უჩა ნანუაშვილი: „რუსულმა ძალებმა ვერ ჩაკლეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა“
ირინა მაკარიძე
განვლილი კვირა დატვირთული იყო მნიშვნელოვანი მოვლენებით. რა გახლდათ მთავარი ამ პროცესებში? რამ შეასრულა გარდამტეხი როლი? რამ აიძულა „ოცნების“ ხელისუფლება, უკან დაეხია? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-თან საუბრობს ყოფილი სახალხო დამცველი, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) დირექტორი, უჩა ნანუაშვილი:
_ პრაქტიკულად, ეს იყო ლუსტრაციის პროცესი, ძალიან ნათლად გამოჩნდა, ვინ სად იდგა, ვინ იყო რუსეთის პოზიციაზე და რეალურად მათი ინტერესების განმხორციელებელი და სად იყო ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება. ძალიან ნათლად გამოჩნდა, სად იყო პარლამენტი და მთავრობა. სახელი დაერქვა ყველაფერს. დღეს უკვე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ეტაპი გადალახულია. მცდელობა, რომ საქართველო გამხდარიყო რუსეთის ნაწილი და რუსულ ორბიტაზე მოქცეულიყო, დასრულდა. რუსულმა ძალებმა ვერ ჩაკლეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება, რაც იყო ამ კანონპროექტის მიღების მიზანი.
მიზანი იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივის მოკვლა და ავტორიტარული დიქტატურის დამყარება, რაც ქვეყანას თავისთავად აბრუნებდა რუსეთის ორბიტაზე. აბსოლუტურად ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის, ინსტიტუტისა თუ ორგანიზაციის განადგურება იყო მიზანი. დღეს იმედიანად ვარ, რომ ეს ამ ძალებს ვერ გამოუვიდათ. საქართველოს ხალხმა პასუხი გასცა რუსული იმპერიის პოლიტიკას.
_ ბატონო უჩა, კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ კანონპროექტმა თავისი საქმე უკვე შეასრულა, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა და ყველამ გაიგო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ საქმიანობაში არიან ჩართულებიო. მათ უკან წაიღეს კანონპროექტი, თუმცა არ აპირებენ თავიანთი რიტორიკის შეცვლას. რას იტყვით ამის შესახებ?
_ ეს არის ისევ იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ადამიანებმა პროტესტი გამოუცხადეს. ხელისუფლებას არავის მოსაზრების გაზიარება არ უნდოდა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შემოიტანა ეს კანონი, რაც გასული საუკუნის 30-იანი წლების „კუდიანებზე ნადირობის“ დაბრუნებას მოასწავებდა. ეს სურდა კობახიძეს და მის კომპანიას. ამიტომ არის ეს „ბოლშევიკური კანონპროექტი“ და თვითონ არიან ჩარჩენილი იმ საუკუნეში. საზოგადოება გაიზარდა, საზოგადოება არის სხვა ეტაპზე და ამას ჯერ ვერ ხვდება ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი. კვლავ აგრძელებენ იგივე რიტორიკას, სურთ სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზება, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს სწორი ინფორმაცია.
_ რატომ აითვალწუნა ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციები და რატომ ცდილობს მათზე დარტყმის მიყენებას?
_ ხელისუფლებას სურს წარმოადგინოს, თითქოს ეს კანონი ეხებოდა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ დაფინანსებას, მაგრამ ნებისმიერი ასეთი საერთაშორისო პროექტი და დაფინანსება ეხმარება სწორედ საქართველოს ხალხს, სხვადასხვა ჯგუფს. უამრავი სოციალური, ეკონომიკური, კულტურული პროგრამაა, რომელიც ეხება განათლებას, ჯანმრთელობას, სამეცნიერო პროგრამებს, ინფრასტრუქტურას, სწორედ ასეთი დახმარების შედეგად ხერხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენა. ამის მიუხედავად, ხელისუფლებას სურს შექმნას რაღაც მითები უცხოეთის აგენტებსა და ჯაშუშებზე… თუ ვინმე რამეს აფუჭებს, ამისთვის არსებობს სპეცსამსახურები. დაფინანსება, რომელიც შემოდის ქვეყანაში, არის სწორედაც რომ გამჭვირვალე და შესაბამის სამსახურებს აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია. ეს კარგად იციან მათ. რეალური მიზეზი „კუდიანებთან ბრძოლის“ არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, არ დავხუჭოთ თვალი იმ ძალადობასა და უკანონობაზე, რომელსაც ხშირად სახელმწიფო სტრუქტურები სჩადიან იმ კორუფციაზე, დანაშაულებსა თუ დარღვევის ფაქტებზე. ხელისუფლებას უკვე ყელში ამოუვიდა ამდენი კრიტიკა მედიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. მას სურს შურისძიება და მეორე მხრივ, ემზადება, რომ მომავალ წელს, არჩევნების დროს, რომელიმე ორგანიზაციამ თუ პარტიამ არ გაუწიოს კონკურენცია, მოსუფთავებული იყოს პოლიტიკური ველი, რომ ვერავინ შეძლოს არჩევნების პროცესზე დაკვირვება, ყველა იყოს დაშინებული ან მათი ნათქვამი, მათი რეკომენდაცია არ იყოს სერიოზულად მიღებული. სწორედ ასე მოხდებოდა, თუკი ორგანიზაციები დათანხმდებოდნენ ამ კანონს და როგორც „აგენტი“, ასე დარეგისტრირდებოდნენ. როდესაც რაიმე დოკუმენტს გაავრცელებდნენ, მათი ლეგიტიმაცია იქნებოდა ნაკლები. რა დამაჯერებლობა ექნება ინფორმაციას, როდესაც ის ვრცელდება და დოკუმენტს აწერია, რომ ის უცხოელი გავლენის აგენტის მიერ არის მომზადებული? რა თქმა უნდა, „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობოები აითვალწუნა, რადგან ისინი ხელს უშლიან მის გეგმას, დარჩეს ხელისუფლებაში სამუდამოდ და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი განამტკიცოს. რუსეთთან დაახლოების მიზნით კეთდება ის, რომ უარი უნდათ თქვან ევროკავშირსა და იმ სტანდარტებზე, რომლებიც ევროკავშირში მოქმედებს.
თუ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდა, მათ ადრე თუ გვიან მოუწევთ წასვლა ხელისუფლებიდან. ევროპული არჩევანი ამას ნიშნავს, რომ არჩევნებში იმარჯვებს ის, ვისაც ხალხი მისცემს ხმას და არა სულ ერთი და იგივე პარტია. სწორედ ამიტომაცაა ეს კამპანია თავისუფალი ორგანიზაციების წინააღმდეგ ასეთი მასშტაბური, რომ მაქსიმალურად ზიანი მიაყენოს ევროპულ იდეას, ევროპულ ფასეულობებს.
კობახიძის განცხადებები სიძულვილის ენის გამოხატულებაა. როდესაც მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ასე საუბრობს, ეს, პირველ რიგში, საკუთარ პარტიას აზიანებს. ესეც არ ესმით, მისი გამონათქვამები ითარგმნება და ვრცელდება, ეს აზიანებს ქვეყანას. მას აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ არასამთავრობოებს იქით დასდოს ბრალი, თითქოს ქვეყნის წინააღმდეგ რაღაცას სჩადიან. ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ბოლო თავშესაფარია, როდესაც ასეთ პატრიოტულ, ეროვნულ და რელიგიურ მოტივებზე ცდილობენ ნარატივის აგებას. ეს არის სწორედ ის ბოლშევიკური და საბჭოთა მიდგომა, _ საზოგადოების დაყოფა „აგენტებად“ და „არააგენტებად“. ვნახეთ ეს გასული საუკუნის 30-იან წლებში, როგორც დასრულდა.
_ აქამდე ისინი წარმატებით ახერხებდნენ თავიანთი პროპაგანდის გავრცელებას და ამ მესიჯებს მოსახლეობის გარკვეული ნაწილიც იმეორებდა. ამ შემთხვევაში რამ შეიტანა გარდატეხა, რომ ასეთი ძლიერი გამოხმაურება მოყვა აგენტების კანონს?
_ გამოხმაურება მოყვა იმიტომ, რომ ყველამ აშკარად დაინახა, _ ხელისუფლებას სურს, ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად, საქართველო რუსეთის ორბიტაზე გადაიყვანოს. ეს იყო წითელი ხაზი, რომელიც ხელისუფლებამ გადაკვეთა. უკვე ამ პროპაგანდამაც აღარ გაჭრა და მისი მომხრეეებიც კი, რომლებსაც აქამდე მაინც ეგონათ, რომ ხელისუფლებას სურდა ევროკავშირში გაწევრიანება, დაფიქრდნენ. მიხვდენენ, რომ პრაქტიკულად ქვეყანა რუსეთის ორბიტისკენ მიდის. ეს იყო ერთგვარი გამოღვიძებაც, რადგან მთლიანად გამოიკვეთა, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიდის. საზოგადოების რეაქციაც იყო შესაბამისი. მით უმეტეს, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა გახდა უფრო ძლიერი პროტესტის მიზეზი.
_ ამ აქციებში გარდამტეხი როლი შეიტანა სტუდენტების, ახალგაზრდების ჩართულობამ… რას იტყვით ამის შესახებ?
_ დიახ, მათ შეასრულეს გარდამტეხი როლი. შეიძლება ითქვას, რომ არ ელოდა ხელისუფლება მათ ასეთ აქტიურობასა და სიმტკიცეს. ახალგაზრდებმა, რომლებიც დაიბადნენ თავისუფალი ქვეყნის პირობებში, დაინახეს საფრთხე თავისუფლების დაკარგვის, სწორედ ამიტომაც ჩაერთნენ ასე აქტიურად ამ პროცესებში. ახალგაზრდობა ყოველთვის იყო წამყვანი ძალა საქართველოში, როდესაც პოლიტიკური კატაკლიზმები ხდებოდა, იგივე იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის დროს, იგივე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროს, შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საკმაოდ აქტიურად გამოდიოდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში აშკარად არ აქტიურობდნენ…
დიდ სურათში, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს აღარ აქვთ ისეთი მხარდაჭერა და რეიტინგი, ეს ეხება როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს, როგორსაც ისურვებდნენ, ამ დროს ჩნდება ახალი თაობა, რომელსაც აქვს სულ სხვა პრინციპები, არიან თავისუფლების მოყვარულები და ცდილობენ, თვითონ შექმნან თავიანთი მომავალი.
_ რას იტყვით კანონდარღვევებზე, რაც ხდებოდა აქციების დაშლის დროს?
_ სამართალდამცველებმა უკანონოდ, ძალის გამოყენებით დაშალეს აქციები. პირველ დღეს, 7 მარტს, იქ ვიყავი, საერთოდ გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რეალურად, სასტიკად დაარბიეს მიტინგი, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ვალდებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენ ვითხოვთ, გამოიძიონ ყველა ინციდენტი, ასევე ვინ გასცა მშვიდობიანი შეკრების დარბევის ბრძანება. ინტენსიური წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და მხუთავი გაზის გამოყენებაც იყო უკანონო. ამასაც თავისი წესები აქვს, _ რა დროს, როგორ და რა შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. თუ ვინმე ასეთი აქციების დროს ძალადობს ან კანონს არღვევს, კონკრეტულად იმ პირის მიმართ უნდა იყოს გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არა მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ. სწორედ პოლიციის მიერ გამოჩენილი აგრესიის შემდეგ გადაიზარდა აქცია არეულობაში. მომიტინგეებთან პოლიციისა და სპეცრაზმის ასე ახლოს ყოფნაც დარღვევა იყო. არაერთი საერთაშორისო რეკომენდაცია არსებობს, რომ მომიტინგეებთან ახლოს არ უნდა იყვნენ სპეცრაზმელები, რადგან ეს უფრო აღიზიანებს ადამიანებს. ძალადობის ესკალაცია სწორედ რობოკოპების გამოჩენამ გამოიწვია და იმან, რომ მათ დაიწყეს მიწოლა მშვიდობიან მოქალაქეებზე. საერთოდ არავინ აპირებდა პარლამენტში შეჭრას, უბრალოდ, პარლამენტს გარეთ იყო განლაგებული ხალხი. ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს, ბევრს ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნება და სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა დასჭირდა. ერთ-ერთმა ადამიანმა თვალი დაკარგა… პოლიციელებმა დაარღვიეს კანონი, რაზედაც უკვე უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება.
_ ამ ფონზე „ოცნებამ“ განაცხადა, რომ მათ შეასრულეს ერთ-ერთი რეკომენდაცია, ეს იყო სახალხო დამცველის არჩევა, რას იტყვით ამაზე?
_ სახალხო დამცველის არჩევა არ არის რეკომენდაციის შესრულება. მნიშვნელოვანია ის, რამდენად არის დაცული ის კონკრეტული კრიტერიუმები და პროცედურები, რაც იყო გაწერილი. გასულ წელს, როდესაც გამოცხადდა კონკურსი, ხელისუფლება აკრიტიკებდა რამდენიმე კანდიდატს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოლიტიკური შინაარსის პოსტების გამო, დღეს კი ვნახეთ, რომ პოლიტიკოსი აირჩიეს. დროც ძალიან ცუდი შეარჩიეს, ამ ბოლშევიკური კანონპროექტის განხილვის დრო, როდესაც მთელი ყურადღება ამ მიმართულებით იყო გადატანილი. არავის ჰქონდა შესაძლებლობა, იოსელიანისთვის კითხვა დაესვა, რომ მისი მოსაზრებები მოესმინა. კომუნიკაციაც არ ყოფილა სამოქალაქო სექტორთან. ამდენად, სახალხო დამცველის არჩევის პროცედურები ნამდვილად არ ყოფილა ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი, პირიქით კი იყო, _ წინააღმდეგობაში ევროპულ ფასეულობებთან.
_ აქციის მიმდინარეობისას მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-ის სააგენტო ჩ/ნეწს -სთან საუბრისას თქვენ ბრძანეთ, რომ იმ დროს სახალხო დამცველი სწორედ ხალხთან უნდა ყოფილიყო. შემდეგ ვნახეთ მისი პირველი გამოჩენაც ხალხთან, რომელიც კრახით დასრულდა. მას მიეცა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი მიუკერძოებლობა, თუმცა თავი აარიდა კითხვას აქციის დარბევის შესახებ, რასაც მისი მისამართით დემონსტრანტების გაღიზიანება მოყვა. შედეგად მას კვერცხებითა და შეძახილებთ დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ის აღარც გვიხილავს. რას იტყვით იოსელიანის ასეთ „დასაწყისზე“?
_ სწორედ ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველად არჩეული ყოფილიყო პირი, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამოქალაქო სექტორში მუშაობის მხრივ, მეტი გამოცდილება ექნებოდა. შესაძლებელია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლოს და გვიან გამოქვეყნდეს ანგარიში, მაგრამ ასეთ დროს არის ფაქტები, რომელთაც სახალხო დამცველი უშუალოდ ხედავს. არის საკითხები, რომელზედაც პრევენციული განცხადებაც შესაძლებელი იყო, გაკეთებულიყო. იქ ვხედავდით, რომ პოლიცია უკვე არღვევდა კანონს, რაზედაც რეაგირება უნდა ჰქონოდა. სახალხო დამცველისთვის ამოსავალი უნდა იყოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, მათ პრობლემებზე ზრუნვა და მოგვარება, რაც, ჯერჯერობით, ვერ დავინახე.
_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრები არიან და რა უნდა გაკეთდეს მათთან მიმართებით?
_ ამ საქმეებს უნდა გადახედონ. ნიკა გვარამია არის ცალსახად პოლიტიკური პატიმარი და მსგავსი მუხლით არცერთი ადამიანი არ გასამართლებულა. ეს რომ კონკრეტულად ამ მედიასაშუალების გაჩერების მიზნით გაკეთდა, ამაზე ყველა ორგანიზაცია საუბრობს და მეც გავიმეორებ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მის საქმეშიც არის პოლიტიკური მოტივები. მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული საკითხები, თემები, რომელზედაც არსებობს საფუძველი, რომ გამოძიება ჩატარებულიყო, ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხები შესწავლილიყო და სასამართლოს გამოეტანა შესაბამისი გადაწყვეტილება, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მეტი პოლიტიზება მოეხდინა ამ საქმის. ხელისუფლება მისი დაკავებიდან დღემდე ცდილობდა ამ საქმეში ჩარევას, პოზიციების გამოხატვას. როდესაც ექიმების გადასაწყვეტი იყო მთელი რიგი საკითხები, სწორედ პოლიტიკოსები, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები საუბრობდნენ თემაზე, რაც არ იყო მათი კომპეტენცია. არაერთხელ ვნახეთ მის მიმართ არასათანადიო მოპყრობა და სერიოზული დარღვევებია სააკაშვილის საქმეში. ამაზეც ბევრი რეკომენდაცია გაისმა. ხელისუფლებამ ეს საკითხები უნდა განიხილოს, რომ თუნდაც დროებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი გადაიყვანონ ევროპის რომელიმე კლინიკაში. სხვა საქმეებიც არსებობს და მხოლოდ ეს არ არის, ათეულობით საქმეა პოლიტიკური მოტივით, ასევე არის საქმეები სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ, რომლებიც გრძელდება და ასეთი ბოლო წლებში ასეულობით საქმეა. მთლიანობაში, ოპონენტების პოლიტიკური დევნა თვალნათელია. ეს პრაქტიკა თუ არ დასრულდა, რა თქმა უნდა, ვერავინ იტყვის, რომ რამე სრულდება ევროკავშირის რეკომენდაციების მიმართულებით.