სოფო ჯაფარიძე: „ქართული ოცნება“ ბევრჯერ წავა ვაბანკზე, სადაც საქმე შეეხება რუსეთს“

გიგა გელხვიიძე

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით. ვამაყობთ, რომ ჯერ კიდევ XII საუკუნეში საქართველოს მართავდა თამარ მეფე – კეთილგონიერებითა და სიბრძნით გამორჩეული ქალი, რომელიც არა დედოფლად, არამედ მეფედ იწოდებოდა. სწორედ მისი მმართველობის დროს გაჩნდა მსოფლიოში პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ჩანასახი.
არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო ის ქვეყანა, რომელმაც თანამედროვე დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი; 1921 წლის კონსტიტუციამ, იმ დროისათვის ერთ-ერთმა ყველაზე პროგრესულმა სამართლებრივმა დოკუმენტმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა ხმის უფლება მიანიჭა ქალებს, უზრუნველყო ეროვნული უმცირესობების უფლებები. ასე რომ, თანასწორობა, სხვისი ღირსების პატივისცემა ჩვენი ტრადიციებია. ამავე დროს, იმ პერიოდში, როდესაც ყველაფერი ეროვნული იდევნებოდა, ილია ჭავჭავაძემ, დიდმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა უმთავრესმა შემოქმედმა, რომელსაც ქართველები ერის მამას ვუწოდებთ, გამოკვეთა თითოეული ქართველისათვის უმთავრესი ფასეულობები: მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია სწორედ ამ მემკვიდრეობას, ამ მონაპოვარს ეფუძნება; იგი იცავს და უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის უფლებებსა და, ამავე დროს, აღიარებს რა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, მის განვითარებაში, განამტკიცებს უზენაეს და მარადიულ ფასეულობებს“, _ ეს სიტყვები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან ბუდაპეშტში კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა.

ამის გარდა, ღარიბაშვილმა კიდევ ბევრი ისაუბრა ოჯახზე, მის ტრადიციებზე და უფრო მეტჯერ გამოკვეთა ქალის, როგორც დედის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დიახ, ეს ხდება სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების დედები ღამეებს ათენებდნენ და მათი ერთ-ერთი მოთხოვნა პრემიერ-ღარიბაშვილთან 15 წუთით შეხვედრა იყო! დიახ, სწორედ იმ ღარიბაშვილთან, რომელიც ოჯახსა და დედას ასე წარმოაჩენს სხვა ქვეყანაში სიტყვით გამოსვლის დროს.
ამასთან ერთად, ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ლიტონი სიტყვებისა და „ფეისბუქ“ სტატუსების გარდა არაფერს აკეთებს ოპოზიცია და განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა, ახალი მენეჯმენტი ჰყავს. ისინი შიდაპარტიული არჩევნების წინ ისეთ დაპირებებს იძლეოდნენ, მმართველ ძალასაც კი შეშურდებოდა, თუმცა პარტიის სათავეში მოსვლის შემდგომ მედიასთან კონტაქტიც კი უჭირთ.
გაზეთი „ქრონიკა+“ თითქმის ერთი თვეა, უშედეგოდ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტის პირველ პირებთან ინტერვიუს ჩაწერას, _ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დუმს.
ის, რაც ასე ძალიან უჭირს ლევან ხაბეიშვილის ფლანგს, პრობლემას არ წარმოადგენს ენმ-ს მეორე ნაწილისთვის, რომელსაც ნიკა მელიას ფლანგად მოიხსენიებენ.

„ქრონიკა+“-ის ამ ნომერში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩავწერეთ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სოფო ჯაფარიძესთან, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების დედების გვერდით თითქმის 20 დღის მანძილზე ყოველდღე იდგა წვიმასა და სიცივეში.
რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“? რა გეგმები აქვს ნიკა მელიას ფლანგს? რამდენად სარწმუნოა ჯანდაცვის სამინისტროს პირობა, რომელიც მან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს მისცა? _ ამ ყველაფრის შესახებ სოფო ჯაფარიძე გვესაუბრება:

_ სოფო, რა ხდება ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობაში“? ვხედავთ, რომ ნიკა მელიას ფლანგი აქტიურად მოითხოვს ახალი მენეჯმენტისგან, შესრულდეს ყველა ის დაპირება, რომელიც გაჟღერდა წინასაარჩევნოდ. რას არ აკეთებს ლევან ხაბეიშვილის გუნდი?
_ ყველას მოთხოვნა არის ეს და, პირველ რიგში, ჩვენი ამომრჩევლის, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და რომელმაც გადაწყვიტა არჩევნების (შიდაპარტიული) ბედი, რასაც მივესალმეთ, მივულოცეთ არსებულ თავმჯდომარეს. ყველაზე არსებითი არის ის, რომ შესრულდეს ყველა დაპირება, რაც გაიცა წინასაარჩევნოდ. ჩვენ ამას ველოდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გადარჩენა და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ჩვენ მისგან მყისიერ რეაგირებას ველოდით, რადგანაც პირობა იყო ასეთი და ეს დროში გახანგრძლივდა, რაც არ არის მისაღები, თუმცა ახლა მაინც უნდა დაიწყონ აქტიური რეაგირება, _ ადამიანი კვდება. ვხედავთ, რომ ის ხელიდან გვეცლება ყოველდღიურად და სამწუხაროდ აღარ გვაქვს იმის დრო, რომ ახლა ვიფიქროთ სხვა რაღაცებზე, რაღაც რეგიონულ არჩევნებზე და ა. შ. დღეს პრიორიტეტი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.
_ ყველაფერ ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ბედი აღელვებთ, ხაბეიშვილი და მისი გუნდი პასუხსაც კი აღარ აძლევს უკვე…
_ თუ ახალმა თავმჯდომარემ ყველაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ კონსოლიდირება მოახდინოს საერთო აზრის ყველა ფლანგზე, თუ ამის უნარი არ გააჩნია, ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ძალიან ძნელია მასთან რამეზე საუბარი. მან პირველ რიგში საერთო აზრი, საერთო მიზანი უნდა გააერთიანოს იმ ადამიანების, რომლებიც ვართ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამის გარეშე ფიზიკურად ვერაფერს ვიზამთ.
_ კირთაძის გუნდთან დაკავშირებით რას იტყვით ბათუმის მოვლენებზე? _ კონკრეტული პიროვნება, ლევან გორგილაძე, სიიდან ამორიცხეს და ბათუმის საკრებულოში ენმ-ში სიტუაცია აირია. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
_ ჩემი უდიდესი პატივისცემა გიორგი კირთაძეს და მთელ მის გუნდს, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი და პოლიტიკოსი, ვისაც მე ვიცნობ. ბათუმში ვნახეთ, რომ მან ფაქტობრივად მოიგო არჩევნები. იგი არის უდიდეს ღირსების მქონე ადამიანი და ჩემი უპირობო მხარდაჭერა მას. რასაკვირველია, ყოველთვის გავემიჯნები ასეთი ადამიანების მიმართ მსგავსს ქმედებებს.
_ კონსულტაციები თუ გაქვთ ბოლო დროს პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან და ხომ არ იგეგმება ახალი პარტიის ჩამოყალიბება, რაზედაც კულუარული საუბრები გვესმის?
_ ნიკა მელიასთან აქტიური კონტაქტი მაქვს. ის, პირველ რიგში, ჩემი მეგობარია და არანაირი გეგმა არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ მან ახალი პარტია ჩამოაყალიბოს. არ ვიცი, საიდან გავრცელდა, მაგრამ ეს არის ტყუილი.
_ თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფერთან პარტიის დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილს? ხომ არ ყოფილა ამაზე საუბარი გუნდში?
_ მიხეილ სააკაშვილს არ მგონია, დღეს ამაზე ფიქრის შესაძლებლობაც კი რომ ჰქონდეს. ის არის უმძიმეს მდგომარეობაში და მეტყველებაც კი უჭირს უკვე. გამომდინარე აქედან, თუ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ თემაზე, რომ ის საუბრობდეს ვინმესთან, ნაკლებად ვვარაუდობ.
_ ბოლო კვირის განმავლობაში გაჩნდა ძალიან აქტუალური შეკითხვა იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ წავიდეს ვა ბანკზე ქართველ ხალხთან და მორიგი რუსული კანონი ან კანონები დააინიციროს პარტიაში? როგორია თქვენი დამოკიდებულება და გაქვთ თუ არა მსგავსის მოლოდინი, რომ ის მოთხოვნები, რაც „უცნობის“ აქციაზე გაჟღერდა, უკვე საკანონმდებლო სივრცეში ვიხილოთ. მაგალითად, ფაქტობრივად უმცირესობების აკრძალვა და სხვა?
_ მმართველი გუნდისგან ყველაფერს ველი. კიდევ ბევრჯერ წავლენ ვა ბანკზე, სადაც საქმე შეეხება რუსეთსა და პუტინს, რადგან მათი ყოველდღიურობა არის ის, რომ პუტინისა და რუსეთის ბრძანება ასრულონ, ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ, რომ მათი უფროსი არის ის და რასაც დაავალებს, ყოველთვის შეეცდებიან, რომ გააკეთონ. ერთადერთი გზა დარჩა _ უნდა ვიბრძოლოთ, რომ მათ ეს ვერ შეძლონ, თორემ დაუსრულებლად ეცდებიან ამას, სანამ ხელისუფლებაში იქნებიან. სულ ვხედავთ, რომ არ ჩერდებიან და ეს რუსული ნარატივი მათთან რის მუდმივად. ნებისმიერ სფეროში არსებობს უფროსი და არსებობენ თანამშრომლები, აქაც ზუსტად იგივე კონფიგურაციასთან გვაქვს საქმე: უფროსი არის რუსეთი, პუტინი და „ქართული ოცნება“ არის შემსრულებელი. სამწუხაროდ, ისინი ვერ ხედავენ, რომ საზოგადოება, რომელიც რუსეთს არასდროს მივიღებთ, გაცილებით მეტნი ვართ, ჩვენ ეს ყველაფერი დავანახეთ მათ მარტის აქციებზე და ასე მოგვიწევს ბრძოლა მუდამ, სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებში.
_ დარწმუნებული ვარ, მოისმენდით და საქმის კურსში იქნებით იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბუდაპეშტში გააკეთა. მან ისაუბრა სარწმუნოებაზე, ოჯახის სიწმინდეზე, დედებზე და ა. შ. _ როგორ შეაფასებთ ამ გზავნილებს?
_ ნუ დავარქმევთ პრემიერ-მინისტრის გზავნილებს ბუდაპეშტში წარმოთქმულ სიტყვას, ეს არის პუტინის გზავნილი, მან ციტირება მოახდინა მისი სიტყვების და აქედან გამომდინარე, ეს არ იყო ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილი, მან უბრალოდ გაახმოვანა ის, რისი თქმაც სურს პუტინს.
_ ღარიბაშვილმა ისაუბრა ოჯახის სიწმინდეზე, დედებზე. ყველაფერი ეს ხდებოდა იმის პარალელურად, როდესაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები თითქმის 20 დღის მანძილზე ელოდებოდნენ მასთან, სულ რაღაც, 20 წუთით შეხვედრას. რამდენად გულწრფელად ჟღერდა ყველაფერ ამის ფონზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები და როგორ ესმის მას ცნება ოჯახი?
_ ძალიან მძიმეა ჩემთვის ამაზე საუბარი, მას ჰყავს არაჩვეულებრივი შვილები, არაჩვეულებრივი მეუღლე და ძალიან მიმძიმს იმის თქმა და აღიარება, რომ მას არ აღელვებს ეს გაუბედურებული და გაწამებული დედები, რომლებიც უმძიმეს ყოფაში არიან. არ ვიცი, მიზეზი ვერ ავხსენი მისი მხრიდან, რას ნიშნავდა ამ ადამიანების იგნორირება. მე არ მჯერა, რომ არსებობს ადამიანი, ვისაც შვილი ჰყავს ან თუნდაც არ ჰყავს და გულთან არ მიიტანა ამ ბავშვებისა და მათი დედების მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს ყველაფერი იყო გამაოგნებელი.
_ თუმცა მიუხედავად პრემიერ-მინისტრის იგნორირებისა, ამ ადამიანებმა მაინც შეძლეს გარკვეულწილად მიეღწიათ კონკრეტული შეთანხმებისთვის.
_ მიუხედავად პრემიერის იგნორირებისა, ჯანდაცვის სამინისტროს აღმოაჩნდა მზაობა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დედებმა და ბავშვებმა მიაღწიეს შედეგს. ეს არის მხოლოდ მათი გამარჯვება. ეს არ არის ვინმე სხვისი გამარჯვება, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრმა, სამწუხაროდ, პოლიტიკოსმა შემდეგ სტატუსებით დაიბრალა, რომ ეს მოხდა პარტიებისა და პოლიტიკოსების ძალისხმევით, რაც არ არის სიმართლე. ეს მხოლოდ დედების გამარჯვებაა, ხოლო ჩვენ, როგორც მოქალაქეები, ვისაც სურვილი გვქონდა, იქ ვიდექით და ზურგს ვუმაგრებდით მათ, მაგრამ ის, რომ ეს გამარჯვება ვინმე სხვისი მოპოვებულია, არ არის სწორი. ძალიან მწყდება გული, რომ პოლიტიკურ პროცესად აქცევენ ყველაფერს, ჩემთვის პირადად ეს მიუღებელია.
_ რამდენადაც ვიცი, პოლიტიკური კუთხით აქტიურობაც კი შეწყვიტეთ ამ პერიოდში…
_ როდესაც იქ ვიყავი, ბათუმის ამბები დაემთხვა და ბრიფინგზე უნდა დავმდგარიყავი, თუმცა არ დავდექი მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდოდა, რამე პოლიტიკური განცხადება გამეკეთებინა იმ დროისთვის.
_ რამდენად რეალურია ის ფაქტი, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მიეწოდოს ეს წამალი ბავშვებს? როგორც ცნობილია, მათთვის ყოველ წუთს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
_ ეს წამალი არის ერთადერთი მედიკამენტი, რაც აქონდროპლაზიისთვის არსებობს. გეთანხმებით, ყოველ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენიმეს, თუ არ ვცდები, ოთხს, მალე 15 წელი უსრულდება და მათთვის ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და სწრაფად მისაწოდებელი, რომ განაგრძონ ზრდა. ყოველ წუთს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, აქედან გამომდინარე ამ წამლის ეფექტიანობაში ჯანდაცვის სამინისტროს ეჭვი აღარ შეაქვს. მჯერა, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს რიგმა ექიმებმა, რომლებმაც არცკი ვიცი, რა გააკეთეს. ყველაზე მეტად მერიდება ჩემს კოლეგებზე საუბარი, თუმცა ფაქტი არის ერთი, რომ ზოგიერთი ექიმი მოიქცა არასწორად, _ მოიქცა არასწორად. პირველ ეტაპზე ტაშს უკრავდნენ ამ მედიკამენტს, მშობლებს აგულიანებდნენ და შემდგომ აღმოჩნდა, რომ მათ თურმე რაღაც კითხვის ნიშნები ჰქონიათ. დღეს უკვე კითხვის ნიშნები აღარ არის ამასთან დაკავშირებით, რომ წამალი არის უალტერნატივო. ველოდებით, როდის მიიღებენ მშობლები მას. ბოლომდე ვიქნებით ყურადღებით. მე მჯერა: რადგანაც სამინისტრო მათ დაჰპირდა, ისინი მიიღებენ ამ მედიკამენტს.
_ ვინაიდან დედაქალაქის საკრებულოში წარმოადგენთ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“, ალბათ რიტორიკული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა უნდა დაგისვათ, _ რა ხდება თბილისში? რა გეგმები აქვს ქალაქის ხელმძღვანელობას თავისი ამომრჩევლის მიმართ?
_ ზოგადად თბილისში რაც ხდება, ამას ყველა ვხედავთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქალაქში, ვუყურებთ დაუსრულებელ საცობებს და ძალიან რთულ ვითარებას, ვხედავთ ადამიანების უკიდურეს გაჭირვებას. პრობლემებზე კონკრეტულად რომ დავიწყოთ საუბარი, ალბათ, ძალიან დიდი დრო იქნება საჭირო მათ ჩამოსათვლელად, რადგანაც სია საკმაოდ მოცულობითია. ყველა მიმართულებით ვარ დაკავებული, როგორც ურბანული, ასევე სხვა, თუმცა ძირითადი ჩემი მიმართულებაა ჯანდაცვა და ყოველთვის მინდა ვიყო ობიექტური და რეალური შემფასებელი. რადგან მხარეს წარმოვადგენ, არ მინდა ვიყო ჩასაფრებულის პოზიციიდან, ეს ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია. ამიტომ თამამად მინდა ვთქვა, რაც შეეხება ქალაქის ჯანდაცვის სამსახურს, პირადად ძალიან ხშირი და აქტიური კომუნიკაცია მაქვს მოქალაქეებთან და რაზედაც აუგს ვერაფერს ვამბობ, ეს არის ქალაქის ჯანდაცვის სამსახური. ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა მათ, ქალაქის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელს, მის მოადგილეებსა და ა. შ., _ მაქსიმალური კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. პრობლემა და ხარვეზები ყველგან არის, ყველას ეშლება და ყველგან შეიძლება იყოს საპრეტენზიო, მაგრამ მაქსიმალურად რაც არის გამართული, ეს გახლავთ ქალაქის ჯანდაცვის სამსახური.
_ არ შემიძლია არ გკითხოთ ამჟამად ყველაზე გახმაურებულ და აქტიურ თემაზე, რომელიც სწორედ „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ გააჟღერა და ამის შემდგომ დაიწყო გარკვეული ძვრები ამ საქმის ირგვლივ. ეს არის ფაქტი, რომელიც მოხდა იმერეთში და ეხება არასრულწლოვანის სექსუალურ შევიწროებას. გამოიკვეთა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მფარველობენ დამნაშავეს და ისინი სწორედ სამართალდამცველ და ძალოვან უწყებებს წარმოადგენენ. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს და როგორი კამპანია უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში და დამნაშავე ყოველთვის სამაგალითოდ დაისაჯოს?
_ კამპანია უნდა იყოს ერთადერთი, _ ხელისუფლების შეცვლა და ეს არის უალტერნატივო, რადგან სრულიად არაუსაფრთხო გარემოში ვცხოვრობთ, ყოველდღიურად გვესმის არა მხოლოდ სექსუალური კუთხით შევიწროების შესახებ, არამედ უამრავი ფაქტია დაჭრის, მკვლელობის, გაუპატიურების, ეს ყველაფერი წარმოუდგენელ მასშტაბებზე გადის. პირადად ჩემი 13 წლის შვილის მარტო სადმე გაშვება მეშინია.
ამ ყველაფერს რეაგირება სჭირდება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ხელისუფლების შესაცვლელად, სხვა შემთხვევაში ფიზიკურად ვერ მოვერევით ამდენ დანაშაულს, რადგანაც ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა, მასშტაბური სახე აქვს, გარეთ გასვლაც კი საშიში გახდა. ქალაქის შუაგულში, ცენტრში, სადაც ჩვენი შვილები მოძრაობენ, საშინელებები ხდება. ერთადერთი ალტერნატივა რჩება ის, რომ ვიბრძოლოთ ხელისუფლების შესაცვლელად, სხვა გზა არ არის. ვხედავთ, რომ ამდენი წელია, ვერ გვარდება და ვერ ლაგდება ვერაფერი. უნდა დასრულდეს ლოკალურად რაღაცებისთვის ბრძოლა, უნდა შევძლოთ ერთად დგომა და ბრძოლა რეალური ცვლილებისთვის.
_ ლოკალური ბრძოლა უნდა დასრულდესო, აღნიშნეთ და გკითხავთ, _ როგორ ფიქრობთ, ხომ არ უნდა გაგრძელებულიყო ის ბრძოლა და შენარჩუნებულიყო საპროტესტო მუხტი, რომელიც მარტის აქციების დროს გაჩნდა?
_ აუცილებლად, შეიძლება მარტის პროტესტებმა თავისი შედეგი გამოიღო და გაიწვია ხელისუფლებამ რუსული კანონი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერი პუტინის სიტყვებით _ კრემლის ნარატივებით გვესაუბრება. აქედან გამომდინარე, ხალხი აუცილებლად დარწმუნდება, თუ უკვე არ დარწმუნდა, რომ ყველაფერს აკეთებს ჩვენი ხელისუფლება იმისთვის, რათა რუსეთის გუბერნიად გვაქციოს. დარწმუნებული ვარ, ეს პროტესტი იქნება მზარდი და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ რუსეთს ვუთხრათ არა და დავდგეთ დასავლურ რელსებზე. რუსეთს ვუთხრათ არა, _ ამის დაასტური იქნება ის, რომ „ქართული ოცნება“ აღარ იყოს ხელისუფლებაში. ძალიან ყბადაღებული სიტყვაა „რუსული ოცნება“, ამიტომ ხშირად აღარ ვხმარობ, თუმცა ეს სახელი ყველაზე მეტად შეეფერება მათ.