რომელ ქვეყნებში დაფუძნებული კომპანიების უკან იმალება საქართველოში შემოსული რუსული ინვესტიციები?
თამარ როსტიაშვილი
2022 წლის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რუსეთს ინვესტირების კუთხით მეხუთე ადგილი უკავია. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?! „ქრონიკა+“ აგრძელებს რუსული კომპანიებისა და ინვესტიციების კვლევას საქართველოში.
წინა ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა და ხაზს უსვამდა დასავლეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მეტიც, ქართული პოლიტიკის მთავარ ვექტორად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო დასახელებული. სწორედ ამ მიზნით, 2004 წლის 17 დეკემბერს, სააკაშვილის მთავრობამ შექმნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ამ უკანასკნელის პროგრამა აშშ-ის ჩართულობით შემუშავდა და მისი მთავარი მიზანი იყო ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირთან იდენტიფიცირება. ასევე სამართლებრივი, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი არ ისახავად კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს, საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ კურსს რუსეთის მხრიდან რეაქცია მოჰყვა და „ვარდების რევოლუციიდან“ სამი წლის თავზე რუსეთში აიკრძალა ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვა. დასავლეთმა ამ ფაქტს „პოლიტიკური ემბარგო“ უწოდა, ვინაიდან წლების განმავლობაში ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის დიდი წილი საქართველოდან სწორედ რუსეთზე მოდიოდა.
აღნიშნული აკრძალვა დიდი დარტყმა აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისთვის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ონიშენკოს უწყებას ახსნა-განმარტება მოსთხოვა, თუმცა იქიდან პასუხად მიიღო ქართული პროდუქციის სანიტარიულ ნორმებთან შეუსაბამობა.
გადის კიდევ ორი წელი და 2008 წელს ცხინვალის რეგიონში სამხედრო კონფლიქტი იწყება. იმავე წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში გაჩნდა ახალი ტერმინი:- „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორები“ და ხელისუფებისთვის რუსეთთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა, მათ შორის, ეკონომიკური, დიდი კითხვის ქვეშ დადგა.
ევროკავშირის ჩართულობით საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ახალი ფორსმაჟორული კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მისი დარღვევის შემთხევაში გავრცელდებოდა სანქციები როგორც უშუალოდ იმ კომპანიებზე, რომლებიც ამგვარ საქმიანობას ეწეოდნენ. ასევე იმ პირებზე, რომელნიც პირადაპირ ან არაპირდაპირ ფლობდნენ კაპიტალს ამ კომპანიაში ან რაიმე ფორმით გავლენას ახდენდნენ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. ასევე გაუქმდა სტრატეგიული ობიექტების ცნება და განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების სტატუსი მხოლოდ რამდენიმე ობიექტს მიენიჭა.
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ 2008 წლის შემდეგ „ნაციონალურმა ხელისუფლებამ“ გამოუშვა ნოტა, სადაც ხაზგასმით იყო გაწერილი ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლისა და მათი სამომავლო გაზრდის გეგმა. იქვე იყო აღნიშნული, რომ ისეთ სფეროებში, როგორც გახლდათ ელექტროენერგია, წყალმომარაგება, მადნეული, მინერალური წყლები _ ინვესტიციების დიდი წილი რუსულ კომპანიებზე მოდიოდა და ისინი სრულად უნდა დაქვემდებარებოდნენ ახალი კანონმდებლობით გაწერილ სტანდარტებს.
ყველაზე მსხვილი რუსულ ინვესტიციებს შორის გახლდათ „ინტერ რაო“, რომლის აქციონერები რუსეთის სახელმწიფო კომპანიები იყვნენ და არიან დღესაც და რომლებიც ფლობენ საქართველოს ენერგოსადისტრობუციო კომპანია „თელასს“, თბოსადგურ „მტკვარი ენერგეტიკას“, ჰესებს: „ხრამჰესი 1-ს“, „ხრამჰესი 2-ს“. რაც მთავარია, სწორედ იგი მართავს ყველაზე მძლავრ ჰიდროელექტროსადგურს საქართველოში „ენგურჰესს“. რუსული კომპანიის საკუთრებაში არის დღემდე „ჟინვალჰესი“, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“.
რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს „ენერგიასაც“, რომლის კუთვნილებაში შედის „დარიალი ჰესი“, „ლარსი ჰესი“, „შილდა ჰესი“, „ავანიჰესი“, „ალგეთი ჰესი“, „სკურდიდი ჰესი“. ჩამოთვლილთა გარდა მხოლოდ „საქრუსენერგოს“, (რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს) ფლობს ქართული და რუსული კომპანია ერთდობლივად.
აქ აღარ ჩამოვთვლით რუსი ბიზნესმენების საკუთრებაში მყოფ ისეთ ნავთობკომპანიებს, როგორებიცაა „ლუკოილი“, „გალფი“, „ფოთის ნავთობტერმინალი“, ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები ღMG Gოლდ და ღMG ჩოპპერ-ი, ასევე მინერალური წყლების მწარმოებელი „ბორჯომი“, მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მწარმოებელი „ელმავალმშენებელი“, „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „ბილაინი“ და ბევრი სხვა კომპანია. არ ჩამოვთვლით იმიტომ, რომ „ქრონიკა+“ თითოეულ მათგანზე უკვე წერდა დეტალურად _ მათ კაპიტალზე, ბრუნვის მარჟაზე, ინვესტიციის პროცენტულ მაჩვენებელსა და ა. შ. მათ უმრავლესობას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. მაგალითად, „ლუკოილს“, „ვითიბი ბანკს“, „როსნეფტს“. ცნობისთვის: ეს უკანასკნელი ოფშორული კომპანიების მეშვეობით განაგებს ფოთის ნავთობტერმინალებს და ბენზინგასამართ სადგურებს. თუმცა აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებამდე ბევრად ადრე, კერძოდ, „ქართული ოცნების“ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე, აშშ-ის მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მათ შეეძლოთ გაეყინათ საბანკო ანგარიშები და გამოეყენებინათ გადაადგილების აკრძალვა იმ ბიზნესმენების წინააღმდეგ, რომლებიც ფინანსურად მხარს უჭერდნენ ყირიმის რეფერენდუმს. ასე რომ, სინამდვილეში, პირველი სანქციები რუსულ კომპანიებს 2022 წელს კი არა, 2014 წლის 17 მარტს დაუწესდა და მას ევროკავშირის ქვეყნები და კანადა მიუერთდა. ევროკავშირმა აშშ-ს „აჯობა“ და მარტო ბიზნესს კი არა, 21 თანამდებობის პირს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა და აქტივებიც გაუყინა. კანადის გარდა 2014 წელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მიუერთდნენ ევროკავშირის ისეთი არაწევრი სახელმწიფოები, როგორებიც არიან ნორვეგია, შვეიცარია, უკრაინა, მოლდავა, ავსტრალია და იაპონია. კონკრეტულად, ყველა ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს აეკრძალათ სანქციადაწესებულ კომპანიებთან თანამშრომლობა, ნავთობმომპოვებელი და ნავთობსაბადოების ტექნოლოგიების მიწოდება, გრძელვადიანი სესხების გაცემა და ა. შ. 2014 წლის სიაში აღმოჩნდნენ VთB ბანკი, „როსნეფტი“ და „ლუკოილი“.
2014 წელს საქართველოში „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში ახალი მოსულია, საგარეო საქმეთა მინისტრი კი მაია ფანჯიკიძე გახლავთ. ციტირებას თუ გავაკეთებთ, რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესება ფანჯიკიძემ შემდეგნაირად განმარტა: _ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კრიზისული ვითარება გადაიჭრას.
ამ ეტაპზე, საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები ჟენევის ფორმატით. ასევე ტარდება არაფორმალური შეხვედრები აბაშიძე-კარასინის ფორმატში. აბაშიძე-კარასინს შორის გამართული შეხვედრების შედეგად მოიხსნა რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგო ქართულ პროდუქციაზე. ჯერჯერობით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა.
„ქრონიკა+“ აგრძელებს რუსული ინვესტიციების თემას და ამჯერად ჩამოგითვლით გიგანტებთან შედარებით ნაკლებად „გახმაურებულ“ კომპანიებს:
ასეთია, მაგალითად, „პეტროკას ენერჯი ლიმიტედი“, რომელიც არის საკმაოდ სოლიდური ნავთობკომპანია. იგი უზრუნველყოფს ევროპიდან საწვავის ჩამოტანას და ამარაგებს საქართველოს ბენზინგასამართ სადგურებს. ეს არის ქსელური კომპანია, რომლის საკუთრებაშიცაა ფოთში მდებარე რამდენიმე ნავთობტერმინალი და ბენზინგასამართი სადგურების ქსელი. „იდფის“ მონაცემებით, „პეტროკას ენერჯი ლიმიტედის“ მეწილე გახლავთ შვეიცარიის მოქალაქე, თუმცა რუსეთში მცხოვრები და მოღვაწე ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი.
ნავთობის გარდა, ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი ფლობს კომპანია Mილარმ Iნტერნატიონალ ჩორპ-ს, რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული და სარეკლამო კომპანია „სმოდ ედვერთაიზინგის“ უკან დგას. იაკობაშვილს სახელს მოიაზრებენ ასევე სარეკლამო კომპანიასთან „აუთდორ ჯი“, რომ მან შეიძინა ოფშორული კომპანია Aდპროჯეცტს-ი, რომელიც „აუთორ ჯის“ ერთ-ერთი მფლობელია. გარდა ამისა, მის საკუთრებაში აღმოჩნდა „უნივერსალ კაპიტალ გრუპი“, რომელიც ბიზნესმენმა ორ მილიონ დოლარად შეიძინა.
რაც შეეხება უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დავით იაკობაშვილის საკუთრებაში მყოფ კომპანიებს, ეს არის სააქციო საზოგადოება „ბიოენერგია“, სადაც იგი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ.
ქართველ მომხმარებლისთვის დავით იაკობაშვილის სახელი არა ნავთობთან, არამედ წვენებისა და რძის წარმოებასთან ასოცირდება. საქმე ის არის, რომ დავით იაკობაშვილს ეკუთვნის „ვიმ ბილ დანი“ _ იგი მისი ერთ-ერთი ძირითადი დამფუძნებელია. ცნობისთვის: ზუსტად იმ დროს, როდესაც აშშ-მ და ევროკავშირმა რუსულ კომპანიებს ყირიმის საკითხის გამო სანქციები დაუწესეს, რუსულმა „ფორბსმა“ იაკობაშვილს 91-ე ადგილი მიანიჭა ყველაზე მდიდარ რუს ბიზნესმენთა შორის, მილიარდიანი ქონებით.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან ერთი წლის თავზე, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების რაოდენება 66 მილიონ დოლარად შეაფასა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ინვესტიციების ნუსხაში მას მერვე ადგილი ეკავა. საქართველოში შემოსული ინვესტიციების მხრივ პირველი ადგილი ეკავა, ძალიან გაგიკვირდებათ, _ ნიდერლანდებს 331,1 მილიონი დოლარის ინვესტიციით. აქვე განვმარტავთ, რომ ნიდერლანდები კი არის პატარა სამეფო, მაგრამ იქ გახლავთ ოფშორული ზონა, სადაც უმსხვილესი კომპანიები რეგისტრირდებიან. საკითხი დგას ასე: ვინ დგას ევროზონის ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების უკან? სხვებთან ერთად, რა თქმა უნდა, რუსული კონცერნები, რომლებიც ათეულ მილიონიან ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში წარმომავლობის დადასტურების გარეშე. თორემ ნიდერლანდებს 330 მილიონიანი კი არა, 3-მილიონიანი სტრატეგიული ინტერესიც რომ არ აქვს საქართველოს მიმართ, რად უნდა ამას მტკიცება. ნიდერლანდურ შოკოლადს ვერ იპოვი ვერსად, კოსმეტიკაც კი არ შემოდის ქართულ ქსელში _ ყველაზე მოკრძალებული სეგმენტი რომ ავიღოთ.
შევადაროთ საქართველოში რუსული ინვესტიციების წილი მმართველის პარტიის ხელისუფლებაში მოსვლისა და მისი 9-წლიანი მმართველობის შემდეგ პერიოდს.
2014 წელს, „საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციების წილი მოდიოდა შემდეგ კომპანიებზე: „ვიმ-ბილ-საქართველო“, „მობიტელი“, „ჯლს“, „კარლსბერგ საქართველო“, „ელექტრონი“, „ჩლუბ-2100“, „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“, ELIთE DEVELOPMENთ-ი, „ემბავუდ ჯორჯია“, „ტიფლისკი ვინნი პოგრებ“, „სტრომოსი“ და „ტრიდე“.
მკითხველის შედარებით უცნობი კომპანიების შესახებ მოვახსენებთ: „ტრიდეზე“ 2013 წელს მოდის რუსეთიდან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. დამფუძნებელთაგან ერთ-ერთი, ვალერიან მარგველაშვილი, 35%-იანი წილით, რუსეთის მოქალაქეა. „ტრიდეს“ ეკუთვნის კომპლექსები „ტრიდე თბილისი“, „ტრიდე მწვანე სახლი“ და „ტრიდე ბაკურიანი“.
რაც შეეხება ჩლუბ-2100-ს, კომპანიის მიერ გუდაურში სასტუმრო კომპლექსი აშენდა რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე რომანოვის ფინანსებით. რომანოვი კომპანიის 90- პროცენტიანი მეწილე იყო.
რა ვითარებაა დღეს, 2022 წლის მიწურულს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკური ვექტორი დასავლური ინტეგრაციის კუთხით შეასუსტა?
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მესამე კვარტალში 745 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა ესპანეთი _ 165,9 მლნ. დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების 22.3 პროცენტს შეადგენს;. მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო _ 122 მლნ. დოლარით, რაც მთლიანი ინვესტიციის 16,5 პროცენტს შეადგენს; მესამე ადგილზე გახლავთ ირლანდია – 120,3 მლნ. დოლარით და 16,1 პროცენტიანი ინვესტიციის მაჩვენებლით. ანუ სამი ქვეყანა: ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია ერთობ საინტერესო გადანაწილებაა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკასთან ისეთივე საერთო აქვს, როგორც თერმობირთვულ ფიზიკას. საიდან ჩნდება ეს ციფრები კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ, მაგალითად, ირლანდიურ ინვესტიციას საქართველოში. „საქსტატის“ მონაცემებით ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რუსული ინვესტიცია ბევრად მცირე პროცენტით არის წარმოდგენილი, ვიდრე სააკაშვილის ზეობის ხანაში იყო 2008 წლის ომის შემდეგაც კი. სრულიად სხვა მონაცემებს დებს ტრანსპარენცყ ინტერნატიონალ Gეორგია, რომლის კვლევის თანახმადაც, 2015 წლის შემდეგ, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი. მარტო 2019 წელს მან 500 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 13.2% დაფიქსირდა. ამ შუალედში მარტო ქართული ღვინის ექსპორტი 158 მლნ. აშშ დოლარით, ანუ 244%-ით გაიზარდა და ამ მასშტაბური ზრდის ფონზე 110 მლნ. დოლარი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გაყიდვებზე მოდის. დღემდე საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარების 70%-ზე მეტი რუსეთზე მოდის. იმპორტის სფეროში კი რუსეთის წილობრივი მაჩვენებელი 96%-მდეა. მესამე ადგილზე დგას ტურიზმი და აქაც ირკვევა, რომ ჩვენი ქვეყანა ტურიზმის კუთხითაც ყველაზე მეტად რუსეთზე არის დამოკიდებული. რეკორდული მაჩვენებელი წინა წლებშივე მოიხსნა, როდესაც რუსმა ტურისტებმა საქართველოში 700 მლნ. დოლარი დახარჯეს. მეოთხე ადგილზე გახლავთ რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები, რომელიც შემცირდა. აქ ძალიან უცნაური სტატისტიკა ფიქსირდება: 2012 წელს საქართველოში რუსეთიდან ფულადი გადმორიცვხების მაჩვენებელი 56% იყო, დღეს კი 400 მლნ. დოლარიც არ არის, რაც მთლიანი გზავნილების 21%-მდე შეადგენს. როგორც ჩანს, ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ქართველი ემიგრანტებისთვის ამერიკა და ევროკავშირის ქვეყნები ბევრად მაღალანაზღაურებადია. მონაცემთა შორის უცნაურ ცვლილებები შეიძლება „კოვიდ 19-ის“ აწ უკვე გარდასულ ტალღასაც დავაბრალოთ, რომელმაც ბიზნესს, ყველაზე მეტად კი ექსპორტ-იმპორტს სერიოზულად დაარტყა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ საქართელოში ექსპორტი 20%-მდე შემცირდა. აქედან, ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 43%-ით შემცირდა, რაც, დაახლოებით, 44 მლნ. დოლარია. ექსპორტ-იმპორტის ტენდენცია არ იცვლება და დღეის მდგომარებით რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი 20%-ით საწვავს უკავია, მეორე ადგილზე დგას ხორბალი. პანდემიამ ერთადერთი ამ სეგმენტს არ დაარტყა მარტო ის რად ღირს, რომ საყოველთაო აკრძალვის დასაწყისში რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტი 72 ათასი ტონიდან 87 ათას ტონამდე გაიზარდა და იმპორტირებული ხორბლის 100% რუსული იყო.
რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, როგორ წარმოუდგენია საქართველოს ხელისუფლებას, ეკონომიკური კონტენტი დაალაგოს ტერიტორიული დეოკუპაციის გარეშე?! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში“ წერია, რომ საქართველოს უმთავრეს მიზანს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება. საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო
მოლაპარაკებებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, სადაც ასევე გაგრძელდება მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების, მათ შორის, საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანის, ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით; რომ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ორმხრივ ფორმატს.
როგორ? რანაირად? სხვათა შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იგივე გეგმაში, რომელიც სამინისტროს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე უდევს, ევროკავშირთან ინტეგრაცია კულტურული ურთიერთობებით შემოიფარგლება.
„ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია ხალხთაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავება და ქართული კულტურისა და ხელოვნების, როგორც ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილის, წარმოჩენა. ევროპის კულტურულ სივრცესთან დაახლოების მიზნით, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო მასშტაბურ ღონისძიებებში (ვენეციის ბიენალე, პრაღის კვადრიენალე, საერთაშორისო წიგნის ბაზრობები, კინოფესტივალები და სხვ.). ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა „ევროპა საქართველოში“ და „საქართველო ევროპაში“ (ციტატის დასასრული).