„პუტინი წითელ ღილაკზე ხელის დასაჭერად ემზადება“ – მიხეილ სააკაშვილის სვეტი „Українська правда“-ში

მიხეილ ხაჩიძე

საქართველოს მთავრობის პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინული გამოცემა „Українська правда“-სთვის ექსკლუზიური სვეტი დაწერა, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინი წითელ ღილაკზე ხელის დასაჭერად ემზადება.
მედიასვეტში ოდესის ყოფილი გუბერნატორი იმ პროცესებზე საუბრობს, რის წინაშეც, შესაძლოა, თანამედროვე მსოფლიო აღმოჩნდეს. ამასთან, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პუტინი ომს აგებს და ყველაფერზე წასვლას აპირებს.

„2009 წლის თებერვალში, მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრისთანავე, ვივახშმე Mandarin Oriental-ში ჩემს დიდი ხნის მეგობარ რიჩარდ ჰოლბრუკთან და სახელმწიფო მდივნის პირველ მოადგილე ბილ ბერნსთან (CIA-ს ამჟამინდელი დირექტორი) ერთად.
მე მათ ვუთხარი ის, რაც ადრე ბევრჯერ მითქვამს საჯაროდ, რომ პუტინი შემოიჭრებოდა უკრაინაში ყირიმიდან და მეორე, რომ დარწმუნებული ვიყავი, მას შემდეგ, რაც ის წითელ ხაზებს გადალახავდა, აუცილებლად გამოიყენებდა ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს უკრაინის ტერიტორიაზე ყველას დასაშინებლად და ნატოს დისკრედიტაციისთვის.
ჩემი თანამოსაუბრეები მზად იყვნენ ყირიმზე პოტენციური თავდასხმის საკითხის განსახილველად, მაგრამ მათ ჩემი აზრები ბირთვული იარაღის შესახებ აშკარად მიიჩნიეს 2008 წლის ომის შედეგად გადახურებული და ტრავმირებული ფანტაზიის ნაყოფად.
და ახლა, პირველად, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს სერიოზულად საჯაროდ განაცხადა. მჯერა, რომ ყველაფერი, რასაც პუტინი აკეთებს ბოლო თვეებში, არის მზადება წითელი ღილაკზე თითის დასაჭერად.
უკრაინის შეტევის მიმართ ზოგიერთის სკეპტიციზმის მიუხედავად, მოსკოვმა დანამდვილებით იცის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი შესაძლებლობებით ისინი ნამდვილად ვერ იკავებენ აზოვის დერეფნის 100 კილომეტრის სიგანეს და, ადრე თუ გვიან, მათი თავდაცვა შეწყდება.
ყირიმის ხიდი განადგურდება, უკრაინული ჯარები კი ყირიმის შესასვლელთან დადგებიან. ალყაში მოქცევის პირობებში ყირიმის ჯგუფი განწირული იქნება და ამ დროს მოსკოვში აუცილებლად დაიწყება კრემლის ძალაუფლების დაშლა.
ამის თავიდან ასაცილებლად პუტინი გეგმავს ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმას გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრში, ანუ კიევის ცენტრზე.
დიდი ალბათობით, მანამდე ბელარუსში რამე სახის პროვოკაცია განხორციელდება, რათა წარმოაჩინონ, რომ სწორედ მინსკმა აიძულა მოსკოვი, ემოქმედა მოკავშირის დასაცავად. ეს ყველაფერი ომის მკვეთრ დაჩქარებას გამოიწვევს.
პუტინი არ დაელოდება იმას, თუ როდის ექნება უკრაინას F16-ები. ის შევა სპირალში და აქ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ შეასრულოს ის, რასაც დაჰპირდა ჩემი ძველი ნაცნობის პირით რუსებს სტამბოლში, კერძოდ, გამოიყენოს ყველა თავისი ჩვეულებრივი საშუალება, რათა გაანადგუროს ყველა ოკუპანტი უკრაინაში, ასევე მათი ლოჯისტიკური ცენტრები ბელარუსსა და თავად რუსეთში.
ამ ყველაფერთან ერთად, არ გამოვრიცხავ ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმას პოლონეთის ჟეზოვის რეგიონის უდიდეს ლოჯისტიკურ ცენტრზე ნატოს მეხუთე მუხლის ავტომატურად გააქტიურების მიზნით.
ვვარაუდობ, რომ თუ საუბარი იქნება 2-3 ბირთვულ ჭურვზე, მაშინ ნატო შემოიფარგლება მხოლოდ „კონვენციური რეაგირებით“, _ წერს მედიასახლისთვის მიწოდებულ მოხსენებაში მიხეილ სააკაშვილი.

რას მიიღებს პუტინი ამ ყველაფრისგან?

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი განმარტავს, თუ ომი გაგრძელდება ისე, როგორც ახლა, რუსეთი წააგებს, პუტის კი მარცხის ასაღიარებლად სხვა გეგმები აქვს.

„ჯერ ერთი, თუ ომი გაგრძელდება ისე, როგორც ახლა, რამდენიმე თვეში ყველასთვის ცხადი გახდება, რომ რუსეთმა მარცხი განიცადა და ამიტომ იტოვებს შანსს, რომ ვაშინგტონს ჯერ თვალი ჰქონდეს მოხუჭული.
და თუ თვალებს არ ახამხამებს, მაშინ ამასაც თავისი გათვლა აქვს: გამოდის, რომ ომს წააგებს არა უკრაინასთან, არამედ ნატოსთან და ეს არის მიზეზი, რომ გააერთიანოს თავისი ხალხი და რუსული საზოგადოება, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნებამდე“, _ ასკვნის სააკაშვილი.

რა უნდა ვქნათ უკრაინელებმა?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინელებს მოუწოდებს, იყვნენ ფხიზლად, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და მოუფრთხილდნენ უკრაინის გამარჯვების გასაღებს _ ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

„უპირველეს ყოვლისა, გესმოდეთ, რომ არსებობს ასეთი რეალური საფრთხე და მიიღეთ მაქსიმალური სიფრთხილის ზომები. განსაკუთრებით იზრუნეთ ხელმძღვანელობაზე და, რა თქმა უნდა, ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის გამარჯვების გასაღებს _ პრეზიდენტ ზელენსკის.
ზელენსკი გახდა თავისუფალი სამყაროს ლიდერი და თავისუფალი სამყაროს რეაქცია რუსეთის ბირთვულ თავდასხმაზე დამოკიდებული იქნება უკრაინის მთელი და ჯანსაღი უზენაესი მეთაურის მოწოდებებსა და პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, ანდრეი იერმაკი და მთელი გუნდი უკვე ზის და ითვლის ასეთ სცენარს.
და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის სცენარები აჩქარებისა და უფრო სწრაფი დაშლისა და უკრაინის გამარჯვების, მაგრამ ყველა და ყველაფერი დაზღვეული უნდა იყოს ფიზიკური საფრთხეებისგან. უნდა გვახსოვდეს, რომ ზელენსკის განადგურება ერთადერთია, რაც რუსეთს ნაწილობრივ მაინც გადაარჩენს. ყველაფერი დანარჩენი, როგორც ახლახან ზალუჟნიმ თქვა, გეგმის მიხედვით მიდის“, _ წერს გავლენიანი უკრაინული გამოცემის რუბრიკაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კვლავ „ქართული ოცნების“ ტყვეობაში რჩება.

შეგახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტობის დატოვებიდან მალევე სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა. საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ეძებდა, რასაც მსოფლიო საზოგადოება პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
სააკაშვილი აქტიურად უჭერდა მხარს ევრომაიდნის მოძრაობას და უკრაინაში ხელისუფლების შეცვლას 2014 წელს. 2015 წელს ის დაინიშნა ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარედ, უკრაინის სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელად, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩევლად, უკრაინის რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ.
პოროშენკოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, რაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზეზი გახდა. 2016 წელს სააკაშვილმა დატოვა თანამდებობა და გახდა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე და ლიდერი.
2017 წელს, პოროშენკოს განკარგულებით, სააკაშვილს ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა, ხოლო 2018 წლის თებერვალში იგი დეპორტირებულ იქნა უკრაინიდან. დეპორტაციის შემდეგ ის მეუღლის სამშობლოში, ნიდერლანდებში ცხოვრობდა.
2019 წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. ის მეორე დღესვე უკრაინაში დაბრუნდა. 2021 წლის სექტემბერში მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც დააკავეს. ამ დროისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკაში რჩება და „ქართული ოცნების“ პატიმარია. ევროპარლამენტარები და დასავლელი ლიდერები მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას ითხოვენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მისი გაშვებისკენ არაერთგზის მოუწოდა. ბოლოს ავსტრიის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის ლიდერმა საქართველოს მთავრობის მიერ ნაწამები სააკაშვილის ფოტოებიც კი წარადგინა და მსოფლიო მედიას მისი მდგომარეობა გააცნო.