ბერდია სიჭინავა: „წარმოუდგენელია, „ოცნებამ“ 51% დაიწეროს და ეს იყოს ლეგიტიმური“

გიგა გელხვიიძე

ქართული ოპოზიცია, შეიძლება ითქვას, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა ხელისუფლებასთან ბრძოლაში. ის, რომ ოპოზიციას თავისი ძალა მაინც აქვს, ეს ბოლო კვირის მანძილზე პარლამენტში წარმართულმა პროცესებმაც წარმოაჩინა.

როგორი უნდა იყოს ოპოზიციი სტრატეგია? როგორ უნდა დამარცდეს ოლიგარქიული რეჟიმი? ამ საკითხების გარშემო „ქრონიკა+“ პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ მდივანს, ბერდია სიჭინავეს ესაუბრა:

_ ბატონო ბერდია, პირველ რიგში, „BBჩ“-ს მიერ გამოქვეყნებულ რეპორტაჟს შევეხოთ, რომელიც ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის საქმიანობას შეეხება, _ როგორია თქვენი პოზიცია აღნიშნული საკითხის შესახებ?
_ ძალიან საგანგაშო შედეგები ჰქონდა „ BBჩ“-ს ჟურნალისტურ გამოძიებას. უმძიმესი კრიმინალური ქეისია, რაც მოიცავს ტრანსნაციონალურ დანაშაულს, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოშიც ხორციელდებოდა და რომლის შედეგადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს ჰპარავდნენ რამდენიმე ასეულობით ათას დოლარს. ამ ფაქტს უარყოფითი შედეგები აქვს არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებიც მხილებულები არიან ამ დანაშაულებში, არამედ ზოგადად ქვეყნის რეპუტაციისთვის. ამას ექნება მძიმე პოლიტიკური შედეგები ქვეყნისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოძიებამ, რომელიც ამ საქმეზე მიმდინარეობს, შესაბამისი რეზულტატი აჩვენოს. თუმცა აქ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე არის ყურადღება გასამახვილებელი: ადამიანი, რომელიც „BBჩ“-ს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხსენიებულია, როგორც ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ქოლცენტრების საქმის, ქვეყანაში იძებნება და როგორ შეძლო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ძებნილმა პირმა ამ დონის კრიმინალური ქსელის შექმნა, რომელიც ტრანსნაციონალურად იპარავდა ფულს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და ამაზე არ იყო ინფორმირებული ჩვენი სპეცსამსახურები? როგორ მოხდა, რომ „BBჩ“-ს საგამოძიებო ჟურნალისტურმა სიუჟეტმა უფრო მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა, ვიდრე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებამ, რომელიც ჩართულია ამ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში და ქვეყანაში იძიებს ქოლცენტრების თაღლითურ ქეისს? _ ეს კითხვის ნიშნები არის ლეგიტიმური.
_ რამდენადაც ვიცი, ამ საკითხის შესახებ თქვენს გუნდს ინიციატივა აქვს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.
_ დიახ ჩვენ გვქონდა საგამოძიებო კომისიის შექმნის რეკომენდაცია, რომელიც სწორედ ამ დაგროვილ კითხვებს გასცემდა პასუხებს, რადგანაც ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის და ზოგადად პოლიტიკური თვალსაზრისითაც.
_ ვისზე იქონიებს ეს გავლენას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, თუ კეზერაშვილს დაუმტკიცდება ის ბრალი, რაც მას, ფაქტობრივად, წაუყენა „BBჩ“-მ?
_ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, ყველა კითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი და თუ ვინმე არის დამნაშავე ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან დაკავშირებით, ყველამ სამართლებრივი პასუხები აგოს. აქ საუბარი არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის ძარცვაზე, აქ საუბარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების ძარცვაზე, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის რეპუტაციულ საკითხს, რადგანაც ჩვენ შეტანილი გვაქვს განაცხადი ევროპარლამენტში ინტეგრაციის შესახებ და თუ ქვეყნის შიგნით ტრანსნაციონალური დანაშაული ყვავის, რომ ამის შესახებ ჩვენი სპეცსამსახურები ინფორმირებულებიც არ არიან, მაშინ საფრთხეების შემცველია ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან დაკავშირებით, ადამიანს პირადად აქვს გაცხადებული მისი პოლიტიკური მიზნები, შესაბამისად, არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მასთან აფილირდებიან და არც მალავენ ამას. გარკვეული რეპუტაციული და პოლიტიკური ზიანი ამ პარტიებსაც ადგებათ _ თუ ადამიანისგან იღებ დაფინანსებას, რომელიც ტრანსნაციონალურ დანაშაულში არის მხილებული, სანამ ამას არ მოჰყვება მოსამართლეების დასკვნები, რეპუტაციული ზიანი იქნება. ხელისუფლების მხრიდან კეზერაშვილის ქეისიც გამოყენებულია პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციისთვის, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ამას იყენებენ ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის _ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველი უწყებების გვერდის ავლით ასეთი მასშტაბური დანაშაულის ჩადენა ქვეყანაში, რომ ჩვენი სამართალდამცველი უწყებები ამაზე არ იყვნენ ინფორმირებულები. სწორედ ამიტომ პოლიტიკური სპეკულაციები ორივე მხარეს უნდა დასრულდეს და ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, ვინ არის კრიმინალი და ვინ იპარავდა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების ფულს? იყვნენ თუ არა ამაში ჩართული კონკრეტული პირები და მფარველობდნენ თუ არა ქოლცენტრებს? სწორედ ამისთვის უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომ დადგინდეს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამას კონკრეტულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე, მათ შორის, ოპოზიციაშიც, ექნება გავლენა. ამის მაგალითებიც გამოჩნდა უკვე, _ ადამიანებმა, რომლებსაც კეზერაშვილთან ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა, იმდღესვე, რაც „BBჩ“-მ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები დადო, სამჯერ უარყვეს მამლის ყივილამდე ბატონი კეზერაშვილი.
_ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული მოსამართლეების პრეცედენტი რამდენად იქონიებს გავლენას საქართველოს ევროპულ კურსზე?
_ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო აშშ-ის მხრიდან კონკრეტული მოსამართლეების დასანქცირება, რადგანაც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, სანამ უშუალოდ სანქციები მოჰყვებოდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, არაერთი განცხადება მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორებისგან რომ სასამართლო სისტემაში იყო სერიოზული პრობლემები. თუმცა ნორმალური ხელისუფლება ამას ადეკვატურ პასუხებს გასცემდა, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამდა სასამართლო რეფორმისკენ, თუმცა ამის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების რიტორიკა მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით. ბუნებრივია, თემას ხელშესახები შედეგები მოჰყვებოდა და დასანქიცრება არის ის გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ კურსთან, რადგანაც ევროპული კურსი და ევროკავშირის დაწესებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი ეხება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. იქ პირდაპირ არის საუბარი, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის აუცილებელი ფუნდამენტური საკითხი ევროკავშირთან მიმართებით, რადგანაც ჩვენი სასამართლო სისტემა ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროკავშირთან. მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემაში გვყავს ადამიანები, რომლებიც ფორმალურ და არაფორმალურ გავლენებს იყენებენ იმისთვის, რომ კორუფციული სინდიკატი მოაწყონ და სასამართლო ამ სინდიკატის გავლენის ქვეშ მოაწყონ. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია: ხელისუფლება წარმატებით ახერხებს პროპაგანდას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენა და ეს ასე არ არის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირი გზავნილია იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში არიან, რომ მათ კეთილსინდისიერებას აშშ მხარს უჭერს, ასევე ეს არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი მოქალაქეები დაიცვან, მათი რეპუტაცია დაიცვან, ამას ემსახურება ეს გადაწყვეტილება. აქ საუბარია მოსამართლეებზე, რომლებიც იყვნენ საყრდენები, მათ შორის, წინა ხელისუფლების დროს. ძალიან სერიოზული და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს მათ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, ეს არ არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების დასაცავად გადადგმული ნაბიჯი.
_ შეიძლება თუ არა, ეს გადაწყვეტილება დავუკავშიროთ ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებებს? _ ძალიან საეჭვოდ დამთხვევა ისინი ერთმანეთს.
_ ზოგადად, ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია და ხელისუფლების კურსმა, მისმა განცხადებებმა და დამოკიდებულებამ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ის გადაწყვეტილება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მიიღო. ეს გადაწყვეტილება არის უკიდურესი აუცილებლობა. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს, რადგანაც ეს ადამიანები არიან დარჩენილი ჩინჩალაძისა და მურუსიძის კორუფციული სინდიკატის სამართლის იმედად. შესაბამისად, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება იყო ლოგიკური გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დააჩქარა ხელისუფლებამ, ჩვენ გვესმოდა ანტიდასავლური განცხადებები, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის მიმართ დამოკიდებულებები. ეს გადაწყვეტილება არის „ქართული ოცნების“, დღევანდელი ხელისუფლებისა და მათი პოლიტიკის შედეგი. ჩვენი ხელისუფლების პასუხი პარტნიორების შენიშვნებზე იყო ლანძღვა და თქვენ ნახეთ, მოსამართლეებიც რა ვორდინგით საუბრობდნენ შეერთებული შტატების გადაწყვეტილების მერე, რომ იქ ბაბუაჩემი არ არის ნამყოფი და მეც არაფერი დამაკლდებაო. რომ იქ თურმე ლეგალური არის სქესის შეცვლა და აბსოლუტური სისულელეები, რაც აკეთეს. დღეს რეალურად რაც ხდება, ვგულისხმობ პარლამენტში მიმდინარე პროცესებს საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ეს არის ლუსტრირება, თუ როგორ ჰყავს მძევლად ხელში ჩაგდებული, სასამართლოს კორუფციულ სინდიკატს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი. ჯერ ხომ პრემიერ-მინისტრი დაიბარეს სასამართლო სისტემაში და გახსოვთ დიმიტრი გვრიტიშვილის (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი) განცხადება პრემიერთან შეხვედრასთან დაკავშირებით და ასევე გახსოვთ პრემიერის განცხადება, რომ ის ამაყობს სასამართლო სისტემით, ლევან მურუსიძით, გირგვლიანის საქმის მოსამართლით. ეს საპარლამენტო პროცედურები როგორ არის გადაფარებული და როგორ იყენებს ბოროტად ამ ყველაფერს ხელისუფლება, რომ ოპოზიციას არ შეაქმნევინოს საგამოძიებო კომისია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მთელი ამ დროის მანძილზე: შეერთებულ შტატებსა და ოპოზიციას სთხოვდნენ მტკიცებულებების წარმოდგენას კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართებით და მაშინ, როდესაც კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებამდე მივედით და ვთქვით, რომ მოდით, ვინაიდან გჭირდებათ პასუხები და შეერთებულ შტატებსაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, შევქმნათ კომისია და რა მდგომარეობაც შეიქმნა და როგორ ცდილობენ ხელი შეუშალონ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ესეც დავინახეთ. რეალურად, ამ კომისიის შექმნამდე ბევრ რაიმეს მოეფინება ნათელი.
_ ცნობილია, რომ პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში წარმოდგენილი ხუთივე დეპუტატი მხარს უჭერს ამ კომისიის შექმნას. შეუძლია თუ არა ოპოზიციას ამის ფონზე ხელისუფლების მიმართ დამატებითი წნეხის განხორციელება სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით?
_ საზოგადოების ერთსულოვნებას აქ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მარტის მოვლენებმა ეს ყველაფერი დაგვანახა, რომ თუ საზოგადოებიდან მოდის იმპულსი და უნისონში მოქმედებს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი, მათ შორის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილი, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგანაც ერთიანობით მიიღწევა სწორედ შედეგი. ახლა მთავარია, პარლამენტში ოპოზიციამ აჩვენოს ერთიანობა.
_ დაუშვა თუ არა შეცდომები ოპოზიციამ ამ პერიოდში?
_ ოპოზიციის ნაწილმა თავისი გაუაზრებელი ნაბიჯებით მყიფე გახადა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა. ჩვენ ვნახეთ ის არათანმიმდევრული ნაბიჯები, რაც 2020-ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააკეთეს: სიების ჩახსნა, გასვლა პარლამენტიდან, რამდენიმე მანდატი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და დააკარგვინა ოპოზიციას. იმ მოცემულობაში აღმოვჩნდით, რომ, ფაქტობრივად, ამ ქმედებების მძევლები არიან დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ხუთივე დეპუტატით პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. ვისურვებდი, ოპოზიციის წარმომადგენლებს, დეპუტატებს, გამოეჩინოთ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რათა ხელისუფლებას არ დარჩეს სხვა გზა, მან უნდა შექმნას კვორუმი. შესაბამისად, ახლა ერთიანობას, დისციპლინას, პარლამენტის პლენარულ სხდომებზე პოლიტიკური პარტიების დეპუტატების გამოცხადებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
_ პრეზიდენტმა ცალსახად გაუსვა ხაზი პარლამენტში თავისი გამოსვლის დროს, რომ ის კურსი, რომელიც აქვს ახლა „ქართულ ოცნებას“, არ არის ბიძინა ივანიშვილის ნაკარნახევი და მთავრობის ხედვები შეიცვალა მას შემდეგ, რაც მან დატოვა პოლიტიკა. რისი თქმა სურდა ამით ზურაბიშვილს?
_ მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტში, სადაც მიმოხილული იყო ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში. ვისურვებდი, ბატონ ივანიშვილთან დაკავშირებით ის ბევრად უფრო მკაფიო ყოფილიყო, თუმცა თუ ვინმეს ჰგონია, დღეს ივანიშვილისგან განყენებულად ხდება ის პროცესები, რაც ქართულ პოლიტიკაში მიმდინარეობს, ის ან ძალიან გულუბრყვილოა, ან სურს, რომ საზოგადოება განზრახ შეიყვანოს შეცდომაში. ძალიან მარტივად არის ყველაფერი, ივანიშვილი არსად წასულა, მან გადაინაცვლა კულისებში, რომ იქიდან ემართა პოლიტიკური პროცესი. მერწმუნეთ, არცერთი პოლიტიკური პერსონა არაფერს წყვეტს საქართველოში ივანიშვილის გარეშე არც სასამართლო ხელისუფლებაში, არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში. კონკრეტული პირები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ პრემიერის ინსტიტუტს თუ საპარლამენტო გუნდს, არიან თოჯინები, რომელთა მეშვეობითაც ივანიშვილი კულისებიდან მართავს მთელ პოლიტიკურ პროცესს, საგარეო კურსთან დაკავშირებითაც. ის თავიდან ბოლომდე არის პასუხისმგებელი, მან კულისებიდან ყოველგვარი ფორმალური თანამდებობის გარეშე დაიწყო ქვეყნის მართვა, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ დაიმალება, შეძლებს ქვეყნის უკანა კარიდან გასვლას, კობახიძისა და ღარიბაშვილის ზურგს უკან ამოფარებას, ძალიან ცდება, რადგანაც ჩვენი ქვეყნის ისტორია სულ სხვა რაიმეს გვეუბნება და ეს ფილმი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ერთხელ უკვე ნანახი გვაქვს. მათ შორის, რამდენიმე წლის წინათ, როდესაც შეცვალეს ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს აქვს მცდელობა, გაემიჯნოს პროცესებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური და ადამიანური პასუხისმგებლობა მას აქვს და ამას ვერ გაექცევა. პერსონალიზირებული იქნება ყველას პასუხისმგებლობა, ვინც ქვეყნის საგარეო კურსზე აგებს პასუხს და ვერავინ შეძლებს ამისგან თავის არიდებას, თუ ჩვენმა ქვეყანამ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ანტიდასავლური განწყობების გაღვივება ქვეყანაში, არის „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული პროცესი.
_ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა წითელი ხაზების გადაკვეთაზე ზურაბიშვილის მხრიდან. რა არის ეს წითელი ხაზები? _ გვარამიასა და სააკაშვილის შეწყალება, თუ არის კიდევ სხვა რამ, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს ხელისუფლებას?
_ არ ვიცი, ზოგადად რა წითელ ხაზებზე საუბრობს ბატონი კობახიძე, ძალიან რთულია მისი ნაფიქრის განმარტება, თუმცა წითელ ხაზებს როდესაც ახსენებს, კარგად დაფიქრდეს, რადგან თავად ყველანაირი წითელი ხაზი, მორალური და პოლიტიკური ზღვარი აქვს საკუთარ ქვეყანასთან, გუნდთან და მოსახლეობასთან მიმართებით გადაკვეთილი. ეს არის აბსურდი. თუმცა კონკრეტულად ზურაბიშვილთან მიმართებით რა წითელ ხაზებსაც გულისხმობს, შეიძლება ეს იყოს იმ მსჯავრდადებულების შეწყალება, რომლებიც პოლიტიკურად არიან დღის წესრიგში. არ ვფიქრობ, რომ ამის უკან რამე ისეთი იდგეს, რადგანაც კობახიძეც კი არ არის დარწმუნებული, რა ვერსიებსაც ქალბატონი ზურაბიშვილი ავრცელებს, არის თუ არა გზავნილი კონკრეტულ შემთხვევაში „ოცნებისთვის“ გარე აქტორების მხრიდან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი კობახიძემ და „ქართულმა ოცნებამ“ ქალბატონ ზურაბიშვილთან მიმართებით ბევრჯერ გადაკვეთეს წითელი ხაზები, როდესაც მას ბარიერები შეუქმნეს ვიზიტებთან დაკავშირებით, ასევე ვგულისხმობ კონსტიტუციურ სარჩელს, რაც შეტანილი ჰქონდათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და შემდეგ გაითხოვეს.
_ თუ ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს ან გვარამიას, რა რეპრესიები შეიძლება ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ მის მიმართ?
_ ვერ გეტყვით, კონკრეტულ შემთხვევაში რა იქნება. ქალბატონი ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, ვის შეიწყალებს და ვის არ შეიწყალებს, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა და საკუთარი დისკრეციით მოქმედებს. თუმცა ვფიქრობ, რომ მის მიმართ რეპრესიები შეიძლება უფრო გაღრმავდეს, ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერზე წამსვლელია „ოცნების“ ხელისუფლება, რომ პოლიტიკური ოპონენტი დასაჯოს. მათ შორის შეიძლება იმპიჩმენტიც კი განიხილებოდეს, რადგანაც „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის დისკრედიტაციისკენ მიმართული არაერთი ნაბიჯი და განცხადება ვიხილეთ. რაღაც გადაწყვეტილებები რომ არ მოეწონათ, საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი უჩივლეს.
_ ის, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რამდენად დამაზიანებელი პროცესია პარტიისთვის?
_ ობიექტური დამკვირვებლის თვალით რომ გითხრათ, რეალურად მოქალაქეებს ნაკლებად აინტერესებთ, რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ენმ-ში. ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი ენმ-ში არსებულ პრობლემებს მიაქვს. რაც შეეხება იმ შიდა ძვრებს, რაც პარტიაშია, ვინაიდან სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოვადგენ, ჩემგან უხერხულია საუბარი ამაზე, მაგრამ რასაც თვალნათლივ ვხედავთ, ფაქტია, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები ამ პარტიაში არ მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ ცალკეული ჯგუფების ბრძოლას გავლენების მოსაპოვებლად, როგორ ეძახდნენ ეს ადამიანები ერთმანეთს აგენტებს, ოლიგარქის მორჩილებაში მყოფ ადამიანებს, ხელისუფლებასთან კავშირს როგორ აბრალებდნენ ერთმანეთს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც წარსული გაუაზრებია და არც _ მომავალი, ეს უფრო ლუსტრაციის პროცესს ჰგავს, რაც ახლა ხდება. არ უნდა დაემსგავსოს „ნაციონალური მოძრაობა“ მართვის სტილით „ოცნებას“. მიუღებელი უნდა იყოს, ოპოზიციურ პარტიაში ვიღაც გარე ხელით მართავდეს პოლიტიკურ პროცესებს. თუ უნდათ ამ ადამიანებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება, მერაბიშვილი იქნება ეს თუ კეზერაშვილი და მოქალაქეები გადაწყვეტენ, იმსახურებენ თუ არა ისინი პოლიტიკურ ბრძოლას.
_ ვინაიდან ენმ-სა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს შევეხეთ, მინდა გკითხოთ, გაქვთ თუ არა მოლოდინი იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს სააკაშვილის ბედს ისე, რომ იგი საზღვარგარეთ გადაიყვანონ?
_ რთულია სტრასბურგის გადაწყვეტილების რამე სახით პროგნოზირება _ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო იმდენი სპეკულაციური მოსაზრება მოვისმინეთ, სიმართლის დადგენა ძალიან რთულია. მესმის, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებობს მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები. ნორმალურ სახელმწიფოში ამ კითხვის ნიშნებს პასუხს უნდა სცემდეს ხელისუფლება, მაგრამ იმდენად დაზიანებულია თავად ხელისუფლებაც, რომ მისი ყველანაირი პასუხი არის არადამაჯერებელი. 2023 წელია, 21-ე საუკუნე და ექიმები ვერ თანხმდებიან მისი ჯანმრთელობის დასკვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი არის, წმინდად ჰუმანიტარული და ეს ასე უნდა იყოს აღქმული როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ოცნების“ მხრიდან. ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვას, რომ პასუხისმგებელი ვარ პატიმრის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. იმის ნაცვლად, რომ ასეთ განცხადებებს ვისმენდეთ ხელისუფლების მხრიდან, გვესმის სამარცხვინო განცხადებები, რომლებიც არ შეესაბამება მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა თუ პრემიერის განცხადებას. მათი აღქმით, თურმე ღვთიურ სამართალს უნდა მივანდოთ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
თეორიული დაშვების დონეზეც კი, თუ ეს ადამიანი თვითდაზიანებებს იყენებს და შიმშილობს, ესეც კი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, მან შესაბამისი სერვისით უნდა უზრუნველყოს ასეთი პატიმარი. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო წმინდად პროფესიულ ჭრილში შეხედავს ამ ყველაფერს. არ ვიცი, რა მტკიცებულებებს წარადგენენ მხარეები და რა პოზიციონირება იქნება, თუმცა ვფიქრობ, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული სასამართლო, რომელიც პატიმრის საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება. შესაბამისად, ისეთი მტკიცებულებებით უნდა იყოს წარმოდგენილი მხარეები, რომ პოლიტიკური სპეკულირება უნდა გამოირიცხოს და სასამართლოს მიეცეს ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანის საშუალება.
_ რა სჭირდება ქართულ ოპოზიციას დღეს ყველაზე მეტად?
_ ხელისუფლების ნაწილიც ვიყავი, მართალია, „ქართული ოცნებაში“ ასე პარტიულად არასოდეს ვყოფილვარ, როგორც წევრი, მაგრამ პრემიერის გუნდშიც ვიყავი (იგულისხმება გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდი). ჩემი აზრით, ამ გადმოსახედიდან, რაც ყოველთვის აკლდა და იმ დროსაც ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ, ეს არის თანმიმდევრობა. „ქართული ოცნების“ დამარცხებას სჭირდება თანმიმდევრული, პრინციპული, პოლიტიკური ნაბიჯები. ოპოზიციას ეს აკლია, რაც ნათლად დავინახეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. ჯერ შესვლა, მერე გამოსვლა, მერე სიების ჩახსნა. ამ სიების ჩახსნას რა პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვა, ახლა უფრო კარგად ვხედავთ. არ ვამბობ, რომ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ერთი ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პლურალიზმი აუცილებელია რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ფართო პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ ის მაინც მოითხოვს მათგან თანმიმდევრულობას. მაშინ, როდესაც რაღაც ტექნიკური მთავრობის იდეას აანონსებ, როდესაც ჰპირდები, რომ ხვალ ცხელი შემოდგომა დადგება და ეს ხელისუფლება წავა ან ცხელი გაზაფხული იქნება, რაც არაერთხელ მოგვისმენია, ეს პოლიტიკურ პროცესს აზიანებს. პირდაპირ აგდებს მოქალაქეებს ფრუსტრაციაში, რის შემდგომაც ის არჩევნებზეც არ მიდის, რადგანაც არჩევანს ვეღარ ხედავს. ჩვენ უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არის შესაძლებელი, მაგრამ ძალიან რთული. თანმიმდევრული პოლიტიკით 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, შვიდ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში „ქართული ოცნება“ გადავიდა ოპოზიციაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ასეთ დროს იმპულსები წამოვა მოქალაქეების მხრიდანაც. მარტის მოვლენებმა დაგვანახვა, რომ თუ სწორი მოთხოვნები არსებობს, ამას ექნება კონკრეტული შედეგები.
_ ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების ურთიერთობაზე მინდა გკითხოთ: გარკვეული სახის კომუნიკაციით ოპოზიციამ მოახერხა ის, რომ საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ახალგაზრდობა. გააღვიძა. შეიძლებოდა თუ არა ამ საპროტესტო მუხტის შენარჩუნება?
_ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან ბევრი ცდილობს ამ პროტესტის მისაკუთრებას, თუმცა ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ეს არ გაუკეთებიათ, აქ წარმმართველი ძალა იყო საზოგადოება. წარმოიდგინეთ, ერთ მხარეს იდგნენ: ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სპორტსმენები, ჟურნალისტები, პროფესორები, მასწავლებლები, ცნობადი ადამიანები, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიები, ჩვენი წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიით მყოფები და ერთ მხარეს იყო რუსული კანონი, _ ამან მოიტანა გამარჯვება. ზოგადად, ამ სიტუაციის ლოკომოტივი გახდა საქართველოს მოქალაქე. მიმაჩნია, რომ თუ ამას პოლიტიკური მოტივები დაემატებოდა, ის ვერ მიაღწევდა შედეგებს და ჩაკვდებოდა მუხტი, ამ აქციამ დადო კონკრეტული შედეგი. შეიძლება მცდელობა ჰქონდა ბევრ პოლიტიკურ პარტიას, რომ თავისი დღის წესრიგი შეეტენა, მთავრობის გადადგომა მოეთხოვა, გაჟღერდა კიდეც ეს რამდენჯერმე, მაგრამ ვფიქრობ, ეს ხელშესახებ შედეგებს არ მოიტანდა. იქ მოქალაქეები შეკრებილები იყვნენ კონკრეტული მიზნით და თუ მსგავსი ეგზისტენციალური საფრთხე დაუდგებათ ისევ, კვლავ გამოვლენ ქუჩაში. მაგრამ დღეს ის მოთხოვნები, რასაც პოლიტიკური პარტიები აჟღერებენ ხშირ შემთხვევაში, კორელაციაში არ მოდის ჩვენს მოქალაქეებთან. ამიტომ უნდა მივდიოთ ჩვენ მათ ნებას და ამის მიხედვით შევქმნათ დღის წესრიგი.
_ ელოდებით თუ არა, რომ რუსული კანონის შემდგომ ახალ კანონს შეიმუშავებენ, რომელიც პირდაპირ იქნება მიმართული მედიის წნეხისკენ?
_ „ქართულმა ოცნებამ“ იძულებით დაიხია უკან, თუმცა ახალი ძალებით შეუდგება პოლიტიკური რეპრესიების გატარებას და ისეთი კანონების მიღებას, რომელიც ავტოკრატიულ რეჟიმებს ახასიათებს. შეეცდება ბელოარუსული მოდელის გადმოღებას. თუმცა ბელარუსისგან და ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანას თავისი სპეციფიკურობა აქვს. აქ რამდენჯერმე შეიცვალა უკვე ხელისუფლება, მათ შორის, მშვიდობიანი გზით 2012 წელს, რაც იყო ძალიან კარგი ნაბიჯი. მგონია, რომ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება აქ მსგავსი ტიპის ავტოკრატიული რეჟიმების ჩამოყალიბება. ამის უნიათო მცდელობა უკვე იყო. ივანიშვილს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ მსგავსი ტიპის მმართველად ჩამოყალიბდეს, რაღაც პროვინციული ავტორიტარიზმისკენ ისწრაფის და ის, რომ აქ ბელარუსი მოაწყოს, ამის რესურსს ვერ ნახავს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ შეეცდება, რუსული კანონის შემდგომ ისეთი რეპრესიული კანონები მიიღოს, რომლებიც თავისუფალ სიტყვას ჩახერგავს და ეს კანონიც რეალურად ამისთვის იყო შექმნილი, რომ დემონიზება მოეხდინა არასამთავრობო სექტორის და გადაეკეტა ფინანსები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ თავისუფალი სიტყვის არსებობას ქვეყანაში. მედია ყოველთვის იქნება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სამიზნე, რადგანაც ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ ველაპარაკებით მოქალაქეებს. დიახ, ექნება მცდელობა, თუმცა როგორც რუსული კანონი არ დაუშვა ქართულმა საზოგადოებამ, არც ამ კანონის მიღებას დაუშვებს.
_ ახლოვდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები _ რა გეგმები აქვს პარტიას?
_ პარტია აქტიურად მუშაობს როგორც რეგიონულ ჭრილში, ასევე საარჩევნო მიმართულებითაც. უფრო აქტიურ გეგმებზე ალბათ საარჩევნო პროცესის მოსახლეობასთან ერთად გადავა, თუმცა ამ მიმართულებით მას მუშაობა არც არასდროს შეუწყვეტია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, მივდივართ ევროპისკენ თუ ისევ ამ რუსულ, ავტორიტარულ რეჟიმს ვტოვებთ ხელისუფლებაში, როგორადაც გაფორმდა „ქართული ოცნება“ ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მოსახლეობა ამ არჩევნების მნიშვნელობაში, რათა მოვიდნენ და ხმა მისცენ მათთვის სასურველ ოპოზიციურ პარტიას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება ეს, მთავარია, არჩევნებზე იყოს მაღალი აქტივობა, რადგანაც ასეთ დროს ყოველთვის მარცხდება ხელისუფლება, _ მას არ ჰყოფნის რესურსები არც ფულადი და არც სხვა, რომ დააზღვიოს გამარჯვება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ამ არჩევნებს მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარებისთვის. ამაში უნდა დავარწმუნოთ ჩვენ მოსახლეობა, ამიტომაც ისინი უნდა გამოცხადდნენ არჩევნებზე და ამ მარათონში ჩვენი პარტია იქნება ავანგარდში.
_ უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება პარტიაში ახალი სახეების გამოჩენას, რომლებიც ამ დრომდე „ოცნების“ რიგებში იყვნენ წარმოდგენილები, თუმცა ბოლოს გარკვეული გადანაცვლების მომსწრენი გავხდით?
_ ჩვენი პოლიტიკური პარტია არის ღია და დემოკრატიული პრინციპებით მართვადი, შესაბამისად, ვისთვისაც ღირებულებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენს გუნდს, ყველასთვის ჩვენი კარი ღიაა. მაგრამ ისინი, რომლებიც კომპრომისს უშვებენ საკუთარი ქვეყნის ინტერების ხარჯზე, საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის ხარჯზე, თუნდაც წარსულში აქვთ კომპრომისები დაშვებული, მათთვის ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ადგილი არ იქნება.
_ დათმობს „ქართული ოცნება“ არჩევნებით ხელისუფლებას?
_ ძალიან რთული კითხვაა, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების აქტიურობა. შეიძლება არ დათმოს, მაგრამ თუ დაინახავს, რომ… ისევე როგორც მარტის მოვლენების დროს დაინახეს მოქალაქეების ნება, მოუწევთ ძალით დათმობა. დიდი როლი ექნება მოქალაქეების აქტიურობას და საერთაშორისო გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას. თუ ისეთი არჩევნები ჩატარდა, რომელიც კრიტიკას ვერ გაუძლებს, მისი ლეგიტიმურობის საკითხი უნდა დაგეს.
არ შეიძლება, დღეს მმართველმა გუნდა აიღოს არჩევნებში 51%, მას აქვს ძალიან დიდი დანაკარგები და ამის გარეშეც კი ვნახეთ, რომ მან 48% მიიღო წინა არჩევნებში. წარმოუდგენელია, მათ 51% დაიწერონ და ეს იყოს ლეგიტიმური.
_ „ქრონიკა+“ 10 წლის გახდა, რას უსურვებთ მას?
_ რაც ყველზე მნიშვნელოვანია, გისურვებთ გააგრძელოთ თქვენი საქმე ისეთი ხარისხით, როგორითაც აკეთებთ. გისურვებთ დამოუკიდებლობას, როგორც ახალა ხართ, გისურვებთ თავისუფალი სიტყვის ავანგარდში ყოფნას. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით და ხართ ხელისუფლების დანაწილების შტოებში მეოთხე ხელისუფლება. ვისურვებდი ისეთი გარემოს შექმნას ქვეყანაში, რომ თქვენ არ სვამდეთ კითხვებს, _ ემუქრება თუ არა ჟურნალისტებს მათ საქმიანობაში ხელის შეშლა? წარმატებებს ვუსურვებ მთლიანად რედაქციას.