თათია ნიკოლაშვილი: „მთავარია, თვითონ იგრძნონ თავი კომფორტულად და ამისთვის სამშობლოსაც გაყიდიან“
თამარ სანაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე გაკეთებულმა განცხადებებმა ევროპელ პარტნიორებში შეშფოთება გამოიწვია.
ღარიბაშვილმა ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, „ოჯახის სიწმინდეზე“ და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.
საქართველოს პრემიერის გამოსვლის შემდეგ განცხადება გაავრცელა ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PEშ), რომელმაც უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (ჩPAჩ) მონაწილეობის მიღება დაგმო.
PEშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კეტი პირიმ თქვა, რომ ღარიბაშვილის ქმედებები ეწინააღმდეგება პოლიტიკური გაერთიანების ღირებულებებს. მისივე თქმით, PEშ-ის მომავალ სხდომაზე „ქართული ოცნებისთვის“ სტატუსის შეჩერებას განიხილავენ, რაც „აუცილებელი ნაბიჯია“.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე, ფეისბუქის მიერ სტრატკომთან დაკავშრებული ანგარიშების წაშლასა და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“-თან ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა:
_ თათია, მინდა, საქართველოს პრემიერის განცხადებით დავიწყოთ საუბარი: „ევროპის დღის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მჯერა, საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ევროპაში საკუთარი ტრადიციებით შევაო. როგორ შეაფასებთ მის ამ განცხადებას?
_ როდესაც „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები ერთი ხელით თითქოს ცდილობენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიიღონ და მეორე ხელით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სტატუსი არ მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ, ეს არის უბრალოდ თვალებში ნაცრის შეყრა ქართული საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვის და შენიღბვა იმ ყველაფრის, რასაც რუსული კამპანიის წარმოება ჰქვია. ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან ყველაზე ახლოს როცა ვართ, სწორედ მაშინ აკეთებენ ყველაფერს, რომ რაღაც ისეთი მოხდეს, ამ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით უფრო მეტი პრობლემა შეექმნას ჩვენს ქვეყანას. მაგალითს მოვიყვან და ვიტყვი, რომ ნიკა გვარამია დააკავეს შეთითხნილი ბრალდებით. არის უამრავი ფაქტორი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტატუსის მიღებას. საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას პატიმრობა, პოლიტპატიმრების თემა ძალიან სერიოზულია ამ კუთხით.
_ ბუდაპეშტში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზეც მინდა გკითხოთ, _ როგორ შეაფასებდით მის გამოსვლას, რა გზავნილები ჰქონდა ღარიბაშვილს რუსეთისთვის? რა უთხრა მან ევროპას?
_ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რომ ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მოურავია და ე. წ. სათამაშო, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება და ამაში საქართველოს მოსახლეობა უკვე დიდი ხანია, დარწმუნდა. იგი პირდაპირ კრემლის პროპაგანდას ეწევა და შემდეგ მის გამონათქვამებსა და განცხადებებს აიტაცებენ ხოლმე კრემლის პროპაგანდისტები. ეს ადამიანები პირდაპირ, ერთი ერთში, სიტყვა-სიტყვით იმეორებენ მარგარიტა სიმონიანისა და სერგეი ლავროვის გზავნილებს.
სამწუხაროა ეს რეალობა. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის წევრობის სტატუსზე ვსაუბრობთ და ასეთი გზავნილებით „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველთვის საფრთხეს უქმნიან ჩვენს ევროპულ მომავალს და ნათელს ხდიან, რომ საქართველოს ე. წ. ხელისუფლების მიზანი ნამდვილად არ არის ევროკავშირი.
ჩვენმა პარტიამ სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომ ბანკების წმინდა მოგება 2012 წელს იყო 134 მილიონი, 2023 წელს კი 15-ჯერ არის გაზრდილი ეს რიცხვი და 2.5 მილიარდს შეადგენს. რომ გავყვეთ ამ სტატისტიკას დეტალურად, გამოდის, რომ ბანკების ყოველდღიური წმინდა მოგება შეადგენს 7 მილიონ ლარს. ასეთ სიტუაციაში და ასეთ მდგომარეობაში აყენებენ ისინი საქართველოს მოსახლეობას. პირდაპირ აყაჩაღებენ, ძარცვავენ ხალხს და რა გასაკვირია, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს ასეთი საქართველო, ასეთი წესით გამდიდრება. ასეთ ქვეყანას ნამდვილად არავინ ელოდება ევროკავშირში.
ევროკავშირის ქვეყნებში ბანკების პროცენტული განაკვეთი მაქსიმუმ არის 6-7%, ჩვენთან კი 29-30%-ში აქვთ ადამიანებს სესხები. მათ შორის პენსიონერებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და ყველაზე მეტად უნდა ექცეოდეთ ყურადღება, მათ ყველაზე დიდ პროცენტში აძლევენ სესხს.
„ქართულ ოცნებას“ არ აწყობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, ასეთ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი ცოლს მიწას ვეღარ აჩუქებს და მსგავსს საქმიანობებს ვეღარ განახორციელებს. ისეთ რთულ მონურ პირობებში ვეღარ შესთავაზებენ მოსახლეობას ცხოვრებას. ცხადია, მათ არ აწყობთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი.
_ ირაკლი ღარიბაშვილისგან შეგვიძლია სწავლა, როგორ ვიცხოვროთ რუსეთის ჩრდილში და თან დავიცვათ ქვეყანა, _ განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის ორბანის ეს განცხადება საგანგაშო არ აღმოჩნდა. როგორ შეაფასებთ ორბანის ამ სიტყვებს და ამასთან დაკავშირებით „ოცნების“ დეპუტატების განცხადებებს?
_ მათ საერთოდ სჩვევიათ და მოსწონთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა და საქმის წარმოება, როგორიც არის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, იმიტომ რომ იგი მკაფიოდ და გამოკვეთილად პრორუსი, პუტინთან დაახლოებული პირია. იქიდან გამომდნარე, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული ევროკავშირში შესვლის ნება, პირდაპირ ვერ ამბობენ ამას, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, შენიღბონ ეს ყველაფერი. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, სამწუხაროოდ, იმეორებენ შეფარვით ამ საშინელ რუსულ გზავილებს. ცდილობენ, პროპაგანდისტულად შენიღბონ ასეთი პრორუსული დამოკიდებულება. ბიძინა ივანიშვილი რასაც დაავალებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, სწორედ იმას აკეთებენ. ეს არის მათი სახე, მათი მონური მორჩილება, ირაკლი რარიბაშვილი კი ყველაზე გამოკვეთილი, დამჯერი და ყველაფრის მკადრებელი მოურავი არის ბიძინა ივანიშვილის კარზე. შესაბამისად, აღარავის უკვირს საქართველოში ეს რეალობა.
„ქართული ოცნების“ მომხრეებსა და მხარდამჭერებსაც აქვთ უკვე პროტესტის გრძნობა. ხელისუფლება იყენებს ყველანაირ მეთოდს: დაშინებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შანტაჟს, რომ ამ ადამიანებმა ხმა ვერ ამოიღონ.
დასაწყისში სტატისტიკაზე ვსაუბრობდით და კარგად ვნახეთ, თუ რა მდგომარეობაში აყენებენ ისინი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. კიდევ ეეთი სტატისტიკა მაქვს: 100-დან 900 ლარამდე ხელფასი საქართველოში აქვს 303 ათას ადამიანს. მაგალითად, 100 ლარზე მუშაობა უწევს 11 718 ადამიანს, თვეში 100 ლარად რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, ფასები გვაქვს კატასტროფული. ფასებიც რომ არ იყოს პრობლემა, 100-ლარად რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, როცა 12 ათასამდე ადამიანი გვყავს ასეთი. მაგალითად, 200 ლარამდე ხელფასი 20 915 ადამიანს აქვს, ჩვენს ხელისუფლებას ეს ყველაფერი არ ადარდებს, მთავარია, თვითონ გრძნობენ თავს კომფორტულად და ამისთვის სამშობლოსაც გაყიდიან, რუსეთის გუბერნიად გადაქცევასაც დასთანხმდებიან და, სამწუხაროდ, ყველაფერზე წავლენ.
ეს სტატისტიკა, ეს მონაცემები იმ რეალობას ნათლად აჩვენებს, რაც გვაქვს ყვეყანაში. მაგალითად, ჩემი რაიონის, ოზურგეთის მონაცემები რომ განვიხილოთ, ოზურგეთის მოსახლეობა შეადგენს 62 ათას ადამიანს. აქედან 30 ათასი არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მეორეს უჭირს, ყოველი მეორე სიღარიბის წინაშე დგას. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მათგან მხოლოდ 10 ათასი იღებს დახმარებას. 20 ათასი ადამიანი დახმარებას ითხოვს და ვერაფერს აკეთებს.
უმძიმესია მდგომარეობა ბავშვების მიმართულებითაც. რვა ათასი სკოლის ასაკის ბავშვი არის რეგისტრირებული ჩვენს რაიონში და აქედან სოციალურად დაუცველთა ბაზაში ოთხი ათასზე მეტია დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში. ასევე კატასტროფულია ემიგრაციაში წასული ადამიანების რაოდენობა, მაგალითად, 2017-დან 2023 წლამდე ოზურგეთის მოსახლეობის 35% წავიდა ემიგრაციაში. ეს საშინელი, გაუგონარი რიცხვებია. სულ რომ არ ვისაუბროთ, სულ რომ არავინ დაგვიჯეროს, ეს ოფიციალური სტატისტიკებია ამ რეალობაზე. რაც არ უნდა თქვან, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, თავისივე სიტყვებთან წინააღმდეგობაში მოდიან, რადგან სტატისტიკა სულ სხვა სურათს გვიჩვენებს.
_ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დროა ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავსო. რას იტყვით მის ამ განცხადებაზე?
_ შალვა პაპუაშვილიც, რასაკვირველია, იმ პოლიტიკის გამტარებელია, რასაც რუსული პროპაგანდა ჰქვია. ამგვარი განცხადებებით ცდილობენ, მაქსიმალურად აირიდონ თავიდან მოსახლეობის წყრომა, რადგანაც იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ამ კურსს უჭერს მხარს. საქმით რასაც აკეთებენ, ეს არის იმის დამტკიცება, რომ მათ არ სურთ ევროკავშირი. მაგალითად ავიღოთ, სანქცირებული გემები რომ შემოდიან ჩვენს ტერიტორიაზე ან რუსული სანქცირებული პროდუქციის გატარება _ ამას არავინ აკონტროლებს. ყველანაირი საქმე მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს ევროპა. ასე ჩვენი პრეზიდენტიც აკეთებს განცხადებებს, მაგრამ საქმით ვერაფერს ვხედავთ. მისი ეს სიტყვები არ სრულდება.
_ „ევროპელი სოციალისტების“ ხელმძღვანელის, ფრიდონ ინჯიას მიერ ახალი კანონპროექტის შექმნასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, _ შეიძლება თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი რუსული კანონი დააინიციროს პარლამენტში (ვგულისხმობ ლგბტქ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს)?
_ ფრიდონ ინჯია ასევე არის ის ადამიანი, რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს ამ მთავრობის პირობებში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან გასულ წელს 180 მილიონად შეიძინა ვერტმფრენი. კარგად არის მოკალათებული ბატონი ფრიდონი და რასაც დაავალებენ, იმას ამბობს. მისი ეს განცხადება კანონის დაინიცირებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის პროპაგანდის ნაწილია, რადგან ყველა კარგად ვხედავთ, როგორ ებრძვის იგი უმცირესობებს.
ლაზარე გრიგორიადისი არის „რუსული ოცნების“ პირდაპირი ტყვე. ამით „რუსულ ოცნებას“ და მის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უნდათ აჩვენონ ყველას, თუ რა ბედი ეწევა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებს. დასჯის მაგალითს აჩვენებენ ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობით. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რას ამბობდა ღარიბაშვილი, რომ სატანისტებს ჰგავდნენ აქციაზეო, ტატუები ჰქონდათო. ყველანაირად ყოფს ჩვენი ქვეყნის პრემიერი ადამიანებს. მათი მიზანია, გახლიჩონ, დააპირისპირონ ადამიანები ერთმანეთს და სწორედ ასე ინჯიებს, კობახიძეებს, ღარიბაშვილებს სხვადასხვა ფლანგზე იყენებს. ბიძინა ივანიშვილის მიზანია საქართველო ქართველების გარეშე და ის ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
_ „უცნობის“ აქციაზეც მინდა გკითხოთ, _ როგორ ფიქრობთ, მომღერალ „უცნობის“ აქციამ რა შედეგი გამოიღო და რა დაგვანახა?
_ ამ აქციასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება, რამე სერიოზული კომენტარი გაკეთდეს? ეს ადამიანები პირდაპირ სიძულვილის ენით საუბრობენ. იქ მდგომთა ნახევარზე მეტმა არც იცოდა საერთოდ, სად იდგნენ, რა უნდოდათ, ზოგი მიხეილ სააკაშვილის მისვლას ითხოვდა, მესამე პრეზიდენტის განთავისუფლებას ითხოვდნენ, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რისთვის მივიდნენ იქ. ფული გადაუხადეს, ისინიც წამოვიდნენ და დადგნენ, _ მართლა ძალიან უჭირს ადამიანებს. ასეთ რაღაცებში იხარჯება ხალხის ფული, რომ საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპიროს. თუმცა ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ევროპაშია ჩვენი მომავალი და რაც არ უნდა იძახონ, რაც არ უნდა გააკეთონ, ამ რეალობას ვერ შეცვლიან.
_ სტრატკომთან დაკავშირებით როგორია თქვენი შეფასება? _ გაუქმდა ასზე მეტი ფეისბუქგვერდი, რომელიც ემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს, ხოლო მასზე სახელმწიფო თანხები იხარჯებოდა. გამოიძიებენ ამ საქმეს?
_ სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში პროკურატურის იმედი არ უნდა გვქონდეს, _ ივანიშვილის მართულ ქვეყანაში და მის მართულ პროკურატურაში არა მგონია, გამოძიება დაიწყოს. მაგრამ ჩვენ ვნახეთ ფაქტი და საერთაშორისო დონეზე დასტურდება ის, რომ „ქართული ოცნება“ ტროლ-ბოტების მეშვეობით ცდილობს საკუთარი აზრის პროპაგანდას და მათი აზრის მოხვევას ხალხზე. საქართველოს მოსახლეობის ფული ასეთ საქმეებზე იხარჯება. სამწუხაროდ, ეს ახალი არავისთვის არის. ე. ი. „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები აღარ დარჩა. ჩვენ ბოლო კვლევებშიც ვნახეთ „ოცნების“ შემცირებული რეიტინგი. ასე ახლოს არასოდეს ყოფილა „ქართულ ოცნებასთან“ „ნაციონალური მოძრაობა“ პროცენტულად. აქედან გამომდინარე, მხარდამჭერიც აღარ დარჩათ და ტროლ-ბოტების საშუალებით ცდილობენ, დაანახონ ელექტორტს, რომ თითქოს მხარდაჭერა ისევ აქვთ.
_ ასევე მინდა შევეხო 12-პუნქტიან გეგმას, _ რა ეტაპზეა „ოცნება“ და რა მოლოდინი გაქვთ მის შესრულებასთან დაკავშირებით?
_ არასდროს მქონია „ქართული ოცნებისგან“ ამის მოლოდინი. ჩემთვის დაუსვამთ კითხვა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში გინდათ, რომ თქვენმა ქვეყანამ სტატუსი მიიღოსო? დიახ, მზად ვართ, მათ შორის, ამ პირობებში, ოღონდ კი მივიღოთ სტატუსი, თუმცა მოლოდინი, რასაკვირველია, ჩვენი ხელისუფლებისგან არ მაქვს. ისევ ხალხის აქტიურობაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. საერთაშორისო მიმართულებით როდესაც საქართველოს თემას განიხილავენ, ყოველთვის ცალკე არის გამოყოფილი ქართველი ხალხი და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ევროპას, რომ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპას. ჩვენ გვინდა ევროკავშირში და არა რუსეთის გუბერნიაში ცხოვრება, ამიტომ უნდა ვაჩვენოთ მთავრობას ეს. პოლიტპატიმრების თემა დიდი პრობლემაა და ძალიან სერიოზულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, _ ევროკავშირში პრეზიდენტების მკვლელებს არ ელოდებიან. ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ შეიძლება არ მოსწონთ მიხეილ სააკაშვილი, არ მოსწონთ „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ სასწორზე დევს საქართველოს ევროპული მომავალი, რაც არ არის ვიწრო პარტიული საკითხი, ეს პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, ამიტომ გარდა ადამიანური სოლიდარობისა, შენი ქვეყნის პრეზიდენტის სიკვდილი არ უნდა დაუშვა. ეს არის ძალიან დიდი და სერიოზული ფაქტორი საქართველოს ევროპულ გზაზე.