რატომ დააანონსა ხელფასების ზრდა პრემიერმა?!
მაკა მოსიაშვილი
საქართველოში უმუშევრობას რამდენიმე მიზეზი აქვს:
მცირე ეკონომიკა და სამუშაო ძალის არასასურველი კვალიფიკაცია.
დღეისთვის ფიზიკურად არ არსებობს საქართველოში იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენი მუშაობის მსურველიც არის, გარკვეული ხელფასის სანაცვლოდ. შესაბამისად, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერიოდში უმუშევრობის მნიშვნელოვნად შემცირების ერთადერთი გზა საქართველოს ეკონომიკის ზრდა და, აქედან გამომდინარე, სამუშაო ადგილების მატებაა.
თუმცა ნაცვლად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისა, ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის.
რა არის ამის მიზეზი?
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოში მე-10 ადგილზეა.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით კი 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 18.5% შეადგინა.
მაშინ, როდესაც მსოფლიო დონეზეც კი ქვეყანა გამორჩეულია უმუშევრობის დონით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მოსახლეობა ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს.
საქართველოში სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს უმუშევრად თვლის. ადამიანები უფრო მარტივად მიიჩნევენ თავს უმუშევრად, ვიდრე საქსტატის ოფიციალური მეთოდოლოგია. ამიტომ არის ასეთი დიდი აცდენა საქსტატის ოფიციალურ მაჩვენებელსა და სოციოლოგიური გამოკითხვით დაფიქსირებულს შორის.
დღევანდელი სურათით, ქსელური მარკეტინგის კონსულტანტისა და მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტის ხელფასი საქართველოში თითქმის თანაბარია. რეგიონებში მათი ხელფასი დაახლოებით 500-დან 600 ლარამდე მერყეობს.
საჯარო სექტორში შრომის ადეკვატური ანაზღაურების არსებობა ანტიკორუფციული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ამასთან, ის უზრუნველყოფს კერძო სექტორთან კონკურენციას და კვალიფიციური კადრებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. თუმცა საჯარო სექტორის ძირითადი პრობლემა არაკვალიფიციური კადრია, რაც სახელმწიფოს მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.
პრემიერის მიერ დაანონსებული ხელფასების ზრდა აჩენს კითხვას: არის თუ არა ბიუჯეტი მეწველი ძროხა?
იცით თუ არა, რომ:
2021 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 301.5 ათასი ადამიანი, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
დაქირავებით დასაქმებულებში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა წილმა 2021 წელს 36%-ს მიაღწია, რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2021 წელს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე 359.6 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 63 მილიონი ლარით აღემატება. მსგავსი ხარჯები 2013 წლის შემდეგ ყოველწლიურად საშუალოდ 20%-ით იზრდება.
2021 წლის მონაცემებით, სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია 163,069 პირი, საიდანაც 50,561 (31%) წარმოადგენს შტატგარეშე მოსამსახურეს.
2021 წელს სახელმწიფო სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების (საჯარო სკოლების გამოკლებით) მიერ საკუთარი შემოსავლებიდან გაწეულია 443.5 მილიონი ლარის შრომის ანაზღაურების ხარჯი, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.
მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისა და სახელმწიფო კომპანიების ბიუროკრატიული აპარატის შესახებ კრებსითი მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ 2019 წლის მდგომარეობით. ამ პერიოდში მუნიციპალურ ა(ა)იპებში დასაქმებული იყო 61,401 თანამშრომელი, ხოლო სახელმწიფო კომპანიებში _ 37,142 თანამშრომელი.
ვინ არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს?
ისინი, ძირითადად, მმართველი პარტიის აქტივისტები არიან. თუმცა ადამიანები, რომლებიც ბიუჯეტიდან ხელფასს იღებენ, უკმაყოფილებას ვერ მალავენ დაბალი ანაზღაურების გამო, ამიტომ ან კერძო სექტორში ეძებენ სამსახურს, ან უმეტესობა ემიგრაციაში მიდის.
საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების პრობლემა რომ მათი ნაკლები კვალიფიკაციაა, ამაზე ზემოთ უკვე ვთქვით, თუმცა აქვე რომ გავიმეოროთ, საშუალო და უმაღლესი განათლების დაბალი ხარისხის გამო საქართველოში პრობლემაა საშუალო და მაღალკვალიფიციური კადრების მოძიებაც.
ასიათასობით დასაქმებულსა და უმუშევარს არ აქვს ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რაც ხშირად ამა თუ იმ ვაკანსიის დასაკავებლადაა საჭირო.
შესაბამისად, საქართველოში არის დღევანდელ მოთხოვნებთან მიმართებით იმ არაკვალიფიციური კადრების სიჭარბე, რომლებიც ემიგრირებაზე არიან ორიენტირებული, რადგან განვითარებულ ქვეყნებში არაკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნაა.
ემიგრანტები ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებისთვის იაფი სამუშაო ძალაა, მაგრამ ქართველებისთვის იქ მიღებული შრომის ანაზღაურება იმდენად მაღალია, რომ არა მარტო საკუთარი თავის, საქართველოში დარჩენილი ოჯახის შენახვაც შეუძლიათ. ამიტომ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ყოფილი მერები, საკრებულოს დეპუტატები, პოლიციელები, მათ შორის, მოსამართლეებიც კი, მომავალს ემიგრაცაში ხედავენ და პირველი რასაც აკეთებენ, არის ის, რომ ცდილობენ, საჯარო სექტორში მუშაობის პერიოდში მიიღონ ევროპისა და ამერიკის ვიზები და სწორედ ამ ფრომით გააღწიონ ქვეყნიდან.
„ისეთი ჯამაგირი არ არსებობს, კაცს რომ ეყოს, კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს“, _ ეს ცნობილი ფრაზა ჭაბუა ამირეჯიბის წიგნიდან უკვე გაცვეთილია.
რატომ გარბიან ადამიანები საჯარო სამსახურებიდან?!
მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ: 1. თავისუფალი სიტყვა; 2. საკმარისი ჯამაგირი; 3. კვალიფიკაცია, რომელიც მათ სამსახურს სჭირდება.
რატომ ზრდის ხელფასს სახელმწიფო?
მმართველი ძალა ხედავს, რომ დღითი დღე კარგავს საკუთარ აქტივს. მარტო კახეთის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, რამდენიმე მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა ამერიკასა და კანადას მიაშურა.
ევროპაში გადავიდნენ საკრებულოს მოქმედი დეპუტატები, რომლებიც ამავდროულად იყვნენ თანამდებობის პირები. მათი და მათი ოჯახების სახით „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერთა ხმები დაკარგა.
ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს ბიუროკრატიული აპარატის ოპტიმიზაცია, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სახელმწიფო და მუნიციპალური სსიპ-ებისა და ა(ა)იპების თანამშრომელთა არაგონივრულად მაღალ მაჩვენებლებს, ამის მაგივრად ხელფასების ზრდა დააანონსა იმ იმედით, რომ თავის მხარდამჭერებს როგორღაც დააკავებს, რათა ემიგრაციაში არ წავიდნენ.