თემურ ალასანია: „მიშა იმდენ ხანს გაძლებს, რამდენიც საჭიროა და ბრძოლაზე უარს არასოდეს იტყვის!“
ელისო კილაძე
თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილის ბიძაა. იგი, უმეტესად, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. ასე იყო მიშას პრეზიდენტობის დროსაც და პრეზიდენტობის მერეც, მაგრამ არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მიშა მას ძალიან ენდობა და მის რჩევებსაც მუდმივად ითვალისწინებს.
საქართველოში დიდი ხანია, არ ყოფილა, დედის დასაფლავებაზეც ვერ ჩამოვიდა. მაშინ დელიკატურად ურჩიეს, რომ ჩამოსვლა სიტუაციას გაამწვავებდა. სამაგიეროდ, ჩამოვიდა მესამე პრეზიდენტის პატიმრობის დროს და 21 დეკემბრის დიდი აქციის წინ.
ჩამოსულს ქართული მართლმსაჯულება სიურპრიზით დახვდა, _ გამოკითხვაზე დაიბარეს შს სამინისტროში პირადი კომუნიკაციის დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. გამოძიება 2018 წელს დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით. თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ე. წ. საუბრის ჩანაწერი „უკრაინულმა ვიკილიქსმა“ გამოაქვეყნა, რომელიც კარგა ხანია, აღარ ფუნქციონირებს.
ალასანიამ შს სამინისტროში მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრი მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის თანდასწრებით გამოიკითხა.
თემურ ალასანიას გამოკითხვის დრო 5 ივლისის მოძალადეებისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის წინა დღით დაკავებული პირების პროცესს დაემთხვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მას „შუმოკი“ მოუწყვეს, _ „ალტ ინფოსა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები იმ ჩანაწერს აპროტესტებდნენ, რომელიც ინტერნეტსივრცეში სამი წლის წინ გავრცელდა და რომელზედაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც კი კატეგორიული ვერ არის და დასკვნაში წერს, _ სავარაუდოდ, ემთხვევა.
რას ფიქრობს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე? რა შთაბეჭდილებით დატოვა სასამართლო? რატომ დაბრუნდა საქართველოში? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ თემურ ალასანია „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად ესაუბრება:
_ ბატონო თემურ, გამოძიების დაწყება თქვენ მოითხოვეთ?
_ მე ვარ ამერიკის მოქალაქე და გამოძიების დაწყებას თუ მოვითხოვდი, მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობ, მით უფრო, თუ ჩავთვლიდი, რომ კერძო კომუნიკაცია დაირღვა. საქართველოს მოქალაქე არც მიხეილ სააკაშვილია, პროკურატურისთვის არც მას მიუმართავს, გამოძიება დაიწყეს 2018 წელს და თუ მიიჩნევენ, რომ ჩვენი კერძო კომუნიკაცია დაირღვა, უკანონოდ გვისმენდნენ და ავრცელებდნენ დამონტაჟებულ საუბარს, მაშინ ამ დრომდე ეს გამოძიებული უნდა იყოს. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ამ ფაქტის გამოძიება რთული არ არის. გავრცელებული ჩანაწერი მხოლოდ ახლა მოვისმინე სრულად. არის ფრაგმენტები, სადაც საკუთარ ხმას ვერ ვცნობ, ლექსიკაზე საუბარი ზედმეტია, ეს ჩემი ფრაზები არ არის.
_ ალბათ, იმ მონაკვეთს გულისხმობთ, სადაც ქართველებზეა საუბარი…
_ მართალია, საქართველოდან დიდი ხნის წასული ვარ, მაგრამ ამ ქვეყანასთან ბმა არასოდეს გამიწყვეტია: მშობლები, და, დისშვილი, მეგობრები. სადაც არ მიმუშავია, ყველგან იცოდნენ, რომ ქართველი ვარ. მთელი ცხოვრება დიპლომატიურ სამსახურში გავატარე, ვგავარ იმ ადამიანს, რომელსაც მსგავსი ლექსიკით საუბარი შეუძლია? ან რატომ უნდა ვილაპარაკო ტელეფონზე, სკაიპზე, მესენჯერში და ა. შ. მსგავსს თემებზე?
_ ბატონო თემურ, მუდმივად, როცა თქვენს პერსონაზე საუბრობენ, ბევრმა არც კი იცის, რომ გაეროში განიარაღების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდით და მსოფლიოს არაერთ კონტინენტზე, არაერთ ქვეყანაში იარაღის უდიდესი არსენალი გაქვთ ამოღებული. „სნაიპერსკი ვინტოვკის“ შოვნა გაგიჭირდათ? _ ცხადია, ვხუმრობ…
_ „სნაიპერსკი ვინტოვკა და მილიონი დოლარი“ (იცინის). არ ვიცი, რა სეგმენტზეა გათვლილი მსგავსი ჩანაწერების დამონტაჟება და გავრცელება, მაგრამ ვინც მიცნობს და არ მიცნობს, ასეთი წარმოდგენა აქვთ ჩემზე, რომ მკვლელობას ვგეგმავ, იარაღს ვეძებ, ქილერს ფულს ვუხდი და თან ამაზე მიშას ტელეფონით ან სკაიპით ვუყვები?
მართლა ასეთი გულუბრყვილო მომხრეები ჰყავს „ქართულ ოცნებას“, რომ მსგავსი ფაბრიკაციების სჯერათ?
ეტყობა, ფიქრობდნენ, რომ გამოძიებასთან არ ვითანამშრომლებდი. ცხადია, შემეძლო, არ მივსულიყავი გამოკითხვაზე, მაგრამ ამერიკის კონსულისა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და სასამართლოში გამოვცხადდი. ბოლომდე ვითანამშრომლებ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს სიმართლე. თუმცა გაკვირვებული დავრჩი, როცა პროკურორის კითხვები ეხებოდა საუბრის შინაარსს და არა იმას, ვინ ისმენდა და ამონტაჟებდა, ავრცელებდა ჩანაწერებს ჩემი სახელით. მოსამართლის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ის იყო ობიექტური და ბრალდების მხარეს ცირკის მოწყობის საშუალება არ მისცა. სამაგიეროდ, ცირკი გარეთ მოაწყვეს, როგორც შემდეგ გავიგე, იმ აქტივისტებმა, რომლებიც 5 ივლისის დარბევასა და ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობდნენ.
თუ საუბრის სრული ჩანაწერი მექნება, ცხადია, საერთაშორისო ექსპერტიზას ჩავატარებ, რადგან არანაირი ნდობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართ არ მაქვს. ამ ექსპერტიზის დასკვნები მუდმივად ბათილდება ქვეყნის გარეთ და არ იწვევს კეთილსინდისიერების განცდას
_ წლებია, საქართველოში არ ყოფილხართ, ახლა რატომ ჩამოხვედით?
_ პირველი მიზეზი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობაა. მინდოდა, ახლოს ვყოფილიყავი ჩემს დასთან; მეორე მიზეზი არის 21 დეკემბერი, მიშას დაბადების დღე. ჩვენი დიდი ოჯახი სულ ერთად ვიკრიბებოდით, სადაც არ უნდა ყოფილიყო მიშა _ ამერიკაში, კიევსა თუ თბილისში. ჩამოვედი თუ არა, მოვითხოვე მასთან შეხვედრა, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მაქვს _ არც უარი, არც თანხმობა. მესამე დღეა, მოლოდინის რეჟიმში ვარ. იმედია, მიხვდებიან, რომ ეს პოლიტიკური დემარში კი არაა, ეს არის მხარდაჭერა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში და მე ამით ძალიან ვამაყობ. წამოსვლამდე მქონდა შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში ვესაუბრე ნიუ-იორკისა და ფლორიდის ორ გუბერნატორს, სენატორებს, მქონდა შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებში, Aმნესტყ Iნტერნატიონალ UშA-ში, გაეროს წამების კომიტეტთან, ანუ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ყურადღება მიმექცია იმ უსამართლობაზე, რომელიც ხდება დღეს საქართველოში.
_ იცოდით, რომ მიშა საქართველოში მოდიოდა?
_ ჩამოსვლაზე გვისაუბრია 2018 წელს, 2020 წელს, უფრო ადრეც, როცა კიევში ვიყავი, მაგრამ კონკრეტულად როდის აპირებდა და რა გზით საქართველოში წამოსვლას, არ უთქვამს. ბილეთების ჯავშანი იყო მასზე და გიულიზე, მე უკან, ამერიკაში ვაპირებდი გაფრენას, ბოლო სელფი ოდესიდან გამომიგზავნა, მერე ტელეფონი გათიშა და ეგ იყო, მერე ვნახე ბათუმში გადაღებული ვიდეო.
_ მზად იყო ციხისთვის?
_ ცხადია, ზუსტად იცოდა, რომ საქართველოში დაბრუნებულს ციხე ელოდებოდა. წამება და არაადამიანური მოპყრობა ყველამ ნახა: სამედიცინო მანიპულაციები, ბადრაგის ქმედება _ სახელმწიფოს ორგანიზებით ძალადობა. მიშა არასოდეს იტყვის უარს ბრძოლაზე, ვერანაირი მეთოდით ვერ გატეხენ.
განწყობა იყო სხვადასხვაგვარი: ჩამოსვლა საჭიროა, გამოაცოცხლებს სიტუაციას. იყო საუბარი, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს; იყო ხელისუფლების მხრიდან მუქარებიც. მიშასნაირი ადამიანის მოტყუება და შეცდენა ძალიან რთულია.
მან გააზრებულად გადადგა ეს ისტორიული ნაბიჯი და ზუსტად იცოდა იმ საფრთხეების შესახებ, რაც ჩამოსვლისას ელოდებოდა. რომ მდომოდა, ისე დაიმალებოდა, ვერ დაიჭერდნენ. მან მოსპო ნარატივი, რომ არის მშიშარა, დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ არ ჩამოვა, ამომრჩეველს ატყუებს, და ა. შ.
51 დღე იშიმშილა _ ესეც ისტორიული პრეცედენტი შექმნა. ახლა უკვე ვეჯიბრებით დროს. მისი ფიზიკური მდგომარეობა სახარბიელო არ არის, სასწრაფოდ უნდა მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო რეაბილიტაცია საქართველოს გარეთ, ამას კი სჭირდება ხელისუფლების კეთილი ნება და სურვილი. აბსურდულია ქართული სახელმწიფოს ფუძემდებლის ციხეში ყოფნა, მით უფრო იმ აბსურდული ბრალდებების ფონზე.
მიშას ირგვლივ ბევრი მითი იყო, რომელიც ნელ-ნელა დაიმსხვრა და დრომ ყველაფერი გამოაჩინა. თქვენი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ცოცხებზე ლაპარაკი შეწყდა, შეწყალების საქმის აბსურდულობა გამოჩნდა, სხვა საქმეებიც ასე ჩამოიშლება. მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური განაჩენი სახეზეა, ამიტომ მისი თავისუფლება გარდაუვალია კონსტიტუციური პროტესტის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებითა და მსგავსი მოთხოვნების დახმარებით. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის როლი. სალომე ზურაბიშვილს კარგად ვიცნობ, გაკვირვებული ვარ მისი მოქალაქეობრივი ზრდასრულობით, რომელიც წარმოადგინა პრეზიდენტმა. იგი იყო სწორი და ცოტა დაუჯერებელიც გახლდათ მისი მხრიდან ასეთი დამოუკიდებელი პოზიცია _ ეს ნამდვილად გმირობის ტოლფასია. მას შეუძლია, საკუთარ თავზე აიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
თუ მას ეყო გამბედაობა, დარჩეს დამოუკიდებელი, ცხადია, ეს იქნება კარგი. ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი დისშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი სამკურნალოდ გაყვანა ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ამისთვის თუ სალომე ზურაბიშვილის მზაობას დავინახავ, მივალ, მისაღებში დავჯდები და დაველოდები, სანამ დროს გამონახავს ჩემთან შესახვედრად.
დაბოლოს, მე იმდენად მიყვარს ჩემი ქვეყანა, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ჩემს დაბადების დღეზე ჩამოვფრინდი საქართველოში, იარაღი მეჭირა ხელში და ბოლომდე ვიყავი საომარი მოქმედებების ადგილას. სიტყვა კასეტური ბომბი პირველად მე დავაფიქსირე და ვახსენე აგვისტოს ომის დროს, გაეროს განიარაღების დეპარტამენტის უფროსი ვიყავი და ხელი მოვაწერე ოქმს კასეტური ბომბების აკრძალვის თაობაზე. სწორედ აკრძალული იარაღი გამოიყენეს გორში. დღევანდელი ხელისუფლების აქტივისტები, რომლებიც სასამართლოს ეზოში ხელებს იქნევდნენ, სად იყვნენ? სამშობლოს დასაცავად რამე გააკეთეს?