ვინ წავა და ვინ დარჩება თანამდებობაზე? – საკადრო ომი „ქართულ ოცნებაში“
ელისო კილაძე
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებამ და თავმჯდომარის არჩევნებისთვის ბრძოლამ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები მედიის ყურადღების მიღმა დატოვა, არადა, დაპირისპირება შიდა კლანებს შორის უკვე პიკს აღწევს.
გიორგი გახარიას მოულოდნელი გადადგომის მერე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ამბიცია ირაკლი კობახიძეს ჰქონდა. პარტიის ლიდერშიპმა ივანიშვილს პრემიერობის კანდიდატების სია ისე გაუგზავნა, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სიის ბოლოში ეწერა. ჰოდა, ივანიშვილმა ბოლოში რომ კაცი გიწერიათ, ის იქნება პრემიერ-მინისტრიო, _ შემოუთვალა ირაკლი კობახიძეს.
ასე დასრულდა იმ ეტაპზე ირაკლი კობახიძის პრემიერობაზე ოცნება. პარლამენტშიც მისი გავლენები მნიშვნელოვნად შემცირებულია და როგორც ჩანს, არც პარტიაშია ყველაფერი რიგზე.
ირაკლი კობახიძე შეეცადა არა მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება“ გაეკონტროლებინა, ოპოზიციის რიგებშიც გაეჩინა მოკავშირეები. მისი ძირითადი ამოცანა „პატრიოტთა ალიანსის“ დაშლა და პარლამენტს მიღმა დატოვება იყო, რასაც მიაღწია კიდეც ევროპელი სოციალისტების შექმნით, მაგრამ ფრიდონ ინჯიას ფრთა იმდენად სუსტი აღმოჩნდა, რომ საპარლამენტო საქმიანობაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. ასევე ირაკლი კობახიძე აკონტროლებს ალექსანდრე ელისაშვილს ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის მეშვეობით, რომელიც მისი კურსელია, პარლამენტს გარეთ კი არნახულად გააძლიერა ასევე რუსული ორბიტის რეაქციული ფრთა „ალტ ინფოს“ სახით, „ობიექტივის“ ჩასანაცვლებლად კი ასევე პარტიულმა ტელევიზია „ალტ ინფომ“ დაიწყო მაუწყებლობა.
კობახიძე მიიჩნევდა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ირაკლი ღარიბაშვილის მოკავშირე იყო და პრემიერ-მინისტრი მათი სახით პარლამენტშიც მიიღებდა მხარდაჭერას, მაგრამ მოვლენები იმაზე დრამატულად განვითარდა, ვიდრე ირაკლი კობახიძე წარმოიდგენდა.
გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო და პუტინის რუსეთი სამ დღეში კიევის აღებას და იქ მის მიერ მართული ხელისუფლების დასმას ფიქრობდა, მაგრამ უკრაინამ გაუძლო, შესაბამისად, რუსეთი უკიდურესად დასუსტდა და მას სხვა ქვეყნებში პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერად აღარ სცალია. საერთაშორისო სანქციებმა რუსეთის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეარყია. მათ ქვეყნის გარეთ პოლიტიკური პროცესების დაფინანსება შეწყვიტეს, მეტიც _ ყველა ის მაღალჩინოსანი, რომელიც უკრაინასა და საქართველოში პარტიებისა და პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსებას კურირებდა ან სამსახურიდან დაითხოვეს, ან დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს სერგეი ბესედაც, „ФСБ“-ს მეხუთე განყოფილების შეფი. აღმოჩნდა, რომ უკრაინაში დახარჯულმა ასეულობით მილიონმა საერთოდ ვერ მოიტანა ის შედეგი, რასაც ელოდნენ, პრორუსული განწყობები არ გაიზარდა და არც რუსულ არმიას შეხვდნენ პურით და მარილით.
შესაბამისად, შეწყდა „ალტ ინფოს“ დაფინანსებაც, ამას დაემატა ისიც, რომ კოკა მორგოშია საქართველოდან წავიდა, მარგინალი და მარბიელი რაზმები დაიშალა, „ალტ ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე, ისეთ სკანდალში გაეხვია, რიგითი მომხრეებიც კი სახტად დატოვა, _ გაირკვა, რომ მას ოჯახი სკანდალური ურთიერთობის გამო დაენგრა, გადაღებული ფირით კი „ალტ ინფოს“ ყოფილ ლიდერს აშანტაჟებდნენ. მართალია, ზურაბ მახარაძეს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ იმთავითვე ცხადი იყო, რომ რუსებს მახარაძისთვის ამ ეტაპზე ნამდვილად არ ეცალათ და მის შანტაჟში ადგილობრივი სპეცსამსახურების ხელი ერია. „ქრონიკა+“-მა დეტალურად იცის მახარაძის სექსუალური სკანდალის პიკანტური დეტალები, იცის იმ ტრანსგენდერის ვინაობაც, რომელმაც მას სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი და პოლიციაში უჩივლა, მაგრამ ცხადია, ჩვენ არ ვაპირებთ ამ დეტალებზე საჯაროდ წერას, რადგან მახარაძის, როგორც რიგითი მოქალაქის, პირადი ცხოვრება საინტერესო არ არის. მთავარია, რომ ეს მარგინალების ჯგუფი, რომლის კისერზეცაა 5 ივლისი და ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, უკვე დაშლილი და განეიტრალებულია.
სიტყვა აშკარად გაგვიგრძელდა, ახლა ისევ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე დაპირისპირებას დავუბრუნდეთ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შიდა ბრძოლა რამდენიმე თვეა, დაწყებულია და თებერვლის დასაწყისში ლოგიკურ დასასრულს მიაღწევს.
ირაკლი კობახიძის სიძულვილის ენა და კრიტიკულად დაბალი რეიტინგი საზოგადოებაში პარტიისთვის უკიდურესად დამაზიანებელია. „ოცნების“ შიდა კვლევებით, მომხრეებში რეიტინგს ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე ინარჩუნებენ. სურათი რადიკალურად შეცვალა ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. გამოძიება უკვე კარგა ხანია, დაწყებულია და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, კვალი კახი კალაძემდე მიდის. ამას ემატება სხვადასხვა ტენდერიდან მოხსნილი „ატკატებიც“. როგორც ამბობენ, კალაძის ფინანსური ნაკადები ბოლომდე დათვლილია და ამაზე სუსმა პროკურატურასთან ერთად იზრუნა. მოგეხსენებათ, სუსის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, თბილისის მერის მოადგილე იყო და ამ პოსტიდან სწორედ კახი კალაძემ გაუშვა. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ექსვიცე-მერი სუსის უფროსად დაინიშნებოდა და მის ხელში არაერთი ბერკეტი აღმოჩნდებოდა კალაძის წინააღმდეგ კომპრომატების შესაგროვებლად. ანტიკორუფციული სააგენტო მთელი ამ წლების განმავლობაში კალაძის კომპრომატების შეგროვებაზე მუშაობდა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ მასალები უკვე ბიძინა ივანიშვილს უდევს მაგიდაზე და თებერვალში კახი კალაძის თანამდებობიდან გაშვება იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ კობახიძის დაჯგუფებას ფინანსური ბერკეტი გამოეცლება ხელიდან. პოლიტიკური კი მას შემდეგ გამოეცალა, რაც „ოცნების“ წიაღში „ხალხის ძალა“ შეიქმნა, რომლის გარეშეც საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა აღარ არსებობს. „ხალხის ძალას“ კი ირაკლი კობახიძე ვერ აკონტროლებს. ამ ეჭვებს ამყარებს ისიც, რომ კობახიძე და „ქართული ოცნების“ ელიტა ნაპოლში, კვარაცხელიას თამაშზე, კალაძის გარეშე იმყოფებოდა. თბილისის მერი მათთან ერთად არ იყო, რამაც ლეგიტიმური ეჭვები გააჩინა, რომ კალაძე უკვე ბარგს ალაგებს.
იგივე წყარო „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ ცვლილებები ამით არ დასრულდება, რელიგიის კრებსების მერე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო სუსის უფროს გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის საკითხიც. მასთან ერთად უწყებას მისი ნათესავ-ახლობლებიც დატოვებენ და არც მეტი, არც ნაკლები, თბილისის მერიაში გადაინაცვლებენ. სუსის უფროსის სავარძელს მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე უმიზნებს. მას ძალოვან უწყებაში მუშაობის ორი წელი 2023 წლის 22 თებერვალს უსრულდება. ამ თანამდებობაზე ბურჭულაძეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვლი ლობირებს, თუმცა საკადრო ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ვინ დაიჭერს თავდაცვის მინისტრის სავარძელს, ამაზე ჯერ არ საუბრობენ.
შიდა კლანური დაპირისპირების პიკი, „ქრონიკა+“-ის წყაროს ცნობით, თავად პარტიაში განხორციელებული საკადრო გადაადგილება იქნება. კარგა ხანია მიდის საუბარი, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაჭერა მოქმედ პრემიერ-მინისტრს სურს, რომელსაც ასევე უნდა პოლიტსაბჭოში საკუთარი გავლენების გაძლიერება.
განვითარდება თუ არა მოვლენები ასეთი სცენარით, ეს კულუარული ინფორმაციებია და დეტალები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის. შესაძლებელია, მან კიდევ უფრო რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოს და პრემიერ-მინისტრი შეცვალოს.
როგორც ჩანს, სწორედ შიდა პარტიული ომის გამოძახილი იყო „ქართული ოცნების“ რეგიონული სამსახურის უფროს დიმიტრი სამხარაძის მიერ „ქრონიკა+“-ის მისამართით ორგანიზებული შეტევა. ტროლების ჯგუფს, რომელსაც სამხარაძე აკონტროლებს, დაევალათ ჩვენი ჰოლდინგის სტატიებსა და ცნეწს-ის ნიუსებზე მორიგეობა და ნეგატიური კომენტარების წერა. ამ ჯგუფის საქმიანობისთვის „ოცნების“ შავი სალაროდან 20 000 ლარი გამოიყო, ამას დაემატა ღია მუქარა ჩემს პირად ტელეფონზე და სოცილურ ქსელ „ფეისბუქში“. საჯარო განცხადების მიუხედავად, ამ ფაქტს სამართალდამცველი უწყების მხრიდან რამე რეაგირება არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, „ქრონიკა+“-მა ორივე მათგანის რეალური ვინაობა დაადგინა: ერთ-ერთი არის თბილისში, მესამე მასივში მცხოვრები ირაკლი გიორგის ძე ეძგვერაძე, რომელიც დისტრიბუციის კომპანია „დიპლომატ ჯორჯიაში“ მუშაობს; მეორე ლევან იროდის ძე სუხაშვილია, რომელიც თბილისში ზღვისუბნის დასახლებაში ცხოვრობს და სართიჭალაში მანქანების ქიმწმენდაში მუშაობს.
მუქარებმა შედეგი ვერ გამოიღო, მცირეწლოვანი ბავშვის ფოტოების ფრიალი არც ჩემი დაბულინგებისთვის გამოდგა და საზოგადოების კიდევ უფრო მძიმე რეაქცია გამოიწვია, სამხარაძემ კი წყობა ისე დაკარგა, „ქართული ოცნების“ ოფისში ისტერიულად გაჰკიოდა, _ რა გახდა ამ ქალის გაჩუმებაო და ვიღაცას უმისამართოდ ემუქრებოდა, _ რამე მოიფიქრეთ, თორემ დედას მოგ…ო! უმისამართო მუქარას ზარები მიაყოლა სუსში და ირაკლი კობახიძესთან. საბოლოოდ, რა ფორმით გადაწყვიტეს ჩემი გაჩუმება, წყარო არ აკონკრეტებს. მე კი, ჩემის მხრივ, საჯაროდ ვუთხარი და აქაც გავუმეორებ სამხარაძეს: „ნაცებში“ არ ავერიო, გინება და შეურაცხყოფა რომ არაერთგზის გაუტარეს. მცირეწლოვანი ბავშვების ხსენება წითელი ხაზია, რამდენჯერაც ჩემს ოჯახს ახსენებს, ანალოგიურ პასუხს მიიღებს ჩემგან.