დავით ოსეფაშვილი: „თუკი რუსეთი შევა უკრაინაში, საქართველო აღმოჩნდება რუსეთის ორბიტაზე“

გიორგი საკარული

რუსეთ-უკრაინა ომის ზღვარზეა. ამ მოცემულობაში კი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, სადაც რუსეთი ნახსენებიც არ არის. ერთი მხრივ, მმართველი გუნდი ამ ყველაფერს არგაღიზიანების პოლიტიკით ხსნის, მეორე მხრივ კი ოპოზიციური სპექტრი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ემსახურება რუსეთის ინტერესებს.

2 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრია და გატენილია იარაღით, განთავსებულია თანამედროვე მოიერიშე სისტემები, როგორც პოლონეთსა და რუმინეთში, ვინ დაუშლის და იწყებს ოპერაციას ყირიმში, დონბასზე აღარც ვლაპარაკობ. ეს (ყირიმი) არის რუსეთის სუვერენული ტერიტორია, ჩვენთვის ამ მხრივ საკითხი დახურულია. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანაა და იწყებს ამ სამხედრო ოპერაციას. ჩვენ რა, NATO-ს ბლოკს ვებრძოლოთ? ვინმეს ამაზე რამე მაინც უფიქრია? როგორც ჩანს, _ არა.

რამდენად მოსალოდნელია, უახლოეს პერიოდში რუსეთ-უკრაინას შორის საომარი მოქმედებების დაწყება? სანქციები გახდება თუ არა პუტინისთვის შემაკავებელი ფაქტორი და ამ მოცემულობაში როგორ აიხსნება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია?

ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტიკურ ექსპერტ დავით ოსეფაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო დავით, თავდაპირველად რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ მდგომარეობაზე გკითხავთ, _ დასავლეთის მხრიდან ასეთი ზეწოლის მიუხედავად, გაბედავს თუ არა რუსეთი უკრაინასთან ომს?

_ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული ზეწოლა არის დასავლეთის მხრიდან რუსეთზე, მომზადებულია სპეციალური სანქციების პაკეტი, თუ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს უკრაინაში შესვლა, არ მგონია, რომ ამან ის გააჩეროს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ძალიან დამაზარალებელი იყოს რუსეთის ეკონომიკისთვის, _ თვითონ რუსეთის ხელისუფლებისა და პუტინის პოზიციები ასეთია, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული სამართლიანობისა და პრინციპების დაცვა, ვიდრე ის რეალური დანაკარგები, რაც ეკონომიკური და ფინანსური მიმართლებით შეიძლება გამოისახოს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო, პრაქტიკულად, უკვე აღარ არის ერთპოლარული და ამჯერად მრავალპოლარულია, რუსეთს ჰყავს თავისი თანამოაზრე და მოკავშირე ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოს დიდ ნაწილს შეადგენენ: ჩინეთი, ინდოეთი. მაგალითად, პუტინი იყო ჩასული რამდენიმე ხნის წინ ინდოეთში, ეს არის მილიარდზე მეტი მოსახლეობისა და უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ამჟამად კი ჩინეთში იმყოფება პუტინი და, პრაქტიკულად, ეს ალიანსი, რომელიც მას აქვს იგივე ჩინეთთან, არის ძალიან სერიოზული პრობლემა დასავლეთისთვის, კერძოდ, ამერიკისთვის. ამერიკელი ექსპერტები ყოველთვის ამბობდნენ, არ შეიძლება რუსეთს ვუბიძგოთ იქითკენ, რომ ის წავიდეს ჩინეთთან კოალიციებზე და თანამშრომლობაზე, რადგან ეს აძლიერებს ამ ორ ქვეყანას, ხოლო კოლექტიურ დასავლეთსა და, ზოგადად, ამერიკას, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ამიტომ თუ პუტინს გადაწყვეტილი აქვს, რომ შევიდეს უკრაინაში, მგონია, რომ ამ განზრახვას აუცილებლად განახორციელებს და ის შევა უკრაინაში, _ თუ მართლაც ასე მოხდა, დიდი ალბათობით, მთლიან ოკუპაციას განახორციელებს ამ ქვეყნისას. როგორც ახლა დასავლური სადაზვერვო მონაცემებით ვიგებთ, 100 ათასზე მეტი სამხედროა მობილიზებული უკრაინის საზღვრებთან, მათ შორის, ბელარუსის მხრიდან. ბელარუსიდან კიევამდე, დაახლოებით, 90-100 კმ-ია. ბაიდენმა პირდაპირ განაცხადა, რომ დასავლეთი ამ ომში ჩართვას არ აპირებს, ამერიკის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინაში არ იომებს და მხოლოდ თავისი მოკავშირე ალიანსების ქვეყნების ინტერესებს დაიცავს. ამიტომ თუ პუტინს გადაწყვეტილი აქვს უკრაინაში შესვლა, ის შევა, რა თქმა უნდა. დასავლეთი იძულებული იქნება, რომ ეს სანქციები დაუწესოს მას, მაგრამ არ მგონია, რომ ამან განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნას რუსეთს.

_ რატომ მიგაჩნიათ, რომ რუსეთისთვის სანქციები არ იქნება განსაკუთრებით პრობლემური?

_ მსოფლიოში ახლა რთული მდგომარეობაა ნავთობთან და გაზთან მიმართებით: ნავთობისა და გაზის, ასევე არა მხოლოდ ამ ბუნებრივი რესურსების ყველაზე დიდი მარაგი რუსეთშია. ევროპაში ახლა გაზის ათასი კუბმეტრის ფასი ავარდნილია ათას ას დოლარზე, მაშინ როცა ეს ფასი იყო, დაახლოებით, 200-300 დოლარი. ანუ კატასტროფულად არის გაზრდილი, ეს კი პირდაპირ ურტყამს ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს. ის, რომ ჩრდილოეთ ნაკადი დაიბლოკოს (რისი გაკეთებაც არ უნდა გერმანიას), ამ საკითხზე აშშ-სა და გერმანიას შორის მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკება. ევროპა თვითონ დაიზარალებს თავს. საფრანგეთმა ყველა დაკონსერვებული ატომური ელექტროსადგური გახსნა იმიტომ, რომ ელექტროენერგიის კატასტროფული დეფიციტია და 25%-მდე არის დასული, რაც ევროპაშია გაზსაცავებში. ამ ფონზე, როდესაც ერთადერთი ძირითადი მიმწოდებელი რუსეთია და გაზის 40 -მდე ევროპაში რუსეთიდან მიდის, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ პრობლემებს. ეს სანქციები ასევე დაარტყამს დასავლეთსაც, რადგან მსოფლიოში შეარყევს ფინანსურ, ეკონომიკურ მდგომარეობას. თუ რუსეთი ამ კონტექსტიდან ამოვარდება და  პრობლემები შეექმნება, რა თქმა უნდა, იგივე პრობლემები ექნება ევროპასა და ამერიკას.

_ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინს ამ სანქციების არ ეშინია და თავისი სტრატეგიით მოქმედებს?

_ დიახ, მას ეს სანქციები არ გააჩერებს. თუ მას გადაწყვეტილი აქვს, რომ უკრაინა აიღოს, ის ამას გააკეთებს და სანქციები ვერ შეაჩერებს, თუმცა კონტრსანქციებმა, რომლებიც სანქციების შემთხვევაში უკვე რუსეთის მხრიდან წავა დასავლეთთან მიმართებით, შესაძლოა, უფრო მეტად დააზარალოს დასავლეთი და ევროპა. ასე რომ, ძალიან რთული ვითარებაა.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ბაიდენმა პირდაპირ თქვა, დასავლეთი ამ ომში ჩართვას არ აპირებსო, მაგრამ, ამავდროულად, მეორე მხარე ამბობს, რომ სწორედ ბაიდენს სურს ომი. პარალელურად კი ლავროვი აცხადებს, რომ ომს არ აპირებენ. ხოლო პუტინის თქმით,  ტერიტორიები რუსეთს ეკუთვნის და ამისთვის იბრძოლებს. რეალურად, რომელ მხარეს რა ინტერესები აქვს? აქვე, აღვნიშნავ, რომ შეიარაღებითაც ეხმარება დასავლეთი უკრაინას, _ ეს ფაქტი რაზე მეტყველებს?

_ ეს მხოლოდ განცხადებებია. ამ განცხადებებისა და შეშფოთებების იქით დასავლეთი არ მიდის, არც წასულა და არც მომავალში წავა, მით უმეტეს, უკრაინის მიმართულებით. ჩვენ, საქართველო, უკვე 30 წელია, ასეთ რეჟიმში ვიმყოფებით, ზუსტად იგივე მდგომარეობაა ახლა უკრაინასთან მიმართებით, თითქოს ძალიან სერიოზული განცხადებები კეთდება დასავლეთის მხრიდან, თუმცა ეს მხოლოდ სიტყვებია, რომლის იქითაც არაფერი ხდება. რაც შეეხება შეიარაღებას, ეს არ არის ტაქტიკური შეიარაღება, ისეთი ტიპის, რომელიც პრობლემას შეუქმის რუსულ ჯარს, იმიტომ, რომ ეს არის ჯაველინები, თავდაცვითი იარაღი. ეს მოცემულობები იმდენად მცირეა, რომ, ფაქტობრივად, არაფერს ცვლის. თუ ამერიკა ან ევროპა რეალურად ეხმარება ან დაეხმარება უკრაინას, მაშინ ეს მოცულობები 50-ჯერ უნდა გაიზარდოს, რათა ჩვენ ვთქვათ, რომ სერიოზული ტექნიკით ეხმარება. დღეს ასე არ არის. მაგალითად, გერმანიამ, როდესაც ინგლისმა ეს თავდაცვითი იარაღი უკრაიანში გააგზავნა, თავისი საჰაერო სივრცე არ გაუხსნა ინგლისელ სამხედროებს, მათ შემოუარეს გერმანიას და სხვა ქვეყნების გავლით ჩაიტანეს ეს იარაღი უკრაინაში. გერმანია და საფრანგეთი აბსოლუტურად სხვანაირ პოზიციას იჭერენ და ეს ძალიან ანგარიშგასაწევი პოზიციებია, რადგან ისინი აცნობიერებენ, რა შეიძლება მოჰყვეს, ზოგადად, ამ ომს, _ ეს შეიძლება მესამე მსოფლიოში ომში გადაიზარდოს. გარდა ამისა, გერმანიას პირდაპირი ინტერესები აქვს, რომ მისი მოქალაქეები არ გაიყინონ, რადგან სწორედ რუსეთიდან იღებს ბუნებრივ აირს. ამერიკა პირდაპირ სთხოვს გერმანიის კანცლერს, დაიბლოკოს ჩრდილოეთ ნაკადი 2. ფაქტობრივად, ეს მილიარდობით ევრო და დოლარია, რაც ჩადებულია ამ პროექტში და გერმანული და ამერიკული კომპანიები მნიშვნელოვნად ზარალდებიან. ძირითადად, ევროპაში ლოკომოტივები სწორედ საფრანგეთი და გერმანია არიან. მაგალითად, უნგრეთის პრემირ-მინისტრი რამდენიმე დღის წინ ჩავიდა პუტინთან და მაშინ, როცა ევროპაში გაზი ათას ასი დოლარია, ათას კუბმეტრზე 200 თუ 300 დოლარად ჩამოიტანა ახალი კონტრაქტი. ამით ჩანს განსხვავება. რამდენიმე დღის წინ რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ, ფაქტობრივად, ყირიმი ჩვენია, უკრაინამ ყირიმზე შეტევა რომ დაიწყოს, ეს ხომ გამოიწვევს საომარ ვითარებას, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა შევა ნატოში ან ნატოსთან ექნება სამხედრო პარტნიორობაო? ამით პირდაპირ თქვა, რომ ის არათუ არ აპირებს ყირიმის ან რომელიმე ტერიტორიის დათმობას, არამედ ღიად წამსვლელია იმაზე, რომ ბოლომდე მიჰყვეს ამ საკითხს და მიიღოს შესაბამისი ზომები. ინგლისის დაზვერვის მონაცემებით, 60-მდე დამრტყმელი ჯგუფი არის რუსეთში გამზადებული, რაც ერთ-ერთი სერიოზული ნიშანია იმისა, რომ რუსეთი აპირებს უკრაინაში შესვლას. ეს ძალიან სერიოზული ამბავია, გარდა ამისა, მეორე და მთავარი ფაქტორი, რომ რუსეთი უკრაინაში აპირებს შესვლას, არის შემდეგი: ამ ლოჯისტიკის პროცესებში, ტექნიკის გადაყვანას ვგულისხმობ, ტექნიკის გარდა ჰოსპიტალები და სისხლი მიაქვთ. როდესაც სისხლი მიაქვთ ეს ნიშნავს, რომ ელოდებიან სამხედრო მოქმედებებს და სისხლი ასეთ ვითარებაში აუცილებელია, _ ეს უტყუარი, ერთ-ერთი სერიოზული საკითხია. როგორც ამბობენ, თებერვალიშ შეჭრა სავსებით სავარაუდოა. ეს არის დასავლეთის წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც იმათი დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა და ოფიციალურად გაჟღერდა.

_ ამ მოცემულობაში საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია რამდენად ადეკვატურია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა?

_ საქართველოს ხელისუფლება, ერთი მხრივ, სათავისოდ პრაგმატულად იქცევა, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არამეგობრულია ეს ჟესტი, რადგან უკრაინა არის საქართველოს მოკავშირე და მეზობელი. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლება ამას უყურებს ასე: ჩვენ ამ ძალიან ფეთქებადსაშიშ მსოფლიო ეპიცენტრში არ უნდა მოვექცეთ, უკრაინა უკვე მოქცეულია. თუ იქ ომი დაიწყება და საქართველო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, თუნდაც სამხედრო, სიტყვიერი, პოლიტიკური განცხადებების დონეზე, ეს აისახება საქართველოზეც. როდესაც უკრაინის რადაში დასავლეთის ქვეყნების დროშები იყო გამოფენილი და მათ მადლობა გადაუხადეს სიტყვიერ და სამხედრო მხარდაჭერისთვის, საქართველოს დროშა იქ არ ყოფილა. საქართველო ამას არ აკეთებს, რადგან ჩვენი ხელისუფლება ასე ფიქრობს, უკრაინაში, რომ რამე მოხდეს და დიდი ალბათობით მოხდება, მერე საქართველო ისეთ თუ ნაბიჯებს არ გადადგამს, როგორიც საჭიროა, ეს პრობლემები გადმოვა ჩვენზე. თუ, დავუშვათ, საქართველო ძალიან სერიოზულ განცხადებებს გააკეთებს, მაგალითად ისეთს, როგორსაც სააკაშვილი თავის დროზე აკეთებდა, და ქმედებებიც შესაბამისი იქნება, ასეთ შემთხვევაში  ონფლიქტის დროს რამდენიმე ბომბს საქართველოშიც ჩამოაგდებს რუსეთი, _ ასე ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება. ის ხედავს, რომ ომი უკრაინაში გარდაუვალია. თუ რუსეთი უკრაინას აიღებს, ყველა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები აღმოჩნდებიან ზუსტად იგივე მდგომარეობაში, _ იმ ქვეყნებში შესვლა კი არ დასჭირდება რუსეთს, ფაქტობრივად, ხურდაში ერგება ეს ქვეყნები. მათ შორის საქართველო და ბევრი სხვა ქვეყანა. ჩვენს ხელისუფლებას მკვეთრი განცხადებები რომ ჰქონდეს გაკეთებული, ოფიციალურ დონეზე სამხედროები რომ გააგზავნოს, თუნდაც ერთი ბატალიონი გაუშვას, ეს ხომ ცუდ რაღაცებს გამოიწვევს? _ ასე ფიქრობენ ესენი. თუ რუსეთი შევა უკრაინაში, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, მინიმუმ, პირდაპირ აღმოჩნდება რუსეთის ორბიტაზე. თქვენთან ინტერვიუში დეკემბრის ნომერშიც ვამბობდი: მრჩებს შთაბეჭდილება, რომ დასავლეთმა არადეკლარირებულად, ჩუმად დატოვა საქართველო და, უბრალოდ, ფორმა დარჩა ასეთი, რომ დასავლეთი ჩვენი პარტნიორია, თორემ, რეალურად, პირდაპირ გეტყვით, რომ დასავლეთი უკრაინაშიც არ აპირებს ბრძოლას, იმ დონის სამხედრო აღჭურვილობასაც არ აწვდის უკრაინას, რაც გაფიქრებინებდა ადამიანს, რომ ეს რეალური დახმარებაა.

_ თქვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ დასავლეთმა არადეკლარირებულად, ჩუმად დატოვა საქართველო, _ ეს რამ გამოიწვია?

_ ამერიკას, დაახლოებით, 700-800 სამხედრო ბაზა აქვს მსოფლიოში. მოქმედი, მინიმუმ, 600 მაინც. საქმე ის არის, რომ ამერიკას ძალიან ბევრი შიდა პრობლემა აქვს: 25%-იანი ინფლაციაა, ეს ტენდენცია იგრძნობა საქართველოშიც, რუსეთშიც და ყველგან. ფაქტობრივად, ასევე ძალიან რთული ეკლექტური ვითარებაა. იყო პერიოდი, როდესაც სამოქალაქო ომის, არეულობის ზღვარზე იყო ეს ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას ძალიან დიდი რესურსები აქვს თავისი სამხედრო ბიუჯეტით, შესაძლებლობებით, ჯარით და ა. შ., ბევრი რამ დამოკიდებულია ერთ მთავარ რაღაცაზე, _ იმ იდეოლოგიაზე, რაც, მაგალითად, პუტინსა და რუსეთს აქვს და რაც ამერიკას არ გააჩნია. თუ ეს შიგთავისი გამოეცლება მას და მხოლოდ ფული, გემები და თვითმფრინავები ექნება, სამხედროები და ის ხალხი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობს, ვერ იომებს. მით უმეტეს, არც ევროპასა და არც ამერიკას აღარ უნდა სხვა ქვეყნების გამო ომი, მით უფრო, რუსეთთან. ეს ბუნებრივი ფაქტორია, რადგან ძალიან ბევრი რიგითი ამერიკელი, როემლიც უცხოურ ბაზებს აფინანსებს მისი გადასახადებიდან, არ სჭირდებათ, _ ამერიკაში ბევრი თავისი პრობლემები აქვთ. ბაიდენი რამდენიმე კვირის წინ თავის შტატში იყო ჩასული, სადაც უზარმაზარი ხიდი ჩამოინგრა. ფაქტობრივად, ტრამპი, რომელიც ამბობდა, უპირველეს ყოვლისა ამერიკაო, ის იმ კონცეფციიდან გამოდიოდა, რომ ჩვენი ფული დასავლეთის მიმართულებაზე კი არ უნდა დავხარჯოთ, არამედ ჩვენს ქვეყანას უნდა მოვახმაროთო. ამიტომ ძალიან ბევრი სოციალური, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა პრობლემები არის დაგროვილი შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა, ამერიკელ ხალხს არ სჭირდება არც უკრაინა, არც საქართველო და არც ომი ვინმეს გამო. როცა ასეთი განწყობაა, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხის ელექტორალურ ნებაზე არიან დამოკიდებულები, პირდაპირ მიბმულები არიან ამ განწყობას. ამერიკა არ არის ავტორიტარული ქვეყანა, ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა, ამიტომ ეს საზოგადოებრივი აზრი  გასათვალისწინებელია: ხალხს არ უნდა ომი, ხალხს არ აინტერესებს უკრაინა. უკრაინა, საქართველო და მთელი ეს პროცესები აინტერესებს პოლიტიკურ ელიტას, რომელიც არის კარგად, მაღალი ანაზღაურებით, თანამდებობებით, ხელფასებით, რომელიც თავს იქცევს ამ ყველაფრით და თავის საქმეს აკეთებს, რიგით მოსახლეობას კი ეს არ აინტერესებს. როგორც ვატყობ, ამერიკის ჰეგემონია და ერთპოლარული სამყარო დასრულდა. ახლა იქნება მრვალპოლარული სამყარო, რეგიონული ცენტრები. თუ ამერიკა მთელ გლობალურ პროცესებს მართავდა, ახლა ასე ვეღარ იქნება. არის ორ მილიარდამდე ჩინეთი, მილიარდნახევრიანი ინდოეთი, არის ლათინური ამერიკა, რომელიც სრულად არ კონტროლდება ამერიკის მიერ. ასევე გიგანტური რუსეთი, ბირთვული ქვეყანა და უამრავი სხვა ქვეყანა. ამიტომ იქნება მრავალპოლარული მსოფლიო და დასავლეთს მოუწევს, ამ ახალ წესებს გაუსწოროს თვალი. თუ პუტინმა გადადგა ეს ნაბიჯი და ის შევიდა უკრაინაში, ევროპის უსაფრთხოების კონფიგურაცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო შემდგარი, აბსოლუტურად შეიცვლება. ერთ საინტერესო მაგალითსაც გეტყვით: ახლახან ამერიკის მეორე დიპლომატი, ვიქტორია ნულანდი, რომელიც არის ბლინკენის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში და საკმაოდ კომპეტენტურია ამ მიმართულებით, სენატში გამოდიოდა და ასეთი რამ თქვა: პუტინი აპირებს შესვლას და შევა უკრაინაში, მაგრამ ის, რომ უკრაინაში შევა, ჩვენ რა გარანტია გვაქვს იმისა, რომ მას უკრაინის შემდეგ არ მოუნდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაპყრობა? ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში (ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, პოლონეთი) დავაყენოთ ჯარი, რომ მათკენ აღარ მივიდესო. ე. ი. ამერიკის ნომერ მეორე გავლენიანი ქალი დიპლომატი ამბობს, რომ იმაზე კი არ არის საუბარი, უკრაინას წაიღებს თუ არა რუსეთი, ჩვენ იმდენი უნდა გავაკეთოთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არ მოგვტაცოს და არ შეყლაპოსო. თუ ეს მოხდება, ავსტრიამდე და გერმანიამდე არ მივიდეს, თორემ საქართველოზე, უკრიანასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე თითქმის არ არის საუბარი.

რაც შეეხება საქართველოს, უკვე 30 წელია, დასავლეთიდან გვესმის შეშფოთება. ფაქტობრივად, ხალხი, რომელიც იყო მოშურნე იმისა, რომ საქართველო ევროკავშირში შესულიყო, ასევე ნატოსა და ცივილიზებულ თანამეგობრობაში, დუმს. სხვა დრო მოდის. ალბანეთი საქართველოზე განვითარებული ქვეყანაა?! _ ის მიღებულია სხვადასხვა სტრუქტურაში. ან, დავუშვათ, ყოფილი იუგოსლავიის განაყოფები, ქვეყნები, რომლებიც შეიძლება აბსოლუტურად არ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტს, მაგრამ ისინი მიიღეს, ნატოს წევრები არიან. ფაქტია, რომ საქართველოს მიღება არ მოინდომეს და ჩვენ ვერ შევვარდებით ამ ბლოკში. პირველი, ვინც ეს ყველაფერი დაბლოკა, იყო საფრანგეთი და გერმანია, ეს ცნობილი ფაქტია. ასე რომ, მე მაინც მგონია, გეოპოლიტიკური ცვლილებები გარდაუვალია ევროპაში, მათ შორის, უსაფრთხოების კონფიგურაციის ცვლილება. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ნულანდი პირდაპირ ლაპარაკობდა, რომ პუტინს განზრახული აქვს თანამედროვე მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის აღდგენა. ეს შეიძლება არ იყოს იმ ფორმით, რაც ადრე იყო, მაგრამ მოდერნიზებული ვერსია შეიძლება აღადგინოს, სავარაუდოდ, აქეთკენ მიდის ყველაფერი, სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა. ეს დასკვნები დასავლეთის დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა და ოფიციალურად არის გაჟღერებული.