეს გაუკეთებს. წავა თუ არ წავა, ეს სხვა საკითხია, ახლა მისი ჯანმრთელობაა მათავარი. ადამიანები პოლიტიკის გამო არ უნდა ავადდებოდნენ.
აშკარაა, რომ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში არ ერევა და ამას იმიტომ სულაც არ აკეთებს, რომ პოპლიტიკიდან წასულია ან წასვლას აპირებს. მან კარგად იცის, რომ ამ დაპირისპირებაში ჩარევა მისთვის მომგებიანი არ არის. სააკაშვილმა იცის, რომ პარტიაში ვიღაცას თუ ზედმეტად გააკრიტიკებს ან შეაქებს, ეს მას დააზარალებს.
_ რანაირად დააზარალებს?
_ რაც არ უნდა გამოჯანმრთელდეს და მე მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ენერგიულად იყოს, მისი დრო უკვე წასულია. ახლა ახალგაზრდებს უნდა მიეცეს გასაქანი. მიშა მართალია, ჩემზე ახალგაზრდაა, მაგრამ „ნაციონალებში“ მასზე ახალგაზრდებიც არიან და მათ უნდა დაუთმოს ასპარეზი. ნიკა მელია, კარგია თუ ცუდია, სხვა დანარჩენს ყველას სჯობს.
_ რით სჯობს სხვა „ნაციონალებს“ ნიკა მელია?
_ ჩემი აზრით, სხვებისგან განსხვავებით, მას ზომიერების ნიშა უჭირავს. ხვდება, რომ სიგიჟეებით და სისულელეების წამოროშვით შორს ვერ წავა. მელიას აქვს პრინციპები და უნდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ პრინციპებით მიაღწიოს წარმატებას. მას არ სურს, რომ წარმატება ნებისმიერი გზით მოიპოვონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემთვის არასდროს არ იქნება მისაღები პოლიტიკური პარტია.
_ ზემოთ თქვით, რომ „ნაციონალებში“ რაც ხდება, ნორმალური პროცესიაო. იქიდან რომ ვიღაცები მოდიან, ესეც ნორმალური პროცესია?
_ პარტიიდან წამოსვლაც ნორმალური ამბავია. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს სხვადასხვა ხედვა, რომელთა რეალიზაციისთვის ამ ხალხს სჭირდება მეტი თავისუფლება. „ევროპული საქართველო“ ამის მშვენიერი მაგალითია. ისინი პრინციპულად დგანან საკუთარ პოზიციაზე. მართალია, საზოგადოებაში პოპულარულები არ არიან, მაგრამ იმდენად პრინციპულები არიან, რომ არ ადარდებთ, რას ფიქრობენ სხვები.
ასეთი პრინციპული იყო ჩემი მშობლიური რესპუბლიკული პარტიაც. რესპუბლიკური პარტიისთვის მთავარი იყო ჩვენი ღირებულებების საზოგადოებამდე მიტანა და არა მათთვის თავის მოწონება. ყველას თავს მაინც ვერ მოაწონებ. ამიტომ გვყავდა ცოტა ამომრჩეველი. ჩვენთვის ეს ამომრჩეველი იყო ძალიან ძვირფასი. ასევე იქცევა „ევროპული საქართველოც“. ის სასტიკად არ მომწონს (პირდაპირ ვიტყვი, აუტანლად იქცევიან), მაგრამ პრინციპულობა, რასაც ისინი იჩენენ, მხოლოდ დასაფასებელია.
პარტიიდან ადამიანების წამოსვლა ჯანსაღი და კარგი მოვლენაა. რადგან მოდიან, ნიშნავს, რომ მათ რაღაცის გადარჩენა უნდათ, აქვთ თავიანთი ხედვები და არ სურთ კომპრომისებზე წასვლა. კომპრომისებზე წამსვლელები და ყველაფრის მკადრებლები რომ იყვნენ, დარჩებოდნენ.
_ რაღაცის გადასარჩენად წამოვიდნენ ხუნდაძე, სუბარი და ძმანი მათნი „ქართული ოცნებიდან“? მათი წამოსვლაც ჯანსაღი პროცესია?
_ ეს უკვე საზიზღრობაა. „ქართულმა ოცნებამ“ თავის წიაღში ხელოვნურად შექმნა ჯგუფი, რომელშიც ჩართო ყველაზე რადიკალური პოზიციები, რათა გადაარჩინოს ულტრამემარჯვენე ამომრჩეველი. ამ პროცესში არაფერი ჯანმრთელი და ჯანსაღი არ არის. ჯანსაღი პროცესი არის, როცა ადამიანები ბუნებრივად და პრინციპების გამო მოდიან ამა თუ იმ პარტიიდან.
სუბარისა და ხუნდაძის დაჯგუფების ე. წ. გამოყოფას ჯანსაღ პროცესად ვერ ჩავთვლი. მათ მიზნებს საზოგადოებაც კარგად ხვდება. „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ „ალტ-ინფოს“ ამომრჩეველი თავისკენ გადაიბიროს. აშკარაა, რომ „ალტ-ინფო“ უკვე სულს ღაფავს. მალე ეს ორგანიზაცია აღარ იარსებებს.
_ მისი დამფინანსებელი და დამფუძნებელი კოკა მორგოშია ქვეყნიდან მიდის. თავად თქვა, საცხოვრებლად რუსეთში გადავდივარო.
_ კოკა მორგოშია რუსეთში მიდის, მაგრამ „ალტ-ინფოს“ ამომრჩეველი ხომ აქ რჩება. ეს ამომრჩეველი აქტიური და ძალიან აგრესიულია. ისინი ხალხს ხოცავენ ქუჩებში. ამ ხალხმა ჯვარი მკვლელობის სიმბოლოდ აქცია.
_ თქვენ, ალბათ, გასული წლის 5 ივლისის მოვლენებს გულისხმობთ.
_ მაგ მოვლენებზე მოგახსენებთ. რატომღაც, არავის უკვირს პარლამენტის წინ აღმართული ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია. ის არის მკვლელობის იარაღი. ჩვენ იქ მის არსებობას, რატომღაც, ვიტანთ და მას ჯვარს ვეძახით. არადა, ჯვარი არის ცხონების სიმბოლო, ამათ მკვლელობის იარაღად აქციეს. ქართული ქრისტიანობა რაღაც უაზრობაში გადავიდა უკვე.
_ ამ მოსაზრების გამო ე. წ. მორწმუნეებისგან რისხვა დაგატყდებათ.
_ მე რატომ უნდა დამატყდეს? იმათ უნდა მოეთხოვოთ პასუხი, რომლებმაც ცხონებისა და სიცოცხლის სიმბოლო მკვლელობის იარაღად აქციეს. ეს „ალტ-ინფოს“ ამომრჩეველმა გააკეთა. ეს ხალხი ახლა „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია და მათი გულის მოგებას შეეცდებიან. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრობის სტატუსი ვერ მივიღეთ, პროდასავლურად განწყობილმა ამომრჩეველმა „ოცნებაზე“ გული აიცრუა. ისინი ამ პარტიას ხმას არ მისცემენ. ამიტომ ცდილობენ ულტრამემარჯვენეების გადარჩენას და ჩაენაცვლენ კრემლის ნარატივებში „ალტ-ინფოს“.
_ „პატრიოტთა ალიანსიც“ ჩაანაცვლეს. „ალტ-ინფოს“ გამოჩენის შემდეგ პატრიოტები „ჩაიძირნენ“.
_ „პატრიოტთა ალიანსიც“ ჩაიძირა. „ქართულ ოცნებას“ მათი ამომრჩეველიც სჭირდება. „ქართული ოცნებიდან“ სუბარების წასვლა ნიშნავს იმას, რომ ფაშისტური და ულტრამემარჯვენე ამომრჩევლის მიზიდვა სურთ. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. „ალტ-ინფო“ არის ფაშისტური ორგანიზაცია და იქ ფაშისტური აზროვნების ადამიანები არიან. სუბარის დაჯგუფება თავიდან ბოლომდე რუსულ ნარატივს აჟღერებს. გაიძახის, ამერიკა ცუდია, ევროკავშირი ცუდია, ნატო ცუდია. მოგეხსენებათ, კონფლიქტებზე ვმუშაობ და კონტაქტი მაქვს აფხაზებსა და ოსებთან. თამამდ შემიძლია გითხრათ, რომ რა ნარატივებსაც ისვრიან სოხუმი და ცხინვალი, ზუსტად იმას იმეორებს სოზარ სუბარი.
_ მათი განცხადებები მართლა ძალიან წააგავს ერთმანეთს.
_ გამაოგნებელი მსგავსებაა. უკვე აღარ ვიცი, მოსკოვიდან ღებულობენ ისინი დირექტივებს, თუ ცხინვალიდან და სოხუმიდან? დღეს თბილისი, სოხუმი და ცხინვალი ერთნაირად ლაპარაკობს ნატოზე, ამერიკასა და ევროკავშირზე.
_ თქვენი აზრით, როგორ დასრულდება „ქართული ოცნების“ ეს ტრიუკი?
_ საპარლამენტო არჩევნებამდე მივლენ ასე. მერე ყველაფერი დამოკიდებულიი იქნება კვლევებზე. „ქართული ოცნება“ ხშირად ატარებს შიდა კვლევებს. და ეს კვლევები ძალიან ზუსტია. შეხედავს „ქართული ოცნება“ და თუ დაინახავს, რომ სუბარის დაჯგუფება გადალახავს რაღაც ბარიიერს, მაშინ მოახერხებენ, არ შეცვლიან კონსტიტუციას და დატოვებენ 5%-იან ბარიერს. „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში.
„ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, პარლამენტში მთავარი ოპოზიციური პარტია იყოს „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პარტიას რეზინის თოჯინასავით ბერავენ და ჩუტავენ, ბერავენ და ჩუტავენ არჩევნების წინ. ყველაფერს აკეთებენ, რომ საზოგადოებამაც ეს პარტია აღიქვას მთავარ ოპოზიციურ ძალად.
„ქართული ოცნება“ დაინტერესებული არ არის ბარიერის დაწევით, მაგრამ თუ სუბარის დაჯგუფებას აწყობს ასე, მაშინ დაწევენ. თუ „ხალხის ძალა“ აშკარად ნულზე იქნება და პოპულარობას ვერ მოიპოვებს, მაშინ უკან დაიბრუნებენ ამ ხალხს და თავიანთ სიაში ჩაწერენ.