შალვა ნათელაშვილი: „საქართველოში პოლიტიკა მოკვდა“
გიგა გელხვიიძე
გადაუვადებენ თუ არა სასჯელს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს? რა მოლოდინები შეიძლება იყოს სალომე ზურაბიშვილისა და ზოგადად „ოცნების“ მიმართ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით? გახშირებული ფემიციდის შემთხვევები, დაქსაქსული ოპოზიცია, რომელიც კვლავაც გაერთიანებაზე ოცნებობს, დაასანქცირებენ თუ არა ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს დასავლელი და ევროპელი პარტნიორები? _ ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის გარშემოც ქართული პოლიტიკური სპექტრი ტრიალებს, თუმცა კითხვებზე პასუხები ჯერაც არ არის.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესაფასებლად „ქრონიკა+“ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს ესაუბრა და შეეცადა, დეტალური და ამომწურავი პასუხები მიეღო იმ შეკითხვებზე, რომელიც დღეს ასე აქტუალურია:
_ ბატონო შალვა, ვიცი, თვალს ადევნებთ იმ პროცესებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს _ როგორ ჩანს დღეს ქართული პოლიტიკური ველი?
_ საქართველოში პოლიტიკა მოკვდა მას შემდეგ, რაც პუტინმა პოლიტიკა და ხელისუფლება იყიდა, ასევე დასვა თავისი წარმომადგენელი და საკუთარი სატელიტური სტრუქტურებიც დააკომპლექტა, რომლებსაც, საუბედუროდ ბედისა, ჰქვიათ პარლამენტი, მთავრობა, ზოგს სასამართლო, ზოგს თვითმმართველობა და სხვა. ამრიგად, პოლიტიკა ამ ქვეყანაში არის მკვდარი და პოლიტიკა უნდა გავაცოცხლოთ. ან ჩავბერავთ სულს და დავაწყებინებთ სუნთქვას, ან პოლიტიკის სიკვდილთან ერთად მოკვდება ქართული სახელმწიფოც.
_ ერთ თვეზე ცოტა მეტი დარჩა ახალ წლამდე, ოპოზიციის მიერ დაანონსებული ცხელი შემოდგომა იწურება. რამ შეუშალათ ხელი იმისთვის, რომ პოლიტიკური ტემპერატურა აწეულიყო?
_ ე. წ. ოპოზიციამ წკიპზე მიყვანილი საქმე, როცა უკვე ივანიშვილის რეჟიმი ემხობოდა და ახალი არჩევნები უნდა დანიშნულიყო, ჩაშალა, გაურიგდა რეჟიმს, შევიდა პარლამენტში და ერთპარტიული პარლამენტი გადაუქცია მრავალპარტიულ, კვორუმიან პარლამენტად. შემდგომაც ვერ შეელივნენ მანდატებს, რომ კრიზისული სიტუაცია შეექმნათ, დაძაბულობის პროცესი დაეწყოთ მანდატების დატოვებით და რუსთაველზე დადგომით. ხალხის შეკრება ისე არ ხდება სერიოზული მოტივებისა და დამუხტვის გარეშე. როგორ უნდა დაიმუხტოს ახლა ხალხი, როდესაც ხედავს, რომ პარლამენტის ბუფეტში საუკეთესო ჭამა-სმით სული ხდებათ მათ ოპოზიციონერ დეპუტატებს. რბილად რომ ვთქვათ, ეს ყველაზე ნაკლები ცოდვაა მათგან.
_ მოსახლეობა ძალიან ხშირად საუბრობს და ერთგვარად საყვედურობს ოპოზიციას იმას, რომ მათ არ გააჩნიათ კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ვერ აწვდიან სათანადო ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში გარკვეული სახის პოლიტიკური პროცესების წამოწყებას. რა უშლის ხელს ოპოზიციურ ფლანგს, რომ უფრო დაუახლოვდეს თავის ამომრჩეველს?
_ ობიექტურად რომ ვთქვათ, იოლია ოპოზიციის ლანძღვა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა საზოგადოებამ, ვის ირჩევდა, რას ირჩევდა და რის ფასად. ივანიშვილის რეჟიმი არის ამ საზოგადოების პროდუქტი. მათ არაფერი უნდა უკვირდეთ და ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ სადაც დიქტატორია და ოლიგარქი, იქ ოპოზიცია და მრავალპარტიული სისტემა არ არსებობს. ოპოზიცია და მრავალპარტიული სისტემა თუ გვინდა, ხმები ისე უნდა მივცეთ და ისე უნდა გადავანაწილოთ, რომ დიქტატორები და ოლიგარქები პუტინმა ვერ შემოაგზავნოს ქვეყნის შიგნით. როცა ამას ვერ იგებ, მერე ყველანაირი განსაცდელი თავზე დაგვატყდება, მერე უნდა ემდურო ოპოზიციას. საერთოდ, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, _ სადაც დიქტატურაა, იქ ოპოზიცია არ არსებობს, ხოლო სადაც ოპოზიციაა, იქ დიქტატურა ვერ მოდის _ აი, ეს არის რეალობა. უნდა ხალხს ეს რეჟიმი? მაშინ დარჩება, თუ არ უნდათ ეს რეჟიმი, მაშინ კუდით ქვას ასროლინებს. აქ უკვე ოპოზიცია და პარტიები ვერაფერს აკეთებენ. ისტორიასა და სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის.
_ რიგი პოლიტიკური პარტიები (ამ კონკრეტულ კითხვაში „სტრატეგია აღმაშენებელსა და გიორგი ვაშაძეს ვგულისხმობ) აქტიურად ცდილობენ დღის წესრიგში ოპოზიციური ერთობის საკითხის დაბრუნებას და ხშირად ახსენებენ იმ ფაქტს, რომ 2020 წლის ოპოზიციური ერთობა იყო ნაყოფიერი. არის თუ არა დღესდღეობით შანსი, რომ ისევ მოხდეს გარკვეული სახის გაერთიანება და თუ ეს შესაძლებელია, მაშინ რატომ დაიქსაქსა, თავის დროზე, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ერთობაში იმყოფებოდნენ?
_ ვაშაძე ისეთივე ოპოზიციონერია, როგორც მე ვარ ტაილანდის მეფე (იცინის). კი არ დაიქსაქსა, პარლამენტში არშესვლის ვალდებულებას, ბოიკოტს, რომელიც ავიღეთ ხელმოწერით ხალხმრავალ მიტინგებზე, ავიღეთ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რამაც შეიყვანა უკვე დამამთავრებელ ფაზაში რეჟიმი და მიგვიყვანა ახალ არჩევნებამდე, თითქმის, აი, ამას უღალატეს _ ამ გზას და შევიდნენ პარლამენტში. სხვადასხვა მოტივით შევიდნენ: ზოგმა შიგნით პარტიული მმართველობა ვეღარ დაიჭირა, ისეთი ხალხი ეწერათ სიაში, რომ პარლამენტის გარეშე ვერ წარმოედგინათ თავი და სხვა შემთხვევაში ტოვებდნენ პარტიას და ისე შედიოდნენ. ზოგთან ფულია გაშვებული ძალიან დიდი, ზოგთან ბიზნესპრეფერენციები მიიღეს ძალიან დიდი და აბა, ახლა, ვაშაძე რატომ შევარდა? ჩხარტიშვილის დაფინანსებული პარტია აქვს. ახლა ვანო მაგის ჩიტი იყო, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობა ბიძინასთან, რომლის ჯიბეშიც ზის? ასევე იყო სხვა პარტიების თავს, „ნაცმოძრაობას“ ვინ მართავდა, კაციშვილი ვერ გაიგებდით, სააკაშვილი ხან ამბობდა, შედითო, ხან ამბობდა, არ შეხვიდეთო, ბოლოს უთხრა, შედითო, ჰოდა, შევიდნენ. ესენი რომ არ შესულიყვნენ, ახლა სააკაშვილი ციხეში არ იჯდებოდა, ხოლო ბიძინა მმართველი არ იქნებოდა. აი, ასეა, ხშირად ჩვენს ბედს თვითონვე ვწერთ.
_ ვინაიდან ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ შევეხოთ „ნაციონალური მოძრაობის“ თემას _ ის პროცესები, რაც ენმ-ში მიმდინარეობს, რა შედეგებამდე მიიყვანს ამ პარტიას? გამოვა ის გამარჯვებული და განახლებული, როგორც ჩანაფიქრი აქვთ, თუ შესაძლოა, სრულად ჩამოიშალოს?
_ რა გამარჯვებაზეა საუბარი?! „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაღუპა ეს ქვეყანა, მაგ პარტიამ მოიყვანა ივანიშვილი და ოლიგარქია ხელისუფლებაში, ვეღარ გაიგეს, რა ზომით უნდა დაესპონსორებინათ თავი პუტინის ოლიგარქისგან, ვეღარ გაიგეს და სიფრთხილის ყოველგვარი ნორმა დაკარგეს, ამას შეეწირნენ თვითონაც და ქვეყანაც შესწირეს. რა დიდი პარტია? რა ყველაზე დიდი? რა ძლიერი ოპოზიცია? დაღუპეს, დააქციეს ქვეყანა. ამათ უნდა გადაიკეთონ საერთოდ სახელი, დაიშალონ ნაწილ-ნაწილ და აღარ გაახსენონ ხალხს თავიანთი არსებობა. აი, ეს იქნება მათთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგი გამოსავალი. ახლა რაც შეეხება მაგ არჩევნებს, ეს უბრალოდ სისულელეა იმ ფონზე, როცა მოსაცილებელია ამხელა მარაზმი. რა დროს შიდა პარტიული არჩევნებია და შიდა პარტიული ლიბერალური დემოკრატიაა, დიქტატორი გაზის თავზე. თუ რაღაცა უნდათ, ყრილობა მოიწვიონ და იქ აირჩიონ. სად გაგონილა ელექტრონული წესით არჩევნები? ამის გარდა, რა ვიცი, აბა, როგორ გითხრათ ახლა, რთულია იმის თქმა, რომ ეს რამე პოზიტივს მოიტანს. ყველა ვარიანტში გაიხლიჩებიან, ერთი დაჯგუფება გაიმარჯვებს, მეორე უკმაყოფილო დაჯგუფება გავა პარტიიდან ან მესამე გაიმარჯვებს და ორი გავა. ყველა ვარიანტში ეს ე. წ. არჩევნებიც დამთავრდება მორიგი გახლეჩით. ეს მორიგი გახლეჩა კიდე რას მოიტანს? _ აღორძინებასა და გაბრწყინებას თუ შემდგომი დაშლის გაგრძელებას, ეგ არ ვიცი, არ მიფიქრია.
_ კვლევებს თუ გავითვალისწინებთ და ენმ-ს პროცენტულ მაჩვენებელს, რომელსაც ის არჩევნებზე იღებს, ეს პარტია რეალურად მართლაც არის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ამ მოცემულობით. როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში, თუ მისი რღვევა მოხდება, ეს რა გავლენას იქონიებს, ზოგადად, ოპოზიციურ ფლანგზე?
_ კარგი პროცესები იქნება, იქიდან დარჩება კარგი, საღი ნაწილი, არის კარგი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, არის ხელმძღვანელობაშიც ისეთი მებრძოლი, სერიოზული ხალხი, ის დარჩება და ის გააგრძელებს ბრძოლას ან სხვა სახელწოდებით ან სხვა ფორმატით. იმედია, არ გაქრებიან ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ თავად ეს „ნაცობა“ და „ქოცობა“ უნდა დამთავრდეს. ამ ორი ფენომენისთვის ისტორიის კარი თუ არ გამოვხურეთ, არაფერი გვეშველება. ეს ორივე არის „ვარდების რევოლუციის“ პროდუქტი. „ვარდების რევოლუცია“ იყო ოლიგარქიის, პუტინისა და ბუშის საერთო კომპრომისის შედეგი, რომ არ დაეშვათ ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებაში, რომელიც სოციალურ გარანტიებს მისცემდა ხალხს. კიტრსა და კარტოფილს კი არ დაარიგებდა, ხალხს ექნებოდა თავისი კიტრი და პამიდორი. ამისთვის გააკეთეს ეს და ჩაუყენეს სათავეში მიშა, რომელიც იყო ქარიზმატული. მერე როცა მიშა აღარ დასჭირდათ, შეაგდეს ციხეში და თვითონ დაიწყო ქვეყნის მართვა ოლიგარქიამ. აი, ეს იყო მთელი ისტორია, ამიტომ უნდა დამთავრდეს ეს „ვარდების რევოლუციონერობა“, უბედურების მეტი ე. წ რევოლუციამ ამ უბედურ ქვეყანას არაფერი მოუტანა.
_ ვინაიდან „ვარდების რევოლუცია“ ახსენეთ, შევაფასოთ ეს 19 წელიც, როგორი იყო მაშინდელი საქართველო და როგორ შეიცვალა ის „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ? არის შესამჩნევი განსხვავებები რევოლუციის შემდგომ საქართველოსა და რევოლუციის მოთავე პარტიის შემდგომ მმართველობას შორის?
_ რუსეთის სოციალ-დემოკრატია ხომ გაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად, რამე შეცვალა ამან სოციალიზმის არაადამიანურ სახეში? ასეთი ერთი პარტიის ორი ფრაქციაა ეს. „ვარდების რევოლუცია“ მოაწყო სააკაშვილმა, ხომ? ვინ აფინანსებდა? _ ბიძინა ივანიშვილი. შემდგომ პერიოდში ვინ აფინანსებდა მთელ სახელმწიფო სტრუქტურას, რაიონების ჩათვლით? _ ბიძინა ივანიშვილი? რამ გაყო ახლა თალაკვაძე ხომ იყო „ნაცმოძრაობის“ სამედიცინო ინსტიტუტის თვითმმართველობის თავმჯდომარე? ეს პაპუაშვილი ხომ იყო სააკაშვილის ძმის თარჯიმანი, დათოსი? _ იყო. ღარიბაშვილი ხომ იყო ფულის მიმტანი ივანიშვილსა და „ნაცებს“ შორის, რომ დარბოდა წინ და უკან, ხელის ბიჭი? _ იყო. კიდევ ვინ არიან? მდინარაძე ხომ იყო სუსის ადვოკატი, რომელიც საპროცესო გარიგებებს აფორმებდა „ნაცების“ დავალებით ქონების ჩამორთმევაზე? _ იყო. ეს კობახიძის მამა ხომ იყო გადატრიალების ინიციატორი, გამსახურდიას რომ ეძახდა, ჩაუშესკუ, ჩაუშესკუო, მერე ომი რომ დაიწყო და თვითონ დარბოდა? ხომ გამოზარდა მკვლელი შვილი, კიდევ ერთი თავისნაირი? (ეგ კიდევ სხვა ფენომენია) მაგას დავანებოთ თავი. კიდევ ვინ იყვნენ იქ, სხვა დანარჩენი, ფაქტობრივად, ვინც „ნაცმოძრაობაში“ იყო, ახლა გახდა „ქოცი“.
_ რეგიონებს თუ გადავხედავთ, ამის ლუსტრაცია ყველაზე ცხადი და ნათელია, რადგანაც რეგიონებში უმეტესად დღეს ის ადამიანები არიან წარმოდგენილნი მმართველი გუნდის სიებსა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რომლებიც წინა ხლისუფლების დროსაც ჩინოვნიკები იყვნენ.
_ იქ საერთოდ ერთია. იქ ჯერ გადავიდნენ შევარდნაძის ბლოკ „მშვიდობიდან“ „მოქალაქეთა კავშირში“, „მოქალაქეთა კავშირიდან“ _ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და „ნაცმოძრაობიდან“ _ „ქოცებში“. ეს მამიდან შვილამდე ასეთი პროფესიაა. აი, როგორც ირანის შაჰს ჰყავდა მუტრიბები, კლარნეტის დამკვრელები და მუსიკოსები, მამიდან _ შვილამდე აი, ასეთი მუტრიბი-მუტრუკები არიან ადგილებზე, რომლებიც ასე იცვლიან მმართველ პარტიებს. იქ არაფერი ცვლილება არ მომხდარა, გეთანხმებით, მაგრამ ზედა ეშელონებშიც მთლიანად 95% „ნაცია“ გადასული, იბრძვიან „ნაცების“ წინააღმდეგ, სხვაგან ეძებენ „ნაცებს“ და გმობენ თავიანთ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ციხეშია.
_ ანუ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში და იმ ხელისუფლებასთან ერთად სჩადიოდნენ დანაშაულებებს, დღეს თავიანთ ჩადენილ დანაშაულზე სთხოვენ მიხეილ სააკაშვილს პასუხს?
_ რა თქმა უნდა, თავად განახორციელეს, აბა, შემსრულებლების გარეშე სააკაშვილი რას გააკეთებდა? რომ გადმოუგდია დიდი ენა კახი კალაძეს, ვინ დარბოდა წითელი რეიტუზებით სააკაშვილის გვერდით მუდმივ რეჟიმში თავის მამასთან ერთად? კალაძე არ იყო, ინტერვიუ რომ მისცა 7 ნოემბერს, როცა დაგვარბიეს, _ რუსეთის აგენტები ეგენი, დასარბევები იყვნენო! შეიძლება, ადამიანს დასჭირდეს ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ამ ქვეყნის პოლიტიკაში როცა ხარ… იმდენი მარაზმი ხდება. კაცმა დაუძახა ბავშვებს აუზში საბანაოდ, თავისი ბავშვები გადამალა შვეიცარიის კურორტებზე, მიიყვანა ბავშვები, მოკლა ბავშვი, მერე ისევ გამოდის და მელაპარაკება მერის პოზიტიურ საქმეებზე, პარკი აღვადგინე გამსახურდიას სახელობისო… აბა, ახლა რომელი ქალაქი გააჩერებდა ასეთ მკვლელს ქალაქის მერად?
_ სააკაშვილის პერიოდის ჩინოვნიკებს თუ გავიხსენებთ, რომლებიც დღეს წამყვან და ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე იმყოფებიან, არ უნდა დაგვავიწყდეს სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ახლა ყველაზე დიდ ყურადღების ცენტრში იმყოფება.
_ სალომე იყო სააკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი. სალომე იყო გაქანებული „ნაცი“ და მიშა მაგიტომ არის დასასჯელი, რომ ეს უსაქმური ქალი ჩამოათრია პარიზიდან.
_ სალომე ზურაბიშვილმა, მის ბოლო პერიოდის განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მკაცრი ტონი, „არა და არასოდეს“, შეცვალა და დღეს ბევრად უფრო ლოიალური განცხადებებით შემოიფარგლება.
_ არ დაიჯერო! არ დაიჯერო!
_ მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ ის რეალურად ვერ იღებს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე, თუმცა ამ განცხადებების ფონზე ჩნდება ლოგიკური და ლეგიტიმური შეკითხვა, _ სალომე ზურაბიშვილმა თავისი რეალური სახე აჩვენა, თუ მისი ფრაზების უკან იმალება სააკაშვილისადმი დადებითად განწყობილი ევროპისა და დასავლეთის მწვავე განცხადებებით შეშინებული ივანიშვილი?
_ არა, არ გაუშვებენ სააკაშვილს. სანამ ეს რეჟიმი არ დაემხობა პოლიტიკურად და ცივილიზებულად, საერთაშორისო სანქცირებით და შიდა წინააღმდეგობით, არ გაუშვებენ იმას იქიდან და მე არ ვიცი, ეს ილუზიები ვის აწუხებს. პირდაპირ პუტინის დავალებაა, რომ ის არ გავიდეს აქედან, რადგან ვარაუდობენ, რომ იმწუთშივე გაცოცხლდება, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, ისე ვამბობ. ჩაუდგება ანტიპუტინისტურ მოძრაობას სათავეში უკრაინაში, ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ ასე იქნება. ზელენსკის შემდეგ კიდევ ერთი პროპაგანდისტი უნდა ახლა პუტინს მთელ მსოფლიოში? და პლუს ამას, აქ ისევ გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და ამიტომ გადაწყვეტილია მისი არგაშვება. ეს ქალი კიდევ გამოდის ახლა, იქ ევროპელებსა და ამერიკელებს უნდა, რომ თავი მოაწონოს, რადგან იმისი შვილი თეთრ სახლში კორესპონდენტია თუ აკრედიტებულია. იქ სამუშაოები მისცეს მაგის ორივე შვილს. თავისი შვილების საქმე კი მოაგვარა, აგერ ჩვენი შვილები… აგერ ჩემი ახლობლის შვილი, ახალგაზრდა ბიჭი, ვარშავაში მოკვდა, წასული იყო სამუშაოდ, ტაქსისტად მუშაობდა და ახლა ველოდებით, რომ ჩამოასვენებენ. თავიანთი შვილები მოაწყვეს კარგად. არაფერი პრობლემა არ აქვთ, ხომ? ამიტომ ეს ქალი ამერიკისა და ევროპის თავის მოსაწონებლად ხანდახან ამოიკნავლებს ხოლმე, რომ არ უნდა მოკვდეს. თუ არ უნდა მოკვდეს, კეთილი ინებე, აიღე ის საწერი კალამი და მოაწერე ხელი შეწყალებას და გამოუშვი.
_ ყოველივე აქედან გამომდინარე, რა როლი ეკისრება ზურაბიშვილს?
_ ზურაბიშვილის როლია, რომ შეასრულოს ივანიშვილის დავალებები… ივანიშვილი ეუბნება, დაგიქირავე? გადაგიხადე? ბოლომდე იყავი ლოიალური, მერე კისერი გიტეხია.
_ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ: გავაქვს ორი კანონპროექტი _ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“. საბოლოო ჯამში თუ გადავხედავთ, ორივე, გარკვეულწილად, მორგებულია კონკრეტულ ადამიანებზე. როგორ გესახებათ ეს კანონპროქტები და მათი განხორციელება? ასევე მაინტერესებს, როგორი იქნებოდა თქვენეული ხედვა და რა უნდა იყოს ჩადებული ძირეულ პუნქტებად იმისთვის, რომ კანონი ოყოს მოქმედი?
_ არავითარი ჩემეული ხედვა აქ საჭირო არ არის, მსოფლიო ხედვაა და გეუბნებიან, რომ დეივანიშვილიზაციაა დეოლიგარქიზაცია. დანარჩენი ყველაფერი არის დამთავრებული. ეს უნდა შეეხოს ივანიშვილს, მის ოჯახს, რომელიც დაასანქცირა ზელენსკიმ ამას წინათ. აი, ესენი არიან ოლიგარქები. დანარჩენი შეიძლება ახლა კაცს ტრილიონი ჰქონდეს ფული, მაგრამ პოლიტიკაზე არ ახდენდეს გავლენას. ფულის ქონა და სიმდიდრე არ ნიშნავს ოლიგარქობას. ოლიგარქია ნიშნავს ხელისუფლების კონტროლს ფულის საშუალებით, ამას აკეთებს ივანიშვილი.
_ ვინაიდან შევეხეთ ოლიგარქიას, ვხედავთ, რომ დასავლეთი არ ჩქარობს ივანიშვილის დასანქცირებას, იმის მიუხედავად, რომ ევროპარლამენტის მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში მკაფიოდ ჩაიწერა ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის სახელი და გვარი. როგორ ფიქრობთ, რა არის შემაფერხებელი პროცესი?
_ ივანიშვილის დასანქცირება დაწყებულია, მას გაყინული აქვს აქტივები, ტრანზაქციები, ტრასტები (ნდობითი ფუნქცია; ფულადი თანხა ან ქონება, რომელსაც მართავს მინდობილი მესაკუთრე, მეურვე, _ რედ.) უარს ამბობენ მის მომსახურებაზე; შვეიცარიის ბანკმა ოფიციალურად უარი უთხრა მილიარდ-ნახევრიანი თანხის მოცემაზე, ანუ სანქცირება ამ პიროვნების დაწყებულია. ახლა მთავარია მისი დაგვირგვინება, რომელსაც სჭირდება ვაშინგტონისა და ბრიუსელის იურიდიული გადაწყვეტილება. ამას ველოდებით დღე-დღეზე. სხვა შემთხვევაში, თუ ამერიკას და ევროპას ძალიან სიამოვნებს ლანძღვა, გინება, მხილება, იმპერიალიზმის, კოლონიალიზმის დაბრალება, საქართველოს დაპყრობის ბრალდება, სუვერენიტეტის წართმევის პასუხისმგებლობა, რასაც მას აკისრებენ, არა მგონია, მათ სადომაზოხიზმი სჭირდეთ.
_ მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც რომ შევეხოთ, უკვე ხელთ არის იმ დასკვნების დიდი ნაწილი, რომელსაც ასე ელოდებოდა დაცვის მხარე და საზოგადოება. დასკვნების მიხედვით, მისი ჯანმრთელობა იმაზე მძიმე მდგომარეობაშია დღეს, ვიდრე ვარაუდები გამოითქმებოდა. ამის ფონზე კი მაინც ისმის ხელისუფლების ურყევი პოზიცია, რომ მან სასჯელი უნდა მოიხადოს ბოლომდე და სრული სიმკაცრით. მეორე მხრივ კი ცხადია, რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში დაღუპვა სრულიად ჩამოშლის ქვეყნის იმიჯს. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რაზე მიდის ხელისუფლება სააკაშვილის საქმით?
_ ვიმეორებ: სანამ ივანიშვილს არ ჩამოვაცილებთ ძალაუფლებას და ხელისუფლებას, სააკაშვილს არ გაუშვებენ. ამ წუთის მდგომარეობით ასეა და ხვალ არ ვიცი, თუ დაეცა სოლოლაკის სასახლეს მეტეორი. სანამ არ ჩამოვაგდებთ ივანიშვილს, იმას იქიდან არ გაუშვებენ. ამიტომ იყო რომ შეყარა ის „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში, შანსი გავუშვით ხელიდან ხელისუფლების შეცვლის. ეს იყო სწორედ გამოუსწორებელი შეცდომა. არ ვამბობ არაფერს იმ მოუმზადებელ ჩამოსვლაზე, რაც მან გააკეთა.
_ და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების ჯიუტი პოზიციის გამო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, ვგულისხმობ იმ მოლოდინებს, რომელზეც ექსპერტები საუბრობენ, რა ბედი ელის საქართველოს, უფრო კონკრეტულად კი მის საერთაშორისო იმიჯს?
_ ქვეყნის იმიჯი ფეხებზე კიდია ივანიშვილს. ის ქვეყნის დასანგრევად მოვიდა. შესაბამისად, ქვეყნის იმიჯი მისთვის არის პრობლემა. მას ურჩევნია, ქვეყანას არანაირი იმიჯი არ ჰქონდეს, რომ მერე მსოფლიოს არაფერი გაუკვირდეს აქ მომხდარი.
_ და ბოლო შეკითხვა: ამ საკითხს გვერდს ვერ ავუვლით, მისი სიმწვავიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, _ ქვეყანაში ძალიან გახშირდა ფემიციდის შემთხვევები. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და ამ მიმართულებით რთულია პოლიტიკურ ჭრილში საუბარი, თუმცა რეალურად კანონის გამკაცრება და სხვა რიგი ბერკეტები არის მმართველი გუნდის ხელში. რა უნდა გაკეთდეს და რა არ კეთდება ამ საკითხის მოსაგვარებლად?
_ პოლიტიკურია, აბა, რა უბედურებაა, დღე არ გავა, რომ ქალი არ მოკლან. არ ამკაცრებს კანონს, არ ატარებს პროფილაქტიკურ მუშაობას, არ აკონტროლებს ამ მიდრეკილებაში შემჩნეულ პირებს. არ იღებს ახალ საკანონმდებლო ნორმებს. უნდა იყოს მოძალადე კაცების სპეციალური რეესტრი, რომ იქ ნებისმიერი შევიდეს და ნახოს მოძალადე კაცი, რომ ეგეთს არ დაუნათესავდეს და არ გააყოლოს ქალი. მე ვიცი კაცები, რომლებმაც ერთი ცოლი მოკლეს, მეორე მოკლეს, მერე მესამე მოკლეს ცემით და ყველამ იცის ეს სოფელშიც, ქალაქშიც, ხმას არ იღებენ და კაცად თვლიან იმას კიდევ.
_ რა ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ?
_ უნდა იყოს ქორწინების უფლების შეჩერება გარკვეული ხნით, სანამ არ გამოსწორდება, უნდა იყოს სამოქალაქო შეზღუდვები, ხელფასის აღების შეზღუდვა და ცოლმა უნდა აიღოს მისი ხელფასი და სხვა. სხვათა შორის, ეს იყო ადრე რუსეთში, ლოთი ქმრებისთვის იგონებდნენ ამ ქმედუნარიანობის შეზღუდვას ხელფასის დარგში. სახელმწიფოს მუშაობაა საჭირო, თორემ ასე გაწყვეტენ ქართველ ქალს და მერე არაბებზე დაქორწინდებიან თუ ვისზე, არ ვიცი.