„სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, კიდევ ერთი პრეზიდენტი გვეყოლება მოკლული“

გიორგი საკარული

კვირის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა კვლავ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომრეობა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე? _ ეს კითხვა აწუხებს ყველას და რა მოლოდინებია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში? არის თუ არა მესამე პრეზიდენტი თავისივე გუნდის მიერ განწირული? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია:

_ ბატონო პაატა, როგორ შეაფასებთ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებულ პროცესებს? როგორი მოლოდინი გაქვთ, როგორ განვითარდება სასამართლო პროცესები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე?
_ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება ძალიან სახიფათო ზღვარზე გადის. მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი და არ შეიძლება მისი გაიგივება ჩვეულებრივ პატიმართან, ეს რაც არ უნდა ძალიან უნდოდეს ვინმეს. ის ქვეყნის პრეზიდენტი იყო, შესაბამისად, არის განსაკუთრებული პატიმარი და ამიტომაც არსებობს ასეთი დიდი ინტერესი მის მიმართ. სამწუხაროდ, შექმნილია არაორდინალური სიტუაცია. სამართლებრივად შეიძლება დაშვებული იქნას სასჯელის გადავადება ან თუ ვიხელმძღვანელებთ იმ რეზოლუციებით და განცხადებებით, რაც მოდის ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, შესაძლოა, განხორციელდეს ჰუმანური აქტი და მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანონ, მაგრამ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც ვისმენთ საქართველოში, პირადად არ მაქვს დადებითი მოლოდინი და იმის იმედი, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ.
ამ სიტუაციაში ხელისუფლება ძალიან რისკავს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლით. როგორც ექიმები ამბობენ, ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს ცუდი, მეტიც, ფატალური შედეგი. ღმერთმა ქნას, ასე არ მოხდეს, რადგან ეს იქნება დიდი დარტყმა ქვეყნის იმიჯზე, საზოგადოებაზე, საიდანაც გამოსვლა გაგვიჭირდება. წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ ქვეყანამ მოკლას ორი პრეზიდენტი. ვთქვათ სიმართლე: ჩვენ ვერ ჩამოვირეცხეთ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის სირცხვილი, მიხეილ სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, ორი პრეზიდენტი გვეყოლება მოკლული. ისტორიულად ძალიან ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება. გავიხსენოთ ის ხალხი, ვისაც პირდაპირი თუ ირიბი შეხება ჰქონდა ზვიად გამსახურდიას სიკვდილში. ისინი დღემდე მძიმე მდგომარეობაში არიან, ზოგს რისი მტკიცება უწევს, ზოგს _ რისი. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გააცნობიერებს შექმნილი სიტუაციის სირთულეს, გაიზიარებს ჩვენი პარტნიორების მოწოდებებს და მონახავს სამართლებრივ ფორმას მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობასთან დაკავშირებით.
_ თქვენ იმ ადამიანთა შორის ხართ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ურჩევდნენ, რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში. როგორ ფიქრობთ, მისი ჩამოსვლა შეცდომა იყო?
_ მე ვურჩიე მიხეილ სააკაშვილს, რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში. ორად ორი, მე და გრიგოლ ვაშაძე, ვიყავით ოცდაათ ადამიანს შორის, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილს ვუთხარით, რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში, დანარჩენი, ვინც დღეს მუშტებს იბრახუნებს გულზე, ითხოვდა მისგან და არწმუნებდა, რომ ის უნდა ჩამოსულიყო. ზუსტად ამ კონტექსტში ვუთხარი მიხეილ სააკაშვილს, _ ზვიად გამსახურდიას უღალატეს, მე არ მინდა თქვენც მისი ბედი გაიზიაროთ.
არ ვიცი, არსებობდა თუ არა რამე სცენარი, რა დგას ამ ყველაფრის უკან, გაწირეს თუ არა ის თანამოაზრეებმა, ფაქტი ერთია _ ის აიყვანეს პატიმრობაში, რაც იმ რეალობაში ასეც იქნებოდა. მისი ჩამოსვლა იყო დიდი შეცდომა. შეცდომა იყო მისი ჩამოსვლის ფორმაც. მიხეილ სააკაშვილი მსხვერპლი გახდა ილუზიების, რომელიც შეუქმნეს იმ თანამოაზრეებმა, ვისთანაც მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა. როდესაც ჩაკეტილი ხარ ერთ წრეში და გეუბნებიან, რომ შენი ჩამოსვლა გამოიწვევს სასწაულ რეაქციას, ეს ბუნებრივია, მასზე მოახდენდა გავლენას. ადამიანებს ხშირად არ უყვართ სიმართლის გაგონება, შესაბამისად, ჩემი და გრიგოლ ვაშაძის განსხვავებული მოსაზრებები, მასზე გავლენას არ იქონიებდა. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი გამართლდა მათგან განსხვავებით, ვინც თავს იკლავდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე.
_ შესაძლოა, ეს სცენარი წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი? ბოლო პერიოდში გაჩნდა ვერსიები, რომ მას უღალატეს თანამოაზრეებმა, რითიც ის სასიკვდილოდ გაწირეს.
_ ბევრ ალბათობას ვუშვებ, მაგრამ მტკიცებულებების გარეშე საუბარი არის ჭორაობა და ამას ვერ დავიწყებ. მაქვს ჩემი ვერსია, როგორ მზადდებოდა ეს ყველაფერი, ვის ინტერესში შედიოდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა და მისი ამ მდგომარეობაში ჩაგდება, მაგრამ ახლა ამაზე არ ვისაუბრებ. აქ არის პერსონალური მომენტებიც მისი ახლო გარემოცვიდან, მაგრამ ამაზე საუბრისგანაც თავს შევიკავებ.
_ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვებას უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აქტიურად ითხოვენ. როგორ ფიქრობთ, გაითვალისწინებს ხელისუფლება ამ გზავნილებს დასავლეთიდან?
_ ვფიქრობ, ხელისუფლებას მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა. უფრო და უფრო მეტ რეზოლუციაში ჩნდება მიხეილ სააკაშვილის გვარ-სახელი. რომ იყოს ნება, შესაძლებელია რომელიმე ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ერთად, სადაც სამედიცინო მომსახურება ძალიან მაღალ დონეზეა, სამართალდამცველ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე (რაც არსებობს ოფიციალურად), მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამკურნალოდ, გარკვეული უწყებების დაცვისა თუ პასუხისმგებლობის ქვეშ. არსებობს ასეთი მექანიზმები. რა უნდა ქნას მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთიდან, რა უნდა გააკეთოს, რომ აქ რამე გააფუჭოს? ის იყო უცხოეთში, მაგრამ ვერაფერი შეძლო და ახლა ამ მდგომარეობაში მყოფი შეძლებს, საფრთხე შეუქმნას ხელისუფლებას? ახლა მთავარია, ის იყოს ცოცხალი, არ მოკვდეს ციხეში, რაც აუცილებლად იქნება ქვეყნის სირცხვილი.
_ ცოტა ხნის წინ სტრასბურგში, ევროსაბჭოში გქონდათ შეხვედრები. როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩვენს პარტნიორებს იმ პროცესებზე, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში?
_ პარტნიორები ძალიან არიან შეწუხებულები იმ პროცესებით, რაც ჩვენთან ხდება, პირველ რიგში იმით, თუ როგორ არ უსმენს საქართველო იმ რეკომენდაციებს, რაც გვაქვს მიღებული ევროკავშირიდან. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო რეგიონში ყოველთვის იყო ავანგარდში რეფორმების მხრივ, ასეთივე ავანგარდში ვიყავით 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გზით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორებისთვის. მათთვის ძალიან გულდასაწყვეტია ჩვენი ჩამორჩენა და უკუსვლა ამ პროცესში, მით უმეტეს, ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენთან საუბარი და მსჯელობა მიდის არა ძირითად საკითხებზე, არამედ მეორე, მეათეხარისხოვან საკითხებზე და პროცესი რეალურად დაძრული არ არის. ამას გარდა, ჩვენთან ცდილობენ, ევროპელები შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა დღეს უკვე ბრიუსელსა და სტრასბურგში არავინ აღარ ტყუვდება, გადასარევად ესმით ყველაფერი.
_ ამის დასტურია ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის საკმაოდ მწვავე შეფასებები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება. რატომ არ იზიარებს ხელისუფლება ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით?
_ სამწუხაროდ, ხელისუფლებას არანაირი სურვილი არ აქვს, რამე შეცვალოს. შეაჩერა ევროპელებთან შეთანხმებული ცვლილებები საპარლამენტო არჩევნებში 2%-იან ბარიერზე, რაც იძლევა საშუალებას, მივიღოთ მრავალპარტიული პარლამენტი. მაგალითად, დიდი ზეწოლის შემდეგ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა დეოლიგარქიზაციის კანონი. რა აზრი ჰქონდა გაგზავნას, როდესაც ყველამ იცის, რომ მესამე მოსმენით არ ხდება ცვლილებების განხორციელება და მხოლოდ წერტილ-მძიმე შეიძლება შეიცვალოს?! ეს ხომ ვენეციის კომისიაშიც კარგად ესმით. ეს არის მიდგომა, რომ ზედმეტად არ გააგონონ ევროპას საქართველოს შესახებ რამე, თუმცა საბოლოოდ გამოდის, რომ ევროპას საქართველოს გარდა არაფერი ესმის და რაც ესმის, ისიც ძალიან ცუდ კონტექსტში.
ევროპელი პარტნიორები ისე კარგად არიან გარკვეული ჩვენს შიდა პოლიტიკურ კულუარებში, ყველაფერს ხვდებიან. ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ამიტომაც არ გვიშვებენ ხელს საბოლოოდ. დასავლეთს საქართველოში დიდი რესურსი აქვს ჩადებული, ჩვენ მათთვის ვართ მთავარი პარტნიორები და შესაბამისად, არ კარგავენ ძალისხმევას. მათ ესმით, რომ ჩვენთვის ხელის კვრა ნიშნავს ჩვენს დაბრუნებას რუსულ ორბიტაზე. მათ გაცნობიერებული აქვთ ის შეცდომა, რაც დაუშვეს, როდესაც ჩვენ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. მოსწონთ მათ თუ არა ხელისუფლება, ქართველი ხალხი ამ სტატუსს იმსახურებს. კანდიდატის სტატუსი იქნებოდა მეტი ბერკეტი პარტნიორებისთვის, მოეხდინათ ზეწოლა ხელისუფლებაზე.
ამ ფონზე ჩვენ რას ვხედავთ ყოველდღე? მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეურაცხყოფას აყენებენ ევროპარლამენტის წევრებს, ხისტი და გაუაზრებელი განცხადებები ამ ურთიერთობებს ძალიან აფუჭებს, აზიანებს ქვეყნის იმიჯს. მთავარი პარტნიორი ქვეყნის ელჩს ლამის აქციებს უტარებენ და ალბათ უფლება რომ მისცენ, დააკავებდნენ კიდეც, რაზე შეიძლება საუბარი? ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობები უკვე ისე დაიძაბა, არ ვიცი, ეს ყველაფერი რით დასრულდება. ფაქტია, რომ ძალიან ცუდი სიგნალები მოდის. შედეგი იქნება ის, რომ ასე თუ გაგრძელდა, ჩვენკენ გამოხედვის სურვილიც კი არ ექნებათ. ეს, რა თქმა უნდა, აძლიერებს და მომავალშიც გააძლიერებს რუსულ გავლენებს. იმ ინფორმაციებით, რაც მაქვს პირადად ევროპელი პარტნიორებისგან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2023 წლის ბოლოს ჩვენ შესაძლოა, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ოღონდ არა იმის გამო, რომ ხელისუფლება ამას იმსახურებს, არამედ ხალხის მისწრაფებების გამო და ყველაზე მნიშვნელოვანი _ თუ ჩვენ ამ სტატუსს არ მივიღებთ, არსებობს საფრთხე, აღმოვჩნდეთ რუსულ ორბიტაზე.
_ ამ სიტუაციაში, როდესაც პოლიტიკური კრიზისი სახეზეა, რამდენად არის შესაძლებელი, ხელისუფლებამ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომლის მოგებაც მას ახლა არ უნდა გაუჭირდეს?
_ იმის მიუხედავად, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიცია ხელისუფლებას კონკურენციას ვერ გაუწევს, ჩემი აზრით, ხელისუფლება არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს. ვადამდელი არჩევნების დედლაინი შეიძლება იყო 2023 წლის გაზაფხული, თუ არ დაინიშნა ამ პერიოდისთვის, ვადამდელი არ იქნება. თუმცაღა დღეს რომ ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, შეიძლება 150 დეპუტატიდან 130 გაიყვანოს. თუ ოპოზიციამ არ შეცვალა მიდგომა და ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებში ხელისუფლებამ შეიძლება კონსტიტუციური უმრავლესობაც მოიპოვოს.
ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი გზაა ოპოზიციის გაერთიანება, ოღონდ უნდა მოხდეს არა ბუტაფორიული გაერთიანება, არამედ ნამდვილი პოლიტიკური გაერთიანება ამბიციებისა და ფინანსებისთვის ბრძოლების გარეშე. შედეგის მიღწევა მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი. საზოგადოებამ უნდა ნახოს ოპოზიციის გაერთიანება და საერთო მიზნისკენ გულწრფელი სვლა, სხვა შემთხვევაში ყველა ბრძოლა ხელისუფლებასთან იქნება წაგებული. იქნებიან ჯგუფები, რომლებიც ყოველდღე იტყვიან, რომ მეორე დღეს ხელისუფლებას ასრულებენ, თუმცა ასეთი ჯგუფების მიმართ ამომრჩეველს უკვე დაკარგული აქვს ნდობა. იქნებიან ჯგუფები, რომლებიც იტყვიან, რომ გაერთიანება აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაერთიანება არ შედგეს და კვლავ გავაგრძელებთ სვლას ერთსა და იმავე წრეზე. დიდი ხანია, პოლიტიკაში ვარ და ასეთი სცენარი ბევრი მინახავს.
_ „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის არჩევნებისთვის ემზადება. როგორ ფიქრობთ, რით დასრულდება ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისთვის და რა შეიცვლება ოპოზიციურ ფლანგზე იმ რყევებით, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“?
_ ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ნაცვლად ყველაზე დიდი გაურკვევლობის პარტიად მოვიხსენიებდი. ძალიან რთულია შეაფასო, რა პროცესი მიდის ამ პარტიაში. ეს არის მათი შიდა საქმე, მაგრამ ცხადია, რომ ის რაც ხდება ამ პარტიაში, ეს არის ადამიანების ბრძოლა არა ხელისუფლების ცვლილებისთვის არამედ ფინანსური წყაროებისთვის. ამ ბრძოლიდან „გამარჯვებული“ ის გამოვა, ვინც მოიპოვებს ფინანსურ წყაროებს და ამას, ალბათ, შემდეგ „ოპოზიციურ გამარჯვებად“ ჩათვლის.
_ ბოლო დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ძალიან მძიმე განცხადებები გაკეთდა უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით. თქვენ ხართ აფხაზეთიდან, იბრძოდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. რას ნიშნავს ასეთი შეფასებები ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ოკუპანტის წინააღმდეგ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვისაც იბრძვიან უკრაინაში?
_ ყოვლად მიუღებელია ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რაც მოვისმინეთ ამ დღეებში იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან და ქართული სახელმწიფოსთვის წირავენ სიცოცხლეს. ისინი იბრძოდნენ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დღეს იბრძვიან უკრაინაში და ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ, სადაც არ უნდა გახდეს საჭირო. ეს ადამიანები ყველაზე ძვირფასს, საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ სამშობლოსთვის და მათი ქილიკი იმათგან, ვისაც ხელში იარაღი არასდროს სჭერია და არც ომში უბრძოლია, ძალიან დიდი სირცხვილია. ვურჩევდი ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ასეთი გამონათქვამებისგან, ამ „ბრძოლიდან“ ისინი გამარჯვებულები ვერ გამოვლენ. შეუძლებელია მოუგო მეომარ, პატრიოტ ადამიანს, რომელიც თავს სწირავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, იდეისა და თავისუფლებისთვის. დღეს ეს ბრძოლა მიდის უკრაინაში, მაგრამ ეს საერთო მტერთან თავგანწირული და გმირული ბრძოლაა.
_ ბოლო ორი თვეა, აქტიური მოძრაობები დაიწყო აფხაზეთში _ ბელარუსის პრეზიდენტის სოხუმში ვიზიტის შემდეგ აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის დუმის თავმჯდომარე, შემდეგ თათრეთის პრეზიდენტი. რუსეთმა აქტიურად დაიწყო საუბარი აფხაზეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. რა მიზნები აქვს რუსეთს ამ ეტაპზე აფხაზეთში?
_ უკრაინის ომის ფონზე, რუსეთს, რომელიც ამ ომს ყველა მიმართულებით აგებს, შიდა მოხმარებისთვის სჭირდება სახელმწიფოებრიობის იმიტაცია, ამიტომაც გააქტიურდნენ აფხაზეთის მიმართულებით. აქ რუსეთს ბევრი ინტერესი აქვს, განსაკუთრებით აქტიურობს ბიჭვინთის ხელში ჩასაგდებად. დღეს რუსებისთვის დაკეტილია თითქმის მთელი მსოფლიო, მათ რჩებათ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთის დუმის თავმჯდომარის შემდეგ, რომელიც სანქცირებულია და არსად აღარ ჩაესვლება, აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, თათრეთის პრეზიდენტი. ისინი ესაუბრებიან აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებს ეკონომიკურ პროექტებზე, სოციალურ პაკეტებზე, რომელთა უკან რეალურად დგას რუსეთის მიზანი _ აფხაზეთის ანექსია.
სოხუმში ვიზიტებით ეს ადამიანები არღვევენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და „კანონს ოკუპაციის შესახებ“. საქართველოს ხელისუფლებამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით უნდა მოახდინოს მკაცრი რეაგირება და შეფასება. რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები.