რატომ იკრიბება 14 თებერვალს წმინდა სინოდი?
ელისო კილაძე
ის, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, ეჭვს არც ქვეყნის შიგნით იწვევს და არც _ ქვეყნის გარეთ, ამაზე არც „ვივამედის“ ექიმები კამათობენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების პროცესი და ამ ხნის განმავლობაში პროცესზე მისი ტრანსპორტირება ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა, დისტანციურად ჩართვა კი მხოლოდ ორჯერ შეძლო სააკაშვილმა და ვერც ერთხელ ბოლომდე ვერ თქვა სათქმელი.
მძიმე მეტალებით მოწამვლა და რამდენიმე ათეული თანმხლები დაავადება, მაღალი სიცხე და წონაში კლება მიზეზის დადგენის გარეშე, _ ამ პირობებში აგრძელებს მიხეილ სააკაშვილი „მკურნალობას“ ნადირაძის კლინიკაში, თუმცა მკურნალობა აშკარად ხმამაღლა ნათქვამია, რადგან „ვივამედში“ ის საკუთარი ფეხით და 110 კგ. შევიდა, ახლა მწოლიარე ავადმყოფია და რამდენს იწონის, არ ვიცით, რადგან კლინიკის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სააკაშვილის პალატიდან სამი დღეა, სასწორი უკვე გაიტანეს.
მოსამართლე გიორგი არევაძემ არ ისურვა, ერთი გასვლითი სხდომა მაინც ჩაეტარებინა კლინიკაში და დისტანციური ჩართვის მიღმა პირადად ენახა, რა მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტი. არევაძის გადაწყვეტილება ცინიკურზე ცინიკური იყო, ის ფორმალურადაც არ გავიდა მოსაფიქრებლად, ერთი ჩაქუჩის დარტყმით გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი სააკაშვილს. ის, რომ მოსამართლე სისტემას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, უკვე ნინო ნადირაძის დაკითხვის დროს გამოჩნდა. მოსამართლე თვალებში შესციცინებდა მოწმეს, რომელიც პროცესზე უბრალოდ ძველბიჭობდა, ბოლოს იქამდე მივიდა. რომ პირდაპირ გამოაცხადა, _ შესვენებას ვითხოვ, მეფსიაო.
თუმცა მანამდე იყო დაუფარავი ფლირტი ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან, რეპლიკა ვალერი გელბახიანთან, _ შენ რაღა გინდა, მგონი, ამ კაცებს მე მოვწონვარო და უამრავი ცინიკური ფრაზა, რომელიც მოსამართლე არევაძემ ყურს მიღმა ისე გაატარა, საპატიო სტუმარს შენიშვნაც კი არ მისცა, მაშინ როცა „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი დარბაზიდან გააძევა.
ამ მდგომარეობაში მყოფ სააკაშვილს „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის სანაცვლოდ ულტიმატუმი წაუყენა _ დანაშაული მოინანიოს და გავუშვებთო. „ოცნების“ ნარატივი ერთი ერთზე გაიმეორა სალომე ზურაბიშვილმა, _ პოლიტიკიდან წასვლის პირობა დადოს და ქვეყანაც დამშვიდდებაო. „ოცნების“ ლიდერშიპის განცხადებებში არცთუ შემთხვევით აგვისტოს ომიც ახსენეს. ცხადია, რუსეთი ვერ ინელებს ჰააგის გადაწყვეტილებას, რომელმაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი სპეკულაციებს აგვისტოს ომის თემაზე და ქართული მხარე ბოლომდე გაამართლა. ქვეყნის მთავარსარდლის მხრიდან აგვისტოს ომის თემაზე ბოდიში, ცხადია, ჰააგის გადაწყვეტილების კომპენსაცია იქნება პუტინისთვის, რომელიც ახლა სწორედ ქართველების ხელით უსწორებს ანგარიშს მიხეილ სააკაშვილს.
უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის წამების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და მის გადაცემას ითხოვს, იგივე მოთხოვნა აქვს პოლონეთსაც, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარ თავზე აიღოს სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გაყვანა და ამისთვის სპეციალური ბორტიც მზადყოფნაშია.
გასულ კვირას გასაჯაროვდა კადრები მიხეილ სააკაშვილის პალატიდან, მათ შორის ჩNN-ზეც, სადაც მკაფიოდ ჩანს სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა, პრეზიდენტის გონების კარგვის რამდენიმე ეპიზოდი, ექსპერტიზის მიმდინარეობა, ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებისა და დალუქვის პროცესი, მისი დამოკიდებულება „ვივამედის“ ექიმებთან და მის მკურნალ ექიმ თამარ დავარაშვილთან. კადრში ის მედდაც ჩანს, რომელმაც „იმედს“ ინტერვიუ მისცა, ჩვენი ყოფა გაუსაძლისია, სააკაშვილი სამედიცინო პერსონალზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობსო.
მიშას პროცესის მერე არ დააყოვნა ევროპარლამენტის რეაქციამ და თეთრი სახლის განცხადებამ, _ მარკ ფეიგანი ახალი ინიციატივით გამოდის, 20 თებერვალს ევროპის დედაქალაქებში სააკაშვილის მხარდასაჭერად მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართოს. აქციები გაიმართება ამერიკაშიც _ მოთხოვნა ერთია: მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. იგივე პოზიცია აქვს ბილ ბროუდერს, მაგნიტსკის სიის ავტორს. მას უკვე უდევს მაგიდაზე მტიცებულებები და იმ ადამიანების სია, რომლებიც სააკაშვილის წამებასა და არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდნენ.
სააკაშვილის სია სანქციების წინაპირობა აუცილებლად გახდება. რას ნიშნავს სანქციებში მოხვედრა, ამას „ოცნების“ ჩინოვნიკები საკუთარ თავზე გამოცდიან, როცა დაებლოკებათ ანგარიშები, შეუჩერდებათ ვიზები და უცხოეთში ვერც მათი ოჯახის წევრები ისარგებლებენ გადაადგილების უფლებით.
სანქციებში ჯერ არ მოხვედრილა, მაგრამ ფინანსური პრობლემები აქვს ბიძინა ივანიშვილს. მას საკუთარი ფულის განკარგვის უფლებას არ აძლევენ, უცხოელი ლობისტები კი მედიაში მისთვის სასურველი სტატიების დაბეჭდვასაც ვერ ახერხებენ. სამაგიეროდ, მას საქართველოში მმართველი გუნდის წარმომადგენლები იცავენ, რაც პროცესს უკიდურესად კომიკურს ხდის, რადგან კობახიძის ცრემლების ევროპას არც მანამდე სჯეროდა, სანამ ის განცხადებას გააკეთებდა, რომ რუსეთს უკრაინაში გადამწყვეტი უპირატესობა აქვს.
რუსეთ-უკრაინის ომი წელიწადია მიმდინარეობს. მიუხედავად მოლოდინებისა, კიევი სამ დღეში არ დაეცა და არც ვოლოდიმირ ზელენსკის დაუტოვებია საკუთარი ქვეყანა. მეტიც: ის ოფიციალური ვიზიტით ეწვია ამერიკას, დიდ ბრიტანეთს, ბრიუსელს, მას ფეხზე წამოუდგნენ კონგრესში და ლორდთა პალატაში, ტაშს უკრავენ ევროპარლამენტში, ის აქტიურად ითხოვს და იღებს დახმარებას საკუთარი ქვეყნისთვის, არღვევს ყველა დადგენილ ეტიკეტსა და ნორმას, ოფიციალურ შეხვედრებზე დადის სამხედრო ფორმით და ამით ხაზს უსვამს, რომ ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალია; საქართველოში კვლავინდებურად დასცინიან და ეძახიან კლოუნს, დაუფარავი მოლოდინი აქვთ, რომ თებერვალში რუსეთი გადამწყვეტ იერიშს მიიტანს კიევზე და უკრაინას დაამარცხებს.
სამაგიეროდ, ფაქტობრივად, არ აქვთ მოლოდინი და არც არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ამ დრომდე არ გვყავს სახალხო დამცველი, დეპოლარიზაცია სულ უფრო და უფრო მწვავე ხდება, დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი და იქაური ვერდიქტი მარტში იქნება ცნობილი; ბაიბური არ ისმის საარჩევნო რეფორმაზე, ამას დამეტა პოლიტიკური დემარში და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი.
ოპოზიციურ ფლანგზე სრული მდუმარება ენმ-მ დაარღვია, დაიწყო საპროტესტო მოძრაობა რეგიონებში. მართალია, ჯერ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანით, მაგრამ მაინც… სხვა ოპოზიციური პარტიების რეაქციამ არ დააყოვნა. პროტესტს გაემიჯნენ, მათ შორის ისინიც, რომლებიც პარლამენტში „ნაცების“ ბლოკის სიით სხედან, უფრო რადიკალები კი ბევრად შორს წავიდნენ _ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კაკო ბობოხიძემ, მიხეილ სააკაშვილი უვარგის და ჩამოწერილ ლიდერად გამოაცხადა. ამ პარტიაში არაფორმალურ მმართველობას სხვას ტენიან, მაგრამ რეალურად პარტიას კარგა ხანია, გიგა ბოკერიას ცოლი მართავს, პარტიის ლიდერი კი ეთერს არ მაზავს, არ მახსენოს და ათას სისულელეში არ დამდოს ბრალი. ბოლოს ტვ „პირველის“ ეთერში მახსენა სააკაშვილის ადვოკატებთან ერთად, პუტინის წიაღიდან მოდისო. ყველა სიკეთესთან ერთად, ამ გაკოტრებული პარტიის ერთპროცენტიან ლიდერს აუცილებლად უნდა შევახსენო, რომ არასოდეს არანაირი ურთიერთობა რუსეთთან არ მქონია, მისი უშიშროების საბჭოს მდივნობის დროსაც კი პირველი ვიყავი, რომელმაც ქართული ოპოზიციის კურატორ სერგეი ბესედას ხსენება გავბედე. მაშინაც და ახლაც რუსების შავ სიაში ვარ შეყვანილი და ამ ქვეყანაში, თუ ვინმე თანამშრომლობდა რუსეთთან, ეს მისი ცოლი თამარ ჩერგოლეიშვილია, რომელმაც „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია „კუხნია რუს“ „ტაბულას“ კულინარიული შოუ მიჰყიდა. გარიგება ფულის მიღების ერთ-ერთი ხერხი იყო, არც მეტი-არც ნაკლები, 2015 წელს, ანუ „ქართული ოცნების“ ზეობის დროს. „გაზპრომი“ იქით იყოს და კარგა ხანია, ეს პარტია, თავისი ოფიციალური და არაოფიციალური ლიდერშიპით „ქართული ოცნების“ სასარგებლო იდიოტის როლშია, რადგან „ქოცებს“ გაასწრეს მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციასა და მისი სახელის დაკნინებაში.
დაპირისპირება ენმ-ში არჩევნების მერეც არ მოგვარდა. ახალ არჩეულ თავმჯდომარეს ნიკა მელიას მომხრეები ამუნათებენ, კლინიკაში შევარდნას როდის აპირებო? პარტიის ახალი პოლიტსაბჭო გვპირდება, რომ საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაიზრდება და დედაქალაქი იქნება საბოლოო დიდი მანიფესტაციის ეპიცენტრი. ჯერჯერობით, ლოკალური აქციები კარგად მუშაობს, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტმა „იმედთან“ მამუკა მდინარაძე წყობიდან გამოიყვანა. საჯაროდ „რუსი რუსის“ ძახილი არც არავის სიამოვნებს. მართალია, რუსული საქმის კეთებას არ თაკილობენ, მაგრამ საჯაროდ ამის აღიარება მაინც უტყდებათ.
საჯაროდ არ ჩანს, მაგრამ დიდი დუღილია მმართველ პარტიაში. „ხალხის ძალა“ ფორმალურად კი გამოეყო უმრავლესობას და კიდევ უფრო რადიკალური და პრორუსული პოზიცია დაიკავა, მაგრამ ამ რადიკალიზმმა ვერც ამინდი შექმნა და ვერც ოპოზიციის იმიჯი მოირგო, ამიტომ „ოცნების“ კულუარებში თბილისის მერის, კახი კალაძის თანამდებობიდან წასვლისა და ოპოზიციაში მისი გადასვლის ვერსიას ისევ აქტიურად განიხილავენ. კალაძესთან ერთად ამ გუნდში ირაკლი კობახიძესაც მოიაზრებენ, მაგრამ კალაძე ისევ ფრთხილობს, გადაგდებას არც ირაკლი კობახიძე გამორიცხავს. 2024 წლამდე ორი წელია, ოპოზიციაში კობახიძე არცთუ კომფორტულად იგრძნობს თავს და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არც იმაშია დარწმუნებული, რომ ყოფილი თანაგუნდელები მას არ გადააგდებენ. მით უფრო იმ ფონზე, როცა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ემზადება. თუ კალაძე იძულებული გახდა და მუქარის შიშით ამ სცენარს დაჰყაბულდა, ამ შემთხვევაში თბილისის მერიას სუსის მოქმედ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს უფეშქაშებენ და იქ გადაინაცვლებს საკუთარ ნათესავებთან ერთად, სუსის უფროსის სავარძელს კი თავდაცვის მინისტრს უმზადებენ, თუმცა როგორი იქნება ეს პერსპექტივა რუსული აბანოების სკანდალის მერე, ამ ეტაპზე უცნობია.
მაგრამ… ყველა სცენარი შესაძლოა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მანამ, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის. კულუარებში ისევ აქტიური კონსულტაციებია, რა გზით და რა პირობებში უნდა მოხდეს სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გაყვანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ? კონსულტაციებში ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები აქტიურად არიან ჩართულები. ერთ ვერსიად ისევ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალების საკითხი განიხილება, მეორე ვერსიად კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენი წყარო ვერ აკონკრეტებს, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და რა ვადაში, ამბობს მხოლოდ იმას, რომ სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით ქვეყნიდან გაყვანის კატეგორიული წინააღმდეგია ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს საპატრიარქოც. კარგა ხანია, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სწორედ საპატრიარქოა რუსეთის ყველაზე საიმედო საყრდენი საქართველოში. ორწლიანი პაუზის შემდეგ, 14 თებერვალს, სინოდის სხდომა დაინიშნა. დამთხვევაა? _ ვნახოთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა: _ დაველოდოსთ!