გია ხუხაშვილი: „სამოქალაქო საზოგადოება ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა“
ნენე ინჯგია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და აქტიურ საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება. ამის შესახებ 31 იანვარს ბრიფინგზე განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის შესახებ პარტიის შიგნით იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
„ჩვენი პარტია და ქვეყანა არის უმძიმესი რეალობისა და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპყრობილეშია დატყვევებული რეჟიმის მიერ. საერთაშორისო საზოგადოება ჩამოყალიბებულია, რომ მისი საპყრობილეში ყოფნა არის რეჟიმისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება. ამიტომ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება რეჟიმის საჯარო მხილება. თუ როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს, სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, _ განაცხადა დეკანოიძემ.
რამდენად სწორი იყო პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება? როგორ აისახება აღნიშნული ნაბიჯი მთავარი ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველზე? არის თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილი?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:
_ ბატონო გია, 31 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი შეწყვიტა და აქტიურ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორ შეაფასებთ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის ამ გადაწყვეტილებას? ტაქტიკურად რამდენად სწორი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯი ამ სიტუაციაში?
_ პოლიტიკაში თანმიმდევრულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორი გადაწყვეტილებების მიღება არ არის ადვილი და ხშირად ძალიან ბევრი თემა საკამათოა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ იგრძნობა, რომ იქ არის ორი ძირითადი ფრთა: ქორების ფრთა, რომელიც რადიკალური, სწრაფი მოქმედებების მომხრეა და მეორე, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო ითვალისწინებს შექმნილ რეალობას, არ სჯერა სწრაფი შედეგის და უფრო ცდილობს, რომ სტრატეგიული გეგმის ფორმირებას შეუწყოს ხელი, უფრო აკადემიური, პოლიტიკური მეთოდებით იმოქმედოს. ეს დაპირისპირება მუდმივად იგრძნობა და დღესაც არის. როდესაც ომში ხარ (და პრინციპში, პოლიტიკა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში არის ომის ერთ-ერთი ნაირსახეობა), იქ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენო შედეგის მისაღწევად. საპარლამენტო ტრიბუნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური შედეგი მიიღო. წარმოიდგინეთ, ომში პრინციპული მოსაზრებებით უარი რომ ვთქვათ ტანკებზე და განვაცხადოთ, მხოლოდ თოფით ვიბრძოლებთო. ეს ხომ არ იქნება ადეკვატური საქციელი? ასეთი მოცემულობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ვემხრობი, რომ ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული იმისთვის, რათა სისტემური მოქმედებები შეძლოს პარტიამ, თუმცა არ მომწონს არათანმიმდევრულობა, როდესაც ხშირად იცვლება მოქმედების ტაქტიკა იმის მიხედვით, თუ რა ეტაპზე გაიტანს თავისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრთა. ეს არასტაბილურობა და შიდაპარტიული კრიზისი, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვაკვირდებით.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არათანმიმდევრულობა არ მოგწონთ. კონკრეტულად რაზე და როგორ აისახება პარტიის მხრიდან არათანმიმდევრული ნაბიჯები? მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა, ამ ამბავს სოციალურ ქსელში თავად ენმ-ს ამომრჩევლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ნაწილი აკრიტიკებდა, ნაწილს კი მოსწონდა ეს გადაწყვეტილება. ამომრჩევლის ნდობის ხარისხზე ეს უარყოფითად იმოქმედებს?
_ რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიაში გარკვეული კრიზისია, მაგრამ პარტიის ხელმძღვანელობა იმისთვის არსებობს, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები და თავის ამომრჩეველს აუხსნას, თუ რატომ იღებენ ამ გადაწყვეტილებებს, რათა ასეთი გაუგებრობები არ იყოს. ეს ახსნა შესაძლებელია. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ სწრაფი შედეგი უნდა ყველას, მაგრამ, მეორე მხრივ, რეალობაც გასათვალისწინებელია, _ არსებულ ვითარებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სწრაფი შედეგის დადგომის პოტენციალი, ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა.
_ რამდენადაც ინფორმაცია ვრცელდება, მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო დისტანცირდება პარტიის შიდა დისკუსიებიდან და ნაკლები გავლენა აქვს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე. ის ფაქტორი, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე მეოთხე თვეა ციხეში ზის, გამოიწვევს თუ არა მისი გავლენების შემცირებას?
_ თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ეს გარდაუვალია, რადგან პოლიტიკა მაინც რაციონალური მოღვაწეობის სფეროა. გასაგებია, რომ ერთი ადამიანის ბედის ირგვლივ პოლიტიკური პროცესის წარმართვა, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს ადამიანი (და სააკაშვილი უდავოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა), არ არის სერიოზული პერსპექტივის მქონე. ამ პოლიტიკური ეგოცენტრისტული დამოკიდებულებით ხშირად სარგებლობს ხელისუფალი, ამიტომ შედეგის მისაღებად, მით უმეტეს სწრაფი შედეგის მისაღებად, საჭიროა საზოგადოების უმრავლესობის კონსოლიდაცია. ჩვენი საზოგადოება დღეს სამ ნაწილადაა დაყოფილი. ორპოლუსიან პრიზმაში განვიხილავთ ყველაფერს: ერთი ნაწილია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აღიარებს, როგორც ალტერნატიულ ლიდერს. არის მეორე ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს, რადგან ის დამნაშავედ მიაჩნია. ყველაზე დიდი ნაწილია, რომელიც საბოლოო პოლიტიკურ ლანდშაფტს განსაზღვრავს ქვეყანაში. სწორედ ეს ნაწილია მოყოლილი პროპაგანდისა და კონტრპროპაგანდის წნეხის ქვეშ. პროპაგანდა, ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ სააკაშვილი არის მონსტრი, კაციჭამია და ქუჩებში დარბოდა, თავს აცლიდა ხალხს; არის კონტრპროპაგანდა, რომელიც ამტკიცებს, რომ სააკაშვილი არის ფრთიანი ანგელოზი. ეს ყველაზე დიდი სეგმენტი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესს, დაინტერესებულია საჯარო, გამჭვირვალე მართლმსაჯულებით, რომ გაერკვეს, საბოლოოდ, ვინ არის სააკაშვილი. მას აინტერესებს ეს თემა. თვითონ მოთხოვნა სააკაშვილის უპირობო განთავისუფლებისა, ამ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, მცდარი პოლიტიკური გზავნილია, რადგან ის შედეგით არ მთავრდება და არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ საზოგადოების ეს მნიშვნელოვანი ნაწილი მიიმხროს. რომც განთავისუფლდეს სააკაშვილი უპირობოდ, შედეგი რომც დადგეს, ეს იქნება ერთგვარი „პიროსის გამარჯვება“, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ხალხის მომხრობას, ანუ საზოგადოების სრულად კონსოლიდაციას. ამიტომ მოთხოვნა ის კი არ უნდა იყოს, რომ უპირობოდ განთავისუფლდეს, არამედ მოთხოვნა უნდა იყოს მის მიმართ სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა და თუ სააკაშვილი და მისი მომხრეები დარწმუნებულები არიან მის უდანაშაულობაში, ამ მიმართულებით უნდა მუშაობდნენ, რომ ჩამოირეცხოს ეს პოტენციური კომპრომატი მის მიმართ. მის გამო ეს თემა რჩება ჰაერში გამოკიდებული, ანუ მართლმსაჯულებაზე საერთოდ არ არის საუბარი. გასაგებია, რომ მურუსიძის სასამართლოს არ ვენდობით, მაგრამ შესაძლებელია იმგვარი მექანიზმის მოთხოვნა საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე, რომელიც მაქსიმალურად გააკონტროლებს მართლმსაჯულებას მის მიმართ, რომ პოლიტიკური მოტივები მთლიანად გამოირიცხოს. ეს არის უფრო პერსპექტიული გეგმა. რა თქმა უნდა, უფრო რთულია და რუტინულად რთული სამუშაოა, მაგრამ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს. დავუშვათ, ხვალ გამოუშვეს მიხეილ სააკაშვილი ან უცხოეთში გაუშვეს, ამით რა შეიცვლება? _ პოლიტიკური თვალსაზრისით, არაფერი შეიცვლება, პირიქით, შეიძლება, კიდევ უფრო დაზიანდეს „ნაციონალური მოძრაობა“. ასე რომ, სრულიად ვეთანხმები იმ კონცეფციას, რომელიც შედარებით ზომიერ ფრთას აქვს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს ფრთა ცდილობს, რომ არათუ ილუზიებით აცხოვროს ხალხი და ზეიმედი შექმნას, რომელიც შემდეგ დიდი იმედგაცრუებით მთავრდება და ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს, არამედ აწარმოოს პრაქტიკული, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა და იმოძრაოს ამ სტრატეგიის ფარგლებში.
_ პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილად შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უნდა?
_ საერთოდ, პოლიტიკური ოპოზიცია საქართველოში პრიორიტეტებს ვერ ალაგებს. საგამოძიებო კომისია პოლიტიკური პროცესის წარმართვის სერიოზული ინსტრუმენტია, ხშირ შემთხვევაში არასწორი პრიორიტეტებია ამ მიმართულებით დაყენებული. „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან, საბოლოო ჯამში, შესაბამისი დადგენილება მაინც პარლამენტის სხდომაზე მიიღება, სადაც მათ უმრავლესობა აქვთ და რაც არ უნდა დაწეროს ამ კომისიამ, შეუძლიათ არ მიიღონ. სააკაშვილის შესახებ კი მათ აქვთ ერთგვარი მატრიცა, ნარატივი შექმნილი, თუ რა პასუხები უნდა გასცენ ნებისმიერ ბრალდებაზე მის მიმართ. ამით, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება სააკაშვილის პირადი ამოცანა, რომ მისი თემა იყოს პრიორიტეტული და მუდმივად მოვლენების ცენტრში. მისი პირადი, ამბიციური ამოცანა შესრულებული იქნება, მაგრამ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით და საზოგადოების კონსოლიდაციის კუთხით _ არაფრის მომტანი. ჩვეულებრივი პინგ-პონგი იქნება: ესენი რაღაცას იტყვიან, ისინიც რაღაცას უპასუხებენ და პროპაგანდა-კონტრპროპაგანდის დაპირისპირების ფარგლებში დავრჩებით, მაშინ, როდესაც ამ პარლამენტს შეეძლო შეექმნა საგამოძიებო კომისიები ისეთ თემებზე, სადაც საზოგადოების სრული მობილიზება იყო შესაძლებელი, რაც არცერთხელ არ გამოიყენა. გაგახსენებთ, თუნდაც, ტოტალური მოსმენების საკითხს, _ ეს არის თემები, რაზედაც ხელისუფლებას მაინცდამაინც პასუხები არ აქვს. ამ თემების ირგვლივ შეიძლებოდა კონსოლიდაცია იმ ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტორატის, რომელზედაც გესაუბრეთ და რომელსაც არ აწყობს არჩევანი მიშასა და ბიძინას შორის, შესაბამისად, მომავლის არჩევანს ეძებს. მოსმენების თემაზე საგამოძიებო კომისია ბევრად უფრო ეფექტიანი იქნებოდა და ხელისუფლებისთვის ბევრად უფრო არაკომფორტული. გარდა ამისა, ბევრად უფრო სერიოზული შედეგის დადება შეიძლებოდა და სრულიად საზოგადოების მობილიზაცია გახდებოდა შესაძლებელი, ეს მიშისტები იქნებოდნენ, თუ არამიშისტები.
_ ჩნდება ლოგიკური კითხვა: შესაბამის დროს რატომ არ გამოიყენა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა? რით შეიძლება აიხსნას მათი პასიურობა?
_ ყველაფერი მეტყველებს ოპოზიციის მინიმუმ არაკვალიფიციურობაზე. მათ იმდენად აქვთ კომუნიკაცია ხალხთან დაკარგული, რომ საერთოდ არც აინტერესებთ, რა პრობლემებით ცხოვრობს ხალხი, რა პრიორიტეტები აქვს. პანდემიის მართვასთან დაკავშრებით შეეძლოთ შეექმნათ საგამოძიებო კომისია, რადგან ბევრი დანაშაულებრივი შეცდომა იყო ამ პერიოდში დაშვებული, ასევე ნებისმიერი ანტიკორუფციული თემა უნდა წამოეწიათ, იყო რამდენიმე მსხვილი თემა გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდაო, თუმცა კომისია არც შეუქმნიათ, რომ მცდელობა ყოფილიყო სისტემური მტკიცებულებების პაკეტის დადების. როდესაც გაყალბებულ არჩევნებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ არჩევნების დღეს მამაძაღლობას არ გვულისხმობთ, არამედ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და ა. შ. უამრავი ფაქტის ამოგდება შეიძლებოდა. ეს გახლდათ ის თემები, რაზედაც არა მხოლოდ მიშისტების, არამედ მთლიანად საზოგადოების კონსოლიდაცია იყო შესაძლებელი, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მომხრეებიც კი უხერხულობას იგრძნობდნენ. თუ კომისია კვალიფიციურად იმუშავებდა, „გაპრავების“ თვალსაზრისით უხერხულობის ფაქტორი შეექმნებოდათ, მაგრამ ყველა ეს თემა უკანა პლანზე გადავიდა და წინა პლანზე წამოვიდა თემა, რომელიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, _ არ ვამბობ, სააკაშვილი უმნიშვნელოა-მეთქი, მაგრამ ეს არ არის მთავარი პრიორიტეტი არა „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატისთვის, რომლის მოზიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ეს არის ოპოზიციის ფუნდამენტური შეცდომა, როდესაც ის შევიდა ამ თამაშში და, გარკვეულწილად, კომფორტი შეუქმნა ხელისუფლებას, რადგან მმართველ გუნდს ურჩევნია, მიშაზე ისაუბროს, ვიდრე ილაპარაკოს პანდემიაზე, ჰიპერინფლაციაზე, უზარმაზარ სოციალურ პრობლემებზე საზოგადოებაში, გაყალბებულ არჩევნებზე, მოსმენებზე. მიშაზე ზუსტად იციან, რა ილაპარაკონ, რადგან ეს თემა დამუშავებული აქვთ. რომ დააკვირდეთ „ქართული ოცნების“ ლიდერების ჰედლაინებს, მხოლოდ მიშას თემაზე საუბრობენ, რადგან იციან საზოგადოების განწყობები და ისიც იციან, რომ ამით არაფერს დაკარგავენ და ცდილობენ, იმაზე კი არ ილაპარაკონ, რომ სახელმწიფოებრივი პრობლემები აქვთ გადასაწყვეტი, რასაც არ წყვეტენ, არამედ ილაპარაკონ იმაზე, რომ კი, შეიძლება, მე ცუდი ვარ, მაგრამ ის ჩემზე უარესია. ვიმეორებ: ეს მატრიცა მათ უკვე დიდი ხანია, შექმნილი აქვთ, ალგორითმი დაწერილია და პილიკოკივით ერთსა და იმავეს იმეორებენ.
_ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2 თებერვალს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 4 თანამშრომელი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობა. დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ მის უწყებაში კორუფცია მოისპოს. დაჭერების სერიის დასაწყისი შესაძლებელია თუ არა გუნდის შიდა დაპირისპირების კონტექსტში განვიხილოთ?
_ ბევრი ვერსია შეიძლება ვთქვათ. გასაგებია, რომ ეს არის შიდა დაპირისპირების ელემენტი, თორემ არ მგონია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრობლემები დღეს გაეგო „ქართულ ოცნებას“, სპეცსამსახურები ყველგან უზით, ახლა რატომ დასჭირდათ ასეთი გამაფრთხილებელი ნაბიჯის გადადგმა? შესაძლებელია, ეს უკავშირდება იმას, რომ ბოლო პერიოდში სისტემური შეტევა განხორციელდა ირაკლი ღარიბაშვილზე. ეს შეტევა სამი მიმართულებით იყო: ერთი გახლდათ ოჯახისა და მეუღლისთვის ტყის ჩუქების თემა, მეორე სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებული თემები, მესამე კი იყო NDI-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, გახარიასთან შედარებით, ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი არის პლინტუსს ქვემოთ, _ ეს ძალიან ჰგავდა სისტემურ შეტევას, რისი რესურსიც მხოლოდ ხელისუფლების შიგნითაა. ოპოზიცია ასეთ სისტემურ შეტევას, როგორც წესი, არ ახორციელებს. ის ეპიზოდურ, ფრაგმენტულ შეტევებს ახორციელებს ხოლმე. შესაძლოა, ეჭვი გაჩნდა, რომ ეს შეტევა კალაძის ორგანიზებული იყო და შესაბამისი პასუხი გახლდათ დაჭერების სერია. ანუ გამაფრთხილებელი, პრევენციული. ამ შემთხვევაში ვერსიას განვიხილავ, არაფერს ვამტკიცებ. შესაძლებელია, სულ სხვა მიზეზი იყო, მაგრამ ფაქტია: ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილზე ეს შეტევა ატარებდა სისტემურ ხასიათს და ორგანიზებული იყო ხელისუფლების შიგნიდან.
_ კალაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მის უწყებაში კორუფცია არ იხილოს; გარდა ამისა, თავის მოადგილეებს, სამსახურების უფროსებსა და გამგებლებს მიმართა, რომ თანამშრომლებთან ჰქონდეთ სათანადო კომუნიკაცია, რათა უკანონობა არ დაუშვან, _ მსგავსი შინაარსის განცხადებას, როცა არაერთ კორუფციულ გარიგებას უკავშირდება თვითონ კალაძის სახელი, საზოგადოება რამდენად სერიოზულად აღიქვამს?
_ რა თქმა უნდა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამას, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად აღიქვამს, როცა კალაძე ასეთ თემებზე აპელირებს.
_ ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება, პერიოდულად, საქართველოს ქალაქებში მართავს აქციებს, რომლის ფარგლებშიც გაძვირებულ ცხოვრებას აპროტესტებს, თუმცა ვხედავთ, რომ ამ აქციებზე, რაოდენობის თვალსაზრისით, ძალიან ცოტა ადამიანი გამოდის, აქციის ორგანიზატორები კი აანონსებენ, რომ ეს აუცილებლად გადაიზრდება მძლავრ პროტესტში. რამდენად მოსალოდნელია საქართველოში სოციალური აფეთქება?
_ სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მოახერხა სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის დანერგვა საზოგადოებაში, ხალხი ვეღარ ხედავს პროტესტში აზრს, რადგან არ აქვს იმედი, რომ ამ პროტესტმა შეიძლება რამე შედეგი მოიტანოს, შესაბამისად, თავისი პირადი პრობლემების გადაწყვეტით არის დაკავებული _ სამზარეულოში გამოიკეტა ეს ყველაფერი და გარეთ არ გამოდის. ამაში დიდწილად დამნაშავეა ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება. ნებისმიერი ტიპის მასობრივ პროტესტს სჭირდება ლიდერი, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს. ვერ ხედავენ ამ ლიდერს, რომელსაც გაჰყვებიან და რომლის იმედიც ექნებათ, რომ შედეგს მიიღებენ. ხელისუფლებამ მოახერხა, რომ დაათითოკაცა, სამზარეულოებში შეყარა არა მხოლოდ ხალხი, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაც. სამოქალაქო საზოგადოება ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა. ჩვენ თუ გავიხსენებთ წინა პერიოდებს, ეს ასეა. საბოლოო ჯამში, ასეთი რეალობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ეს ვითარება შენარჩუნდეს, მაგრამ ოპოზიციაც ვერანაირად ახერხებს, რომ დაუმტკიცოს საზოგადოებას, _ სერიოზული, მასობრივი პროტესტი შედეგის მომტანია, რომ ისინი აიძულებენ ხელისუფლებას, რაღაც ნაბიჯი გადადგან ან შეცვლიან ხელისუფლებას და თვითონ უკეთესად მართავენ ამ პროცესს, _ ამაში ოპოზიცია ვერ არწმუნებს საზოგადოებას და არც არაფერს აკეთებს ამისთვის სერიოზულს. პოლიტიკურ კომენტატორებად იქცა მთელი ოპოზიცია. ოპოზიცია გამოდის ტელევიზიით, მსჯელობს, აფასებს და ჰგონია, რომ ამით საქმეს აკეთებს. გაგახსენებთ: უკვე ერთი წელია, ყოველ კვირა ამბობენ, რომ შემდეგ კვირაში ხალხში გავლენ. მერე ასე ხდება: გაზაფხულზე წვიმებია, _ წვიმაში ხომ არ გავლენ? ზაფხულში ცხელა, _ სიცხეში ხომ არ გავლენ? შემოდგომაზე რთველია და მისახედია, _ ხალხთან ხომ არ მივლენ, ხალხს რთველზე სად სცალია მათთვის? ზამთარში კიდევ ცივა და ვერ გადიან! ამ უბედურებაში ვართ. ამიტომ ურჩევნიათ, ტელევიზიებში მივიდნენ, დაასტუკონ, ჭკვიანი სახეებით რაღაც თქვან. პოლიტიკურ ანალიტიკოსებად იქცნენ, პრინციპში, ჩემი ადგილი აღარ დატოვეს, ძალიან შემავიწროვეს (იცინის).