„საჭიროა განეიტრალდეს ყველაზე დიდი ბოროტება ბიძინა ივანიშვილის სახით“
გიგა გელხვიიძე
2023 წლის დადგომასთან ერთად საქართველოში სულ უფრო იმატა პოლიტიკურმა დუღილმა. მთავარი საკითხი, რომელიც პირდაპირ ბმაშია საქართველოს მომავალთან და ნათლად იკვეთება ქვეყნის დასავლელი პარტნიორების განცხადებებში, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაა, რომელიც ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა. იგი კვლავაც კლინიკა „ვივამედში“ რჩება.
მისი სასამართლო პროცესები, რომელიც სასჯელის გადავადებას/გაუქმებას შეეხებოდა, რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის თავშივე იყო ცნობილი და რომლის შესაბამისადაც სააკაშვილს არ მიეცა ნება, გადაეყვანათ უცხოეთში რომელიმე მაღალკვალიფიციურ მრავალპროფილურ კლინიკაში სამკურნალოდ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოლონური მხარე მზად იყო, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე გამოეგზავნა თვითმფრინავი, რომელიც სრულყოფილად იქნებოდა აღჭურვილი და სააკაშვილის გერმანიაში გადაყვანას უზრუნველყოფდა.
სააკაშვილის საქმის პარალელურად, ქვეყანაში კიდევ უფრო გამწვავდა შიდა პოლიტიკური პროცესები და ეს ყველაზე მეტად მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიმჩნევა. გამოიკვეთა ორი დაპირისპირებული ჯგუფი, რომლის მთავარი სურვილი პარტიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება იყო. ამ პროცესების უკან იდგა ყოფილი მაღალჩინოსნების _ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილისა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის სახელები. ეს არც პარტიის ახალ ხელმძღვანელ ლევან ხაბეიშვილის გუნდს უარუყვია.
შიდა პოლიტიკური პროცესების პარალელურად, საკმაოდ დამძიმდა ქვეყნის რეპუტაცია საგარეო პოლიტიკის კუთხით: ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუცია, ევროსაბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხს უკავშირდებოდა, მედიაგარემო, რომლის მოხრჩობასაც „ოცნების“ ხელისუფლება ყოველდღიურად ცდილობს.
გაზეთმა „ქრონიკა+“-მა ამ და სხვა საკითხების შესახებ სასაუბროდ და კონკრეტული დასკვნების გამოტანის მიზნით, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ჩაწერა:
_ ბატონო შალვა, სანამ სხვა ძირითად საკითხებზე გადავიდოდე, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, მთავარ პოლიტიკურ თემაზე, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეეხება, _ გქონდათ თუ არა ამ გადაწყვეტილების მოლოდინი, რომელიც მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა?
_ მიხეილ სააკაშვილის ბედს დღეს პირადად პუტინი წყვეტს. მათ შორის მისი ყოფნა-არყოფნის საკითხსაც, არათუ ციხეში ყოფნის, იქიდან უცხოეთის საავადმყოფოში გადაყვანის და ა. შ. ამიტომ ამ საქმეში არევაძის ხსენება ზედმეტია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტი, მათ შორის, სასამართლო დამოუკიდებლობაც. არადა, საბჭოთა კავშირის დროს ქართული სასამართლო ბევრად დამოუკიდებელი იყო, ვიდრე დღეს არის.
_ თუ იხილეთ კადრები, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას ჩაერთო _ როგორი იყო თქვენი შეფასება და რეაქცია?
_ შემზარავია და რაც არანაკლებ ტრაგიკული გახლავთ, მთელ ქვეყანას უტყდება სახელი მსოფლიოში იმ ყველაფრით, რაც ხდება ახლა.
_ თუ უსმინეთ სასამართლოზე კლინიკა „ვივამედის“ დირექტორ ნინო ნადირაძის გამოკითხვას და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
_ გამიჭირდება თქმა, რადგანაც ამ საქმეში ექიმები თუ მთავარი ექიმები არაფერს წყვეტენ, არც პოზიტიური ჩვენებით, არც ნეგატიურით და არც ნეიტრალური დამოკიდებულებით. აქ ჩარეულია ძალიან დიდი კრემლისტური გეოპოლიტიკა. პუტინს სურს, სასტიკად დასაჯოს თავისი მტერი, რომელმაც ის მწარედ მოატყუა, _ ჯერ შეჰპირდა ბევრ რამეს „ვარდების რევოლუციის“ წინ, შემდეგ კი გადააგდო. მე კარგად ვიცი ეს ყველაფერი, რადგანაც რუსები თავდაპირველად ჩემთან დარბოდნენ მოლაპარაკებებზე და რომ არაფერი გამოუვიდათ, გავარდნენ იქით.
_ რას შეჰპირდა?
_ ანტიტერორისტული ცენტრის გახსნიდან დაწყებული ყველაფერს შეჰპირდა… მიშა საუბარსა და ურთიერთობაში ძალიან გულგაშლილი და გულუხვია, თუმცა მერე მიხვდა პუტინი, რომ მან გადაგდო და ახლა უნდა, სამაგალითოდ დასაჯოს, რათა პოსტსაბჭოთა სივრცეში მას მსგავსი ვერაფერი გაუბედონ.
_ რამდენიმე ხნის წინ სააკაშვილმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც ამბობდა, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, რასაც სხვადასხვა სახის კომენტარი მოჰყვა. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ განცხადებას, ვინ ჩამოიყვანა ის საქართველოში და იყო თუ არა მისი ჩამოსვლა შეცდომა?
_ ყოველთვის იყვნენ რაღაც ჯგუფები, რომლებიც იწვევდნენ სააკაშვილს საქართველოში, ეუბნებოდნენ, ჩამოდი, თორემ დაიქცა ქვეყანაო. ასევე ყოველთვის იყვნენ ჯგუფები, რომლებიც ეუბნებოდნენ, არ ჩამოხვიდე, რადგანაც არ არის მზად სიტუაციაო. ეს იყო მთლიანად მისი გადასაწყვეტი და მან გადაწყვიტა ჩამოსვლა, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. მას, როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს, უნდა გაეთვალისწინებინა, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან და რომ „ვარდების რევოლუციის“ განმეორება შეუძლებელია. მას უნდა დაეჭირა მხარი ჩემთვის ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ორჯერ შევხვდით ერთმანეთს საზღვარგარეთ და გვქონდა კონსულტაციები. მან ამაზე უარი განაცხადა და ვისაც დაუჭირა მხარი და რაც მოჰყვა ამას, კარგად ხედავთ. ის, რომ დღეს ციხეშია, ეს არის მისი გადაწყვეტილებების შედეგი.
_ რევოლუცია ახსენეთ და დღეს სწორედ რევოლუციაზე ახდენს აქცენტირებას „ნაციონალური მოძრაობა“ _ რამდენად აქვს ქართულ ოპოზიციურ სპექტრს დღევანდელი მდგომარეობით რევოლუციის მოხდენის შესაძლებლობა?
_ სამწუხაროდ და საუბედუროდ, არავითარი პარტია აღარ არსებობს საქართველოში ლეიბორისტული პარტიის გარდა, არიან ინტერეს ჯგუფები, რომლებიც იცავენ თავის ბიზნესს, ან არიან ყოფილი ძალაუფლების მქონე პირები, რომლებსაც კვლავ სურთ დაბრუნება, საკუთარი თავისთვის და აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს, ერთ მდინარეში ისინი მეორედ ვერ შევლენ. პოლიტიკური ველი უნდა გაიწმინდოს, უნდა წამოვიდეს ახალი ძალა, რომელიც პოლიტიკური პარტიისა და იდეის გამო არის გაერთიანებული, მას ჩაბარდეს ქვეყნის მართვის პაკეტი, ფაქტობრივად, ხელახლა შეიქმნას სახელმწიფო თავისი ყველა სახელისუფლებო შტოთი. მაგრამ ამისთვის საჭიროა განეიტრალდეს ყველაზე დიდი ბოროტება ბიძინა ივანიშვილის სახით. მის გასანეიტრალებლად ათეულ ათასი კაცი უნდა დადგეს რამდენიმე კვირა თბილისის ცენტრში, რასაც სჭირდება რესურსი, მაგრამ ეს რესურსი ჩვენ არ გაგვაჩნია და აქვთ მათ, ვინც ფლობს მილიონებსა და მილიარდებს, თუმცა ამისთვის არ ხარჯავენ. რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, ჩვენი ძალებით რასაც მივაღწიეთ და რაშიც არავინ გვედავება, ეს არის ის, რომ ივანიშვილი, ფაქტობრივად, სანქცირების რეჟიმშია და ახლა ეს უნდა დაგვირგვინდეს ევროპა-ამერიკის ვერდიქტით, მისი ოჯახი მოექცეს სრულად სანქციების ქვეშ და ეს იქნება ჩამოშლა და რევოლუცია ივანიშვილის რეჟიმისთვის. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ მათ არ აქვთ ფინანსური საშუალება, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტი და უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე. მანდატების დატოვება, კვორუმი რომ აღარ ექნებოდა პარლამენტს, გამოიწვევდა ვადამდელ არჩევნებს და რეჟიმის შეცვლას. საკუთარ ლიდერსაც სწირავენ სასიკვდილოდ, თავიანთი მანდატების გამო, მე ასეთი არაფერი გამიგია. ოცი წელია, პარლამენტში არ გვიშვებენ და ამის გამო თავი არ მოგვიკლავს. არ დაგვიდევს ქვეყნის ინტერესები პარტიის ინტერესების თანაბარზომიერ მოვლენად, ყოველთვის ვიღებთ მსხვერპლს. აი ახლაც, ავაკრძალვინეთ თავი, რომ არ დაგვერღვია პირობა და არ შევსულიყავით პარლამენტში, ამათ კიდევ არ უნდათ მსხვერპლის გაღება და ასე ეს ვერ მოხდება.
_ თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კიდევ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა…
_ ბოიკოტის თემა ეს არის ერთგვარი „რიჟა ბაზარი“ და კიდევ ერთხელ მოტყუება ხალხის. ხელფასები კვლავ გაიცემა, კვორუმი ჩვეულებრივ იქნება, შესაბამისად, არანაირი ცვლილების მომტანი არ იქნება ეს. ადრევეც იყო საუბარი ბოიკოტზე, რამდენიმე თვე არ დადიოდნენ და მერე შევიდნენ, მერე გამოვიდნენ და ა. შ.
140 დეპუტატია ამჟამად დარჩენილი პარლამენტში. საკმარისია, აქედან 18-მა დეპუტატმა დატოვოს მანდატი, პარლამენტს აღარ ექნება გადაწყვეტილების მიღების საშუალება. 18 დეპუტატის გასვლაა საჭირო, მეტის არა. დანარჩენი ის ელისაშვილების აგენტურა და ნარკომანები ეყარონ, არ არის პრობლემა. აღარ დარჩა 18 დეპუტატი? იქ არის ვაშაძის პარტია, იქ არის „ლელო“ და ა. შ.
_ ბოიკოტის რეჟიმში გადასვლის შემდგომ ჩვენ შევხედეთ ცალკეული დეპუტატების დამოკიდებულებას, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობიდან“, ვგულისხმობ ხატია დეკანოიძეს, რომ გააკრიტიკეს ეს გადაწყვეტილება. თქვენი შეფასებით, რატომ გამოიწვია კრიტიკა ბოიკოტმა?
_ ძალიან ვწუხვარ, მე სულ ვამაყობდი და ვამბობდი, რომ ქალი ლიდერები მაინც მაგრები გვყავს-მეთქი. როდესაც აქ ჩვენი ფანჩატური იყო, ხატიამაც და სხვა ქალმა ლიდერებმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა ახლა მაგათი მოსმენაც აღარ შეიძლება.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტში შესვლისთვის, თითქმის ყველა დეპუტატს, ივანიშვილმა გადაუხადა დიდი ფული პერსონალურად და ახლაც უხდის ყოველთვიურად. ეს ყველაფერი არის დაფიქსირებული და სწორედ ამ ფაქტების გამოტანის ეშინიათ მათ. ჩვენ კარგად ვიცით, ეს როგორც ხდება. მე მიჩნდება ამის ეჭვი და ღმერთმა ქნას, რომ მხოლოდ ეჭვი იყოს. როდესაც მათ შეშინებულ სახეებს ვხედავ და ცოცხალი თავით არ უნდათ პარლამენტიდან გამოსვლა, მარტო ხათუნა სამნიძის მოსმენა რად ღირს. იმისთვის, რომ ბერძენიშვილებმა ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღონ და ბედნიერად იცხოვრონ, რომლებსაც საქართველოსთვის მტრობის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, ხათუნა შეაგზავნეს პარლამენტში, რომ რესპუბლიკურ პარტიას რეგისტრაცია არ გაუუქმონ ბერძენიშვილებს უნდა გადააყოლონ საქართველო.
_ აქციები, რომლებიც ახლა იმართება, თუ ის მიიღებს უფრო მასშტაბურ ხასიათს და გადმოინაცვლებს დედაქალაქში, ვიხილავთ თუ არა ლეიბორისტულ პარტიას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად?
_ რაც შეეხება სხვა პარტიებთან ერთად ყოფნას, როგორც იტყვიან, მათ მტერი ენდო. როდესაც ისინი აწევენ აქციის ტემპს და რაღაც წონას შესძენენ ამ აქციას, მაშინვე დაიწყებენ ვაჭრობას ბიძინა ივანიშვილთან ფულზე და ისევე ჩაშლიან აქციებს, როგორც აქამდე ჩაშალეს, არაფერი დაიჯეროთ მათი.
_ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიური განხილვის საგანი გახდა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირების, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ისინი რუსეთ-უკრაინის ომში, ოკუპანტი ქვეყნის უპირატესობაზე საუბრობენ _ როგორია თქვენი შეფასება და რისი თქმა სურდა ამით მმართველ გუნდს?
_ ეს იმის მანიშნებელია, რომ „ქართული ოცნება“ წარმოადგენს რუსეთის მე-11 არმიას საქართველოში. ოღონდ შემოსულს არა შულავერიდან არამედ პირდაპირ მოსკოვიდან, ეს არის პუტინის არმია. ამ არმიის პოლიტხელმძღვანელია ივანიშვილი და დანარჩენი მისი მოადგილეები, ეს პათოლოგი მონები.
_ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას თუ გაეცანით, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა „ქართულმა ოცნებამ“? რას ცვლის ზურაბიშვილის კრიტიკა და რა წონა აქვს მას?
_ არ დაიჯეროთ, ოდეს მგელი მოვიდეს ცხვრის ტყავში _ არ დაიჯეროთ ივანიშვილსა და მის სხვა მონებს შორის რაიმე წინააღმდეგობაა. ეს ყველაფერი არის მოსაჩვენებლად, იმისთვის, რომ შიდა სახელისუფლებო დემოკრატიის დაპირისპირების ილუზია შექმნან. მთავარ საკითხებში ისინი არიან ერთად, ეს ერთი ბოროტების ბანდაა. თუ ასე არ არის, მაშინ მოაწეროს ხელი სააკაშვილის შეწყალებაზე ზურაბიშვილმა, თუ ასე არ არის, რატომ მოაწერა ხელი იმ კანონს, რომლითაც ლეიბორისტული პარტია აკრძალეს? თუ ასე არ არის, რატომ ასრულებს ყველაფერს, რაც დაავალეს? ამიტომ არ დაიჯეროთ, რომ მათ შორის რამე უთანხმოებაა.
_ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ, როგორ დახვდა ევროპა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ის განცხადებები, რაც ზემოთ ვახსენეთ, სწორედ ამ დღეს გაკეთდა საქართველოში „ოცნების“ მაღალჩინოსნების მიერ. პარალელურად ახლოვდება დრო, როდესაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმსჯელონ, რა გავლენები შეიძლება იქონიოს ამ ყველაფერმა?
_ არავითარი კანდიდატის სტატუსი არ იქნება. იქ, სადაც ივანიშვილი და „ოცნებაა“, პუტინისა და კრემლის ოცნებაა, არავითარი კანდიდატის სტატუსი არ იქნება არასოდეს და ესენიც რომ არ იქნებიან, იმდენი ნაგავი დაგროვდა, ამის შემდგომ კიდევ კარგა ხანი დაგვჭირდება ევროპისთვის იმის მტკიცება, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსის ღირსები ვართ.
_ რა გეგმები აქვს ლეიბორისტულ პარტიას?
_ ჩვენი გეგმები არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი დავამხოთ და ბოლომდე მივიყვანოთ მისი დასანქცირების საქმე.
_ აქციების ტალღა ნელ-ნელა მატულობს. ვინაიდან არ აპირებთ, რომ შეუერთდეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ხომ არ ვიხილავთ ლეიბორისტულ პარტიას ცალკე მოთამაშედ?
_ ჩვენ რომ გვქონდეს ფინანსები და შესაძლებლობა, აქამდე ივანიშვილი დამხობილი იქნებოდა, რა თქმა უნდა, სახალხო პროტესტის გზით. ვინაიდან ეს საშუალებები არ გაგვაჩნია, რისი შესაძლებლობაც გვაქვს, ისე ვმოქმედებთ და ეს არის სანქციების გზით რეჟიმის დამხობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვისაც აქვს ამის საშუალება, გაიმეტოს თითო-თითო მილიონი და ერთ კვირაში დავამთავრებთ „ოცნებას“. თავადვე შექმნან საორგანიზაციო ჯგუფი, რომ მოხდეს ამ თანხების განკარგვა, რათა ათეულ ათასმა კაცმა გაძლოს გარეთ და არ გაიყინოს, ერთი კვირა მაინც იყოს შესაძლებელი ეს. „ნაცმოძრაობას“ მარტო 15 მილიონერი ჰყავს ჩაწერილი პარტიულ სიაში და როგორ უნდათ, აბა, არც ფულის გაღება უნდათ, არც პარლამენტის დატოვება, არც ის უნდათ და არც ეს, ასე არაფერი გამოდის.
_ მილიონერები ახსენეთ და ბოლო პერიოდში სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით ფიგურირებდა ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის სახელი და გვარი, ასევე ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის პერსონა იყო აქტიური განხილვის საგანი. დღეს უკვე საუბრობენ იმაზე, რომ სწორედ ეს ადამიანები მართავენ „ნაციონალურ მოძრაობას“.
_ ეს ყველაფერი არის გაბუქებული, ეს არის ყველაფერი შიდა წინააღმდეგობები, ენმ-მ დაასრულა თავისი ისტორიული მოღვაწეობისთვის გამოყოფილი ვადა და ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო. ობიექტურ-ლოგიკურ ჯაჭვში გადის ყველაფერი, ის არასოდეს მოვა ხელისუფლებაში, პოლიტიკაში, უბრალოდ, გარკვეული სეგმენტით იქნებიან წარმოდგენილები. შესაძლებელია, სახელიც კი შეიცვალონ იმიტომ, რომ გარკვეული წარსულის ლაქები ჩამოირეცხონ. არ იქნებოდა მერაბიშვილი, იქნებოდა პავლიაშვილი, რომელიც პროცესებს გააღვივებდა და დააჩქარებდა.
_ რამდენიმე დღის წინ ცვლილებები შევიდა საარჩევნო სისტემაში. თუ მიადევნეთ თვალყური და როგორ შეაფასებთ მას?
_ ეს არის ცვლილება ივანიშვილის მარადისობაზე, რაც არის ფანტაზია და ესეც მალე დასრულდება, რადგანაც მათაც ამოწურეს თავიანთი მორალური ზღვარი პოლიტიკაში ყოფნის. ისინიც მალე დაასრულებენ და თანაც დაასრულებენ საბრალდებო სკამზე, რომელიც მათთვის უკვე გამზადებულია. დიდად აღარ ვადევნებ თვალყურს ამ ყველაფერს, რადგანაც ერთი რამ ვიცი, რომ ლეიბორისტული პარტია აკრძალულია, წაგვართვეს კომისიის წევრები, წაგვართვეს რეკლამის უფლება და მცირე დაფინანსებაც კი. რამდენადაც ვიცი, შევიდა ცვლილება ელექტრონული არჩევნების ჩატარების შესახებ. სწორედ ეს უნდათ მათ, დააყენებენ ჰაკერების ჯგუფს და უარესად გააყალბებენ, ვიდრე ეს დაბეჭდილი ბიულეტენების შემთხვევაში ხდებოდა.
_ ბოლო კითხვას დაგისვამთ: როგორ გესახებათ საქართველოს უახლოესი მომავალი ამ გადმოსახედიდან?
_ დიდებულად, საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება.