SOS! კონდოლისა და ჭიაურის ტყეებში ასწლოვანი მუხები იჩეხება!
ადამიანი გაჩენის დღიდანვე ჩეხს ტყეს. საზოგადოების განვითარებასთან ერთად ხის მასალისა და სხვა პროდუქტების მოხმარება იზრდებოდა. უკანასკნელი 10.000 წლის განმავლობაში ტყის ფართობი დედამიწაზე 2/3-ით შემცირდა. ამიტომ ამბობენ: ადამიანს წინ უძღვის ტყე, ხოლო თან დაჰყვება უდაბნო. ეს სიმართლეა, ვინაიდან კაცობრიობის არსებობის მანძილზე, დაახლოებით, 500 მლნ ჰა ტყე გადაიქცა უდაბნოდ.
დღეის მდგომარეობით ტყე უფრო სწრაფად იჩეხება, ვიდრე ირგვება.
ტყის ჩეხვა იწვევს ზვავის წარმოქმნას, რადგან ტყე დიდი სიჩქარით წამოსულ ზვავს აკავებს და ხელს უშლის დასახლებულ პუნქტამდე მის მიღწევას. ტყის გაჩეხის დროს ბინძურდება გარემო, რაც სასმელი წყლის გამოუყენებლობას იწვევს.
საქართველოში არის სოფლები, სადაც ადრე ტყე იყო, დღეს კი _ აღარ არის; არის ტყეები, სადაც მხოლოდ მკვდარი ხეებია. საქართველოს ტყეები მცირდება (როგორც გარემოსდამცველები აცხადებენ, საგანგაშო სურათია შექმნილი) და ამ ყველაფრის მიზეზი უკანონო ჭრები და ტყის არასწორი კონტროლია. ტყის დეგრადირება იმიტომ ხდება, რომ ხის მოჭრას 30-40 წუთი სჭირდება, ერთი ხის გაზრდას კი, სულ მცირე, _ 20-30 წელიწადი.
2017 წლის დეკემბერში პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხე-ტყის უკანონო ჩეხას ომი გამოუცხადა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს გარემოსთვის მიყენებულმა ზარალმა 2017 წელს 8,5 მილიონი ლარი შეადგინა, ამასთან სატყეო კანონმდებლობის დარღვევის 1,7 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
„ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, ხელს უწყობს ქვეყანაში მდგრადი ტყის განვითარების პროცესს, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკს და მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს“, _ განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ტყის დაცვაში სხვადასხვა უწყება ჩაერთვება.
„მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამინისტრო ამ საკითხში ვერ იქნება წარმატებული და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა და შემდეგ ყველა ძალოვანი უწყების კოორდინებული მუშაობა აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტყით უკანონო სარგებლობას ბოლო მოვუღოთ“, _ აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ქართული მუხის ანატომია
მუხა არის მარადმწვანე მცენარე, რომელიც საკმაოდ დიდი ზომის იზრდება. მუხას ძალიან უყვარს მზე და სითბო, თუმცა ის ზამთრის ყინვებსაც კარგად უძლებს. მუხა მაისსა და ივნისში ყვავილობს, ხოლო ნაყოფი სექტემბრისთვის მწიფდება. მიიჩნევა, რომ მუხა ძალიან სასარგებლო ხეა. მისი მსხვილი ღერო დამუშავების შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული გამძლე სამშენებლო მასალაა. მუხის ხე მუქი ფერისაა და ამიტომ მას ხის დეკორატიული ნივთების დასამზადებლადაც იყენებენ. გარდა ამისა, მუხის ქერქს წარმატებით ამუშავებენ მედიცინაშიც, როგორც სამკურნალო საშუალებას. მუხის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, ის მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის _ საქართველოშიც. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ქართული მუხის ჯიშებია. ის, ძირითადად, მარადმწვანე მცენარეა.
ჭალის მუხა მუხებს შორის ყველაზე მაღალი ხეა და მისი რკოც გრძელი ყუნწით გამოირჩევა. მუხის ეს ჯიში მხოლოდ საქართველოში ხარობს და სხვაგან არსად მოიპოვება.
ომი ტყეში
19 მარტს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის ჭალის ტყეში საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი 10-მდე მოჭრილი მუხის ხე აღმოაჩინეს! ხეების ნაწილი ტყიდან გატანილი იყო, ნაწილი კი ადგილზევე მიტოვებული. ფაქტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კოორდინატორმა კახეთში, კახა სუხიტაშვილმა აღმოაჩინა.
მან სოციალურ ქსელში მოჭრილი მუხების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. სუხიტაშვილი ამბობს, რომ კონდოლის ჭალის ტყეში გაჩეხილია, სავარაუდოდ, 60-დან 300 წლამდე ასაკის საღი ენდემური ხეები.
კახა სუხიტაშვილი _ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კოორდინატორი:
„პრობლემა ის არის, რომ შესაბამის ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ბიომრავალფეროვნების დაცვასა და გამოვლენილი კანონდარღვევების აღკვეთაზე, სავარაუდოდ, არ აქვთ რესურსი, რომ სრული რეაგირება მოახდინონ. ამ მიმართულებით დაუსჯელობის სინდრომიც არის. ხეები მოჭრილი და გატანილია ცენტრალური გზიდან 100 მეტრში. შესაბამისი ორგანოები ან ვერ ხედავენ, ან ცალკეული პირები თვალს ხუჭავენ ფაქტზე. ეს კიდევ სხვა თემაა, რომელზედაც ინფორმაცია არ გამაჩნია. ჩემი ვარაუდით, ჭალის მუხები, ზომებიდან გამომდინარე, უფრო სამასალედ მოიჭრა. რაც შეეხება პატარა ტოტებს, ის შეიძლება საშეშადაც მიაქვთ.
ხალხში არ არის იმდენი ინფორმაცია, განათლება, რომ მან არ უნდა მოჭრას ჭალის მუხა, რომლის გაზრდას 200 წელი სჭირდება. უფრო მეტ პრობლემას სწორედ მოსახლეობაში ვხედავ. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე რეაგირება გვქონდა“.
კახა სუხიტაშვილი ხეების გაჩეხასთან ერთად კონდოლის ტყეში არსებულ სხვა პრობლემაზეც ლაპარაკობს. მისი თქმით, ტყეში ადგილობრივ მოსახლეობას თვითნებური ნაგავსაყრელი აქვს მოწყობილი. კონდოლის ჭალის ტყეში ენდემური ჯიშის მუხების გაჩეხის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ კახეთის სატყეო სამსახურში. კონდოლოს ჭალის ტყეში ენდემური ჯიშის მუხების გაჩეხის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო.
როგორც ირკვევა, კონდოლოს ჭალის ტყის გარდა ხეები კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იჩეხება უკანონოდ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 193 ფაქტი გამოვლინდა. უწყებაში ამბობენ, რომ კონკრეტულ დარღვევებზე მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
ვინ არის ბრაკონიერი?
ბრაკონიერი არის ადამიანი, რომელიც ნებადაურთველად მისდევს მონადირეობასა და მეთევზეობას ან ხე-ტყის ჩეხას აკრძალულ ადგილებში. წესით, ბრაკონიერებს ტყის მცველები ებრძვიან, ტყის მცველებს კი ხელფასს სახელმწიფო და ჩვენ _ ხალხი ვუხდით. როცა მეტყევე ხარ, განსაკუთრებულად უნდა გიყვარდეს ტყეც, ბუჩქიც მუხაც და ბალახიც. არადა, „ქრონიკა+“-ის კონფიდენციალური წყარო სულ სხვა რამეს გვიყვება. ის დღემდე კახეთის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომელია და ჩვენზე მეტად აქვს შეხება ტყესთან და მასთან არსებულ კორუფციასთან.
„მართლა გული შემტკივა, რაც დღეს კახეთის ტყეებში ხდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. რაც ეს კომლაძე (სატყეოს რეგიონის უფროსი) მოვიდა, პირდაპირ დაავალა უბნის უფროსებს რომ, თვეში 5000 ლარი მიიტანონ და ასეც ხდება. ყვარლის უბნის უფროსი არ დაემორჩილა და მოიშორა. სიღნაღი-დედოფლისწყაროს უბნის უფროსმა, ყოველთვიურად თანხა რომ მოაგროვოს, ცნობილი ჭიაურის ტყის გაჩეხა დაიწყო, სადაც ასწლოვანი ჭალის მუხები მასალად მიდის. იქნებ, დაინტერესდეთ და ნახოთ, რა უბედურება ხდება. რაღაც ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ასეთი რამ _ არასდროს.
რა თქმა უნდა, კომლაძე ამ ყველაფერს ცნობილი თაღლითის, შუბითიძის მეთაურობით „აპრავებს“, რომელიც სასჯელს სამშობლოს ღალატზე იხდიდა. სატყეოს უფროსი კომლაძე პოლიციიდან ე. წ. დასკვნით არის გამოშვებული, წესით, ის საერთოდ არ უნდა მუშაობდეს ამ უწყებაში. მაგრამ რა გინდა?! _ ფულის საკეთებლად გამოუშვეს. იქნებ, დაინტერესდეთ რა ხდება მთლიანად კახეთის ტყეებში. აგეტირებათ, ალალად გეუბნებით. დედოფლისწყაროში ხე აღარ დატოვეს, პანკისის ულამაზესი ხეობა უდაბნოს დაამსგავსეს და კიდევ რამდენი. ასიათასობით ლარი მიედინება ვიღაცების ჯიბეში“.
„ქრონიკა+“-ის წყარო ფოტოებს გვაწვდის, სადაც ჭალის მუხის დაჭრილი მორები ჩანს. მისი ახსნით: „ეს ყველაფერი სიღნაღი-დედოფლისწყაროს სამცველოებში ხდება. მორები წასაღებად არის გამზადებული, რომელსაც მამისაშვილი ყიდის. ჭიაურში, ფაქტობრივად, ტყე აღარ არის“.
დაინტერესდებიან თუ არა აღნიშნული ფაქტით სამართალდამცველები?!! _ საკითხავი, აი, ეს არის…
მაკა მოსიაშვილი