სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ახალ კანონში კომპანიათა 65% შავ სიაშია შესაყვანი

თამარ როსტიაშვილი

2022 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მოამზადა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, წარმდგენი კი გახლდათ საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის მიღებით მანამდე არსებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება და ამოქმედდება ახალი დოკუმენტი.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, აღნიშნული კანონი ახლახან მიღებულ იქნა საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.
პაკეტი საკმაოდ მოზრდილია, „ქრონიკა+“ კი ამ შემთხვევაში შესყიდვების შესახებ ახლად მიღებული კანონის შავ სიაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ახალი კანონი ითვალისწინებს მნიშვნელოვან და კარდინალურ ცვლილებებს, რომელიც გარდაქმნის სახელმწიფო შესყიდვების არსებულ სისტემას. რაც მთავარია, კანონპროექტი შემუშავებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულბების ფარგლებში, შესაბამისად, კანონპროექტის მიღებამ უნდა შეასრულოს ამ კუთხით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები ევროკავშირთან მიმართებით.
რა ვალდებულებებია ეს და როგორია მათი შესაბამისობა საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში აღებულ პასუხისმგებლობასთან?
ახალი კანონით, იცვლება და ფართოვდება შავ სიაში მიმწოდებლის რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლები და ვადები. კერძოდ, შესყიდვების შესახებ ნებისმიერი განცხადების წარმდგენი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას, თუ მის საქმიანობაში შემდეგი ფაქტორებია:
 პირი, რომელიც არის მისი მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ან რწმუნებული, ან პირი, რომელსაც აქვს უფლება წარმოადგენდეს პერსონას შვილობილი საწარმოების საქმიანობაში.
 ასევე ნასამართლევია ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი დანაშაულის ჩადენისთვის: ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, ზეგავლენით ვაჭრობა, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ან კომერციული მოსყიდვა.
 ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი კანონში თაღლითობა, მითვისება ან გაფლანგვა, ფულის გათეთრება;
 ასევე გადასახადისათვის თავის არიდება.
 სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა.
 ტერორისტული საქმიანობის ანდა ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება, ტერორიზმის მუქარა, წვრთნის ჩატარება და ინსტრუქტაჟის გაწევა ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად.
აქ პატარა განმარტებას გავაკეთებთ: ევროპარლამენტი ემზადება რუსეთის რიგი ორგანიზაციებისთვის ტერორისტული დაჯგუფების სტატუსის მისანიჭებლად. შესაბამისად, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ანდა კომპანია რაიმე სახით შემჩნეული იქნება მათთან ნებსიმიერი სახის ურთიერთობაში, მას სახელმწიფო, ანუ საჯარო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება აეკრძალება.
 შავ სიაში შევა პირი ანდა კომპანია, რომელიც დაკავებული იქნება არასრულწლოვანთა დასაქმებით.
 გარდა ამისა, ჩამონათვალში შედის დასაქმება ერთი ან მეტი პირისა, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები.
 საჯარო შესყიდვის განხორციელების შემდეგ, პირის დასაქმება შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დადების გარეშე, როდესაც კანონმდებლობით არსებობს შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების ვალდებულება, ასევე დეკლარაციის წარუდგენლობა, იძლევა შავ სიაში შეყვანის საფუძველს.
კანონში არის ერთი საინტერესო პუნქტი: სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც აღარ ექვემდებარება გასაჩივრებას (მაგალითად, გასულია გასაჩივრების ვადა), კომპანია მიჩნეული იქნება კონკურენციის წესების დამრღვევად. ეს მუხლი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველმა გადაიხადა ჯარიმა, ანდა სახელმწიფომ რიგი მიზეზების გამო შეუმცირა ჯარიმა (მაგალითად, თანამშრომლობის წახალისების პროგრამის ფარგლებში).
 კომპანიამ ანდა პირმა, რომელიც დააპირებს, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებში, შესყიდვის პირობებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, არ უნდა წარადგინოს მცდარი ინფორმაცია. ეს გამოიწვევს მის არა მარტო შავ სიაში შეყვანას, არამედ დასანქცირებასაც.
რა მოხდება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე პირს შეიყვანენ შავ სიაში?!
 კომპანიას ეკრძალება 3 წლის ვადით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება ნასამართლეობის შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულზე.
 2 წლის ვადით აკრძალვა შრომის სამართლის დარღვევების გამო.
 1 წლის ვადით შესყიდვის ხელშეკრულების ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინფორმაცია შავ სიაში შეყვანილ პირებზე საჯაროა. დავაკონკრეტებთ: საჯარო უნდა იყოს, თორემ მედიას მათ გამოთხოვაში პრობლემებს რომ შეუქმნიან, ამის თქმა წინასწარვე შეგვიძლია. რაც შეეხება შესყიდვების სააგენტოს, მას ბევრად მეტი უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, გამოითხოვოს შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის არსებობის დასადგენად საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაცია.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიზით, ახალი კანონი ვერ ჭრის მოქმედი კანონმდებლობით არსებულ გამოწვევებს შავს სიასთან მიმართებით. მარტივად რომ ვთქვათ, აქ მოყვანილი პუნქტები არასაკმარისია! და აი, რატომ:
შავ სიაში შეყვანისთვის კვლავ საჭიროა შემსყიდველი ორგანიზაციის რეგისტრირება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე. ამ დროს, მრავალწლიანი პრაქტიკა აჩვენებს, რომ დარღვევებისას შემსყიდველი ორგანიზაციები სააგენტოს არ მიმართავენ. კანონში, გარდა შესყიდვასთან დაკავშირებული დარღვევისა, გათვალისწინებულია ისეთი დარღვევები, რომელსაც შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან სჭირდება დამატებითი დოკუმენტაციის შეკრება. ეს მოითხოვს დამატებით ფინანსებსა და ადამიანურ რესურსს. ამ დროს კონტროლის მაღალი დონეა საჭირო, რაც არ არსებობს.
კანონპროექტში მითითებული იყო, რომ შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის არსებობის დასადგენად აუცილებელია საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა. მაგრამ ეს პრეროგატივა ეძლევა შესყიდვების სააგენტოს და არა თავად შემსყიდველს. ხშირ შემთხვევაში, სააგენტომ შეიძლება არ გადასცეს ეს ინფორმაცია შემსყიდველს, რაც ამ უკანასკნელს წამგებიან პროზიციაში აყენებს.
კანონში არ არის დადგენილი მოლაპარაკების პროცედურის გამოყენების შემთხვევში შავ სიაში შეყვანილ მიმწოდებლებთან ხელშეკრულების დადების დაუშვებლობა. ხოლო თუ ეს მოხდა, მაშინ შესაბამისი სანქციაა გათვალისწინებული. თუმცა კანონპროექტი უთითებს, რომ შავი სიის წარმოების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომელიც ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის.
კომპანიის შავ სიაში შეყვანის საფუძველი შეიძლება გახდეს ინტერესთა კონფლიქტი. მაგალითად, თუ შემსყიდველი ან მისი ნათესავი არის კომპანიის ხელმძღვანელი, წილის მფლობელი, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, აგრეთვე, იყო ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელი, წილის მფლობელი, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. ასევე იგი არის ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელის, წილის მფლობელის, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ნათესავი. ასევე არ შეიძლება, ის თანამდებობრივად ექვემდებარებოდეს კომპანიის ხელმძღვანელს, წილის მფლობელს, წევრს, მმართველ ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრს.
ახალი კანონის მიღების შემდეგ საკითხი დგება შემდეგნაირად: თუ გადავხედავთ წინა წლების სახელმწიფო შესყიდვებს, შავ სიაში შესაყვანი კომპანიების რაოდენობა 65%-ია. ვინ ჩაანაცვ;ებს ამ 65%-ს, როდესაც წლების განმავლობაში ძირითადად ერთი და იგივე ბიზნესოპერატორები იყვნენ შესყიდვებში მონაწილე პირები ანდა მათთან დაკავშირებული კომპანიები?