შოთა თუთბერიძე: „სააკაშვილი კაჩინსკის საფლავზე მიტანილი თაიგულის გამო სამართლდება“
თამარ ოქრუაშვილი
გასულ კვირას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა გენერალური პროკურატურისგან მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა მოითხოვეს. საქმე ეხება რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ეპიზოდებს, თუმცა პროკურატურამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი განცხადებით, მიზეზი მოთხოვნის დაუსაბუთებლობა იყო.
მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე, „ქრონიკა+“-სთან განცხადების შინაარსზე საუბრობს და არგუმენტირებულად ასაბუთებს მოთხოვნის საფუძვლიანობას, თუმცა საქართველოს პროკურატურისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, _ პენიტენციურმა დაწესებულებამ მაშინვე გაავრცელა დამონტაჟებული ვიდეომასალა, სადაც ასახული იყო ექსპრეზიდენტის ციხიდან გადაყვანა. მიუხედავთ მოთხოვნისა, მათ სრული ვიდეოჩანაწერი არ გაასაჯაროვეს:
_ შოთა, უფრო დაწვრილებით განგვიმარტეთ განცხადების შინაარსი.
_ ჩვენ შევიტანეთ მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, რადგან ამისთვის არსებობდა კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, _ კანონი განსაზღვრავს, ამა თუ იმ პირს მიადგა ფიზიკური ან მორალური ზიანი თუ არა. ფიზიკური დაზიანება არსებობდა, ჩვენ ამის ფოტოგრაფირებაც მოვახერხეთ, მორალურ ზიანზე კი საუბრობდა ცენტრ „ემპათიის“ ჯგუფი. ეს არ ნიშნავდა რამე ტიპის შემაჯამებელ განცხადებას და იმას, რომ ვინმე ციხეში უნდა ჩაესვათ, ეს პროცედურა გარკვეულ უფლებებს სძენდა პრეზიდენტს, იგივე ითქმის საქმის მასალების გაცნობისა წვდომის შესახებ. ჩვენ ვითხოვდით მასალების გასაჯაროებას. ყველას გვახსოვს, როგორ გამოაქვეყნეს მიხეილ სააკაშვილის მიერ დანამატების მიღების ფაქტები. სახელმწიფო ინსპექტორმა ისინი დააჯარიმა, თუმცა სასამართლომ ეს ახსნა საჯარო ინტერესის მომიზეზებით. საინტერესოა, თუ ფაფის ჭამა იყო საჯარო ინტერესის საგანი, მის მიმართ ძალადობა რატომ არ არის საჯარო ინტერესის საგანი?
_ რამდენად აბსურდულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები?
_ პიჯაკების საქმეში წარდგენილ ბრალს რაც შეეხება, პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირისთვის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 მილიონ 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2014 წელს. გაუგებარია, მაშინ როცა იგივე ხარჯებს უფრო დიდი მასშტაბებით დღესაც წევს ხელისუფლება, სააკაშვილის მიმართ რა სამართლებრივი მოტივით იხელმძღვანელეს? ეს აბსურდია.
_ როგორც ვიცი, ექსპრეზიდენტი კაჩინსკის საფლავისთვის ნაყიდი თაიგულის გამოც ისჯება…
_ დიახ, ხარჯების ჩამონათვალში ასევე გვხვდება, მაგალითად, კაჩინსკის საფლავზე მიტანილი თაიგულის ღირებულება, იუშენკოს მასპინძლობის ღირებულება, საქართველოში ჰილარი კლინტონის კაფეში დაპატიჟება. ეს ფაქტები გახდა საფუძველი იმისა, რომ სააკაშვილზე საქმე აღეძრათ.
_ „7 ნოემბრის“ საქმეზე რა არგუმენტები გაქვთ მესამე პრეზიდენტის დასაცავად?
_ სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს ედავება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
„7 ნოემბრის“ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება და არცერთ ეპიზოდში არ დასტურდება სააკაშვილის ბრალეულობა; პროკურატურამ ვერ იპოვა ერთი პირდაპირი მოწმეც კი. აქაც პროკურატურა ცდილობს, ყველა პროცესზე აჩვენოს კადრების დაშლის ფაქტები, რომ ემოციურად იმოქმედოს საზოგადოებაზე.
7 ნოემბრის დარბევის უკანონობაც კი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ბევრი უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ დარბევის საფუძველი არსებობდა. აქ კონკრეტულ ადამიანებს შეიძლება მიედაონ უფლებამოსილების გადაჭარბებაზე, მაგრამ აქ სააკაშვილი არაფერ შუაშია. აქაც ხელისუფლება მოქმედებს, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური მოტივით.
_ ხშირად ადარებენ ერთმანეთს 7 ნოებრისა და 20 ივნისის აქციებს…
_ 20 ივნისის აქცია „ოცნების“ ხელისუფლებისთვის საუარესოდ მეტყველებს. 7 ნოემბერს ბევრჯერ გააფრთხილეს მომიტინგეები, 20 ივნისს კი ყველანაირი გაფრთხილების გარეშე დაიწყო ცეცხლის გახსნა, რაც დამაზიანებელი აღმოჩნდა. თუ ვინმე შეადარებს 20 ივნისსა და 7 ნოემბერს, რაც მე არ მომწონს, შეუძლიათ შეადარონ დაზიანებები და დაინახავენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება დიდი ანგარიშით „იგებს“.
მკითხველს შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს: ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს ჰქონდათ წაყენებული, გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ე. წ. საზღვრის კვეთის საქმის ოთხივე ბრალდებული: გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მათ გირაო 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადონ.
გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
_ „საზღვრის კვეთის“ საქმეზე რა არგუმენტები გაქვთ?
_ მიშას ასამართლებენ საქართველოში ჩამოსვლის გამო. მათთვის დიდი პრობლემა იყო სააკაშვილის ჩამოსვლა, ყველაფერი გააკეთეს, რომ შეეშინებინათ და ქვეყანაში არ ჩამოსულიყო. ეს სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც მის წინააღმდეგ აღძრეს, ზუსტად იმას ემსახურებოდა, რომ არ ჩამოსულიყო. ეს არის დაახლოებით იგივე სიტუაცია, როდესაც ვალიკო ჯუღელს, ქართველ გენერალს, როდესაც ოკუპაციის შემდეგ დაბრუნდა, საქართველოში აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე და ეს არის მსგავსი შემთხვევა, როცა ზვიად გამსახურდია დაბრუნდა ჩეჩნეთიდან საქართველოში და მასაც აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე. ძალიან საინტერესო კომენტარი მოვისმინე მაშინ ხელისუფლების მხრიდან, _ ზვიად გამსახურდიას საქმეს როგორ ადარებთ, ის თვითმფრინავით ჩამოვიდაო. ტრანსპორტი ყოფილა პრობლემა. ცხადია, უდიდესი აბსურდია, მაგრამ ტენდენცია იგივეა. ვფიქრობ, სამართლებრივ აბსურდს, რომ თავი დავანებოთ, ეს არის პოლიტიკური აქტი, ეს არ არის რაიმე სამართლებრივი მოვლენა, რომელსაც წმინდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ან პოლიტიკური შედეგები მოჰყვება, ამიტომ ვიწრო სამართლებრივ ჭრილში ამის განხილვა აბსურდია.
საზოგადოებისთვის ცნობილია ღარიბაშვილის კომენტარი სააკაშვილის „ნარკომანობის“ შესახებ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა მაშინ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მზად არის, პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტესტი ჩაიტაროს და ღარიბაშვილსაც იმავეს სთავაზობდნენ. ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგაც განაცხადა.
ნარკოტესტის ჩატარებაზე სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ ისაუბრეს:
„ჩვენ მზად ვართ, ტელეკამერებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ აი, ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი – დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით.
ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება „ჩელენჯი“. მან კანცელარიაში, მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით, ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ რას ილაპარაკებს, მოვისმენთ“, – აღნიშნავდნენ ადვოკატები.
6 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზის საკუთარ და, მისი მტკიცებით, საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიებზე ისაუბრა. მათ შორის, ღარიბაშვილის განცხადებით, განიხილება ვერსიაც, რომ სააკაშვილი ნარკოდამოკიდებულია და საკუთარი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.
„ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა. ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
_ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა გამოწვევა მიიღო, პრემიერმა შეთავაზებას მაშინ დუმილით უპასუხა…
_ ისინი აქაც მითების გამოყენებას ცდილობენ. თავის დროზე, ღარიბაშვილმა იჭორავა და განაცხადა, რომ სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მიიღოო. ჩვენ მოვითხოვეთ ნებისმიერი ნარკოტესტის ჩაბარება, ნებისმიერ ნივთიერებაზე, მათ შორის, მოვითხოვეთ ნებისმიერ ხანგრძლივობაზე გამოკვლევა, ბოლო 50 წლის მოლეკულური ანალიზი, რათა გარკვეულიყო, ვინ იყო ნარკომომხმარებელი ღარიბაშვილი თუ სააკაშვილი, თუმცა ამაზეც აურყოფითი პასუხი მივიღეთ. ცხადია, ამ ბრძოლაში ღარიბაშვილს შესვლა არ უნდა, ისევე როგორც არ უნდა სააკაშვილთან შესვლა ინტელექტუალურ ბრძოლაში და საუბარიც არ უნდათ იმ საკითხებზე, რაზედაც მესამე პრეზიდენტი ამახვილებს ყურადღებას, რადაგან მათ ჯერ კიდევ სტანჯავთ ის საკითხი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილის პოზიციებს ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით. დღემდე არასოდეს ვსაუბრობ ჩემს პირად პოლიტიკურ პოზიციებზე, მაგრამ რასაც ყველა ხვდება და, მათ შორის, ხელისუფლება, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ძალიან დიდი პოლიტიკური ფიგურა და მის მასშტაბს ვერ მიუახლოვდა ვერც ერთი დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსი. მეტიც, ეს პატარა კაცის სინდრომია და იაფ შურისძიებას ცდილობენ ხოლმე. რაც შეეხება შურისძიების ნაწილს, ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში იკვეთება არა მხოლოდ უკანონო მოპყრობა, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაო და პირდაპირ დაადანაშაულეს საქართველოს სახელმწიფო შურისძიებაში, რაც სრული სიმართლეა. მათ შორის, ეს იაფფასიანი ხრიკები: საზღვრის კვეთის საქმეზე იმ ადამინების დაკავება, რომლებიც არაფერ შუაში არიან; ბევრი ადამიანის გამწარებით გადაუხადეს სააკაშვილს სამაგიერო, ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ არაფერი დაუშავბიათ და ზოგიერთ შემთხვევაში შემხებლობაც არ ჰქონიათ სააკაშვილთან. ეს უბრალოდ არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ამ პატარა კაცის კომპლექსით შეპყრობილი ადამიანები ვერ მოერივნენ პირად ბოღმას და ცდილობდნენ, სამაგიერო გადაეხადათ და რაც მათ სახეს აჩენს. საბოლოოდ, ყველაზე დიდი ზიანი მათ მიადგებათ.
_ გზის ბოლოს სად ხედავთ?
_ ევროსასამართლოში უკვე გაგზავნილია საჩივრები იმ საქმეებზე, რომლებზედაც განაჩენები კანონიერ ძალაში არის შესული. ჩვენ ვმუშაობთ ყველა იმ საკითხზე, ყველა იმ ნაწილზე მიხეილ სააკაშვილის უფლებისა, რომელიც უკვე დაირღვა. ვმუშაობთ შიდა რესურსების ამოწურვაზე, რათა მერე ევროსასამართლოს მივმართოთ, რადგან იქ რომ წახვიდე, აქ უნდა ამოწურო ყველა რესურსი, ყველა ის საკითხი, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის უფლების შელახვა და ვერ ვიპოვით სამართალს კლანის სასამართლოში, ამიტომ მივმართავთ საერთაშორისო მართლმსაჯულებას.