რა ბედი ელის მიშას?! – გაჭიანურებული სამედიცინო დასკვნები

გიგა გელხვიიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მეტიც: საზოგადოებრივ ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტების განცხადებით, ის დღითი დღე უფრო მძიმდება და მკურნალობის კურსი მისთვის შედეგის მომცემი არ არის.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ორმოცდაათდღიანმა შიმშილობამ და იმ არაადამიანურმა მოპყრობამ გამოიწვია, რომელიც მან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხეში გადაყვანის დროს განიცადა.
თავდაპირველად ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ მისმა ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა გაავრცელეს, რის შემდეგაც სამოქალაქო საზოგადოება, უფლებადამცველები და ოჯახის წევრები მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევასა და საქმეში ექსპერტების ჩართვას მოითხოვდნენ.
რამდენიმე თვის მანძილზე სააკაშვილს არაერთი სამედიცინო თუ სხვა სახის ექსპერტიზა ჩაუტარდა, გარდა ამისა, რეაბილიტაციის მიზნით ის ქუჩის აქციებისა და ხელისუფლებაზე განხორციელებული საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო წნეხის შედეგად ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, შემდეგ კი მრავალპროფილურ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა სასამართლო პროცესებზე აშკარად გამოკვეთილი იყო, რომ სააკაშვილი სულ უფრო სუსტდებოდა და სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ პროცესზე მან ექიმის დახმარება მოითხოვა და დარბაზიდან მისი ბადრაგის დახმარებით გაყვანა გახდა საჭირო. ამ პერიოდისთვის, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მასთან შესვლისა და დამატებითი გამოკვლევის საშუალება არ ეძლეოდათ „ემპათიის“ ექსპერტებს, რაც, საბოლოო ჯამში, სასამართლოს გზით გადაწყდა.
„ემპათიის“ ექსპერტების მიერ ჩატარებული დამატებითი კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა იმაზე უფრო სავალალო იყო, ვიდრე ამას რომელიმე უფლებადამცველი ან ოჯახის წევრი აცხადებდა, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა საკითხი მისთვის სასჯელის გადავადებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ, რადგანაც საქართველოში არსებულ არცერთ მრავალპროფილურ კლინიკას, მათ შორის, არც „ვივამედს“ არ აქვს იმის გამოცდილება, რომ ასეთი დაავადებების ერთობლიობას გაუმკლავდეს.
იმ რამდენიმე უფლებადამცველს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეში მისი დაკავების დღიდან იყო ჩართული, კიდევ დაემატა ორი, _ ვალერი გელბახიანი და შალვა ხაჭაპურიძე, რომლებსაც მსგავს საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა და კომპეტენცია აქვთ. სწორედ მათი ჩართვის შემდგომ მიხეილ სააკაშვილისთვის გამოყოფილ ექსპერტთა გუნდს დაემატნენ უცხოელი ექსპერტებიც, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტიზის ბიუროებს წარმოადგენენ. ახლა ჯერი მათ მიერ გაკეთებულ დასკვნებზეა, რომლებიც, საბოლოო ჯამში, საფუძვლად დაედება სააკაშვილისთვის სასჯელის ერთი წლით გადავადების მოთხოვნას, რომელზედაც მისი უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე საუბრობს.

„ქრონიკა+“ აღნიშნულის შესახებ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს ესაუბრა და შეეცადა, მისგან უფრო მეტი დეტალი გაეგო, თუმცა ვინდაიდან ექსპერტიზის დასკვნები, როგორც ქართული მხარის ასევე უცხოურის, ცნობილი არ არის, ხაჭაპურიძის თქმით, წინასწარი დასკვნების გაკეთება და მოლოდინების შექმნა საკმაოდ რთულია:
_ ბატონო შალვა, პირველ რიგში, მაინტერესებს, როგორ არის ახლა მიხეილ სააკაშვილი? როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არა ექიმის, არამედ რიგითი ადამიანის თვალით დანახული? ძალიან ხშირად გიწევთ მასთან შეხვედრა და თქვენ ყველაზე კარგად იცით ეს ყველაფერი.
_ ჩემი გადასახედიდან, მისი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მე არ ვარ პროფესიონალი ამ მხრივ, თუმცა რასაც ერთი შეხედვით ვამჩნევ, ეს არის, დანარჩენს კი ექსპერტები იტყვიან და დასკვნიდან გავიგებთ ყველაფერს.
_ საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად უკვე ჩამოვიდა ორი უცხოელი ექსპერტი და კიდევ სამი, ასე ვთქვათ, მოლოდინის რეჟიმში იმყოფება. რა მდგომარეობაა მათ ლიცენზიებთან დაკავშირებით, თუ ხართ საქმის კურსში?
_ ბოლო მდგომარეობით, არანაირი სიახლე არ არსებობს, ჯერჯერობით ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან ეს ადამიანები.
_ თქვენ პირადად შეხვდით დანარჩენ ორ უცხოელ ექსპერტს. სააკაშვილთან შეხვედრის შემდგომ როგორი იყო მათი პროგნოზები, როდესაც ინახულეს სააკაშვილი და გაეცნენ არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციას?
_ კონკრეტული სახის განცხადება არც საჯარო და არც პირად საუბრებში არ გაუკეთებიათ. ერთადერთი რაც თქვეს, ეს არის, რომ უმოკლეს დროში იქნება შესწავლილი ყველა ჩატარებული კვლევის შედეგი, ასევე გაწეული სამედიცინო მომსახურება, დიაგნოზები და დაიდება ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა, რომელიც გამოიგზავნება საქართველოში.
_ ანუ რამე სახის წინასწარი ვარაუდები და შეფასებები გაკეთებული არ ყოფილა?
_ არა, არაფერი მსგავსი.
_ სამედიცინო დასკვნების მიზანი არის სასჯელის გადავადება მიხეილ სააკაშვილისთვის. თქვენს პრაქტიკაში არაერთი საქმეა და გარდა ამისა, იცნობთ უცხოეთის ქვეყნების პრაქტიკასაც. როგორია მოლოდინები, გადაუვადებენ მას სასჯელს?
_ ჩვენ ვითხოვთ სასჯელის გადავადებას და ის შემდგომში თავად გადაწყვეტს, უცხოეთში გააგრძელებს მკურნალობას თუ საქართველოში. რაც შეეხება მოლოდინებს, გამიჭირდება რამის თქმა, ეს დამოკიდებულია, ისევ და ისევ, ექსპერტების დასკვნაზე. თუ იქ ხაზგასმული იქნება, რომ ის არის მძიმე ავადმყოფი, ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია გავაგრძელოთ საქმის მსვლელობა და მომდევნო ნაბიჯებსა და ეტაპებს დრო გვაჩვენებს.
_ და მაინც, მინდა ჩაგეკითხოთ, ვინაიდან ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის ყოველდღიურად აცხადებენ, რომ ის შეფასებები, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მისი ოჯახის წევრებისგან, უფლებადამცველებისგან თუ სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურისგან კეთდება, რომლებიც მას ნახულობენ, გადაჭარბებულია და რეალობასთან კავშირში არ არის. ასეთ დროს რას უნდა ველოდოთ სასამართლოს მხრიდან? გვინდა თუ არა, რეალურად, ეს ხომ არის პოლიტიკური საქმე?
_ ვერ გეტყვით, ჯერჯრობით, ისევ გავიმეორებ: ავიღოთ სამედიცინო დასკვნა და ამის მიხედვით ვიმსჯელოთ. რაც შეეხება განცხადებებს, არასდროს დაცვის მხარეს არ გაგვიკეთებია განცხადება, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია ან რაიმე მსგავსი, ჩვენ ვამბობთ, რომ ის არის ავად. როგორია მისი ჯანმრთელობის ხარისხი, ჩვენ ეს არ ვიცით, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადებების კეთებისგან თავი უნდა შეიკავოს ხელისუფლებამაც და მისმა მომხრეებმაც, ბუნებრივია, დაცვის მხარემაც. დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას და ამის შემდგომ ვიმსჯელოთ, რა, როგორ და რანაირად, მანამდე კი რამე სახის დასკვნებისა და შეფასებების გაკეთება ნაადრევია.

შალვა ხაჭაპურიძესთან ინტერვიუს პარალელურად, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მიხეილ სააკაშვილისთვის დამატებითი ექსპეტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა, სწორედ იმ მოტივით, რაზედაც ხაჭაპურიძესთან გვქონდა საუბარი, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორც ამას მისი მომხრები თუ სხვა პირები ხატავენ, ამიტომაც საჭიროა ჩატარდეს სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ექსპერტიზა, რომელსაც ხელისუფლებას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუორს ანდობს.
„ვაპირებთ, უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა. როგორც მოგეხსენებათ, ის რამდენიმე თვე იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. გვსურს, მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო. სააკაშვილის პატიმრობის პერიოდში მას არაერთხელ გაეწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, როგორც პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე _ გორში. მთელ ამ პერიოდში, როდესაც მას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, სახელმწიფოს მხრიდან ის გაეწია“, _ განაცხადა ბრეგაძემ.

ბუნებრივია, ბრეგაძის ამ განცხადებამ დამატებითი შეკითხვები გააჩინა, რის გამოც კვლავ დავუკავშირდით შალვა ხაჭაპურიძეს და ვთხოვეთ განემარტა, რა შედეგების მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო ხლისუფლების ეს გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის საქმეში, კონკრეტულად, დროის გაწელვის კუთხით?

_ ბატონო შალვა, პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენი პოზიცია რატი ბრეგაძის განცხადებასთან დაკავშირებით. როგორია თქვენი, როგორც მიხეილ სააკაშვილის, უფლებადამცველისა და როგორც იურისტის შეფასება?
_ არ ვიცი, რა ტიპის ექსპერტიზას ატარებს. ექსპერტიზა არის რამდენიმენაირი: ალტერნატიული, კომისიური, კომპლექსური, განმეორებითი და ა. შ. ამ შემთხვევაში, უცნობია, რა ტიპის ექსპერტიზაზე მიმდინარეობს საუბარი. მეორეც: ამდენ ხანს რატომ არ ჩაუტარეს ექსპერტიზა? ეს ადამიანი უკვე ათი თვეა, ავად არის და მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია ეს ყველაფერი. შემდეგ რა სფეროს ექსპერტიზა ტარდება _ სასამართლო-სამედიცინო თუ სასამართლო-ფსიქიატრიული თუ, იქნებ, ერთობლივად ტარდება? ასევე მნიშვნელოვანია, ხომ არ ემსახურება ეს ყველაფერი საქმის კიდევ უფრო გაჭიანურებას? როდესაც გავერკვევით, რა ექსპერტიზა იქნება დანიშნული, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ექსპერტებიც ჩავრიოთ ამ პროცესებში.
_ გარდა ამისა, მაინტერესებს, დროის ფაქტორზე როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი? სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, სასჯელის გადავადების პროცესის დასაძრავად საჭიროა ექსპერტების დასკვნები და ამ შემთხვევაში დამატებით დანიშნული სახელმწიფო ექსპერტიზა გაწელავს თუ არა კიდევ ურფრო დროს?
_ რა თქმა უნდა, გააჭიანურებს.
_ თქვენც ამბობთ, რომ პროცედურულად მოვლენები დროში გაიწელება. ცნობილია, რომ სააკაშვილს არაერთი დაავადება აქვს. თუ ამ დროის მანძილზე რომელიმე მათგანის გამო, კიდევ უფრო დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? რას ითვალისწინებს სასამართლო პრაქტიკა?
_ ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ვითარებიდან გამომდინარე.
_ და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ: არაერთ გახმაურებულ საქმეზე იყავით წარმოდგენილი, როგორც უფლებადამცველი. როგორია თქვენი თვალით დანახული ქართული მართლმსაჯულება დღეს და რა ცვლილებებს საჭიროებს ის?
_ უნდა დაიშალოს ეს სისტემა და სულ სხვა სისტემა უნდა აეწყოს, სტრუქტურულად სხვა მოდელი, რომლის მსგავსებიც არის და შეიძლება მათი გადმოტანა ქართულ რეალობაში.

სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ „ქრონიკა+“ მესამე პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიასაც ესაუბრა. ის ერთ-ერთია, რომელიც საკმაოდ ხშირად ნახულობს ექსპრეზიდენტს:

_ ქალბატონო გიული, თქვენი დაკვირვებითა და ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად?
_ ჩემი ინფორმაციით, ის კვლავ სუსტად არის, ისევ უჭირს გადაადგილება და უმეტესად დაწოლილია, უჭირს საჭმლის მიღება და ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა დღესდღეობით, რომლის წინაშეც ვდგავართ. დანარჩენი დიაგნოზები კვლავაც უცვლელი რჩება.
_ თქვენ გაეცნობოდით იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებასაც დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. როგორია თქვენი შეფასება, _ ყველა იმ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევების ფონზე, რას ემსახურება სახელმწიფო ექსპერტიზის დანიშვნა ახლა?
_ მართალი გითხრათ, ამ ექსპერტიზის ჩანიშვნის მიზანს ვერ ვხვდები, მაგრამ, ალბათ, ასე მიიჩნიეს საჭიროდ და კი ბატონო, არა მგონია, რამე პრობლემა იყოს. რამდენადაც ვიცი, პენიტენციურ სისტემასთან კლინიკა „ვივამედს“ აქვს კავშირი და იგივე ექიმები იქნებიან, ალბათ. არ ველოდები რაიმე განსხვავებული შედეგის დადებას.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს „ქრონიკა+“ აქტიურად ადევნებს თვალყურს, შესაბამისად, ყველა მხარის სამედიცინო დასკვნისა და შემდგომი სამართლებრივი პროცესების შესახებ მკითხველს მათი გასაჯაროებისთანავე შემდეგ ნომრებში მოუყვება.