სერგო ჩიხლაძე: „ძალიან მძიმე მდგომარეობაა, სააკაშვილის ორგანიზმს რესურსი აღარ დარჩა“
თამარ სანაძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, სასამართლო პროცესები კი ისევ ჭიანურდება. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მესამე პრეზიდენტთან მიმართებით კვლავ ირონიულია. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს. ამ განცხადებების კვალდაკვალ ქვეყნდება დასკვნები, საიდანაც დასტურდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა.
საერთაშორისო პარტნიორები, ევროპარლამენტარები, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას და მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ მისცენ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ შესაბამისი პროფილისა და გამოცდილების კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, რაფაელ გლუკსმანმა, განაცხადა, რომ „დღეს სააკაშვილის სიცოცხლე ძაფზე კიდია და ეს ძაფი ევროპაზე გადის“. მან აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი მომავალ კვირაში აპირებს მობილიზდეს იმისთვის, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ევროპულ საავადმყოფოში გადაიყვანოს.
„ვაპირებთ მობილიზებას სტრასბურგის პარლამენტში მთელი მომავალი კვირის განმავლობაში, რათა სააკაშვილი ევროპულ საავადმყოფოში გადაიყვანონ. ჩვენმა ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან ხვალ პრეზიდენტის სიჩუმეში სიკვდილი, ვის მოსმენაზეც უარი ჯიუტად თქვეს.
დღეს ამერიკელი მეცნიერების ცნობით, რომლებმაც მისი თმა და ფრჩხილები შეამოწმეს, მიშა მოწამლულია დარიშხანითა და ვერცხლისწყლით. დღეს მისი სიცოცხლე ძაფზე კიდია და ეს ძაფი ევროპაზე გადის. ჩვენს ლიდერებს აქვთ მისი გადარჩენის შესაძლებლობები. საქართველოს მთავრობა, რომელიც თუნდაც გარეგნულად ჩანს, რომ ინარჩუნებს გაწონასწორებულ პოზიციას (პათეთიკურია) ბრიუსელსა და მოსკოვს შორის, ვერ გაუძლებს ძლიერ და კოორდინებულ ევროპულ წნეხს“, _ განაცხადა ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა.
მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მესამე პრეზიდენტის ფაქტორზე საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხში, ასევე ოპოზიციის გეგმებზე სააკაშვილთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ვრცლად ესაუბრა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ სერგო ჩიხლაძეს:
_ ბატონო სერგო, ყველა ძალიან კარგად ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებას. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს გავითვალისწინებთ, როგორია თქვენი მოლოდინი, წავლენ ისინი რამე სახის დათმობაზე სააკაშვილთან მიმართებით? მისცემენ მას უცხოეთში მკურნალობის საშუალებას?
_ ამ რუსული ოლიგარქიის პირობებში, ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება. რა თქმა უნდა, იმის ილუზია არ მაქვს, რომ ივანიშვილში რაღაც ადამიანური სიბრალული, სამართლიანობის გრძნობა ან სინდისის ქენჯნა გაიღვიძებს, ამის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ იმ მრავალტომიან ათასობით გვერდიდან დასკვნებს გაითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე იქნება ძალიან დიდი წნეხის ქვეშ. ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს, ის არის, რომ მოსამართლემ შეიძლება გამოიჩინოს კეთილსინდისიერება და დაფიქრდეს, როგორ შევა ისტორიაში: როგორც პრორუსი ოლიგარქის გამთეთრებელი და მისი ნება-სურვილის შემსრულებელი, თუ სამართლიანი და ისტორიული გადაწყვეტილების მიმღები პირი. მხოლოდ მოსამართლის ადამიანური ღირსებისა და კეთილსინდისიერების იმედზე შეიძლება ვიყოთ, თორემ სისტემა რომ არ გაუშვებს და სასამართლოზე წნეხი იქნება, დარწმუნებული ვარ. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოკლე ვადაში მოხდეს ეს. ვიცნობ იმ დასკვნებს, ექსპერტულსაც, ადგილობრივსაც, უცხოურსაც, მათ შორის, კომუნიკაცია მაქვს ექიმებთან, ასევე სხვადასხვა ადამიანთან, რომლებიც შედიან და მესამე პრეზიდენტს ნახულობენ. ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ჯანმრთელობის რესურსი ორგანიზმს აღარ დარჩა. დრო არ გვაქვს, რომ ეს პროცესები უსასრულოდ გადაიდოს და უვადოდ გაიწელოს. ამიტომ პროცესები უახლოეს კვირებში უნდა დასრულდეს და უნდა დამთავრდეს სამართლიანი და ადამიანის სიცოცხლის შემანარჩუნებელი გადაწყვეტილებით.
_ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს თუ გადავხედავთ, ისინი ძალიან მწვავედ აფასებენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს. თითოეული მათგანი ხაზს უსვამს, რომ ეს ვითარება აზიანებს საქართველოს ევროპულ გზას. რამდენად უნდა გვქონდეს მათი მხარდაჭერის იმედი ისევ და შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოსთან მიმართებით გადაიხედოს გარკვეული სახის მიდგომები?
_ აბსოლუტურად გეთანხმებით, _ გარდა იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზეა საუბარი და მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი მესამე პრეზიდენტია, პოლიტიკურად, პრაგმატულადაც და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხითაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ყველა განცხადება, ყველა ანგარიში, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ევროკავშირის მხრიდან ჟღერდება, ყველა პუნქტი ეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, მის გადაყვანას სამკურნალო დაწესებულებებში საზღვარგარეთ, სადაც ამის კომპეტენციაა. თქვენ იცით „ალდეს“ ბოლო რეზოლუცია, რომლის ინიციატორებიც ვიყავით ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“. იქაც ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი მიხეილ სააკაშვილის საკითხი და კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რომ ზუსტად „ალდეს“ ამ რეზოლუციაში არის მოწოდება საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომ მან დაუყოვნებლივ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, რადგან სასამართლოზე უფრო სწრაფი გზა ეს შეწყალება იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა და დაგვანახოს, _ ის არის ივანიშვილის მიერ მართული თოჯინა თუ მას მართლა აქვს კიდევ უნარი, რომ დამოუკიდებლად მიიღოს ქვეყნის სასარგებლო გადაწყვეტილება. არა მარტო ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, არამედ ევროპული ინტეგრაციის გზაზე თავისი წვლილი შეიტანოს. ყველა რეზოლუციაში, მათ შორის, ამ 12 რეკომენდაციაში ნახსენებია პოლიტიზებული მართლმსაჯულების დასრულება. ცალკე არის ნახსენები სააკაშვილისა და გვარამიას საქმეები. სხვა პოლიტიზებულ საქმეებზეც იყო საუბარი: ეს არის მედიის პოლიტიზება და ა. შ., მაგრამ ძირითადი საქმეები, რომელზედაც ყველა შეჯერებულია და კონსენსუსია, არის სააკაშვილისა და გვარამიას საქმეები. ამიტომ ქალბატონ პრეზიდენტს მოვუწოდებ, რომ ნუ აყოვნებს, ნუ იქნება მართული ოლიგარქის მიერ და გადადგას ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის სასარგებლო ნაბიჯი.
_ ვისაუბრეთ სალომე ზურაბიშვილის როლზე ამ საკითხში, _ პრეზიდენტი ევროპულ გამოცემებთან აცხადებს, რომ არ სურს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს, თუმცა ვერანაირ ქმედებას ვერ ვხედავთ მისგან. როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება მიიყვანოს სალომე ზურაბიშვილი იმ კონდიციამდე, რომ ხელი მოაწეროს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას?
_ ვფიქრობ, რომ ეს კონდიცია წესით უნდა დამდგარიყო, რადგან არსებობს ყველანაირი დასკვნა, მტკიცებულება, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელია. მეორე, არსებობს ევროკავშირის ყველა სტრუქტურის, ევროპარლამეტარების არაერთგზის რეზოლუცია ამ საკითხთან დაკავშირებით და არსებობს ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური წარმომადგელებისა და სტრუქტურების მოწოდებები ამისთან შესახებ, ამიტომ სხვა არ ვიცი, რა მტკიცებულება, რა მოცემულობა უნდა იყოს, რომ ქალბატონი პრეზიდენტი დარწმუნდეს ამ ნაბიჯის გადადგმაში.
ყველა ეს ბერკეტი, მტკიცებულება არსებობს, ამიტომ ქალბატონ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს ორი გზა: დარჩეს ბიძინა ივანიშვილის მართულ თოჯინად, რომელიც 2018 წელს გააპრეზიდენტა, მაგრამ ქალბატონ პრეზიდენტს აქვს შანსი, რომ გაანეიტრალოს ის მწარე გამოცდილება და საქართველოს ისტორიაში შევიდეს როგორც დადებითი პიროვნება. თუ არადა, ის გააგრძელებს იმ თამაშში მონაწილეობას, რომელშიც ჩართო ივანიშვილმა 2018 წელს და ისტორიაში შევა პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დანიშნეს პრეზიდენტად არჩევნების დროს და რომელმაც ბოლომდე ითამაშა ივანიშვილისთვის სასარგებლო თოჯინის როლი. აი, ეს ორი არჩევანი აქვს. ის რაღაც ხანდახან, თვეში ორჯერ გაკეთებული სწორი გაცხადება არაფერში წერია, _ მსგავსს განცხადებებს მედიასაშუალებებით ექსპერტები დღეში 100-ჯერ აკეთებენ. ამიტომ ეს მისთვის პლუსი ვერ იქნება.
_ გუშინ გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის აგვისტოში გადაღებული ფოტო. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია. როგორ შეაფასებთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას? თქვენ აღნიშნეთ, რომ გაეცანით მის დიაგნოზებს. რა შედეგამდე შეიძლება მივიდეთ თუ არაფერი შეიცვალა და არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით?
_ პირველ რიგში, ფოტოს რაც შეეხება, ეს არის სამ-ნახევარი თვის წინათ გადაღებული ფოტო, ინფორმაციულად ეს არაფერს იძლევა, იმიტომ რომ დღეს აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაა. ახლა ეს ფოტო ისეთივე ინფორმატიულია, როგორც 6 თვის წინანდელი ან 7 თვის წინანდელი ფოტო დაიდოს. ეს ვერანაირ მტკიცებულებად ვერ გამოდგება, გარდა იმისა, რომ უკვე სამთვე-ნახევრი წინაც კი ჩანს, რომ საკმაოდ დაკლებულია წონაში. აქ გავამახვილებ ყურადღებას, რომ ხშირად სხვადასხვა მედიასაშუალებით, ტელევიზიებით, სხვადასხვა თოქშოუს ეთერებიდან აქცენტი კეთდება მხოლოდ წონის კლებაზე. დიახ, 40 კილოგრამის დაკლება ძალიან ჩქარი ტემპით საგანგაშოა, მაგრამ წონის კლების გარდა არის კიდევ უფრო მძიმე დიაგნოზები, სიმპტომები და სინდრომები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება და ამიტომ აპელირება მხოლოდ წონის კლებაზე არ იქნება ადეკვატური, აქ არის საუბარი ძალიან მძიმე ნეიროპათიაზე, შინაგანი ორგანოების დაზიანებასა და ა. შ., რომელიც უფრო მნიშვნელოვანი და სახიფათოა, ვიდრე თუნდაც წონის კლება. წონის კლება შეიძლება ამ ძირითადი დაავადებების გამო იყოს და არა პირიქით. ამიტომ ზუსტად ამ წონის კლებაზე აპელირება „ქართული ოცნების“ წევრებს საშუალებას აძლევს, რომ საზოგადოებას დაავიწყონ 20-მდე სხვადასხვა დაავადება, რომელიც ოფიციალურ დასკვნაშია და აპელირება გააკეთონ მხოლოდ წონის კლებაზე.
ჩემი თხოვნა იქნება, მხოლოდ წონის კლებაზე აპელირება, ასევე ამის პირველ ადგილზე დაყენება არ იქნება სამედიცინო თვალსაზრისით სრული სურათის მომცემი.
რაც შეეხება დასკვნებს, ისინი არის ძალიან შემაშფოთებელი, საგანგაშო. მესამე პრეზიდენტი არის ჩვეულებრივი ადამიანი, მის ორგანიზმს აქვს რესურსი და ეს რესურსი, სამწუხაროდ, აღარ რჩება. ამიტომ ვამბობ, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სწრაფად მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. თვეები ასე ვერ გაგრძელდება, რადგან პროცესი შეიძლება დასრულდეს ლეტალური შედეგით ან ისეთი გამოუსწორებელი შეცდომით, რომ ადამიანი დარჩება მუდმივად ქმედუუნარო, რაც არ უნდა მკურნალობა და რეაბილიტაცია უტარონ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ მხრივ ყველაზე ეფექტიანი იქნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების გამოყენება.
_ რამდენიმე დღის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იყო ოპოზიციური პარტიების შეხვედრა. მათ შორის გახლდათ „სტრატეგია აღმაშენებელი“. თუ გაქვთ რამე სახის ინფორმაცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რასაც მოსახლეობა ელოდება რეალურად, რა ნაბიჯებს დგამს ოპოზიცია?
_ ოპოზიციის სამოქმედო გეგმები, რაც „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროასა“ და „გირჩი _ მეტი თავისუფლებას“ გვაქვს დღის წესრიგში, ეს არის დიდი ერთობის, კონსოლიდირებული ძალის შექმნა. ამაზე ვმუშაობთ. ეს ყველაფერი პროცესშია. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, კონსულტაცია გვქონდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებობს საკითხები, რომლის გარშემოც შესაძლებელია ერთიანობა, ერთიანი ძალის ჩვენება ხელისუფლებისთვის. ერთ-ერთი ასეთი საკითხია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების შენარჩუნება. შევთანხმდით, რომ ვიქნებით ყოველდღიურ კოორდინაციაში, მუდმივად დავაკვირდებით მოვლენებს. გარკვეული სურათი, ჩანაფიქრი არსებობს. რა თქმა უნდა, წინასწარ არ გავაჟღერებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ სცენარზე, როგორ წავა სასამართლო პროცესები. თუ დავინახეთ, რომ
სასამართლო კიდევ გადაიდო ერთი კვირით, ორი კვირით, თუ დავინახეთ, რომ წელავენ პროცესებს, ახალი წლის გადაგორება უნდათ, იანვარში ერთი პროცესი ჩანიშნონ, მერე ისევ გადაწიონ, თუ ამ სტრატეგიით წავა ხელისუფლება და სასამართლო, ესეც იქნება გარკვეულწილად განაჩენის გამოტანა „ქართული ოცნების“ მხრიდან და ამიტომ შესაბამისად ვიქმედებთ. ზოგადად, სააკაშვილის საკითხის გარეშეც ეს ქვეყანა არის გამოსახსნელი, გადასარჩენი და აქ გვმართებს დიდი ერთიანობა. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. უნდა გამოვიხსნათ ეს ქვეყანა პრორუსული რეჟიმისგან და პრორუსი ოლიგარქისგან.
_ დაბოლოს, შევეხოთ „ქართული ოცნების“ ბოლო დროის რიტორიკას უკრაინასთან მიმართებით, ასევე ღია და მკაფიო დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. ყველამ მოვისმინეთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავი აარიდეს კითხვას, არის თუ არა რუსეთი მტერი. ასევე „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც უარს აცხადებდა უკრაინის დასახმარებლად გენერატორების გაგზავნაზე და ამბობდა, რომ ქვეყანაში არ გვაქვს მათი მარაგიო, მოულოდნელად თქვა, რომ გენერატორებს შეიძენენ და გაგზავნიან. რას ნიშნავს მათი ეს ქმედებები, როგორ შეაფასებთ ჩვენი ხელისუფლების ამ არათანმიმდევრულ ნაბიჯებს?
_ ეს არის თვითლუსტრირება იმისა, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს მართავს პრორუსული ხელისუფლება, კრემლის დესანტი საქართველოში, ეს არის „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ისინი წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ ორსახოვნება შეენარჩუნებინათ. ეჭვები ყოველთვის იყო, მაგრამ ამ წლის 24 თებერვლის შემდეგ მათ აირჩიეს რუსეთის მხარე.
იმ ხნის შემდეგ ისინი აკეთებენ პრორუსულ, ანტიქართულ განცხადებებს, ამიტომ ვინც ჯერ კიდევ დარწმუნებული არ არის, მათაც უნდა შეიგნონ, რომ საქმე გვაქვს პრორუსულ, კოლაბორაციონისტ რეჟიმთან „ქართული ოცნების“ სახით. თუ ამ რეალობას მივიღებთ, ყველაფერი თავის ადგილზე ჯდება, _ თუ რატომ აკეთებენ ისინი ამა თუ იმ განცხადებებს, რატომ არიან ანტიუკრაინულად, ანტიევროპულად განწყობილები, რატომ არიან ანტიამერიკულად განწყობილები, რატომ ლანძღავენ პარტნიორებს, ელჩებს, რატომ არ დგამენ არც ერთ ნაბიჯს 12 პუნქტის შესასრულებლად, რატომ კლავენ მიხეილ სააკაშვილს, რატომ აპატიმრებენ ნიკა გვარამიას და ა. შ. ასე რომ, პრორუსული, კრემლის დანიშნული კოლაბორაციული რეჟიმი, „ქართული ოცნება“, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე, პოლიტიკურ არქივში უნდა ჩავწეროთ მათი სახელი. მეტსაც გეტყვით: დარწმუნებული ვარ, რომ ჩუმად, არასაჯაროდ და თავიანთი კრემლის კურატორების საშუალებით რუსეთში, კრემლში, ФСБ-ს ლიდერებთან და პუტინთან დაახლოებულ პირებთან ერთად სამძიმრის წერილებსაც კი გზავნიან, როცა რუსეთის რომელიმე ბატალიონი ან დივიზია ნადგურდება ხოლმე. ისინი პირდაპირ ხაზზე იმყოფებიან კრემლთან, რასაც ადასტურებს მათი ქმედებები, ფაილები, იგივე სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის ფაილები და ასევე ამას ადასტურებს ის შედეგები, რომელსაც „ქართული ოცნება“ დებს, ჩანაწერები, რომელსაც ვისმენთ ბიძინა ივანიშვილთან და კრემლთან ახლოს მყოფ პირებთან დაკავშირებით.