განადგურებული ვენახები და დაცლილი სოფლები – კახელი გლეხები ევროპაში გარბიან

მაკა მოსიაშვილი

ცუდ მდგომარეობაში არიან საფერავის პატრონები. რამდენიმე წლის წინათ ამ ჯიშის ყურძნის ფასმა დოლარს გადააჭარბა, რის გამოც საფერავი მასობრივად გაშენდა. გასულ წელს შედარებით მაღალ ფასად გაიყიდა საფერავის, ქინძმარაულის, მუკუზნისა და ახაშენის მიკროზონებში მოყვანილი ყურძენი. წელს აქაც პრობლემაა. ცნობილი ბრენდების მწარმოებელ კომპანიებს საფერავის საკუთარი ზვრები აქვთ და ჯერ გასული წლების ღვინომასალებიც არ გაუყიდიათ.

ამდენად, ძნელი წარმოსადგენია, რომ გლეხების საფერავი მათ შეიძინონ. მით უმეტეს, ძვირს ნამდვილად არ გადაიხდიან. საოჯახო მეღვინეობის მიმდევრები კი საფერავს საერთოდ არ ეტანებიან.
„ექვსჯერ მოწამვლის მიუხედავად, ვერც ნაცარი დავიჭირეთ, ვერ ჭრაქი და ვერც წითელა. ვენახები ყველგან გაფუჭდა, ყურძენი ვაზზე გახმა. მოსავალი რაოდენობრივადაც შემცირდა და ხარისხზე ხომ აღარ ვლაპარაკობთ“, _ აცხადებენ გლეხები.
ჩვენს სოფლის მეურნეობას უამრავი პრობლემა აქვს, თუმცა მათ შორის არის ერთი, თითქოს ჩრდილში მდგომი, მაგრამ სასიცოცხლო _ შეწამვლისას ვაზის დაზიანება და მოსავლის განადგურება. ამას კახეთში ყველგან შემოგჩივლებენ, ზიანს კი პრეპარატებს უკავშირებენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში მცენარეთა უხარისხო პრეპარატების შემოტანას კატეგორიულად გამორიცხავს.
ბოლო წლებში მევენახეებს ე. წ. ექსპერიმენტების ჩატარება მოუხდათ. ძველისა და ტრადიციულის ნაცვლად შემოვიდა ახალი, უცნობი დასახელების პრეპარატები და გლეხები იძულებული გახდნენ, მათი ვარგისიანობა საკუთარ ვენახზე გამოეცადათ. ექსპერიმენტებმა გლეხები უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა _ ვაზი გაფუჭდა, ყურძენმა ხარისხიც დაკარგა.
წლებია, თითქმის აღარ მმიმდინარეობს ვაზის ძირების გამობარვა, რაც ვენახის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პროცესია. ზოგადად, მოშლილია ვენახის მოვლის მდგრადი მეთოდები და გლეხები იმასღა ცდილობენ, ვაზი კიდევ ერთი წლით შეინარჩუნონ. რაც ყველაზე საგანგაშოა, მოუვლელი ვენახების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა, ვაზის გაშენება კი მთლიანად შეჩერდა.
მაგალითად, გურჯაანში ვენახები მასობრივად გაიჯაგა. გლეხებმა ამჯობინეს ხეხილის ბაღების გაშენება: „ვაშლატამასა და ატამს სამაცივრეები უფრო იბარებენ, აბა, ყურძენს ვინ იბარებს?!“ _ ამბობენ გურჯაანელი გლეხები.
ეს პროცესი გაცილებით მძიმე შედეგებს უკავშირდება, ვიდრე სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ერთი დარგის კრიზისია.
არ დაგვავიწყდეს, რომ ვენახების განადგურება სოფლების დაცლის მიზეზი ხდება და ამ პროცესის სხვა საშუალებით შეჩერება შეუძლებელია. მთლიანად აზრს კარგავს ღვინის ტურიზმისა და აგროტურიზმის ცნებები, რისი განვითარების მთავარი პირობა ტრადიციების გადარჩენაა. შესაძლოა, წლების შემდეგ ქართული ღვინო რომელიმე ქვეყნის ბაზარზე მართლა შევიდეს, მაგრამ სახელმწიფო და მოსახლეობა ამით ბევრს ვეღარაფერს იხეირებს.
„რამდენიმე წლის წინათ სესხი ავიღე, დანაზოგიც მქონდა. მიწა ვიყიდე მაღრაანში, ვენახი გავაშენე. სახლში, თელავში, პატარა მარანი და საოჯახო სასტუმრო გავაკეთე. პანდემიამდე ისეი კარგად მიდიოდა ჩემი საქმე, ბედს შევხაროდი. პანდემიამ ყველაფერი გააჩერა, ბანკის სესხის გარდა. ახლა ყურძენი, რაც მოვიყვანე, 90 თეთრად როგორ გავყიდო, როცა თვითღირებულება 1 ლარი და 20 თეთრია ამ წუთამდე?! _ როგორ გადავრჩეთ ამდენს ვალსო? _ მკითხა ჩემმა სკოლის მოსწავლე შვილმა და _ არ ვიცი-მეთქი, _ ვუპასუხე. მერე იცი, რა მითხრა ბავშვმა? _ წამო, მამა და ჩვენც საფრანგეთში ჩავბარდეთო. მაშ, ამდენი იმისთვის ვიწვალე, რომ საფრანგეთში ლტოლვილი გავხდე? ლამის ჭკუიდან შევიშალო, ღამე აღარ მძინავს“, _ ჰყვება ჩვენთან საოჯახო სასტუმრო „თელავის“ მეპატონე.
რას აკეთებს მთავრობა? სად არის საშველი ან გამოსავალი?
საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი ბოტკოველი, ამ საკითხს ასე გამოეხმაურა:
„პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ხომ ყველამ მოუსმინა, სადაც ის ურცხვად იტყუებოდა და დასცინოდა ქართველ ხალხს, როდესაც საუბრობდა, რომ თურმე ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა მიმდინარეობს, იზრდება მოსახლეობის შემოსავლები, კლებულობს უმუშევვრობა, უფრო და უფრო მოწინავე ქვეყანა ვხდებით საერთაშორისო ასპარეზზე და მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში ყველაფერი კარგად არის.
მაგრამ მინდა, ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოვიყვანო და გავაკეთო შედარება, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში და თუნდაც მისი პრემიერ-მინისტრობის დროს, რაც ის წარადგინა ამ ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა და მოვიყვანო ერთი მაგალითი, რაც ივანიშვილისთვის, ღარიბაშვილისთვის, კობახიძისთვის არ არის საინტერესო, მაგრამ ჩემთვის და ძალიან ბევრი მცხოვრებლისთვის ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი კახელი გლეხისთვის, არის ყველაზე მეტად საინტერესო.
რა ხდებოდა 2021 წელს და რა ხდება 2022 წელს. იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ქმნის ვითომ შტაბებს და დაარქვეს რთველის შტაბი, ახლა გუშინ გააკეთეს განცხადება, რომ ვაშლის შესყიდვის შტაბს ქმნიან. როდესაც ქვეყანაში არის ეკოლოგიური კატასტროფა და ადამიანები მოსავალს ვერ იღებენ, ისინი ქმნიან შტაბებს და არქმევენ გლეხის ხელშემწყობ შტაბს, მაგრამ ყურძნისა და რთველის შემთხვევაში ეს არის გლეხის დაღუპვის შტაბი და ერთადერთი, ადიკო ივანიშვილის მომსახურების შტაბი, რომელიც ადგენს ფასს და გლეხს ეუბნება, _ ეს იქნება ფასი! და ამით უკარნახებს ქარხნებს, რომ ამაზე მეტი ყურძენში არ უნდა გადაიხადო.
მაგალითად, 2021 წელს ქვეყანაში დიზელი ღირდა 2.7 ლარიდან 3 ლარამდე. წელს დიზელი ღირს 4.2 ლარიდან 4.7 ლარამდე. მარტივი მაგალითი გვარჯილაზე, რომელიც იცის ყველა გლეხმა როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. იგი სჭიდებათ მათ პროდუქციის მოსაყვანად. გვარჯილა შარშან თუ ღირდა 41 ლარი, წელს ღირს 73 ლარი. მაგალითად, ბალახის ჰერბიციდი თუ ღირდა შარშან 10 ლარი, წელს ღირს 25 ლარი. წამლები, რაც საჭიროა პროდუქციის მოყვანისთვის, იმ პროდუქციისთვის, რომელიც ერთადერთი შემოსავლის წყაროა გლეხისთვის არის გაორმაგებული, გასამმაგებული, მაგრამ ყურძენი შარშან ღირდა 90 თეთრი და წელსაც ღირს 90 თეთრი.
ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ერთი რამ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამით არის დაკავებული _ საკუთარი ოჯახების, საკუთარი გარემოცვისა და იმ ერთი ადამიანის, რომელიც გადმოჰყურებს დღეს თბილისს და ეს მუდმივი მისთვის არ იქნება, მან ეს ძალიან კარგად იცის. ხელისუფლების მთავარი სამუშაო წყარო არის ჩინოვნიკების გამდიდრება და ერთადერთი მიზანი, რაც მათ აქვთ, არის, რომ საქართველო დატოვოს უფრო და უფრო მეტმა ამ ქვეყნის მოქალაქემ. გუშინ სწორედ ამაზე საუბრობდა, რომ თურმე 4%-ით არის შემცირებული ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა. მინდა, მას ვუთხრა, _ 4%-ით კი არ შემცირდა უმუშევართა რაოდენობა, ბოლო თვეების განმავლობაში 4%-ით შემცირდა ამ ქვეყანაში მცხოვრებთა რაოდენობა, რომლებიც დღეს უკვე ემიგრაციაში იმყოფებიან“.

P. შ. უცნაური კიდევ ერთი რამეა: გლეხი მიწასაც ყიდის, ვენახსაც და სახლსაც. მერე ევროპის ბილეთს ყიდულობს და გარბის.
აი, მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლები კი ყოველ წელს ვენახებს ჰექტრობით ზრდიან და აშენებნ. თუ გლეხის ყურძენი 90 თეთრად იყიდება და მისი თვითღირებულება, მინიმუმ, 1 ლარი და 20 თეთრია, მაშინ ამოცანა გვეკითხება, რამდენად ყიდიან ხელისუფლების მესვეურები ყურძენს?
პასუხი მარტივია _ არ ყიდიან. ისინი ღვინის მარნებს ქმნიან, იქ წურავენ და მერე საკუთარი გავლენებით ღვინო, ძირითადად, რუსულ და ბელარუსულ ბაზარზე გააქვთ!
და რა რჩება რიგით, მოკვდავ გლეხ შაქროს ამით? _ ერთი შანსი _ ევროპის საოჯახო ბილეთის ყიდვა. სხვა, უბრალოდ, არაფერი. რახანია, საქართველო-საფრნაგეთის თუ საქართველო-გერმანიის თვითმფრინავი საქართველოდან სავსე მიდის, უკან კი, უბრალოდ, ცარელი ბრუნდება.