ვინ უგორებს ჯანდაცვის ახალ მინისტრს საპროტესტო ტალღას და საიდან იმართებიან გაფიცული დევნილები?
თამარ როსტიაშვილი
ეკატერინე ტიკარაძის გამინისტრებიდან ძალიან მალე დევნილების ყველაზე მასობრივმა და ხანგრძლივმა საპროტესტო ტალღამ იფეთქა. 2019 წელს 29 დღის განმავლობაში დევნილთა ნაწილი სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავდა. მათი მოთხოვნა იყო სახელმწიფოსგან შეპირებული საცხოვრებელი ფართების გადაცემა.
ტიკარაძის დანიშვნამდე მათ ხელისუფლებისგან ბინებით დაკმაყოფილების პირობა მიიღეს. სწორედ ხელისუფლების ნებართვით შევიდნენ ისინი მათთვის გამოყოფილ კორპუსებში, თუმცა მათი შესვლისთანავე დაიწყეს კორპუსების შემოღობვა. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკების მეორე ეტაპი, რომლის დროსაც უკვე ტიკარაძის უწყებამ ისინი დაიყოლია მშენებარე კორპუსებიდან გამოსვლაში, თუმცა სანაცვლოდ აღარაფერი შეუთავაზებია. ამის გამო დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროს შენობის პირველი სართული მთლიანად დაიკავეს _ ერთი თვის განმავლობაში აქ მათი კარვები და საძილე ტომრები იყო გაშლილი.
29-დღიანი პროტესტის მანძილზე 7 დღე დევნილები შიმშილობდნენ, თუმცა არც მინისტრი და არც მისი მოადგილე აქციის მონაწილეებთნ არ ჩამოსულან. არადა, კარვებში გადანაწილებულ ასამდე ადამიანს ერთადერთ კითხვაზე სურდა პასუხის მიღება, _ რა კრიტერიუმებით შეირჩა ბინებში მოსახვედრი კონტინგენტის სიები და რატომ არ ერგოთ ფართი იმ დევნილებს, რომელთაც სასამართლოს სამივე ინსტანცია ჰქონდათ მოგებული?
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საცხოვრებელი ფართების გადანაწილებისას უპირატესობა ენიჭება ბენეფიციარს, რომელიც არის ვეტერანი ან ჰყავს ონკოლოგიურად დაავადებული ოჯახის წევრი. თუმცა კანონის აღსრულების მაგივრად, ამ ქულებითა და კრიტერიუმებით სამინისტრომ შექმნა ისეთი სისტემა, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს, მიუხედავად საჭიროებისა, ბინის მიღების შანსი მოუსპო.
სამაგიეროდ, უსახლკარო დევნილები შეასახლა კორპუსებში და უხდიდა ქირას, მაგრამ შესახლებიდან 2 თვის შემდეგ შეუწყვიტა ქირის გადახდა. ტიკარაძის უწყებამ ეს იმით ახსნა, რომ ქირის ფულის მისაღებად ბენეფიციარმა 2 თვეში ერთხელ უნდა მიმართოს სამინისტროს, უწყებამ კი, თავის მხრივ, უნდა დანიშნოს მონიტორინგი და ხელახლა აღირცხოს ბენფიციარის ქულები.
ხელახლა მონიტორინგს დრო სჭირდება. მაშინ, როდესაც ქირის გადასახადის დაფინანსება წყდება, მოქირავნეს ვალი უგროვება და შემდეგ, როდესაც სამინისტრო ისევ აღადგენს ქირის გადახდას, დაგროვილ ვალს დევნილს არავინ უნაზღაურებს _ ბინის მეპატრონესთან ის თავად უნდა გასწორდეს.
2019 წლის დევნილთა პროტესტის ყველაზე ხანგრძლივი ტალღის ჩაქრობა მოხერხდა ეკატერინე ტიკარაძის ახლად დანიშნული მოადგილის, გიორგი წოწკოლაურისა და ტიკარაძის მიერ საჩხერიდან ჩამოყვანილი და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსად დანიშნული ბესარიონ სიმონიშვილის საშუალებით.
წოწკოლაური, როგორც იურისტი, სამართლებრივი გზით წავიდა და გაფიცულ დევნილებს მოსთხოვა, რომ ისინი თბილისში უნდა ყოფილიყვნენ ჩაწერილები. სამაგიეროდ, თქვენთვის საგანგებოდ ავამოქმედებთ „სოფლად სახლის“ პროექტს, თითოეულ თქვენგანზე 17-დან 26 ათას ლარამდე გამოვყოფთ, სახლი რომ შეიძინოთ ქალაქგარეთო.
ჯანდაცვის სამინისტრომ დევნილებს დრო სთხოვა, აღნიშნული პროექტი ჩაეშვა მოქმედებაში, ხოლო სიმონიშვილმა პირველად გამოაქვეყნა და საჯარო გახადა სტატისტიკა _ იმ დროისთვის ახალაშენებულ კორპუსებში ბინა გადაეცა 686 დევნილ ოჯახს. აქედან 215 ერთოთახიანი, 143 _ ოროთახიანი, 305 _ სამოთახიანი, 23 კი – ოთხოთახიანი.
გაფიცული დევნილები მას მერე დაიშალნენ, რაც უწყებამ მათ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პროექტი წარმოუდგინა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტში 67 მილიონი ლარი უნდა ჩადებულიყო. იმ წელს საქართველოში 282 485 დევნილი პირი და 89 970 ოჯახი გახლდათ რეგისტრირებული. მათგან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იყო მოლოდ 39 782 ოჯახი, ხოლო 50 188 ოჯახი 2022 წლამდე უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ამის შემდეგ გადის ორი წელი და დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების პროცესი, შეიძლება ითქვას, ადგილიდან არ იძვრის. დევნილების საპროტესტო ტალღა 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებს ელოდება და, რეალურად, საარჩევნო პროცესშია ჩაბმული. „ქართული ოცნება“ მათ რესურსს მშვენივრად იყენებს და ბინებით დაკმაყოფილების პირობით ხმების მაქსიმალურ მობილიზაციას ახდენს.
2022 წლის 17 იანვრიდან კი ტიკარაძის უწყებას უნდა დაეწყო შემდეგი პროექტის სისრულეში მოყვანა:
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, რომელსაც ბესარიონ სიმონიშვილი ხელმძღვანელობდა, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდა და დევნილი ოჯახის, რომელიც შედგებოდა ერთი ან ორი წევრისგან – 17 000 ლარის ნაცვლად, 22 000 ლარის გაცემა; დევნილი ოჯახი, რომელიც შედგება სამი წევრისგან – 21 000 ლარის ნაცვლად, 25 000 ლარის გაცემა; დევნილი ოჯახი, რომელიც შედგება ოთხი წევრისგან – 23 000 ლარის ნაცვლად, 28 000 ლარის გაცემა; დევნილი ოჯახი, რომელიც შედგება ხუთი წევრისგან – 26 000 ლარის ნაცვლად, 31 000 ლარის გაცემა; დევნილი ოჯახი, რომელიც შედგება ექვსი წევრისგან – 29 000 ლარის ნაცვლად, 34 000 ლარის გაცემა, ხოლო დევნილი ოჯახი, რომელიც შედგება შვიდი წევრისგან – 32 000 ლარის ნაცვლად 37 000 ლარის გაცემა; დევნილი ოჯახი, რომელიც შედგება რვა წევრისგან – 35 000 ლარის ნაცვლად, 40 000 ლარის გაცემა, ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე დამატებით 3000 ლარის გაცემა.
მანამდე სიმონიშვილმა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სახელით, „სოფლად სახლი“ 1200-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა.
ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პირველი, ვინც მას მიყვა, მისი მოადგილე გიორგი წოწკოლაური გახლდათ. მეორე იქნება ბესარიონ სიმონიშვილი, რომლის გადადომასთან ერთად, დევნილების ფართებით დაკმაყოფილების პროცესი შეფერხდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მესიჯები ვრცელდება მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი უწყებისგან. დევნილთა ახალი, 2022 წლის საპროტესტო ტალღაც აქედან აგორდა.
კერძოდ, თბილისის ზღვაზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი ჩასახლების მქონე ობიექტიდან. როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, სანატორიუმ „ქართლის“ ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილები ტიკარაძის მიერ შეთავაზებულ პირობებზე თანახმა იყვნენ მაგრამ, რატომღაც, დარწმუნებულები არიან, რომ ახალი მინისტრი მათ პირობებს შეუცვლის. ამიტომაც ისინი ახალი ბინებით დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტს უკვე ჯანდაცვის სამინისტროსთან გააგრძელებენ.
შენობა, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, სანატორიუმი „ქართლი“, ყოველთვის ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 2021 წელს მათ სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ უკეთეს პირობებში გადაიყვანდნენ, თუმცა პრობლემა, რატომღაც, მაინცამაინც, ბოლო 2 კვირის განმავლობაში გამწვავდა: ამას ადგილობრივები იმით ხსნიან, რომ ახალი წლის წინა დღეებში კორპუსს ბზარები დაემატა და ერთ-ერთ სართულზე ჭერი ჩამოინგრა.
ყველაზე უცნაური ის გახლდათ, რომ „ქართლის“ მცხოვრებლებს შორის უცვლელი პირობა იყო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თავად მოსულიყო და ადგილზე ენახა, რა პირობებში ცხოვრობდნენ ისინი. როგორც ჩანს, სამინისტროში დარჩენილმა ტიკარაძის გუნდმა დევნილებს შორის ხმა გაავრცელა, რომ აზარაშვილი არ დადის მსგავსი პრობლემების დროს ლოკაციის ადგილებზე. ზოგადად, არც ტიკარაძე იკლავდა თავს, მაგრამ ახალი მინისტრი ამ მხრივ ბევრად რადიკალური თვალსაზრისისაა და როგორც სამხედრო უწყებაში ხანგრძლივად მომუშავეს, ე. წ. ულტიმატუმის ენით საუბარი არ უყვარს.
რა თქმა უნდა, დევნილთა პირობები არ დაკმაყოფილებულა და ზურაბ აზარაშვილი აქციის ადგილზე არ მისულა. არც სიმონიშვილი გააგზავნა პრობლემების მოსაგვარებლად. „ქართლში“ სიმონიშვილის თანაშემწე, გვარად გურამიშვილი მიავლინეს, რომელმაც დევნილებს ქირით აყვანა შესთავაზა, სანამ მათ გრძელვადიანი განსახლებით არ დააკმაყოფილებს სამინისტრო.
ამის შემდეგ სიმონიშვილის უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომ კორპუსის ავარიულობიდან გამომდინარე, უწყებამ შენობაში მცხოვრებ ყველა ოჯახზე ადმინისტრაციული დაპირება გასცა და მათ განსახლების ორი გზა შესთავაზა:
1. დევნილებმა თბილისში ბინები თავად მოიძიონ, მათ შესყიდვას კი სააგენტო უზრუნველყოფს. კვადრატული მეტრის ფასი შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო ბინის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება;
2. დევნილები დაელოდონ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.
მიუხედავად სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებისა, დევნილები არ ცვლიან თავიანთ მოთხოვნას: ბინებით დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ახალი მინისტრი მათ ქირას ერთი-ორი თვე გადაუხდის და შემდეგ „გადააგდებს“.
რაც შეეხება სცენარს, რომლის თანახმადაც დევნილებმა ბინები თავად უნდა აირჩიონ, სახელმწიფო კი 1 კვ.მ.-ში 550 დოლარს გადაიხდის, პროტესტანტებს ეს ფასი გონივრულად არ მიაჩნიათ. მათი აზრით, ეს შავი კარკასის ფასია და, მინიმუმ, 1.5-ჯერ მეტი თანხა უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ, რომ მათ საცხოვრებლად ვარგისი ბინები შეიძინონ.