გმირი ქართველები უკრაინის ფრონტის ხაზიდან _ ვალიკო იზორია ყველაზე ცხელ წერტილში იბრძვის

მიხეილ ხაჩიძე

დღევანდელ რუბრიკაში კიდევ ერთ ქართველ მეომარს გაგაცნობთ, რომელიც უკრაინაში პუტინის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის.

31 წლის ვალიკო იზორია წარმოშობით ოზურგეთიდანაა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახური გაიარა, აქვს მიღებული მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც.
უკრაინაში 2016 წელს ჩავიდა და შეირაღებულ ძალებში ჩაირიცხა. მას შემდეგ იქ მსახურობს. ჰყავს მეუღლე და პატარა ქალიშვილი მარიამი, რომელიც გუშინ (29 იანვარს) 4 წლის გახდა.
ვალიკოსთან ინტერვიუ დისტანციურად ჩავწერეთ. მძიმე, დაძაბული და სტრესული ფონის მიუხედავად, ქართველმა მებრძოლმა ჩვენთვის ცოტა დრო გამონახა.
ის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყოცნელია. ქართველი მებრძოლი ყველაზე დაძაბულ წერტილში, ბახმუტის მიმართულებით იმყოფება. იგი გვიყვება იმ მდგომარეობას, რაც ახლა ფრონტის ხაზზეა. იზორიას თქმით, დაძაბული ვითარებაა. ამის მიუხედავად, უკრაინის არმია მამაცურად ახერხებს მტრის (ორკების _ თავად ამ სიტყვას იყენებს) მოგერიებას:
„2017 წელს ჩამოვედი უკრაინაში და ჩავირიცხე უკრაინის შეირაღებულ ძალებში. მას შემდეგ აქ ვარ. 2017 წელს ვიყავი დაჭრილი საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს. დიდხნიანი რეაბილიტაციის შემდეგ შევძელი ისევ დაბრუნება სამხედრო სამსახურში. 2022 წელს, ფართომასშტაბიანი ომის დროს, საბრძოლო მოქმედებებში ვიყავი ჩართული კიევის ოლქში, შემდეგ ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში ვიბრძოდი ხარკოვის ოლქში, დღესდღეობით ვიმყოფები ბახმუტის მიმართულებით“, _ გვიყვება ქართველი მეომარი.
ამბობს, რომ მოტივაცია ძალიან დიდია, უკრაინელები ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ბოლომდე იბრძოლებენ:
„უზომოდ დიდი მოტივაციაა. უკრაინელები არავითარ შემთხვევაში არ აპირებენ დანებებას. მოტივაცია და მიზანია წინ და წინ წასვლა ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად, რაც აუცილებლად და მალე მოხდება. მეომრები არ ნებდებიან, იბძვიან მთელი შემართებით“, _ აცხადებს სამხედრო.
ქართველი მებრძოლი უკრაინელებთან ერთად ერთ-ერთ (უსაფრთხოების მიზნით დეტალებს არ ვასაჯაროებთ) დანაყოფშია. ინტენსიური დაბომბვების ფონზე უწევს დივერსიულ ჯგუფებთან გამკლავებაც.
„დაბომბვები არის ინტენსიური, ყოველდღიური და ყოველწუთიერიც. ამის პარალელურად, ცდილობენ გადმოვიდნენ დივერსიული ჯგუფები, თუმცა ვიგერიებთ, ისე როგორც უკრაინელ და ქართველ ჯარისკაცებს შეეფერებათ“, _ ხაზს უსვამს იზორია.
მეომრები და მთელი უკრაინა ახალ ტექნიკას ელოდებიან. დიდი იმედი აქვთ, რომ საჭირო ტექნიკას ომის მოსაგებად დასავლელი პარტნიორებისგან სწრაფად მიიღებენ და პუტინის ტერორისტულ რეჟიმზე გამარჯვებას მალე იზეიმებენ.
„ტექნიკა აუცილებელია ჩვენთვის. მოტივაცია არ გვაკლია, გვჭირდება მეტი იარაღი, შეიარაღება, ტანკები და ა. შ. რაც მალე მოგვაწვდიან ბევრ ტექნიკას, მით მალე მოვიგებთ!~ _ განმარტავს ქართველი.
დიდება გმირებს, გამარჯვება უკრაინას და საქართველოს!