როგორ მუშაობს თაღლითური სქემები? – დაზარალებულების საქმეს პოლიცია იძიებს

ირინა მაკარიძე

ადამიანები, რომლებმაც თბილისში, ბინის დაგირავების მიზნით, სოლიდური თანხები გადაიხადეს, დღეს თავს მოტყუებულად მიიჩნევენ. დაზარალებულებს შორის არიან ბინის მეპატრონეებიც, რომლებმაც ბინა გააქირავეს, თუმცა საფასურს ვერ იღებენ.

რა და როგორ ხდება თაღლითობის სქემების შესახებ, ადვოკატი ნათელა სივსივაძე და დაზარალებულები „ქრონიკა+“-ს ესაუბრნენ. ჩვენ დაუკავშირდით შსს-საც, სადაც აღნიშნულ საქმეზე ძიების მიმდინარეობის შესახებ დაგვიდასტურეს.
ადვოკატ ნათელა სივსივაძის თქმით, ელისო და ნათია ცუცქირიძეებისა და მათი კომპანია „ელსერვისის“ დაზარალებულთა რიცხვი რამდენიმე ასეულია, თუმცა გენერალურ პროკურატურას საჩივრით 8 ადამიანმა მიმართა. მათ ინტერესებს ნათელა სივსივაძე იცავს.
გენერალური პროკურატურიდან საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

როგორ მუშაობს თაღლითური სქემა?

ადვოკატი ამბობს, რომ ხელშეკრულებები სამართლებრივად გამართულია, თუმცა პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ადამიანებს სიტყვიერად სხვა რამეზე უთანხმდებიან, ხელშეკრულებაში კი სხვა იწერება.
ადვოკატი ნათელა სივსივაძე „ქრონიკა+“-თან აცხადებს:
„უძრავი ქონების სააგენტო „ელსერვისის“ სახელით დებენ ხელშეკრულებებს, თუმცა მე მოვიძიე და ეს კომპანია რეგისტრირებულიც არ არის.
რაც გავარკვიე, ეს ჯგუფი რამდენიმე სქემით მოქმედებს. დავუშვათ, ადამიანს სურს, იგირავოს ბინა, ნახულობს სოციალურ ქსელში ან ვებსაიტზე ამ კომპანია „ელსერვისის“ რეკლამას, მიდის კომპანიაში, აძლევენ განმარტებებს, რომ გირავნობა ფორმდება ქონების უზრუნველყოფით. სააგენტო ეუბნება კლიენტს, რომ თქვენ აუცილებლად „ბე“ უნდა დატოვოთ. შემდეგ, როდესაც კლიენტი მიდის, უკვე ფაქტის წინაშე აყენებენ მას, ეუბნებიან, _ მე შუამავალი კომპანია კი არ ვარ, თქვენ ჩემთან აფორმებთ ხელშეკრულებას და მე გიქირავებ ბინას. ე. წ. პირამიდა იქმნება. კომპანია, თავის მხრივ, ქირაობს ბინას, სადაც უშვებს კლიენტს, რომლისგანაც გირავნობის თანხა აიღო.
დაზარალებულებს შორის რამდენიმე ბინის მესაკუთრეა, რომელიც ბინიდან მდგმურებს ვერ უშვებს. ეს ქალბატონი მათგან საშუამავლო თანხასაც იღებს, თუმცა შუამავალი კი არაა, თვითონ უფორმებს კლიენტს ხელშეკრულებას, შემდეგ ქირასაც აღარ იხდის და ხალხს ფულს არ უბრუნებს. ასე მუშაობს ეს სქემა.
კლიენტთან ხელშეკრულების დადებისას ეუბნება, _ მე შენ თანხის უზრუნველსაყოფად არა იმ ბინას, რომელსაც გიქირავებ, არამედ მიწის ნაკვეთს ჩაგიდებ. გამოდის, რომ მოქალაქე იხდის სოლიდურ თანხას და ხელშეკრულებაში თანხის უზრუნვესაყოფად იდება მიწის ნაკვეთი, რომელიც გაცილებით დაბალი ღირებულებისაა.
უამრავი მიწის ნაკვეთი ფიგურირებს საქმეში. როდესაც მოვიძიე, აღმოჩნდა, რომ ეს მიწის ნაკვეთები არის, სადღაც, რეკრეაციულ ზონებში.
მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებს გამოართმევს გირავნობის თანხას, ხელშეკრულებაში კი ჩაიწერება მიწის ნაკვეთით უზრუნველყოფა, შეუშვებს ბინაში და რამდენიმე თვე, ზოგჯერ რამდენიმე წელიც უხდის მათ ბინის ქირას.
ხშირად არის ასეთი ვითარება: ბინაში არის კლიენტი, რომელსაც თანხა მიცემული აქვს კომპანიისთვის, ხოლო კომპანია მას ბინის ქირას აღარ უხდის. იქმნება დაზარალებულთა ჯაჭვი, _ დაზარალებულია როგორც ბინის მესაკუთრე, ასევე კლიენტი. ასე მილიონობით თანხა აქვს ამ ადამიანს აღებული სესხის ხელშეკრულებით ან მიწის ნაკვეთის ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით.
კლიენტზე ზეგავლენის მოსახდენად, რომელსაც ბე გადახდილი აქვს და ითხოვს ბინის გირავნობას, იქით უტევს და ეუბნება: „მე შენი კაპიკები რად მინდა, გავლენიანი ადამიანები არიან ჩემი პარტნიორები“. თავის თანამშრომლებს ასაღებს პროკურორებად, გამომძიებლებად. ეს მანიპულაციური ნაწილიც არის თაღლითური სქემის შემადგენელი, რითაც კლიენტს აბნევენ და შეცდომაში შეჰყავთ“.
ნათელა სივსივაძისვე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, დღემდე გრძელდება ამ თაღლითური სქემის განხორციელება. პროკურატურისთვის მიმართვის შემდეგ ის დაუკავშირდა „ელსერვისის“ წარმომადგენლებს, ელისო და ნათია ცუცქირიძეებს, რომლებისგანაც პასუხად მიიღო, რომ მათ „მუშაობის“ გაგრძელების უფლება მიიღეს:
„როდესაც მომმართეს დაზარალებულებმა, დავუკავშირდი ამ ქალბატონს, რომ როგორმე სიტუაცია მოეწესრიგებინა და ეს ადამიანები დაეკმაყოფილებინა. ამ ქალბატონისა და მისი შვილის მონაწერი მესიჯი მაქვს, რომ ვერაფერს გვიზამთ, ვიყავით დაკითხვაზე და გამომძიებელმა გამოგვიშვა. მითხრა, წადი, იმუშავე და ამ ხალხს მიხედეო.
ანუ დანაშაული ისევ ჩაიდინე და გაზარდე დაზარალებულთა რიცხვიო. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, დღემდე გრძელდება მისი ამ თაღლითური სქემის განხორციელება. შესაბამისად, დაზარალებულთა რიცხვი იმატებს, უკვე იანვრის დაზარალებულიც არის, რომელმაც ანალოგიური სქემით, მისგან აიღო 29 ათასი დოლარი, ბინაში არ შეუშვა და ამ 29 ათასი დოლარის სანაცვლოდ ჩადო მუხნარის მიწის ნაკვეთი, სადაც სერვიტუტი არის მიწის ნაკვეთზე.
ჯერ საეჭვოა ამდენი მიწის ნაკვეთის წარმომავლობა, საიდან აქვს ამდენი მიწა? მიწების ნაწილი არის ამ ქალის სახელზე, ნაწილი სხვა პირებზე, რომლებიც თაღლითების ქსელში არიან ჩართულები, დაახლოებით, 5 ან 6 პირია“, _ განაცხადა ნათელა სივსივაძემ.
როგორც ნათელა სივსივაძე განმარტავს, დოკუმენტები სამართლებრივად გამართულია, თუმცა ეს საქმე განეკუთვნება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც არის თაღლითობა:
„ეს დოკუმენტები სამართლებრივად, სამოქალაქო წესით სრულიად გამართულია, მაგრამ თაღლითობა აბა, სხვა რა არის? სისხლის სამართლებრივად თაღლითობა არის, როდესაც ადამიანს უქმნი ილუზიას და მაგალითად, ბინის ნაცვლად ხელშეკრულებაში უწერ რაღაც მიწას“, _ ამბობს ადვოკატი.
მისივე თქმით, საქმეში ხშირად ჩართულია ნოტარიუსიც.
„ერთი და იგივე ნოტარიუსი ფიგურირებს ამ საქმეებში. ნოტარიუსებით ვიძიებდი საქმეს და ამ ბოლო დროს მან ნოტარიუსი შეცვალა“, _ განაცხადა ადვოკატმა.

მუქარები

როგორც ადვოკატი აცხადებს, მათ მიერ თაღლითობაში ეჭვმიტანილები კლიენტებზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენენ. შექმნილი აქვთ „ვაიბერის“ ჩათები, სადაც დაზარალებულებს ჰპირდებიან, რომ დაუბრუნებენ ამ თანხებს, ხოლო თუკი ვინმე საჩივარს ახსენებს, პასუხად სერიოზულ ტერორსა და შეურაცხყოფას იღებს. მუქარასა და შეურაცხყოფაზე საუბრობს ადვოკატიც:
„მე, ადვოკატმა, საჩივარი რომ დავწერე, მისმა შვილმა მომწერა, ხელებს მოგამტვრევო. სმს-ები შენახული მაქვს, რა თქმა უნდა, სადაც შეურაცხყოფას მაყენებენ, მემუქრებიან, _ შე უვიცო ქალო, შენ ხალხს გვიბუნტებ“, _ ამბობს ადვოკატი ნათელა სივსივაძე. როგორც სივსივაძე აცხადებს, ის დაზარალებულებს ანაზღაურების გარეშე უწევს დახმარებას, რადგან ამ ადამიანებს ხშირად ადვოკატის მომსახურების საფასურის გადახდა არ შეუძლიათ. მისივე თქმით, ახლა ცუცქირიძეები ცდილობენ, ის საქმეს ჩამოაშორონ:
„ცუცქირიძეებს სწორედ ამის იმედი ჰქონდათ, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც ბოლო თანხები დაკარგეს, ზოგი ბინის ქირას ვერ იხდის, ადვოკატის მომსახურების საფასურს ვერ გადაიხდიდნენ და მასთან სამართლებრივად დაპირისპირებასაც ვერ შეძლებდნენ, თუმცა გამოვჩდი მე, ვინც ამ ადამიანებს ანაზღაურების გარეშე ვეხმარები. ახლა ცდილობს, რომ საქმიდან ჩამომაშოროს. მიჩივლეს ადვოკატთა ასოციაციაში, თითქოს მე მათ საქმიანობაში ხელს ვუშლი და მათი საქმიანი რეპუტაცია შევლახე“, _ ამბობს ნათელა სივსივაძე.

რას ჰყვებიან დაზარალებულები?

„ქრონიკა+“-ს რამდენიმე დაზარალებული დაუკავშირდა. მათი ისტორიები სხვადასხვაგვარია, თუმცა საერთო ისაა, რომ ენდნენ ცუცქირიძეებს, ხელშეკრულება გააფორმეს, ახლა კი თავიანთ თანხებს ვერ იღებენ.

ხათუნა კაპანაძე _ დაზარალებული:
„ჯანმრთელობის პრობლემა შემექნა და გადავწყვიტეთ ჩემი შვილის ბინის, რომელიც იპოთეკით მაქვს შეძენილი, გაქირავება. ერთ დღესაც დამირეკა ჩემმა შვილმა და მითხრა: ბინა გავაქირავე და შენთან გადმოვდივარო. ბინა არის 700 ლარად გაქირავებული, რამდენიმე თვეში ქირის გადახდა შეწყდა. აღმოჩნდა, რომ ბინა იქირავა კომპანია „ელსერვისმა“, ბინაში შემოუშვა მდგმური, რომლისგანაც აღებული აქვს გირაოს თანხა 8 ათასი დოლარი. ხელშეკრულებაში ამ თანხის უზრუნველსაყოფად ჩაწერილი აქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ გოგოს თვალით არ უნახავს. შემდეგ გავარკვიე, სადღაც დაუსახლებელ ადგილას არის. ისიც გავარკვიე, რომ ამ კომპანიას ჩვენნაირი დაზარალებული უამრავი ადამიანი ჰყავს და ასეთი მიწის ნაკვეთიც უამრავია საქმეში. რომელი მიწის ნაკვეთიც შედარებით უკეთეს ადგილასაა, იმას ინარჩუნებს, ცდილობს, იმათ თანხაც დაუბრუნოს…
საქმე ის არის, რომ ჩემს მდგომარეობაში ძალიან ბევრი ადამიანია, მაგრამ დანარჩენმა მდგმურები გაყარა ბინიდან, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე, ვერ გავაგდე, არ შემიძლია. როდესაც ელისო ცუცქირიძეს ბინის ქირის გადახდას ვთხოვ, ის მეუბნება, რომ გავაგდო მდგმური.
ორთვიანი ბრძოლის შედეგად 8 ადამიანმა შევიტანეთ საჩივარი. არ ვიცი, რა ჯადო აქვს ამ ქალს, ზოგს აშინებს, ზოგს ჰპირდება, რომ გადაუხდის თანხას. ეშინიათ, რომ ეს თანხა სულ არ დაკარგონ და ცდილობენ, ელისოს მოაწონონ თავი და ამით თავისი ფული დაიბრუნონ. გააკეთა ახლა 20-კაციანი დაჯგუფება, როგორც „დათა თუთაშხიაშია“ „არქიფოს მრევლი“, რომელიც ნებისმიერს დაუპირისპირდება მის სიტყვაზე.
დაზარალებულის ჯგუფია „ვაიბერში“, საიდანაც მე გამომაგდეს, რადგან ხმა ამოვიღე და მოვითხოვე თანხა. იქიდან დაიწყო ჩემი პრობლემები, მუქარები, ყველაფერი ამოვბეჭდე. ასეთი მუქარა იყო, რომ სამსახურთან მომიგზავნიდა ხალხს _ სხვა დაზარალებულებს, რომლებიც გარეთ გამართავდნენ შეკრებას, რადგან მე რომ ქირას ვითხოვ და სარჩელი შევიტანე, მათ საქმე გავუფუჭე, _ ელისო რომ დაიჭირონ, შენ გადაგვიხდი მაშინ ფულსო, _ მეუბნებიან. ყველას ჩაუგდო ჩემი და ნათელას ადვოკატის ტელეფონის ნომრები და გვემუქრებიან და გვლანძღავენ“, _ აცხადებს ნათია კაპანაძე.

ელენე ხმიადაშვილი _ დაზარალებული:
„5 წლის წინ ინტერნეტით ვიპოვეთ მაკლერი ელისო ცუცქირიძე და გადავუხადეთ 21 ათასი დოლარი. გვქონდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ყოველთვიურად 3 პროცენტი უნდა ეხადა. ჩვენ ვცხოვრობთ ბინაში და ამ თანხას (პროცენტს) იხდიდა, როგორც ბინის ქირას. მე-5 წელს სესხის ხელშეკრულება ჩაანაცვლა ნასყიდობის ხელშეკრულებით. თანხის უზრუნველყოფად ჩაიწერა მიწის ნაკვეთი. ამის შემდეგ აღარ იხდის ქირას და გვეუბნება, რომ გადასახდელი არაფერი აქვს, _ თქვენ გაქვთ მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფა და სადაც გინდათ, იქ მიმართეთო. ბინის მეპატრონესთან არანაირი ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია, მას ბინის ქირას ახლა არავინ უხდის, ჩვენ ვითხოვთ ჩვენს თანხას. როგორ შემდეგ გავიგეთ, ასეთი დაზარალებული ადამიანი ასეულობითაა. „ვაიბერში“ არის ჩათები, სადაც 180-მდე დაზარალებულია. მათ კიდევ უფრო დიდი თანხები აქვთ მიცემული და უკან ვერ იბრუნებენ. საერთო ჯამში, სოლიდურ თანხებზე არის საუბარი. ჩვენ შევიტანეთ საჩივარი, 5 თვის ბინის ქირა აქვს გადასახდელი და ძირ თანხასაც ვითხოვთ. ყველანაირ შეურაცხყოფას გვაყენებს, გვეუბნება, დებილები ხართ, არანაირ თანხას არ დაგიბრუნებთ, აქამდე რაც გაცხოვრეთ, მადლობელი იყავითო“, _ ყვება ხმიადაშვილი.
მისივე თქმით, დაზარალებულებს სთხოვენ, რომ „გვერდით დაუდგნენ“, პოლიციასთან მის სასარგებლოდ ისაუბრონ და სანაცვლოდ მათ დაუბრუნებს თანხას. „როგორც ვიცით, ახლა ახალი ხალხი აჰყავს, უკრაინელები, რუსები, აპირებს იმათაც იგივე გაუკეთოს და მათთვის გამორთმეული თანხები გადაუხადოს ამ ხალხს“, _ ამბობს ელენე ხმიადაშვილი.

ქრისტინა _ დაზარალებული (მას გვარის დაფიქსირება არ სურს, რადგან რცხვენია, რომ თაღლითის მსხვერპლი აღმოჩნდა):
„ქრისტინა ვარ, მე და ჩემმა ძმამ ხელშეკრულებას ერთად მოვაწერეთ ხელი. არ მინდა, ჩემი სახელი და გვარის მედიით დაფიქსირება, რადგან არ არის სასიამოვნო, ასეთ ისტორიაში რომ აღმოვჩნდი. დაახლოებით 2 წლის წინათ ვეძებდი თბილისში ბინას დასაგირავებლად. დავუკავშირდი სს.გე-ზე ატვირთული განცხადებების ავტორებს. მეგონა, რომ ბინის მესაკუთრეს ვესაუბრებოდი, შევთანხმდით შეხვედრაზე და ბინის ნახვაზე, ასე მოვხვდი ელისოსთან და შემდეგ მის შვილთან, ნათიასთან. აღმოჩნდა, რომ აქვთ უძრავი ქონების სააგენტო „ელსერვისი“. გვაჩვენეს ბინები, შევედით ერთ-ერთ მათგანში, მოგვეწონა, გადავწყვიტეთ და ვიგირავეთ ერთოთახიანი ბინა ბერბუკის ქუჩაზე, რისთვისაც 8 ათასი დოლარი გირაოს თანხა გადავუხადეთ. ხელშეკრულება რომ გავაფორმეთ, იმ კონკრეტულ მომენტში გასაღები არც კი მოუცია ჩემთვის, გვითხრა, რომ რაღაც ნივთები და ჭურჭელი აქვთ გასატანი, _ გაიტანენ და შემდეგ გადმოხვალო. დავეთანხმე და არ დამიწყია გადამოწმება, მით უმეტეს, რომ ბინის მესაკუთრის ნომერიც მომცა. შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და ვეღარ გადმოვედით თბილისში. შესაბამისად, ელისოს ვუთხარით, რომ რამდენიმე თვე ვერ გადმოვდიოდით. მან შემოგვთავაზა, რომ ამ დროის განმავლობაში ბინას გავაქირავებ, შენ კი შენი თანხის 3 პროცენტს მოგცემო. დრო გავიდა, ბინაში არ შეგვიშვა, ერთ წელიწადში კი ჩვენს ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. გვითხრა, დამიმატეთ ამ თანხაზე და ნებისმიერ სხვა ბინაში შეგიშვებთო. დავუმატეთ 3 ათასი დოლარი. ვენდეთ, რადგან იმ ერთი წლის განმავლობაში რეალურად გვიხდიდა პროცენტს, მას შემდეგ კი რაც განვაახლეთ ხელშეკრულება, რამდენიმე თვეში შეწყვიტა თანხის გადახდა. საქმე ისაა, რომ ჩემი რეკომენდაციით, მასთან სხვა ადამიანი მივიყვანე. მან დამირეკა, რომ ბინის ქირას არ იხდის და მეპატრონე მე მთხოვს თანხასო. ამ დროს მე კიდევ ვენდობოდი. მოვითხოვე ჩემი თანხა, თუმცა არ მიბრუნებს. შემდეგ გავარკვიეთ, რომ ჩვენ გარდა უამრავი დაზარალებული ჰყავს. საქმეში ჩვენი საჩივარიც დევს“, _ ყვება დაზარალებული.

მსგავსი ისტორიები მართლაც მრავლადაა, 8 დაზარალებულის საქმეს კი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიცია იძიებს.
როგორც უწყებაში „ქრონიკა+“-ს განუცხადეს, საქმე თაღლითობის მუხლით არის აღძრული:
„გამოძიება დაწყებულია თაღლითობის მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც თაღლითობას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, _ განუცხადეს „ქრონიკა+“-ს შსს-ში.
პოლიციაში აცხადებენ, რომ საქმის მსვლელობა დაწყებულია და საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ქრონიკა+“ შეეცადა ცუცქირიძეებთან დაკავშირებას. საკონტაქტო ნომერზე მათ ვუთხარით, რომ რედაქციიდან ვურეკავდით მათ წინააღმდეგ მიმდინარე თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით. პასუხად, როგორც მოსალოდნელი იყო, მუქარა და შეურაცხყოფა მივიღეთ.