გერმანელი მწერალი და ჟურნალისტი თომას ფრანკე „ქრონიკა+“-ის რედაქციაში და საუბრები საქართველოს ევროპულ მომავალზე, როგორ შორდება ჩვენი ქვეყანა დასავლეთს

მიხეილ ხაჩიძე

თომას ფრანკე ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერია. 2012-დან 2017 წლამდე ცხოვრობდა მოსკოვში, იყო გერმანულ რადიო Dეუტსცჰლანდფუნკ-ის კორესპონდენტი. აქტიურადაა ჩართული კავკასიის თემების გაშუქებაში. საქართველოს მხარდამჭერი და დიდი გულშემატკივარია. ჩვენს ქვეყანაში ხშირად ჩამოდის, წერს და აშუქებს საქართველოს ავკარგიანობას გერმანულ მედიაში.

ამჯერადაც რადიო რეპორტაჟებსა და საგაზეთო სტატიებს საქართველოს ევროპულ მომავალზე აკეთებს. გერმანულ საზოგადოებას ჩვენს სამშობლოში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს აცნობს. უყვება რუსულ კანონზე, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, უყვება პროდასავლურ ქართულ საზოგადოებაზე, რომელიც ერთადერთ მომავალს მშვიდობიან დასავლეთში ხედავს, რომელსაც აგრესორ რუსეთთან არაფერი საერთო აღარ უნდა, რომ ჰქონდეს. საქართველოში სამუშაო ვიზიტისას ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი და ავტორი „ქრონიკა+“-ის რედაქციაში დავპატიჟეთ. ვისაუბრეთ ბევრ თემაზე, მათ შორის, მთავარი აქცენტები გაკეთდა საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. თომას ფრანკე ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული გზიდან უხვევს და უკან მიდის.
„რუსეთის ომი უკრაინაში საქართველოშიც იწვევს საფრთხეს. ჯერ მარტო 100 ათასზე მეტი რუსია საქართველოში შემოსული, ზუსტი რაოდენობა რეალურად არავინ იცის. ასევე არ ვიცით, ვინ არიან, რა ხალხი არიან, რა საფრთხეებსა და რისკებს შეუქმნიან ქვეყანას სამომავლოდ?! თავის მხრივ, საქართველოს საზოგადოება პოლარიზებულია, შეცვლილია. ახალგაზრდობა და უფროსი თაობაც კი ცალსახად დასავლეთისკენაა, მათ არ უნდათ საბჭოთა კავშირის აპარატზე მიერთება. დემოკრატიული რეფორმები უნდათ, დასავლური ღირებულებების ქვეყანაში უნდათ ცხოვრება. ეს თემები ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. გერმანული საზოგადოებისთვის ვწერ და ვამზადებ რეპორტაჟებს, ასევე ანალიტიკური კუთხითაც ვმუშაობ“, _ გვიყვება გერმანელი ავტორი.
თომას ფრანკე ამბობს, რომ მისი დაკვირვებით საქართველოს მთავრობას ევროპულ ინტეგრაციაში ინტერესი აღარ აქვს. სხვების გასაგონად ამტკიცებენ, რომ ამ გზისკენ მიისწრაფიან, თუმცა რეალურად სულ სხვა თამაშს თამაშობენ.
„საქართველოს მთავრობას აშკარად არ აქვს ინტერესი ევროპული ინტეგრაციის. ხმამაღლა კი ამბობს, რომ თითქოს სურს, მაგრამ ზურგს უკან ფარულად ცდილობს ისეთი კანონების მიღებას, რომელმაც, მაგალითად, რუსეთში დემოკრატია სრულიად ჩაახშო და მოკლა.
ე. წ. ენჯეოების კანონი პირდაპირ დემოკრატიის მკვლელი კანონია. ასევე უნდა ვთქვა ისიც, რაც თბილისის მერმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერბოკზე განაცხადა, რომ ის რეალობას აცდენილია. ეს არის, მინიმუმ, დიპლომატიური სითავხედე“, _ აცხადებს გერმანელი ჟურნალისტი.
თომას ფრანკე წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და მუშოაბდა. რუსულ პოლიტიკურ წრეებს კარგად იცნობს, იცის რუსული საზოგადოების ავანჩავანიც. შესაბამისად, ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
„ჩემი გამოცდილებით, რაც რუსეთში მაქვს შეგროვებული როგორც ჟურნალისტს, საქართველო დიდ საფრთხეშია რუსეთის მხირდან, შეიძლება არა სამხედრო შეტევის მხირვ, არამედ სხვა გზებით. თუნდაც არ ვიცით ისიც კი, თუ რამდენი სპეცრაზმელი და აგენტი შემოიყვანა რუსეთმა საქართველოში. ესეც სერიოზული რისკი და საფრთხეა“, _ განმარტავს იგი.
გერმანელი ჟურნალისტის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება აღიარებული და დაცული იქნება მხოლოდ ევროპის, დასავლეთის მიერ.
„რუსეთი ოკუპანტი და მტერია, რომელსაც ქვეყანა უკვე აქვს ოკუპირებული.
საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ევროკავშირის მიერ არის აღიარებული და დაცული. რუსეთი არც აღიარებს საქართველოს დემოკრატიასა და კულტურას. პირიქით, საქართველოს რეგიონები ოკუპირებული აქვს. მაქვს გრძნობა, რომ რუსები აქ ისე იქცევიან, თითქოს საკუთარ აგარაკზე იყვნენ“, _ აღნიშნავს ევროპელი ავტორი.
ამასთან, მისივე თქმით, „ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს ქართულ კულტურას, აფინანსებს და იცავს კულტურულ მემკვიდრეობებს, მაგალითად, სვანური ენა ევროკავშირის პროგრამებით არის წახალისებული, რომ არ გაქრეს. ევროკავშირი გარანტიაა თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლიანობის, პრესის თავისუფლების, ჯანსაღი და ბედნიერი ქვეყნის“, _ ამბობს ფრანკე.
აქტიური ჟურნალისტური საქმიანობის გარდა, თომას ფრანკე არაერთი რომანის ავტორია. მან მის მეუღლესთან, გეზინე დორნბლიუთთან ერთად სულ ცოტა ხნის წინათ ახალი წიგნი გამოსცა: „პუტინის მიღმა _ რუსეთის ტოქსიკური საზოგადოება“. რომანი იმ რეალობაზე მოგვითხრობს, რაც დღევანდელ რუსეთში სუფევს.
„გერმანიაში დიდი ხანი იყო ჰარმონიული წარმოდგენა რუსეთის მიმართ, ეს იყო ფატალური. გერმანულმა პოლიტიკამ რუსული რეჟიმი გვიანობამდე ვერ შეიცნო. არადა, ეს, ჯერ კიდევ, 2008 წლის საქართველოს ომის დროს უკვე ცალსახა უნდა ყოფილიყო. 2014 წელს, ყირიმის დაკავების შემდეგაც, ვერ გავიგეთ რუსეთის რეალური სახე. 2022 წლის თებერვალში კი, როცა უკვე პუტინმა დიდი ომი წამოიწყო უკრიანაში, ბევრი ამბობდა, რომ ეს პუტინის ომია. ეს მცდარი წარმოდგენაა, ეს არ არის პუტინის ომი, პუტინი რუსული საზოგადოების წევრია, შესაბამისად, ეს არის იმ საზოგადოების ომი, სადაც პუტინი დაიბადა, აღიზარდა და გავითარდა“, _ ამბობს წიგნის ავტორი.
აღსანიშნავია, რომ თომას ფრანკეს მეუღლე, გეზინე დორნბლიუთი, ასევე
Dეუტსცჰლანდრადიო-ს კორესპონდენტი იყო მოსკოვში 2012-2017 წლებში. მას არაერთი კვლევითი მოგზაურობა აქვს განხორციელებული რუსეთში 1990-იანი წლების დასაწყისიდან. იცნობს ქვეყანას და ხალხს. წიგნზე წყვილმა ერთობლივად იმუშავა და გამოსცა.