„ძალიან მალე ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციას მიიღებს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე“

თამარ სანაძე

საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპული პარტნიორების ურთიერთობა მძიმდება, ეჭვქვეშ დგება ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსი. „ქართული ოცნების“ ლიდერები ანტიევროპულ, რუსეთის მაამებლურ განცხადებებს კიდევ უფრო მკვეთრად და ღიად აკეთებენ. ეს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის გარეშე არ რჩება.

რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთს ამჟამადაც და, საერთო ჯამშიც, უკრაინასთან ომში უპირატესობა აქვს. მისივე თქმით, ბოლო 1-2 კვირაში უკრაინას არცერთი, რუსეთს კი 10-მდე დასახლებული პუნქტი აქვს აღებული.
„ეს (რუსეთის უპირატესობა უკრაინაში) ფაქტობრივი მოცემულობაა, რასაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ და ასევე უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან. მაგალითად, ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და, მინიმუმ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს. დღეს ვის აქვს უპირატესობა, ეს არის მნიშვნელოვანი.
საერთო ჯამში, ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი. დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ხერსონის 80%, ასევე ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%. საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერების ამგვარ განცხადებებს ემატება მიხეილ სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. ევროპარლამენტარები კი ითხოვენ მესამე პრეზიდენტის უპირობოდ, დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მკურნალობის მისაღებად. ევროდეპუტატების უმწვავესი განცხადებებისა და მოთხოვნების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება არ ცვლის თავის ცინიკურ რიტორიკას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ.
ამასთან, რამდენიმე დღეში ევროპარლამენტში კენჭს უყრიან დოკუმენტს, რომლითაც გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ განთავისუფლებასა და უცხოეთში მის სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.
ევროდეპუტატები რიგით მეორე რეზოლუციას დაამტკიცებენ, რომელიც საქართველოს დაავადებულ პრეზიდენტს შეეხება.
„ქართული ოცნებისგან“ გვესმის ბევრი არა, არა და არა, მაგრამ თუ ჩვენგან კი-ს მოსმენა სურთ, ორჯერ უნდა დაფიქრდნენ, მეტიც 4-ჯერ, სანამ მოითხოვენ სტატუსს. ეს არ არის ერთი მიმართულებით ბილეთი, რომლის ნაწილიც გახლავთ საქართველო. ამიტომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს პრეზიდენტის რეაქციით ამ გადაწყვეტილებაზე. ეს აჩვენებს, რომ ვერ აცნობიერებენ პრობლემის სერიოზულობას“, _ ამბობს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი.
მისივე თქმით, ძალიან იმედგაცრუებულია საქართველოს პრეზიდენტის რეაქციით სააკაშვილის საქმის გადაწყვეტილებაზე.

ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაზე, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე მესამე პრეზიდენტის მიმართ, „ქართული ოცნების“ ანტიევროპულ განცხადებებსა და ევროპარლამენტარების შეფასებებზე „ქრონიკა+“-თან საუბრობს „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია. მან ცოტა ხნის წინ დაასრულა შეხვედრები ბრიუსელში ევროდეპუტატებთან:

_ ბატონო პაატა, გასული წლის თებერვლიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს რომ გადავხედოთ, მივხვდებით, რომ ეს რუსეთის მიმართ მაამებლობაა. თუნდაც სულ ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება გავიხსენოთ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის უპირატესობასთან დაკავშირებით. რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს? ეს შიშია, სიფრთხილეა?..
_ ძალიან ძნელია ამაზე საერთოდ კომენტარის გაკეთება. რა თქმა უნდა, მიუღებელია მათი ეს განცხადებები, ყველაფერი რაც ხდება უკრაინის ქვეყნის მიმართ, რომელიც იბრძვის და იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ეს ქვეყანა იბრძვის საქართველოსთვის. საქართველო და უკრაინა თავისუფალი სამყაროს წევრები უნდა იყვნენ, ამისკენ მივისწრაფით ჩვენც.
კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია, რომ ჩვენ მივისწრაფით ევროკავშირისკენ, ნატოსკენ. გუშინ დავასრულე ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოლიტიკურ მრჩეველს. ეს საკითხი დეტალურად განვიხილეთ და მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ის განცხადებები, რომლებიც აქ კეთდება, მათთვის ცნობილია. იმწუთასვე იციან, ვინ რა განცხადება გააკეთა. ძალიან გაოცებულები არიან, მათ სერიოზულ გაკვირვებას იწვევს, თუ რატომ აკეთებს საქართველო ასეთ განცხადებებს. თითქოს არაფერი, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი ზიანის მომტანი განცხადებებია. ეს აფერხებს ევროკავშირისა და ნატოსკენ გზაზე სიარულს.
სიმართლე რომ გითხრათ, მართლა ძალიან მიკვირს, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები?! რატომღაც, ასეთი განცხადებები ხანდახან მოწმენდილ ცაზე კეთდება, როცა არ ელი. ვგულისხმობ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „რუსეთ-უკრაინის ომში უპირატესობა აქვს რუსეთს“. არავინ განიხილავს ამას, ომში ვინ იგებს ახლა. არც მოგებაა და არც წაგებაა. აქ არის საბრძოლო მოქმედებების თეატრი იარაღის გამოყენებით, ძალის გამოყენებით, მსხვერპლით. როგორ დამთავრდება ეს ომი, არავინ იცის, ატომური იარაღის გამოყენებამდეც შეიძლება მივიდეს საქმე და არავინ იქნება გამარჯვებული. ასეთ ფონზე ჩემთვის ეს განცხადებები მიუღებელია და მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, საერთოდ, ყველასთვის.
ამ ვიზიტმა ბრიუსელში მაჩვენა, რომ ძალიან დიდ დაბნეულობას იწვევს მსგავსი განცხადებები და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოს ევროპული გზა. საით მიდის ქვეყანა? რა კურსი აქვს მას არჩეული? ყველაზე საინტერესო ამაში ის არის, რომ თქვენ თუ ნახავთ, საქართველომ უკრაინას ყველგან დაუჭირა მხარი: ჰააგის სასამართლოში, გაეროში, ევროპის საბჭოში, ყველგან! ვთქვათ სიმართლე, საუბარია დიპლომატიურ მიდგომაზე. აი, ასეთ ფონზე მსგავსი განცხადებები რადიკალურად აზიანებს ურთიერთობებს. რად უნდათ ამგვარი განცხადებების გაკეთება, ძალიან მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა.
_ რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენაზეც რომ ვისაუბროთ, რა საფრთხეს შეიცავს ეს ფაქტი? რატომ კეთდება რუსეთის მხრიდან განცხადებები ფრენების აღდგენის შესახებ?
_ შეუძლებელია, ეს მოხდეს. შეუძლებელია რუსეთთან ფრენების აღდგენა. როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, განცხადებაც გავაკეთე და აღნიშნულ საკითხზე უშუალოდ ვისაუბრე ნატოშიც.
რატომ არის შეუძლებელი, ამას ავხსნი. ამ საუბრების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა განცხადება. დავიწყოთ იმით, რომ თითქმის ყველა ავიაკომპანიას თვითმფრინავები ჰყავს გამოყვანილი ლიზინგით. პირობითად, ჩვენმა ავიაკომპანიამ რომ დაიწყოს ფრენა, მოხვდება სანქციების ქვეშ. ეს დაადასტურა კიდეც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ფრენების აღდგენის შესახებ საუბრის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველო მოხვდება სანქციების ქვეშ. ქართული ავიაკომპანიები რუსეთში ვერ იფრენენ. ე. ი. უნდა იფრინონ რუსულმა კომპანიებმა. განვიხილოთ რუსული კომპანიები. ვიცით, რომ რუსული კომპანიებიდან ლიზინგით გამოყვანილი თვითმფრინავები რუსეთმა „გადააგდო“, გამოვიყენებ ამ ტერმინს და ვიტყვი, რომ გადააგდო ყველა ის უცხოური კომპანია, საიდანაც წამოიყვანა თვითმფრინავები. ეს თვითმფრინავები ხომ რუსული არ არის? _ ყველა ბოინგია ან აერობუსი, ამიტომ თვითმფრინავები ვერსად დაფრინავენ, გარდა რუსეთისა. მათი ფრენა აქ ქმნის იმ რეალობას, რომ ჩვენ ავტომატურად უნდა გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ სანქციები, ამიტომ ამ დეტალებში, ეტყობა, ბევრი ვერ ერკვევა და განცხადებებს აკეთებს. არ დაიწყო რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები და ვერც დაიწყება. ვიმეორებ: ამაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან მკაცრად მიუთითა თავის განცხადებაში. ამიტომ ამასაც ვერ გებულობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ტექნიკურ მხარეზე წარმოდგენაც არ აქვთ.
_ ოკუპირებულ აფხაზეთს შევეხოთ: როგორ ფიქრობთ, რუსეთ-უკრაინის ომმა შეცვალა აფხაზების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ?
_ ძალიან სწორი და საინტერესო კითხვაა. შევეცდები, მოკლედ და გასაგებად გიპასუხოთ. დიახ, შეცვალა და რატომ: იმიტომ, რომ აფხაზებს დაუდგათ ასეთი არჩევანი, _ რუსულ ჯარში მსახურება და უკრაინის მიწაზე დამარხვა, რკინის ფარდის ქვეშ ცხოვრება. გვახსოვს, ევროკავშირმა გადაწყვეტილება რომ მიიღო, აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტებით ვერსად წავლენ, ჩაიკეტნენ. მათ სურთ განათლება მიიღონ უცხოეთში, ასევე ჯანდაცვის სისტემა, არადა, ჩაკეტილები არიან, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დროს, როცა რკინის ფარდის ქვეშ ვცხოვრობდით და ვერსად მივდიოდით. აი, სწორედ ამ არჩევანის წინაშე დადგნენ. ახლა უკვე დაიწყეს ფიქრი. რუსეთ-უკრაინის ომამდე რუსეთი უძლეველი იყო, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, ეს ასე ჩანდა. რასაც უნდოდა, აკეთებდნენ, მთელ მსოფლიოში დადიოდნენ, ერთობოდნენ: იახტები, დასვენება, აგარაკები, სახლები, მანქანები, ძვირადღირებული სპორტული მანქანები… დღეს ეს ყველაფერი ჩამოართვეს, ამას აფხაზებიც ხომ უყურებენ? აღარაფერი აღარ არის, მათ ახლა უნდა უყურონ მანქანა „მოსკვიჩ“ს, რომელიც მოსკოვში გამოდის, ვერ იფრენენ ვერსად, უნდა ისხდნენ და უყურონ გაბომჟებულ რუსებს. რა თქმა უნდა, აფხაზების დამოკიდებულება შეიცვალა რუსეთის მიმართ ომის დაწყების შემდეგ და ხალხი უკვე ძალიან ბევრს რაღაცას ფიქრობს.
_ საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე შემოვიდა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს რამდენად შეიძლება იყოს საფრთხის მომტანი?
_ ეს ფაქტი ნამდვილად საფრთხის მომტანია. მე შეხვედრები მქონდა ბრიუსელში აღნიშნულ საკითხზე. დეტალურად ვისაუბროთ და განვიხილოთ რა ხდება: საქართველოში რუსეთის 850 ათასი მოქალაქე შემოვიდა. აგვისტოს განმავლობაში ქვეყანაში შემოვიდა 380 ათასი მილიონი დოლარი ფული, როცა წლიური ბრუნვა რუსეთთან იყო 40 მილიონი დოლარი. ახლა განვიხილოთ, თუ რატომ არის საფრთხის შემცველი ეს ყოველივე. გავიხსენებ 1921 წლის მდგომარეობას. სპეციალურად ამოვიღე არქივი. როდესაც რუსეთის იმპერია დაეცა და იქ რევოლუცია მოხდა, რუსები გამოიქცნენ საქართველოში. იმ დროის პრესას რომ გაეცნოთ, ზუსტად ის წერია, რაც ახლა ხდება ჩვენთან. მილიონი რუსი შემოვიდა მაშინ საქართველოში. ნახევარი წავიდა საფრანგეთში, მეორე ნახევარი დარჩა. საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მეორე ნახევარმა (რომელიც ჩვენს ქვეყანაში დარჩა და საქართველომ მიიღო) უზრუნველყო წითელი არმიის შემოსვლა. მერე ისინი 1937 წელს დახვრიტეს, მაგრამ იმ დარჩენილმა მეორე ნახევარმა ხომ უზრუნველყო მათი, წითელი არმიის შემოსვლა? პრესას რომ გადახედოთ, ასე წერია. რა ეშველება საქართველოს, რომ თბილისის შუაგულში მხოლოდ რუსები გვხვდებიან?! რა ეშველება ბათუმს?! _ იქაც სულ რუსები არიან, მაშინაც ზუსტად ისე იყო, როგორც ახლაა, იგივე მდგომარეობაა ერთი ერთში. ისტორია მეორდება, ამიტომ არ ვიცი, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აქ დარჩნენ, ვინ არიან. შეიძლება, ახალგაზრდები არიან, ზოგიერთი გამოქცეულია, ამის კონტროლი არ არსებობს. ის ფული, რაც შემოდის, კი ბატონო, ამით ეროვნული ვალუტა სტაბილურდება, მაგრამ სად იფეთქებს ეს ფული, ჩვენ ვიცით? ეკონომიკას აზიანებს? რა ხდება ამ მხრივ? რა ბედი ელის საქართველოს ეკონომიკას? ეკონომიკას მოუტანს თუ არა ზიანს? _ ეს არის კითხვები პოლიტიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე. როდესაც ეკონომიკის რუსეთთან მიბმა ხდება, ხომ ხვდებით, რა შეიძლება მოხდეს? შეიძლება დღეს ლარი სტაბილური იყოს, მაგრამ ხვალ დილით გავიღვიძოთ და ეროვნული ვალუტა კოსმოსში ავიდეს. არ შეიძლება ოკუპანტ ქვეყანასთან მიბმა, რომელიც ამავე დროს არის არასტაბილური და არაპროგნოზირებადი. ამ ქვეყანამ შეიძლება ატომური ბომბიც გამოიყენოს და მასთან მით უმეტეს ეკონომიკურად მიბმა არ შეიძლება. ბრიუსელში ევროკომისიის შეხვედრებზე მუდამ ისმოდა ერთი კითხვა, _ თქვენ ჩვენი ოჯახის წევრობა გინდათ? ჩვენთან რატომ არ ხართ? ეს ძალიან მარტივი კითხვაა, _ თუ ჩემი ოჯახის წევრობა გინდა, რატომ არ უჭერ მხარს ამ ოჯახს? რატომ არ ხარ მის გვერდით? აი, ასე უყურებენ საკითხს.
_ ევროკავშირში თქვენი ვიზიტისას რა თემებს შეეხეთ ევროპელ პარტნიორებთან? რა მიდგომები გამოიკვეთა საქართველოსთან მიმართებით?
_ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ძალიან მძიმეა. მაღალი დონის შეხვედრები მქონდა ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის შეფთან, ასევე ევროპის საბჭოში, ევროპარლამენტარებთან და იმ ყველა ადამიანთან, ვინც მუშაობს საქართველოს დოკუმენტზე. ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის კანდიდატის სტატუსი, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ! თორმეტ პუნქტს, რომელიც დაგვევალა, არ ვასრულებთ. ხელისუფლება რასაც აკეთებს, ეს არის თვალის ახვევა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ამიტომ ის ისტორიული ფანჯარა შეიძლება დაიხუროს ჩვენთვის. ბრიუსელში ყველა შეხვედრაზე დავაყენე ერთი საკითხი, მქონდა ერთი მესიჯი: რაც არ უნდა ცუდი იყოს „ქართული ოცნება“, რაც არ უნდა ცუდი იყოს საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. საქართველოს მოსახლეობის 80% ამას მხარს უჭერს, ევროპული ოჯახისკენ სწრაფვა სურს, ეს ხომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, (NDI) კვლევამაც აჩვენა. ამიტომ თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, უფრო მეტი ბერკეტი ექნება ევროკავშირს მთავრობაზე და თუ არ მივიღებთ, აბსოლუტურად ვალდებულები არ იქნებიან არაფერზე. ეს არჩევანი აქვს გასაკეთებელი ევროკავშირს. ამაზე იყო საუბარი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდი განწყობებია საქართველოს მიმართ.
_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საფრთხე ემუქრება საქართველოს ევროპულ გზას?
_ პირდაპირ გეტყვით, ამ სიტუაციის მიხედვით, ამ ვითარების გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და რასაც მე ვხედავ, გეტყვით, რომ საფრთხის ქვეშ არის საქართველოს მხრიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ვისი ბრალი იქნება ეს? _ „ოცნების“, „ოპოზიციის“, უცხოპლანეტელების თუ ჩვენი მეზობლების, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ახლავე და პირდაპირ გეუბნებით, რომ კანდიდატის სტატუსი საფრთხის ქვეშაა.
_ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე რომ ვისაუბროთ, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის მიმართ ვხედავთ „ოცნების“ ლიდერების ცინიკურ, ირონიულ დამოკიდებულებას. რას ნიშნავს ეს? თუნდაც სასამართლო პროცესების მიმდინარეობა განვიხილოთ, _ რამდენად აზიანებს მიხეილ სააკაშვილის საკითხი საქართველოს ურთიერთობას საერთაშორისო პარტნიორებთან?
_ ამ თემაზე სულ იყო საუბარი. ყველგან ნახეს ის სურათი კლინიკიდან, რა მდგომარეობაშიც არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი. კაცი საკუთარი ფეხით შევიდა საავადმყოფოში და ახლა ვინ და რაც უნდა ილაპარაკოს, რა დღეშია, ყველა ხედავს. ძალიან მარტივად გასაკეთებელი დასკვნებია. აქ არავინ საუბრობს სასამართლო ხელისუფლებაზე. საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაზე, რაც ადამიანის ფუნდამენტალური უფლებაა. ბრიუსელში საუბარია ჰუმანური აქტის გამოყენებაზე, რომ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში, შესაბამისი პროფილის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ. მქონდა საუბარი და დეტალურად განიხილება სქემა ამ მიმართულებით. უფლება არ მაქვს, ამაზე ვილაპარაკო, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. აქტიურად მუშაობენ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე და ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე გადარჩეს.
_ რა როლი აქვს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხში? მისი არაერთი განცხადება წაგვიკითხავს და მოგვისმენია უცხოურ მედიაში, სადაც ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ სურს მესამე პრეზიდენტის გარდაცვალება პატიმრობაში. მეორეა რეალობა, რომ საქართველოში ის არანაირ ხერხს არ მიმართავს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად. მას აქვს ბერკეტი, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ამით ხელი შეუწყოს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას და იხსნას ქვეყანა უმძიმესი ვითარებიდან. როგორ ფიქრობთ, მიიღებს ის ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას? შეიწყალებს მესამე პრეზიდენტს?
_ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. ამის იმედი არავის უნდა ჰქონდეს. ეს ხომ ჩანს. სალომე ზურაბიშვილის სიტყვისთვის ნდობა არ შეიძლება! ეს არის ადამიანი, რომელმაც პენსია მოიწყო პრეზიდენტის სავარძელში „ოცნების“ ხარჯზე, ზუსტად ასე, პირდაპირი მნიშვნელობით. აბსოლუტურად არანაირი ღირებულება მის სიტყვებს არ გააჩნია. ეს არის დროის გაყვანის, სახის შენარჩუნების მცდელობა. თქვენი, როგორც ჟურნალისტის, პოლიტიკური ფასი უფრო დიდია, ვიდრე სალომე ზურაბიშვილის. პირდაპირ გეუბნებით, თქვენი დაწერილი ინტერვიუს, სტატიის ფასი უფრო დიდია, ვიდრე მისი გაკეთებული განცხადების.
_ რა მოლოდინები გაქვთ საქართველოს ხელისუფლებისგან? განახორციელებს „ქართული ოცნება“ ჰუმანურ აქტს და მისცემს მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობას, რომ იმკურნალოს შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში? შესაძლებელია, რომ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლამ აიძულოს ხელისუფლება, გადადგას ეს ნაბიჯი?
_ პირდაპირ რომ გითხრათ, ამის იმედი და მოლოდინი არ მაქვს. ის, რაც ევროპის სტრუქტურებში მოვისმინე ჰუმანური აქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, იმედს მიტოვებს, რომ ხელისუფლება მაინც წინ დააყენებს ადამიანის უფლებას, ადამიანის სოცოცხლეს. რაც შეეხება ევროპელი პარტნიორების ზეწოლას და დამოკიდებულებას ამ საკითხს შესახებ, პირდაპირ მინდა გითხრათ და ამას პირველად თქვენთან ვამბობ, რომ ძალიან მალე ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციას მიიღებს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.