„საფრთხე ყოველთვის არსებობს, როდესაც რუსული ხელისუფლება გყავს
გიგა გელხვიიძე
კიბიდან დაგორებული და ნაცემი სტუდენტები, _ ასეთი რეალობა შეიქმნა გასულ კვირას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დაცვის წევრები და მმართველი პარტიის ახალგაზრდულის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ სტუდენტებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კობახიძემ განაცხადა, რომ იქ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იმყოფებდნენ და ისინი არ იყვნენ რიგითი სტუდენტები, ასევე განმარტა, რომ პირები, რომლებმაც სტუდენტები სცემეს და ისინი კიბიდან დააგორეს, არა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულის წარმომადგენლები, არამედ დაცვის წევრები და სტუდენტები იყვნენ, რომლებმაც ის დაიცვეს.
აღნიშნულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე კი კობახიძემ სტუდენტებს, რომლებიც მისი ლექციისთვის ხელის შეშლასა და მისთვის რუსული რუბლის დაყრას შეეცადნენ, ორიენტაცია არეულები უწოდა.
„აქ არ იყვნენ სტუდენტები, ეს ერთი. იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ ამ ე. წ. ინციდენტს. სინამდვილეში მოსული იყო „ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული.
ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა. მე მგონია, მათი გადარჩენა არის შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა არის შესაძლებელი.
ეს ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის წინ იდგნენ რამდენიმე დღის წინ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ, არაფერ შუაში არიან სტუდენტობასთან.
მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რამდენიმე ახალგაზრდა იყო, „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდა. მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული. მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა. შ.
მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს. ეს არის ჩვენი ამოცანა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ახალგაზრდების გადასარჩენად!“ _ განაცხადა მან.
ყოველივე აქედან გამომდინარე, გაჩნდა კითხვები, არიან თუ არა უსაფრთხოდ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ახალგაზრდები და, ზოგადად, როგორ ხედავენ ისინი პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში, როგორც ოპოზიციურ ასევე სახელისუფლებო ფლანგზე?
ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხების მისაღებად „ქრონიკა+“-მა ჩაწერა სტუდენტები _ ლუკა ჭოხონელიძე და ნიკო მანაგაძე.
ლუკა ჭოხონელიძე:
_ გასულ კვირას ვიხილეთ მიზანმიმართული თავდასხმა სტუდენტებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც მარტის აქციების ავანგარდში იყვნენ. რის დამტკიცებას ცდილობს ხელისუფლება?
_ ძალიან საინტერესო ფაქტია: როცა წარმოიდგენ, რამდენიმე ადამიანი არის გამოსული ქუჩაში, ამ დროს როგორ ჩუმად არიან, თავისთვის, პოზიციასაც კი არ გამოხატავენ, რაღაც მომენტში შეიძლება დაგვეთანხმონ კიდევაც. მათ ეშინიათ მასის და ხალხმრავლობის. ივანიშვილს რომ აქვს მასის შიში, ეს, პრინციპში, არ არის ახალი ქართველი მოსახლეობისთვის. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაციები და თავდასხმები იმ სტუდენტების მისამართით, რომლებმაც შექმნეს 7 და 8 მარტის მოვლენები.
ამ ხალხის მისია არის ძალის დემონსტრირება, გარდა ამისა პური და სანახაობა კონკრეტული ჯგუფებისთვის. საინტერესო ფაქტია ის, რომ ისინი ძალის დემონსტრირებას ცდილობენ პროტესტის შემდგომ და არა პროტესტის დროს.
_ გაქვთ თუ არა საფრთხის განცდა, რომელიც ხელისუფლებისგან მომდინარეობს?
_ საფრთხე ყოველთვის არსებობს, როდესაც რუსული ხელისუფლება გყავს, თუმცა ჩემი მეგობრისა და თანამებრძოლის სიტყვები მახსენდება ასეთ დროს, რომელიც მისი სასამართლო პროცესის წინ თქვა, _ ამათი შეშინებულის რა ვთქვი მე! _ ასე რომ, საფრთხე ყოველთვის არის, შიშის რა მოგახსენოთ.
_ ქვეყანაში, სადაც აშკარად გამოხატული რუსული ძალა არის ხელისუფლების სათავეში, რამდენად არის იმის მოლოდინი, რომ არჩევნების გზით რამე შეიძლება შეიცვალოს?
_ გამორიცხულია, ეს ადამიანები არჩევნების გზით წავიდნენ, რადგანაც გაყალბების მექანიზმი უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, როდესაც ოპოზიცია ერთიანი და ძლიერი არ არის, მათ შორის, მთავარი ოპოზიციური პარტიაც, არჩევნების გზით მოგება, მით უმეტეს, ხუთპროცენტიანი ბარიერის პირობებში, თითქმის წარმოუდგენელია.
_ ვინაიდან თავად ახსენე მთავარი ოპოზიციური პარტია და მისი დაყოფის ფაქტი, როდესაც ეს ორი მხარე უარს აცხადებს ერთობლივ მოქმედებებზე, მიუხედავად იმისა, რომ მიხელ სააკაშვილმა მოუწოდა მათ ერთობისკენ, რას ელით ასეთი მთავარი ოპოზიციური პარტიისგან?
_ პირველ რიგში, თუ შიდა პარტიულ ამბებს ვეხებით, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რამდენიმე ფაქტორი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა ცვლილება და ეს ცვლილება არის უკეთესობისკენ. ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში; ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში, ყველა კვლევით, ენმ-ს რეიტინგმა იმატა, მითუმეტეს უმნიშვნელოვანესია, როდესაც გენერლები შეუერთდნენ პარტიას. მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, რომ პარტია უნდა გაერთიანდეს, ეკუთვნის ორივე მხარეს.
_ თუკი სიღრმეში ჩავყვებით ამ ყველაფერს ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ხშირად ახსენებს ნიკა მელიას ფლანგს და ტაშს უკრავს მათ ქმედებებს, გარდა ამისა, ბოლო მისი გადაწყვეტილების მიხედვით, მას სურს, რომ ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა ანდოს სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ნიკა მელიას გუნდს წარმოადგენს და არა ლევან ხაბეიშვილს, რომელიც პარტიის ახალი თავმჯდომარეა, რომელსაც მხარი დაუჭირა პარტიული ამომრჩევლის უმეტესობამ. როგორ ხსნი ამას?
_ მიხეილ სააკაშვილი ღიად უჭერს მხარს ნიკა მელიასაც და ლევან ხაბეიშვილსაც, ასევე ყველა იმ ოპოზიციურ ადამიანს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მოშორება უნდა. ამდენად, მიხეილ სააკაშვილმა გამორჩეულად რომ ვინმეს მხარი დაუჭიროს, ამას არ იზამს. დიდი პატივისცემა სოფო ჯაფარიძის მიმართ, ნიკა მელიას ფლანგში არიან ძალიან პროფესიონალი ადამიანები, მათ შორის, ნუგზარ წიკლაური და მრავალი სხვა, ახალგაზრდები, ისევე როგორც ლევან ხაბეიშვილის კვოტაში. შესაბამისად, ამ ორი ფლანგის გაერთიანება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საერთო ოპოზიციური ფონისთვის.
_ რა გეგმები აქვთ ახალგაზრდებს? გაქვთ თუ არა პოლიტიკურ წრეებთან კონსულტაციები?
_ ძალიან კარგი სიტყვები აქვს ნათქვამი მერაბ კოსტავას, რომ გადამწყვეტ მომენტში ვდგებით ერთად და ვერთიანდებითო. გადამწყვეტი მომენტი იყო მარტის აქციები. ერთი საინტერესო ბანერი მახსენდება: „ნაციონალების გვერდით არ დავდგები კი არა, ჩემი ყოფილის გვერდით ვდგავარო“. ასე რომ, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელსაც უნდა ევროინტეგრაცია და რუსეთის რეჟიმისგან საქართველოს დახსნა, მისაღებია სტუდენტებისთვის და ჩვენს აზრს არჩევნებზე დავაფიქსირებთ, თუმცა არავისთან არ გვაქვს კონფლიქტი და დავდგებით ყველას გვერდით.
_ რა მისია აქვთ დღეს სტუდენტურ თვითმმართველობებს?
_ თვითმმართველობა, მით უმეტეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისტორიულად მართული პროცესია. თვითმმართველობა არის იმისთვის, რომ უნივერსიტეტში გაატაროს პარტიული ხაზი ისე, რომ სიტყვა პარტიული არ გააჟღეროს.
_ რუსეთში მიმდინარე პროცესებს რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე რუსული ხელისუფლების ხელში?
_ პირველ რიგში, მთავარი არის, რომ ეს ორი ძალა არ უნდა განვასხვავოთ პუტინისგან. ორივე არის პუტინის კვოტა, უბრალოდ, ერთი გაბრაზებული და მეორე პუტინის მხარე. ერთადერთი პოზიტიური, რაც უნდა დავინახოთ ამაში, არის ის, რომ ამით იგებს უკრაინა და საქართველო.
ნიკო მანაგაძე:
_ როგორც აქტიური სტუდენტი, რამდენად დაცულად გრძნობ თავს? გაქვს თუ არა იმის შიში, რომ შესაძლოა ხვალ რამე პროვოკაციაზე შეეცადონ შენს წამოგებას?
_ განცდა და მოლოდინი იმისა, რომ რეჟიმი მუდმივად ამუშავებს სტრატეგიას და გეგმებს, როგორ მიუდგეს და გაანეიტრალოს ახალგაზრდული ლიდერები, ცხადია, ყველას გვაქვს. უბრალოდ, იციან, რომ ეს არ არის მარტივი ამოცანა მათთვის. პროვოკაციებს ახალგაზრდებთან მიმართებით მუდმივად ვხედავთ მათგან და ეს არახალია, თუმცა, ალბათ, პერსონალური ანგარიშსწორებებიც იქნება და ამ მხრივაც გადადგამენ გარკვეულ ნაბიჯებს. მაგრამ როცა ამ ბრძოლაში გააზრებულად შემოდიხარ და იცი, ვის/რას უპირისპირდები, შესაბამისად, ხარ მტკიცე საკუთარ გადაწყვეტილებებში და მზად ნებისმიერი წინაღობისა თუ სირთულისთვის. ცხადია, ამ რეჟიმის პირობებში ვერავინ იგრძნობს თავს დაცულად _ ვერც რიგითი მოქალაქე და, მით უმეტეს, ვერც ის ადამიანი, რომელიც მათ ღიად უპირისპირდება და გარკვეულ პრობლემებს უქმნის. მათ ვერ ისწავლეს მთავარი _ ნებისმიერი ამგვარი ნაბიჯი აბსოლუტურად საპირისპირო შედეგის მომტანია მათთვის. ამით აგენერირებენ ბრაზს სხვა ახალგაზრდებში და უბიძგებენ რეჟიმის წინააღმდეგ გააქტიურებისკენ, რადგან ჩვენს თანატოლებს, რომლებიც ამას ხედავენ, ამგვარი საფრთხეების საკუთარ თავზე გადააზრებაც უხდებათ. ახალგაზრდებმა განსაკუთრებით კარგად იციან, რომ თუ დღეს სხვისი ჩაგვრის მაგალითზე არ იმოქმედებ, ხვალ აუცილებლად შენც მოგადგებიან. ამ პრინციპით სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ადამიანი იღვიძებს და არათუ დაშინების ეფეტი აქვს ამ ყველაფერს მათთვის, არამედ აფორმირებს მძლავრ საპროტესტო მუხტს, რომელიც ერთ დღეს აუცილებლად იფეთქებს და სწორად გათვლილი ქმედებების შემთხვევაში ფინალიც ისეთი იქნება, როგორსაც პროდასავლურად და რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მოელის. მთავარი სტრატეგია მარტის მოვლენების შემდგომ არის ის, რომ თავი არ უნდა ჩავიგდოთ დაჩაგრულის პოზიციაში და რომ ერთ ლოყაში დარტყმას უნდა ვუპასუხოთ ორივე ლოყაში შემორტყმით. ეს არ არის ძალადობისკენ მოწოდება, არამედ წარმოადგენს ძალადობრივი რეჟიმისგან თავის დაცვის ერთადერთ საშუალებას _ საუკეთესო თავდაცვა ხომ თავდასხმაა. ასე რომ, ჩვენ მიმართ განხორციელებული არცერთი უკანონო ქმედება არ უნდა დარჩეს უპასუხოდ და პირადად მე ასე ვაპირებ მოქმედებას. თავის დახრა ნიშნავს ახალი უკანონობის წახალისებას. კვლავაც თავხედური გამბედაობით და ძალის დემონსტრირებით უნდა დავუპირისპირდეთ ამგვარ რეჟიმს. მათგან წამოსულ ნებისმიერ ქმედებაზე იქნება პროპორციული პასუხი ჩვენი მხრიდან (მე პირადად ასე ვაპირებ მოქმედებას ჩემ მიმართ ნებისმიერი პროვოკაციისა თუ უკანონო ქმედების მცდელობის შემთხვევაში).
_ ბევრი რამ მოხდა მარტის აქციების შემდგომ. ახალ რუსულ კანონზეც მიდის მსჯელობა, იგივე სუროგაციის აკრძალავა უცხოეთის მოქალაქეებისთვის, „ტიკ-ტოკის“ საკითხი, რომ ის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და გარკვეული ცნზურა უნდა ოყოს _ გაქვს თუ არა იმის შეგრძნება, რომ ისევ მოუწევს ახალგაზრდობას გარეთ გამოსვლა?
_ მუდმივად ქუჩაში ყოფნა არ მგონია, რომ საჭირო იყოს. მთავარია, ეს ბრაზი თანდათან დაგენერირდეს, მასშტაბები შეიძინოს და ის ერთ დღეს ისევ ამოხეთქავს, როგორც ეს მარტში მოხდა. ეს რეჟიმი ბევრ ადამიანს აბრაზებს ცალ-ცალკე. ამ მუხტს სწორად გამოყენება და თავმოყრა სჭირდება. არავისთვისაა სიახლე, რომ ისინი ყოველ ჯერზე ეცდებიან მიიღონ იმგვარი კანონები, რომლებიც აქ პუტინისტური რუსეთის ანალოგის ფორმირების წყარო იქნება, რადგან მხოლოდ პუტინისეული ავტორიტარული მეთოდებით წარმოუდგენიათ ძალაუფლების შენარჩუნება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ მძიმე, თუმცა ამ ქვეყნისთვის საშიშ მდგომარეობას. მიიღებენ იმგვარ კანონებსაც, რომლებიც თუნდაც მხოლოდ სასურველი პროპაგანდის საწარმოებლად დასჭირდებათ (ეს ძირითადად ეხება რელიგიური და სექსუალური უმცირესობების თემატიკას). ცენზურის დამყარების მცდელობა ქვეყანაში უკვე ნათლად იგრძნობა, მათ შორის, კულტურის სფეროშიც, რაც ტოტალიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი _ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს კონტროლი. ალბათ დადგება ისევ მომენტუმი, როცა ადამიანებს მასობრივად გაუჩნდებათ ქმედების მოტივაცია, პერსონალური თუ საერთო ბრაზის გამოხატვის სურვილი. ამის მომწიფება მხოლოდ ხელისუფლებას ძალუძს თავისი არაადეკვატური და კანონიერებას აცდენილი ქმედებებით.
_ ამ გადმოსახედიდან ისევ დავსვამ შეკითხვას, _ იყო თუ არა შეცდომა მარტის მუხტის დაგდება? უნდა მომხდარიყო თუ არა ხელისუფლების ცვლილებაზე საუბარი?
_ ცხადია, პოლიტიკურმა სპექტრმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ შეძლო გენერალური ამოცანის შესრულება, რაც რუსულ მმართველობას დაასრულებდა საქართველოში. უფრო სწორად, ამის მოტივაცია არ ჩანდა სამწუხაროდ იმ დღეებში. დასჯერდნენ შუალედურ გამარჯვებას, რაც აპრიორი ქმნიდა იმის განცდას, რომ ეს რეჟიმი კიდევ უფრო წინ წავიდოდა საკუთარი ზრახვებისა და ამოცანების იმპლემენტირების გზაზე. ყველა კანონი, ყველა ნაბიჯი, ყველა სიტყვა იქნება რუსული და მოემსახურება საქართველოს რუსეთიზაციის მიზანს, სანამ თავად რუსულ ხელისუფლებას არ დავასრულებთ. ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა მომდევნო ამგვარი შესაძლებლობისას აუცილებლად გამოსწორდება და პირადად ვაპირებ ამის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.
_ როგორ ხედავ ხვალინდელ დღეს საქართველოში?
_ დღეს განწყობა საკმაოდ ნიჰილისტურია და ადამიანებში საყოველთაო პესიმიზმი ცირკულირებს. თუმცა ეს ზოგადი მდგომარეობა, გარკვეულწილად, მაინც განმუხტა პრეზიდენტის ბოლო ნაბიჯმა ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო და სიმართლე გითხრათ, წინა დღეს ვთქვი, რომ უახლოეს დღეებში ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამდა. საკმაოდ უცნაურად დაემთხვა ჩემი პროგნოზი იმის შესახებ, რომ ხუთშაბათი საღამო ამისთვის ოპტიმალური დრო იყო. ბოლომდე ვერც მე ვიაზრებ, როგორ მოხდა ეს უცნაური დამთხვევა, მაგრამ მიხარია, რომ ასე დასრულდა ყველაფერი. ამან საზოგადოებაში იმედის განცდა დააბრუნა და გაჩნდა რწმენა, რომ მმართველ ელიტაში ერთი ადამიანი მაინც დარჩა, რომელიც პირად ამბიციებსა თუ დამოკიდებულებებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესს აყენებს. ალბათ, კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს ამან ხელახალი მოტივაცია გაუჩინა, რომ ბრძოლას აზრი აქვს. საკმაოდ ნათლად იგრძნობა ეს დამოკიდებულება რიგითი ადამიანების მხრიდან პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებით. ვიაზრებთ, რომ ყოველი მომდევნო დღე ამ რეჟიმის პირობებში (მით უმეტეს, საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების ფონზე) კარგს არაფერს გვიქადის, თუმცა მცირე პოზიტიური ძვრებიც კი მნიშვნელოვნად ამძაფრებს ხვალინდელი დღის მიმართ რწმენას და მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, მჯერა, რომ რეალობა არსებითად უკესობისკენ შეიცვლება.
_ აქტიური კავშირი გაქვს ახალგაზრდებთან, შენ გარშემო დღეს უფრო მეტად საუბრობენ ქვეყნის დატოვებაზე, თუ ეს ტენდენცია შემცირდა?
_ სამწუხაროდ, ახალგაზრდებში ქვეყნის დატოვების მოტივაცია და უკეთეს გარემოში პოტენციალის პოვნის სურვილი ყოველდღიურად იმატებს, თუმცა არიან ახალგაზრდები, რომლებიც პრინციპულად არ აპირებენ ამ ქვეყნის დათმობას რუსული რეჟიმისთვის და გადაწყვეტილი აქვთ ბოლომდე ბრძოლა საკუთარი კეთილდღეობის გაწირვის ხარჯზე. ტრაგიკული მოცემულობაა, რომ ამ ქვეყანას ყოველწლიურად დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ტოვებს და მათ შორის დიდწილად არიან ახალგაზრდები, რომლებიც, წესით, ქვეყნისა და მისი მომავალი განვითარების მთავარ საყრდენს წარმოადგენენ. ამ ტენდენციის შეჩერება მხოლოდ ცვლილებებს შეუძლია, რითიც გაჩნდება მომავლის მიმართ რწმენა.
_ როგორ აფასებ იმ ფაქტს, რომ ტოვებენ ქვეყანას და აქ არ იბრძვიან იმისთვის, რისთვისაც ევროპაში მიდიან?
_ მუდმივად ვამბობთ, რომ ევროპაში წასვლა კი არ უნდა გვიხდებოდეს, რათა იმ გარემოს ნაწილი გავხდეთ, არამედ აქ გვქონდეს ევროპა და ის სიკეთეები, რითიც იქაურობა არის მიმზიდველი. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრმა ადამიანმა გაიაზრა, რომ ამისთვის აქ ბრძოლა ღირს და მეც ამ ადამიანების ნაწილი ვარ. ნამდვილად არ ვაპირებ აქაურობის დატოვებას და რუსული რეჟიმისთვის დანებებას, სანამ ამ ქვეყნის ბედი არ გადაწყდება. თუ საბოლოოდ წაგვართმევენ სამშობლოს, აქაურობის რუსეთიზაციას მოახდენენ და ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს იძულებით დევნილობაში ან პატიმრობაში მოგვიწევს ყოფნა (ისე როგორც რუსეთშია), ალბათ, მხოლოდ ასეთ პირობებში წარმომიდგენია იძულებით აქაურობის დატოვება. მაგრამ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და ერთგვარ ობლებად, სამშობლოს გარეშე დარჩენილებად არ ვიქცეთ, ვიბრძოლებ ბოლომდე და არ ვაპირებ რამე კომპრომისზე წასვლას ამ ქვეყნის მომავლის ხარჯზე, მათ შორის, არც საკუთარ თავთან. ზუსტად ვიცი, რომ თუ მე და ჩემნაირი ადამიანები დავთმობთ ამ ქვეყანას, გავჩუმდებით და გავერიდებით, აქაურობა აღარ დაგვხვდება. სწორედ ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ბრძოლა და ისეთი ქვეყნის აქ აშენება, როგორსაც ევროპის კონტინენტის სხვა ნაწილებში შევნატრით.