ლილე ქორიძე: „თუ სადმე გავდივარ, მხოლოდ საქართველოს სახელით“

გიორგი საკარული

„ქრონიკა+“-ს არაერთხელ გაუცნია თქვენთვის ნიჭიერი, მიზანსწრაფული და განსაკუთრებული ადამიანები, რომლებსაც მომავალში წარმატებისთვის მიუღწევიათ ან წარმატებულები ყოფილან, მაგრამ ამ ჩვენს ბედკრულ საქართველოში, სამწუხაროდ, არავინ იცნობდა. ასეთების სია გრძელია, ცნობადობა მცირე, თუმცა ვცდილობთ, ყოველი ნიჭიერი ადამიანი აღმოვაჩინოთ და საზოგადოებას მოვუთხროთ მათი ისტორია. ასეთია ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, 21 წლის ლილე ქორიძე, რომელიც 8 წლის ასაკიდან ჭადრაკს თამაშობს და მას შემდეგ არც უფიქრია, რომ სხვა პროფესიას დაეუფლებოდა.

თავის ასაკთან შედარებით ლილემ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას და კიდევ უამრავი საინტერესო დღე ელის წინ. ლილე არის მრავალგზის საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონი, ევროპის სასკოლო ჩემპიონატის ვიცეჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა 2018 წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე და 2019 წელს ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს _ მაშინ, როცა თითქმის მთელი მსოფლიო გაჩერებული იყო, ლილე საერთაშორისო ონლაინ ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორი გახდა. ის ასევე 2020 წელს „ფიდეს“ ოსტატი გახდა.
2022 წელს ბელგიის საერთაშორისო ტურნირ „ჭაცჰტებეკე Oპენ“-ზე ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა კლასიკურ ჭადრაკში, ხოლო სწრაფ ჭადრაკში მამაკაცთა შორის _ მეორე ადგილი. საბერძნეთში კუნძულ კრეტაზე გამართულ საერთაშორისო ტურნირ „MIKIშ თHEODOღAKIშ“-ზე ქალთა შორის პირველი ადგილი აიღო. არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ქალაქ შარჯაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე მამაკაცებს შორის მესამე ადგილი დაიკავა, ქალთა შორის _ პირველი. ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში საერთაშორისო ოსტატობის მეორე ნორმა აიღო. საქართველოში ჩატარებულ ბლიცტურნირზე „ნინო გურიელის თასი“ მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, 2022 წელს მონაწილეობა მიიღო მამაკაცთა შორის მრავალ საერთაშორისო ტურნირში, რომელიც წარმატებით დასრულდა.
რაც შეეხება 2023 წელს, მან უკვე მოახერხა და პრაღის საერთაშორისო ღია ტურნირზე წარმატებით ითამაშა (5,5 ქულა 9 ტურიდან). ამასთან, ევროპის ქალთა ჩემპიონატზე მონტენეგროს ქალაქ პეტროვაჩში აიღო 6,5 ქულა 11 ტურიდან, დაამარცხა მრავალი დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი. რაც მთავარია, შეასრულა საერთაშორისო ოსტატობის ბოლო ნორმა და ლილეს „ფიდეს“ კონგრესზე მიენიჭა საერთაშორისო ოსტატის წოდება.
გარდა კლასიკურ ჭადრაკში აქტიური თამაშისა, ლილეს აქვს პლატფორმა თწიტცჰ-ზე _ ამ არხზე მას უკვე 3 წელია, ინგლისურ ენაზე მიჰყავს პირდაპირ ეთერში გადაცემა, ჰყავს 25 ათასზე მეტი გამომწერი და გახლავთ მსოფლიოს ნომერ პირველი ცჰესს.ცომ-ის პარტნიორი სტრიმერი.
ეს არის ის მოკლედ ჩამონათვალი, რომელსაც 21 წლის მოჭადრაკის ბიოგრაფია იტევს. მას მრავალი მიღწევა და გამარჯვება აქვს, თუმცა ყველაფრის დაწერა შორს წაგვიყვანს და გაზეთის ფურცლებიც ნამდვილად არ ეყოფა.

ლილე ქორიძე, მოჭადრაკე:
_ ჭადრაკისადმი სიყვარული სკოლის პერიოდიდან დაიწყო. ჭადრაკმა დაიკავა ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი. შემიყვარდა ეს სპორტი. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში მაქვს ბევრი წარმატება. რასაკვირველია, მქონდა წარუმატებლობებიც. ხანდახან ბევრჯერ მიფიქრია, ხომ არ დავანებო თავი და აღარ გავაგრძელო-მეთქი. ვამბობდი, _ აღარ მინდა გაგრძელება, გაბრაზებული ვარ-მეთქი. ის, რაც შენშია და გიყვარს, იმის გადაგდება შეუძლებელია. სამწუხაროდ, უამრავი ფაქტის მომსწრე ვიყავი, როცა ძალიან ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა დაანება თავი ჭადრაკს. ჭადრაკი ძალიან ბევრ რამეს მოიცავს, _ გარდა იმისა, რომ გაქვს ნიჭი, დიდ როლს თამაშობს ფინანსური მდგომარეობაც.
_ ლილე, თითქოს რაღაცაზე გულდაწყვეტილი მესაუბრებით. ახსენეთ იმედგაცრუებაც. რა დროს დაგეუფლათ ეს განცდა?
_ დიახ, იმედგაცრუება ნამდვილად მქონდა. ამ სფეროში, ისევე როგორც ბევრ სხვაში, დიდ როლს თამაშობს ფინანსები. რაღაც პარტიას რომ ვაგებდი, ამის გამო სტრესში ვვარდებოდი, თუმცა ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში დავძლიე. მოჭადრაკისთვის სტრესულია ის მომენტი, როცა ჩემპიონატზე გამარჯვებამდე ძალიან მცირე ქულა გაკლდება.
_ საკმაოდ პატარა ასაკში მიაღწიეთ წარმატებას. ამ სფეროში მხოლოდ სკოლაში მიღებული განათლებით შემოიფარგლებით?
_ 17 წლის ვიყავი, როცა ქალთა შორის ჭადრაკში „ფიდეს“ ოსტატი გავხდი. ეს საერთაშორისო ტიტულია და ამის შემდგომ უკვე მივხვდი, რომ ეს ჩემი პროფესიაა. როდესაც საქართველოს ჩემპიონი ვხდებოდი, ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი _ დავდიოდი მსოფლიო ჩემპიონატზე. სკოლაში დიდი გამოცდილება მივიღე ჭადრაკის კუთხით, თუმცა სწავლა კერძო მასწავლებლებთან გავაგრძელე, სხვა შემთხვევაში ვერაფერს შევძლებდი. წლების განმავლობაში მყავდა ჩემი მწვრთნელები და ეს ძალიან დამეხმარა წარმატების მიღწევაში.
_ ფინანსები რა როლს თამაშობს ჭადრაკში?
_ ძალიან დიდ როლს. მაგალითად, ტურნირები, სადაც უნდა ითამაშო, ყველა ფასიანია. გჭირდება ფრენა, ჩასვლა, იქ ცხოვრება, არსებობა, ტურნირზე გასვლა და ეს ყველაფერი ჩვეულებრივი, საშუალო ოჯახისთვის ძალიან რთულია და საკამოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ სტრიმი დავიწყე.
_ ანუ?
_ ინგლისურ ენაზე მიმყავს არხი. ამ ყველაფერმა კი შესაძლებლობა მომცა, რომ სხვადასხვა ტურნირზე გავიდე. უკვე ბევრი ხალხი მცნობს ტურნირებიდან და ისინი ინტერესდებიან ჩემით.
_ ჭადრაკის ფედერაციისთვის ან კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის არასდროს მიგიმართავთ, თუნდაც დაფინანსება რომ გამოეყოთ?
_ რთული საკითხია. დაფინანსება მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც საქართველოს ჩემპიონატზე პირველ ან მეორე ადგილზე გახვიდოდი. ამ შემთხვევაში თამაშდებოდა საგზური. ან როდესაც მსოფლიო ოლიმპიადა ვითამაშეთ, რომელიც ბათუმში ჩატარდა, ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ჩამსვეს და თამაშზე გავედი. მესამე დაფაზე ვითამაშე ძალიან წარმატებით, შემდეგ იყო ევროპის გუნდური, ესეც ბათუმში ჩატარდა და იქაც ჩამსვეს, თუმცა ეს, რასაკვირველია, არ იყო საკმარისი. ძალიან ბევრია საჭირო. ერთხელ წამიყვანეს ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, სადაც მეორე ადგილი დავიკავე. ასეთი ტურნირები ძალიან ხშირად გვჭირდება.
_ კითხვაზე მაინც არ მიპასუხეთ. მიგიმართავთ კულტურის სამინისტროსთვის ან ჭადრაკის ფედერაციისთვის თხოვნით, რომ დაეფინანსებინეთ?
_ კი, მიმიმართავს, მაგრამ უარით გამომისტუმრეს.
_ გასაგებია. რომ გითხრათ, გამიკვირდა-მეთქი, მოგატყუებთ. იმ არხის შესახებ მესაუბრეთ, სადაც ინგლისურ ენაზე მიგყავთ მასტერკლასი და ხართ ძალიან პოპულარული.
_ ამ არხის 99% ჭადრაკზეა, რომელიც სოციალურ ქსელში მაუწყებლობს მსოფლიო მასშტაბით. არის სხვადასხვა თამაში. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ლაივშია. ვესაუბრები ხალხს, ვთამაშობ ჭადრაკს, ვაკეთებ ფაზლებს, ბლიცს, სხვადასხვანაირ მიმართულებას ვთამაშობ, ასევე მაქვს საგანმანათლებლო სტრიმები და ა. შ.
_ თქვენი აუდიტორია რამდენს მოიცავს?
_ ლაივში 6 ათასი მაყურებელი მყავს ხოლმე, თუმცა გააჩნია დროს, პერიოდს, ზოგჯერ უფრო ნაკლები. ასე ვერ გაიგებ. შეიძლება გყავდეს 200 მაყურებელი, მაგრამ ერთგული. შევიძინე ისეთი ხალხი, რომელიც წლებია, მიყურებს და მხარს მიჭერს, სულ მომყვებიან და ამით შევიძინე ერთგული ადამიანები. სწორედ ამით შევძელი ის, რომ 20 წლის ასაკიდან ჩემით დავდივარ ტურნირებზე. ამაზე სულ ვოცნებობდი, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი.
_ საქართველოში ჭადრაკის ფედერაციაში გაწევრიანებული ხართ?
_ დიახ, რა თქმა უნდა. სანამ 20 წელს გადავცდებოდი, მანამდე ვთამაშობდი ასაკობრივ ჩემპიონატებს. რადგან ახლა ქალებში გადავედი, უკვე აღარ მიწევს ასაკობრივი და ტურნირებიც არ ტარდება ისე ხშირად, როგორც ადრე, ამიტომაც მიწევს ვიარო და ვიფრინო. ისევ საზღვრებს გარეთ თამაშზე ვარ აქცენტირებული.
_ ამ სფეროში საქართველოში დიდი კონკურენციაა?
_ დიახ. საკმაოდ ძლიერი ქალთა ნაკრები გვყავს და კონკურენციაც დიდია.
_ თქვენი მიზანი…
_ ვიყო ძალიან ძლიერი და მივაღწიო დიდ წარმატებებს.
_ მაქსიმუმი რა არის ჭადრაკში?
_ მაქსიმუმი… ჭადრაკში მაქსიმუმი დიდოსტატობაა, ეს არის მამაკაცთა შორის, ქალთა შორის და არის ასევე „ოუფენი“, სადაც მონაწილეობა შეუძლია მიიღოს როგორც მამაკაცმა, ისე _ ქალმა. ძალიან ცოტა ქალია, რომლებსაც კაცთა დიდოსტატობა აქვს. არსებობს რეიტინგი, სადაც 2500-მდე შეგიძლია აიღო GM (დიდოსტატის წოდება), მაგრამ არიან მოჭადრაკეები, რომლებსაც აქვთ რეიტინგი 2800 და მეტიც. 2800-ის მიღწევა უკვე ყველანაირ ზღვარს ცდება, დღედაღამ წვრთნა და ვარჯიშია საჭირო. მე ვიბრძვი, რომ გავხდე მინიმუმ ქალთა შორის დიდოსტატი, მერე კი ვნახოთ, რა მოხდება.
_ რომელი ქვეყნის წარმომადგენელს გამოარჩევდით, როგორც ძლიერ მეტოქეს?
_ რუსები ძალიან ძლიერები არიან ჭადრაკში. ალბათ, უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, პოლონეთშიც ძლიერი მოჭადრაკეები ჰყავთ. ბევრი ქვეყანაა ძლიერი ამ კუთხით.
_ პანდემიის დროს ყველა სფეროში თუ იყო კრიზისი, თქვენთვის პირიქით მოხდა _ ონლაინ თამაშობდით, არხზე მიგყავდათ გადაცემა და ბევრ წარმატებასაც მიაღწიეთ.
_ კი, რა თქმა უნდა, სტრიმი ხომ ჩემი სამუშაოა და ვსტრიმავდი, ვთამაშობდი ონლაინ ტურნირებს. ამ ტურნირებიდან დაიწყო ის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამიცნო, როგორც ძლიერი მოჭადრაკე. რადგან იქ ონლაინ ტურნირებს თამაშობენ, ძალიან ძლიერები არიან მოჭადრაკეები, ქალები, კაცები. ძალიან წარმატებულად ვთამაშობდი ბევრ ტურნირს. უკვე იქიდან მივხვდი, რომ დიდი შესაძლებლობა მაქვს, მთლიან პარტიებში ვითამაშო კარგად და ეს გამოჩნდა კიდეც.
_ ფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ უფრო ადვილია წარმატების მიღწევა, ვიდრე _ საქართველოში?
_ სამწუხაროდ, ასეა.
_ რა კუთხით?
_ ძალიან ბევრი ტურნირია საზღვარგარეთ, ბევრი ლიგაა, რაც საქართველოში არ არის. თან რაც სტრიმი შემოვიდა, იუთუბი, წინ წავიდა ჭადრაკში. ასეთმა ფაქტებმა და პლატფორმებმა გაზარდა ჭადრაკის პოპულარიზაცია და უკვე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არა მხოლოდ ჭადრაკის თამაშს აქცევენ ყურადღებას, არამედ წარმატებულ კონტენტ კრეატორობასაც. ძალიან დიდი კულტურა არის. როცა კონტენტს ქმნი იუთუბში, ამას დიდი ყურადღება ექცევა. ჭადრაკი, თამაში, კონტენტი უკვე დიდ კულტურად იქცა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის.
_ რაზე გწყდებათ გული?
_ გული მწყდება იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, მეტი ხელშეწყობა გვქონოდა, როცა პატარები ვიყავით. ხელშეწყობა რომ გვქონოდა, კონკრეტულად რამდენიმე ადამიანზე არ უნდა ყოფილიყვნენ ჩაციკლულები, ყველას უნდა მიქცეოდა თანაბარი ყურადღება. რადგან ჩვენ ასაკობრივში ვიყავით, ყველამ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ხელშეწყობა რომ გვქონოდა, უკვე ნაკრები ვიქნებოდით. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. არაფერი მაქვს დასამალი და ახლაც ვიტყვი, _ მე რომ სტრიმერი არ ვყოფილიყავი, ჭადრაკს თავს დავანებებდი. ვინ შემიწყობდა ხელს ასე? გაკვეთილები ძალიან ძვირი ღირს, თუ სადმე გავდივარ, მხოლოდ საქართველოს სახელით, ქვეყანას რას ვერჩი.
_ ვინ არის მოჭადრაკე, ვისთანაც სურვილი გაქვს, რომ ითამაშო?
_ ჩვენ ძალიან ძლიერი ქალთა ნაკრები გვყავს. ყველასთან სიამოვნებით ვითამაშებდი.
_ არის ვინმე კონკრეტული?
_ ნინო ბაციაშვილი ან ნანა ძაგნიძე. ქართველებიდან ესენი, თუმცა კიდევ ძალიან ბევრია, ვისთანაც ვითამაშებდი. უცხოეთში კი დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი სუსან პოლგართან, იუდით პოლგარიც ქუხდა, ესენი დები არიან, ახლოსაც ვიცნობდი, სუსანი ძალიან აქტიურია ქალთა დაცვის მხრივ, ქალთა ჭადრაკის წინ წამოწევის კუთხით.
_ რა არის ჭადრაკი შენთვის?
_ მთელი ჩემი ცხოვრება. ამ პროფესიამ იმდენი რამ მომიტანა, რომ ამას სხვა პროფესია ვერ მომცემდა.