დატოვებს თუ არა ღარიბაშვილი თანამდებობას?
შორენა მარსაგიშვილი
„ქართული ოცნების“ პოლიტიკის წყალობით, ევროპამ კარი ცხვირწინ მოგვიხურა. ამით რუსეთუმეები და ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბედნიერები არიან. ბედნიერია „ქართული ოცნებაც“, მათი ბედნიერება ხომ ივანიშვილის ბედნიერებაზეა დამოკიდებული. მათმა ბედნიერებამ შესაძლოა, დიდხანს არ გასტანოს, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების გასანეიტრალებლად ივანიშვილს ვიღაც-ვიღაცების გადაყენება მოუწევს.
მართალია, ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს, მაგრამ ორჯერ უკვე დაიხია უკან. გასულ კვირას დედაქალაქის მთავარ გამზარზე ორი დიდი საპროტესტო აქცია გაიმართა. ამ აქციის დასარბევად უკვე მობილიზებული იყო „ალტ-ინფოს“ დაჯგუფება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს გამოიყენა სისხლიანი 5 ივლისის მოსაწყობად.
სისხლიანი 20 და 24 ივნისის მოწყობა აღარ გამოუვიდათ. ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთუმეების გამოყენებაზე _ ან ხალხის სიმრავლემ შეაშინა, ან შეეშინდა, რომ დასავლეთისგან კიდევ უფრო მწვავე შეფასებები წამოვიდოდა. შეფასებები საერთოდ არ ადარდებთ, მათ ის აწუხებთ, ბიძინა ივანიშვილს არ დაუწესდეს სანქციები. დასავლეთს შარშანდელი 5 ივლისი ბოლომდე მონელებული არ აქვს.
ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით მოუწოდებდა, რომ თანამდებობიდან გადაეყენებინა პრემიერი ღარიბაშვილი. დასავლეთი მიიჩნევს, რომ 5 ივნისის ძალადობრივ დარბევაზე მან გასცა ნებართვა. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა რომ არა, ღარიბაშვილის განკითხვის დღე ალბათ დადგებოდა, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებმა, მესამე პრეზიდენტრის თემამ, პრემიერის შეცვლის საკითხი უკანა პლანზე გადაწია.
სამთავრობო ცვლილებას „ქართულ ოცნებაშიც“ ელოდნენ. პრემიერის პოსტის დაკავების სურვილი რამდენიმე მეოცნებეს აქვს.
გაათამაშებს თუ არა ივანიშვილი ღარიბაშვილის კარტს?
ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. მას ძალიან ეშინია სანქციების დაწესების. სანქციების დაწესების კიდევ უფრო ეშინიათ ივანიშვილის თანაგუნდელებსა და მეხოტბეებს. ისინი ოლიგარქის წყალობით გრძნობენ თავს კარგად და არანაირი სურვილი არ აქვთ, პრივილეგიები დაკარგონ. ივანიშვილის დასაცავად მათ გრანდიოზული აქციებიც კი დააანონსეს. თუმცა საკმარისია მართლა დაწესდეს სანქციები, რომ პირველები მიატოვებენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს. ასეთი ამბები ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა.
ახლა ხელისუფლება, უფრო ზუსტად, ბიძინა ივანიშვილი იმაზე ფიქრობს, თუ როგორ განიმუხტოს სიტუაცია. სიტუაციის განმუხტვა კი ადვილი არ იქნება. „ოცნების“ საუბედუროდ, საქართველოში ევროპა იმაზე მეტ ადამიანს სურს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა.
საქმეს არც ზოგიერთი მეუფის ქადაგებამ უშველა. მაღალი რანგის სასულიერო პირები ღიად მოუწოდებდნენ ერს, _ რაის ევროპაო?! მაგრამ აღარ გაჭრა ქადაგებებმა, ხალხმა შესანიშნავად იცის, რა არის დასავლეთი და რას წარმოადგენს ბნელი რუსეთი, რომლის ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდა უკრაინაში მიმდინარე ომში. მათი ქრისტიანობის შესახებაც ამ ომმა დაამსხვრია მითი. ასზე მეტი ეკლესია გადაწვეს უკრაინაში რუსებმა და ათეულობით სასულიერო პირი მოკლეს.
კეთილ, ფაფუკ და მორწმუნე რუსეთზე ზღაპრებს საქართველოში არავინ აღარ დაიჯერებს. მითი რუსეთის ძლევამოსილების შესახებაც გაქრა. ქართველი რუსეთუმეები ძალიან იმედგაცრუებულები არიან. ისინი სამ დღეში ელოდნენ კიევის აღებას. მეხუთე თვე დაიწყო ომის დაწყებიდან და კიევი ისევ დგას და ბოლომდე იდგება.
არსებულ ვითარებაში „ქართული ოცნებისთვის“ საუკეთესო გამოსავალი სამთავრობო ცვლილებებია. დაძაბულობის განსამუხტად ამ ხერხს წინა ხელისუფლებაც იყენებდა ხოლმე. მმართველ პარტიაში ვიღაცები ფიქრობენ, რომ ცუდი არ იქნება, თუ ივანიშვილი ღარიბაშვილს მეორედ გადააყენებს პრემიერობიდან. ერთი პერიოდი ივანიშვილი თანახმა იყო, შეეცვალა მთავრობის მეთაური, მაგრამ მერე, რატომღაც, გადაიფიქრა. მან ირაკლი კობახიძის გადაყენებაც გადაიფიქრა. კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი უჭირავს და ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი.
24 ივნისს, საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ პრემიერმა ეს განცხადება უფრო თავის თანაგუნდელების გასაგონად გააკეთა, ვიდრე ოპოზიციის. ღარიბაშვილსაც მშვენივრად მოეხსენება, რომ „ოცნებაში“ რამდენიმეს ძალიან უნდა მის სკამში ჩაჯდომა. ერთ-ერთი ყველაზე მონდომებული ირაკლი კობახიძეა. სამთავრობო კულუარებს თუ დავუჯერებთ, თეა წულუკიანსაც აქვს ამის სურვილი.
„რაც შეეხება გადადგომას, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ. ეს არის სრული აბსურდი, პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე. ერთს შეგახსენებთ, რომ მე გასულ წელს, თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მერვეჯერ და ხალხისგან მივიღეთ განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახუროთ ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის დასაწყისში თანამდებობის შესაძლო დატოვებას კატეგორიულად უარყოფდა გიორგი გახარიაც, მაგრამ თებერვალში თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. რატომ წავიდა თანამდებობიდან და რა მიზანს ემსახურებოდა მისი დემარში, დღემდე დანამდვილებით არავინ იცის. ღარიბაშვილი თავად არ წავა. მის შემთხვევაში გადაწყვეტილებას ივანიშვილი მიიღებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „ოცნების“ დამფუძნებელმა მთავრობის შეცვლა გადაიფიქრა, თუმცა ამ ვარიანტს ისევ განიხილავს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები.
მოვლენები, წესით, ძალიან საინტერესოდ უნდა განვითარდეს. ევროპული პერსპექტივის დაკარგვის შემდეგ პოლიტიკური პროცესები გამოცოცხლდა. გასულ კვირას ორი დიდი აქცია გაიმართა. კიდევ ერთი აქცია ამ კვირაში, 3 ივლისს არის ჩანიშნული.
„ქართულ ოცნებას“ სწორედ 3 ივლისამდე აქვს ვადა, რომ ულტიმატუმი შეასრულოს. 24 ივნისს გამართულ აქციაზე მთავრობას მოთხოვნის შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცეს. აქციის მონაწილეები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.
„გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს, ზამთარი სანამ მოვა. ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას. ხელისუფლებას აქვს 1 კვირა იმისთვის, რომ გადააყენოს ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობა. თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ! მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, თქვენ მიხვალთ ყველასთან, ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში. 3 ივლისამდე ჩვენ ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა და ერთად ავირჩევთ საქართველოს ხსნის გზას ოლიგარქის გარეშე! ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, სოფლიდან, შევუერთებთ ერთმანეთის ნაკადებს და ავზვირთდებით თბილისში პარლამენტის წინ! და დავრჩებით აქ, არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!“ _ აცხადებს „სირცხვილიას“ ხელმძღვანელი შოთა დიღმელაშვილი.
„ქართულ ოცნებას“ ეს მოთხოვნა სასაცილოდ არ ეყო. ისინი აცხადებენ, რომ არავინ გადადგება. გადადგომას არც გიორგი კვირიკაშვილი აპირებდა პრემიერის პოსტიდან. 2018 წელს დათუნა სარალიძის საქმეზე თბილისში მძლავრი საპროტესტო ტალღა აგორდა. ამან მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აიძულა, თანამდებობიდან წასულიყო, რომელიც ივანიშვილმა მერე ისევ უკან დაუბრუნა, გიორგი კვირიკაშვილი კი თავად ივანიშვილმა გაუშვა. საზოგადოებას უთხრეს, რომ კვირიკაშვილის წასვლის მიზეზი ქვეყანაში არსებული სიღარიბე იყო. ამტკიცებდნენ, ივანიშვილმა არ იცოდა, საქართველოში ხალხს თუ უჭირდაო.
დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, არაა გამორიცხული, რამე ინიციატივა გამოაგდოს ხელისუფლებამ, როგორც 2019 წელს, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მოხდა. 2019 წლის 24 ივნისს ივანიშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებოდა. ამან პროტესტი შეანელა. ოპოზიცია მოდუნდა და რამდენიმე თვეში „ქართულმა ოცნებამ“ ივანიშვილის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო. ცხადია, ამაზე „ოცნების“ დამფუძნებლისგან ჰქონდათ კურთხევა მიღებული.
არც ის არის გამორიცხული, რომ ხმაურიანი დაკავების მომსწრენი გავხდეთ. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერზეა საქმეები აღძრული და საოცნებო მთავრობას უპრობლემოდ შეუძლია მათი ციხეში გაშვება. შემდეგ კი ოპოზიციასთან მათ განთავისუფლებაზე დაიწყება ვაჭრობა. ამ ხერხს „ქართული ოცნება“ მაშინ მიმართავს ხოლმე, როცა ქვეყანაში პროტესტი მწვავდება.
ვნახოთ, რას აირჩევს ივანიშვილი: მთავრობის შეცვლას თუ ოპოზიციონერების დაპატიმრებას?
რას ითხოვს „ოცნება“ სააკაშვილის განთავისუფლების სანაცვლოდ?
ხელისუფლება არ აღიარებს, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები ჰყავს. თუმცა დასავლეთში სხვაგვარად ფიქრობენ. მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია პოლიტპატიმრები არიან.
სამთავრობო კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ თუ სიტუაცია ძალიან გამწვავდა, შესაძლოა, ნიკა გვარამია გაათავისუფლონ. სააკაშვილს რაც შეეხება, მისი საქმე უფრო მძიმედ არის. ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს არც გაათავისუფლებენ და არც საზღვარგარეთ გადაიყვანენ სამკურნალოდ. ამ ეტაპზე ასეა და ხვალ რა იქნება, არავინ იცის.
„ქრონიკა+“-ს მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის განთავისუფლების სანაცვლოდ „ქართული ოცნება“ ყოფილ ხელისუფლებას ერთი პირობის შესრულებას სთხოვს. ეს პირობა ასეთია _ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაიშალოს. „ოცნებისგან“ ასეთ მოთხოვნას „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ადასტურებენ. სამაგიეროდ, „ქართულ ოცნებაში“ საუბრობენ ამაზე ბევრს.
ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა აქვს გადაწყვეტილი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. დაშლის პროცესი მან 2013 წლიდან დაიწყო: ჯერ „გირჩები“ გამოეყვნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, მერე „ევროპული საქართველო“. ინდივიდუალურადაც ბევრი წავიდა. სააკაშვილის ჩამოცილება „ნაციონალებისგან“ 2017 წლის დასაწყისშიც სცადეს. დაგეგმილი იყო სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენება. ეს „ევროპული საქართველოს“ წევრებს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ მაშინ ეს არ გამოვიდა. „ნაციონალებიდან“ ბევრი წავიდა, მაგრამ პარტია მაინც არ დაიშალა და 2020 წლის არჩევნებზე უფრო მეტი ხალხი გაიყვანა პარლამენტში, ვიდრე 2016 წელს.
„ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება რომ „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, ამას ირაკლი კობახიძეც აღიარებს. მან რამდენიმე საჯარო განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნით ისარგებლებენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაშლიან ან ძალიან დაასუსტებენ. ივანიშვილს აღარ სურს, რომ ყოფილი ხელისუფლება იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა ნამდვილად არ გახლავთ სახარბიელო სიტუაცია. პარტიაში არის რამდენიმე ერთმანეთთან გადამტერებული დაჯგუფება. ცალკე თამაშს თამაშობს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელსაც თავისი გუნდი ჰყავს. მიხეილ სააკაშვილი პარტიულ საქმეებში უკვე აღარ ერევა. მას ხშირად აღარც თანაპარტიელები ახსენებენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ მესამე პრეზიდენტის ბედი აღარ აინტერესებთ.
სააკაშვილის განთავისუფლების ყველაზე მოკლე გზა სალომე ზურაბიშვილის ხელშია. მას შეუძლია მესამე პრეზიდენტის შეწყალება, მაგრამ ამას ცოცხალი თავით არ აკეთებს. ერთხელ რომ თქვა, არა და არასოდესო, ისევ იმას იმეორებს. როგორც ამბობენ, ეს სულაც არაა მისი აზრი და ბიძინა ივანიშვილის მითითებას ასრულებს. ივანიშვილი თუ ეტყვის, ძალიან ლამაზად შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.
ზურაბიშვილის ევროპული გაჩმახება
სალომე ზურაბიშვილი ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცევა. ერთი შეხედვით, ის დაუპირისპირდა „ქართულ ოცნებას“, თუმცა სააკაშვილის მიმართ რა დამოკიდებულებასაც იჩენს, ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილის თამაშს თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ერთ წელიწადზე მეტია, კომუნიკაცია არ ჰქონია. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი პრეზიდენტთან შეხვედრასა და საუბარს ერიდება. პრეზიდენტთან მხოლოდ შუამავლების მეშვეობით კონტაქტობს. სალომე ზურაბიშვილი ფარ-ხმალს არ ყრის და ცდილობს მას პირადად დაელაპარაკოს. ის იმ გარანტიების შესრულებას ითხოვს, რომელიც მაშინ მიიღო, როცა დათანხმდა, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გამხდარიყო. როგორც „ოცნებაში“ ამბობენ, ოლიგარქი თავიდან მის კაპრიზებს ასრულებდა, მაგრამ მერე, როგორც ითქვა, პრეზიდენტს შეიხის მადა აღმოაჩნდა და ივანიშვილმა მასთან ურთიერთობა შეწყვიტა.
„ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი ევროპას ლანძღავს. ამ ფონზე სალომე ზურაბიშვილი ევროპულად აჩმახებს და ცდილობს, ევროპული ლიდერის როლი მოირგოს. „ოცნებისგან“ განსხვავებით, გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ამას ის სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, რომელიც საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა და ლამის საჯაროდ დაწყევლა ქართული არმია, მძინარე ცხინვალის გაღვიძების გამო. მაშინ პრეზიდენტობა სურდა და რუსეთს ვერ დაგმობდა, ახლა სხვანაირადა საქმე.
„ოცნების“ კულუარებში ამბობენ, რომ ამ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებით, ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს. „ოცნების“ დამფუძნებელს უნდა, რომ პრეზიდენტის დახმარებით რაღაცნაირად გაანეიტრალოს მკვეთრად პრორუსული კურსი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული. არავინ იცის, ხვალ რა მოხდება და „ოცნების“ ლიდერს სურს, ევროპასთან დასაბრუნებელი გზა დაიტოვოს.
სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თამაშსაც თამაშობს. როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, ის საკმაოდ ეშმაკი აღმოჩნდა. დიდი სკანდალი მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ზურაბიშვილმა რამდენიმე ქვეყანაში მთავრობის მიერ შერჩეული ელჩების დანიშვნაზე უარი განაცხადა.
ელჩებთან დაკავშირებით ზურაბიშვილს თავისი ანგარიშები აქვს. როდესაც ივანიშვილს დასთანხმდა, ყოფილიყო „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურაბიშვილმა მოითხოვა, რომ მისთვის რამდენიმე ქვეყანაში მიეცათ ელჩის დანიშვნის უფლება. ცნობილი ფაქტია, _ ის რამდენიმე ადამიანს შეჰპირდა, რომ ელჩებად გაამწესებდა. დიდი ალბათობით, „ოცნებამ“ მას ამის საშუალება არ მისცა და პრეზიდენტმაც სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა, _ რამდენიმე ქვეყანაში ელჩის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
ივანიშვილი მეხუთე პრეზიდენტზე არაფერს ამბობს. არადა, გიორგი მარგველაშვილს ის დაუპირისპირდა პირველი საჯაროდ. სამაგიეროდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს ზურაბიშვილის მოთოკვას. მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს მთავრობის სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილება 24 ივნისს გამოცხადდა, საქმეს კი საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობა, ცხრა მოსამართლე განიხილავს. ერთ-ერთი არგუმენტი, რომლითაც მოსამართლეები საქმის წარმოებაში მიღებას ასაბუთებენ, ის არის, რომ ამ დრომდე მსგავსი სარჩელი მათ არ განუხილავთ.
მთავრობას პრეზიდენტთან საქმის გარჩევა მაშინ მოუნდა, როცა ევროკომისია საქართველოსგან მთელი რიგი პირობების შესრულებას ითხოვს. იმისთვის რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი:
აღმოფხვრის პოლიტიკურ პოლარიზაციას. ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს ყველა პარტიამ, „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით“;
ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად იმუშავებს. გაიზრდება მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა მათზე;
ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე;
მიიღებს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. დაიწყებს მის განხორციელებას. „უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის მთლიან და ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობას“. ამ პროცესში სხვა პოლიტიკური პარტიებიც უნდა ჩაერთონ. სასამართლო ინსტიტუტებმა და პროკურატურამ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ უნდა იმუშაონ. მოსამართლეები და იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრები ასევე გამჭვირვალედ უნდა ინიშნებოდნენ;
გააძლიერებს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას და ეფექტიანად გამოიძიებს ელიტური კორუფციის შემთხვევებს;
გააძლიერებს სპეციალურ საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურებს. უზრუნველყოფს მათ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას;
აიღებს და შეასრულებს დეოლიგარქიზაციის ვალდებულებას. აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე;
გააძლიერებს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან და ეფექტიანად გამოიძიებს სამართალდარღვევებს;
სამართალდამცველი ორგანოები იქნებიან ანგარიშვალდებულები და გამჭვირვალე;
შექმნის თავისუფალ, პროფესიონალურ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიაგარემოს. „სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს“;
ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს;
სასწრაფოდ დაიცავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. ეფექტიანად გაასამართლებს მათზე მოძალადეებს და ამ ძალადობის დამკვეთებს;
„გააერთიანებს ძალისხმევას“ გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად;
ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა დონეზე;
მიიღებს კანონს, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, „პროაქტიურად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები“;
ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური _ ზეგავლენებისგან თავისუფალი.