დავით დარჩიაშვილი: „მესამე პრეზიდენტს სახალხოდ კლავენ, ამ ტვირთით შევდივართ 2023 წელში“

ირინა მაკარიძე

„მიხეილ სააკაშვილის მარტვილობა და ომი უკრაინაში, _ ეს არის 2022 წლის მთავარი მოვლენები, რამაც განსაზღვრა მთელი წელი“, – აცხადებს „ილიას უნივერსიტეტის“ პროფესორი, ისტორიკოსი დავით დარჩიაშვილი „ქრონიკა+“-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, ბედის ირონიაა, რომ გლობალური დაპირისპირების დროს საქართველოს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, რომელმაც ბნელი მხარე აირჩია.

2022 წლის ძირითადი მოვლენები „ქრონიკა+“-მა დავით დარჩიაშვილთან ერთად განიხილა:

_ მიხეილ სააკაშვილის მარტვილობა და ომი უკრაინაში, _ ეს არის 2022 წლის მთავარი მოვლენები, რამაც განსაზღვრა მთელი წლის დინამიკა. ეს არის ომი თავისუფალ და ტოტალიტარულ სამყაროებს შორის. უკრაინა წინ აღუდგა პუტინის აგრესიას, უკრაინას კი მთელი ცივილიზებული სამყარო დაუდგა გვერდით. ეს არის წლის განმსაზღვრელი ამბავი. ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ არმაგედონი არის სწორედ ეს. ეს როგორღაც აირეკლა მიხეილ სააკაშვილის ბედსა და მარტვილობაშიც. კაცი მესამე პრეზიდენტი იყო, მას დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე და მას თვალწინ გვიკლავენ. ჩვენც გამოვდივართ პასუხისმგებლები იმაზე, რაც ხდება საქართველოში. ასეთი მძიმე ტვირთით შევდივართ 2023 წელში.
_ საუბრობენ, რომ შეცდომა იყო მისი საქართველოში ჩამოსვლა (ეს მისმა ვაჟმა, ედუარდ სააკაშვილმა თქვა და მას ბევრი ეთანხმება). ამაზე რას იტყვით?
_ ყველაფერი ფერმკრთალდება, როდესაც ადამიანის სიცოცხლე ქრება. ფაქტია, მან გარისკა საკუთარი სოცოცხლე, იცოდა, სადაც მოდიოდა და აქ რაც ელოდა. ჩემთვის ამაზე პრაგმატულად საუბარი დამამცირებელი და დამთრგუნველია. რაც უნდა იყოს მისი წარსული შეცდომები და მის ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, ეს შეიძლება იყოს განხილვის საგანი, ოღონდ როდესაც ობიექტური სასამართლო გვექნება, მაგრამ ახლა ადამიანი კვდება. „ქართული ოცნებიდან“ ისმის ქილიკი, ვერ ხვდებიან, რა არის მთავარი და რა _ წარმავალი. მხოლოდ თავისი დღევანდელი მდგომარეობით საზღვრავენ და ადამიანობას ივიწყებენ. მიეზღვება ყველას, ვისაც მესამე პრეზიდენტის წამებით სიკვდილში წვლილი შეაქვს, არა მხოლოდ ივანიშვილს, მათაც, რომლებიც მისი დავალების შემსრულებლები არიან.
_ ის აგრესიული და დამცინავი განცხადებები, რაც კეთდებოდა „ქართული ოცნების“ მიერ სასამართლო პროცესის შემდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად გამოჩნდა, ხომ არ არის იმის ნიშანი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მისი სამკურნალოდ გაშვების შესახებ მიღებული არ არის?
_ კანონით განსაზღვრულია. როდესაც ადამიანი ამ მძიმე მდგომარეობაშია, რის შესახებაც სასამართლო პროცესზე ამერიკელმა ექსპერტმა ერიკ გიოლდსმიტმა ისაუბრა, მისი პატიმრობა არ შეიძლება. მათ მშვენივრად იციან მისი ეს მდგომარეობა და მიუხედავად ამისა, შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ. ამის შემდეგ ამ ხელისუფლებისგან არავითარი სასიკეთო მოლოდინი არ მაქვს, არ მაქვს მათში რამე მორალურის გაღვიძების იმედი, არც გონიერების იმედი მაქვს. ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს, ეს არის ცხოველური შიში, რომ იქნებ, ამ შიშის გამო რაღაც ნაბიჯი გადადგან.
_ რამდენად არის საქართველოსა და მიხეილ სააკაშვილის ბედი დაკავშირებული იმ გლობალურ დაპირისპირებასთან, რისი ეპიცენტრიც ახლა უკრაინაა?
_ როგორც წყლის წვეთში ზღვა ირეკლება, ისე ამ კონკრეტულ ამბავში ირეკლება გლობალური დაპირისპირება. მნიშვნელოვანია, სად იქნება საქართველო ამ დაპირისპირების დროს. „აბა, ომი გინდას“ შემქმნელების გასაგონად ვიტყვი: ომი არ მინდა, მაგრამ არც ის მინდა, რომ ჩემი ქვეყანა ყველაზე ბოროტი და გარეწარი ძალების მხარეს იყოს.
_ წელს გაჩნდა შანსი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების, თუმცა ჯერჯერობით ეს შანსი ხელიდან გავუშვით. ამაზე რას იტყვით?
_ ნამდვილად ბედის ირონიაა, სხვას ვერაფერს დავარქმევ, რომ ამ გლობალური დაპირისპირების დროს საქართველოს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც არჩევანს აკეთებს ბნელ მხარეზე, საზოგადოებას კი ძალა არ შესწევს, რომ რამე შეცვალოს. ამ დროს გაჩნდა ჩვენი თაობების ოცნების აღსრულების შანსი, რაც არის ევროპასთან მეტი დაახლოების შესაძლებლობა, რომ ჩვენ გავხდებით კანდიდატი ქვეყანა. მართლაც ბედის დაცინვა იქნება, რომ თაობების ნანატრი ეს შანსი დაიკარგოს იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ეს მთავრობა გვყავს, რომელიც ირჩევს მორალურად არასწორ მხარეს.
_ ევროპასთან მეტად დაახლოების შანსის გაჩენასთან ერთად გაიზარდა ამის საწინააღმდეგო მოძრაობები. როგორ ახსნით ამ ფაქტს?
_ იმიტომ, რომ მათთვის ძალაუფლება და ხელისუფლებაში ყოფნა აღმოჩნდა მთავარი. მიშა სააკაშვილი ამათზე მაღლა მარტო იმითაც დგას, რომ მართალია, ძალაუფლება მასაც უყვარდა, მაგრამ 2012 წელს, როდესაც მოკავშირეებმა უთხრეს, ძალაუფლება წარმავალია და არ გამოეკიდო მას, თუ გინდა ევროპული მომავალი და შენი ქვეყნის ცივილიზებულ ქვეყნებს შორის ყოფნაო, მან გადადგა ეს ნაბიჯი და დათმო ხელისუფლება, _ ამით არის ის ისტორიაში ჩასაწერი. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას სწირავს იმისთვის, რომ თვითონ ძალაუფლება არ დაკარგოს. ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის, ევროპულ მომავალზე უარის თქმაზეც, ოღონდ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე არ შეექმნას.
_ ე. ი. ქვეყანაში არჩევნებით ძალაუფლების შეცვლის ტრადიცია ვერ შეიქმნა?
_ 2012 წელს იყო არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი, თუ არ ჩავთვლით 1990 წელს, როდესაც უზენაესი საბჭოს არჩევნებში „მრგვალმა მაგიდამ“ გაიმარჯვა და კომუნისტები დამარცხდნენ. კომუნისტებმაც კი არ იკადრეს ეს, ჯუმბერ პატიაშვილი და გუმბარიძე უფრო ადეკვატურები აღმოჩნდნენ, ვიდრე ივანიშვილია. ვერ შეიქმნა ეს ტრადიცია, იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებას სძლია ამ კლანურმა გაუმაძღრობამ.
_ ოპოზიციას ძალიან დიდი როლი აქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რას იტყვით მის აქტივობაზე?
_ ზოგი ოპოზიციას აბრალებს პასიურობას და ნამდვილად არის ერთგვარი დაბნეულობა ოპოზიციაში. ზოგი აბრალებს საზოგადოებას, რომ იგი არის ინერტული, ზოგი შეშინებულია, ზოგს დღევანდელი კვერცხი ურჩევნია… საბოლოო ჯამში, ცოტ-ცოტა ყველაფერია. მე ვიტყოდი, რომ ბოლო 40 წლის მანძილზე, ალბათ, არ ყოფილა საქართველოში სიტუაცია, რომ ხელისუფლებას ასე ჰქონდეს ჩაბღაუჭებული ფული და „სუსი“ _ სპეცსამსახურები. ასე უპრინციპოდ, საკუთარი ჯიბისთვის ყველაფერს კომუნისტებიც ვერ იყენებდნენ თავის დროზე. ესენი უარესები არიან, ყველაფერზე წამსვლელები არიან და ამის გარღვევა ძალიან ძნელია, ამიტომ ვერავის დავამუნათებ, რომ ოპოზიციამ არ ივარგა. მე არ მაქვს რეცეპტი, როგორ უნდა გამოვიდეთ აქედან…
_ 2020 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ 2022 წელი რიგგარეშე არჩევნების წელი უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ ეს საუბარი სრულიად მინელდა. იყო თუ არა ეს ოპოზიციის ართანმიმდევრულობის შედეგი?
_ ყველაზე არის გარკვეული პასუხისმგებლობა, ვერ ვიტყვი, ვისზე რამდენი პროცენტით. ზოგადად, შეიქმნა ინერტულობისა და მოდუნების ვითარება. მთელი ყურადღება გადავიდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სხვა გზა არც იყო, ეს ეროვნული მნიშვნელობის საკითხია _ პრეზიდენტს გიკლავენ, თუ არ გიკლავენ. ამ დროს მთელი ენერგიით ილაპარაკო სხვა საკითხებზე _ ძნელია და არაადეკვატურიცაა. გამოუვალი ვითარება შეიქმნა და ამით ხელი მოითბო ხელისუფლებამ. ეს არის ტაქტიკური გამარჯვება, რომელიც ძალიან ცუდად შეუბრუნდებათ. ეს ბოღმა არ იკარგება, ეს გროვდება და როდესმე ამოხეთქავს.
_ უკრაინაში რუსულ აგრესიას უკვე 36 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ასობით ადამიანი აგრძელებს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, ამ ადამიანებს კი საქართველოში მოქალაქეობის ჩამორთმევითაც კი დაემუქრნენ. რას იტყვით იმ კამპანიაზე, რომელიც ხელისუფლებამ ააგორა უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ?
_ ეს ისევ იმ სენის გამოვლინებაა, რომ ეროვნული ინტერესი „ღობეს ჩხირია“ ამ ხელისუფლებისთვის. არ მესმის, როგორ შეიძლება იმ ჯარისკაცებზე აუგი თქვა, რომლებიც ამ გლობალურ ცივილიზაციურ ბრძოლაში სწორ მხარეს დგანან და ამ ბრძოლის მოწინავე რაზმს _ უკრაინას _ გვერდით უდგანან? ეს მთელი მსოფლიოს ბრძოლაა და მით უფრო, საქართველოს ბრძოლაცაა.
სძულთ ისინი, იმიტომ რომ ეშინიათ მათი, სინათლის ეშინიათ, სხვანაირად მოაზროვნეების ეშინიათ, მამაცების ეშინიათ…
_ როგორ ფიქრობთ, საზოგადოების რეაქციის შეეშინდათ, რომ შეწყვიტეს მათზე აუგის თქმა?
_ კი, ალბათ, საზოგადოების შეეშინდათ. ესენი სულ ზომავენ, საზოგადოებას რა განწყობა აქვს. ცდილობენ ყველა იმ მეთოდის გამოყენებას, რაც კრემლში მუშავდება, რომ ადამიანებს ტვინი გამოულაყონ, დეზინფორმაცია გამოიყენონ და ამით ფონს გავიდნენ. ზოგჯერ ეს გამოსდით. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დიდხანს არ გაუვათ. არ ვიცი, როგორ უნდა მოახერხო, რომ შენი ქვეყნის მთავარ მტერს, რუსეთის იმპერიას, ვიღაც წინ აღუდგა და შენ მაინცდამაინც მასთან აფუჭებ ურთიერობას, უკრაინის მთავრობასა და პრეზიდენტ ზელენსკის აკრიტიკებ?! მოახერხეს იმიტომ, რომ მათთვის ვიწრო ეგოისტური ლოგიკაა მთავარი _ ზელენსკი ხომ მიშას გულშემატკივარია, ამიტომ მტრად მას მიიჩნევენ და არა _ რუსეთს. ამის იქით რა ხდება, ეს არ აინტერესებთ, არ ესმით. მთავარია, დღეს აქ იყვნენ კარგად, თავისი სალაფავი თქვლიფონ და სხვას არაფერი დაუთმონ, არავითარი დემოკრატია არ დაუშვან, მხოლოდ ილუზია შექმნან, რომ ვითომ ხალხის აზრია, რასაც მათი ტროლ-ბოტები ავრცელებენ. მათთვის საქართველო მხოლოდ თავიანთი ბიზნესინტერესების დაკმაყოფილების არეალია.
_ რას იტყვით პრეზიდენტ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტზე და როგორ აისახება ეს პროცესებზე?
_ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროგრესი გაიმარჯვებს. სხვა ცენტრები არ არსებობს: ან ხარ ზელენსკისა და ბაიდენის მხარეს, ან _ პუტინთან ერთად. საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა. სამყარო მათთვის იწყება და მთავრდება სააკაშვილის წამებით, მეტი არაფერი აინტერესებთ.
_ რაც შეეხება თვითონ რუსეთს, თქვენ რუსეთთან დაკავშირებული საკითხების მკვლევარი ბრძანდებით. რა შედეგები მოჰყვება ამ ომს რუსეთისთვის და შეარყევს თუ არა ეს ომი რუსეთში ტოტალიტალურ მმართველობას?
_ მინდა, დავეთანხმო დმიტრი ბიკოვს, ის რუსი პოეტია და ახლა თბილისშია. ის ამბობს, რომ ახლა ჩვენ, რუსები, გადღაბნილი ვართ მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვართ ნამდვილი რუსეთი, ვინც არ ვიღებთ იმას, რაც რუსეთში ხდება, არ ვიღებთ იმ აგრესიას, რასაც რუსეთი უკრაინაში ახდენს, ამბობს, რომ ჩვენ მოვიტანთ მომავალს… მე მინდა, რომ ასე მოხდეს _ ამ ხალხმა იმ ტეროტორიაზე ასევე დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სახელმწიფო უნდა შექმნან. არიან იქ ადამიანები, რომლებსაც ეს ძალიან უნდათ. იმპერიას ყოველთვის უმღეროდნენ რუსი ინტელიგენტებიც, ახლა აღარ უმღერიან. შეიცვალა სამყარო და არასოდეს რუსეთის ინტელიგენციაში იმპერიის ასეთი მოყირჭება არ ყოფილა… იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, იქაც გაიმარჯვებს სინათლე.
_ რას ისურვებდით 2023 წლის დამდეგს?
_ ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოვკლათ, თუნდაც პრაგმატული მიზეზის გამო, რომ საზოგადოებას ეს კიდევ უფრო დაშლის და შემდეგ კიდევ უფრო ძნელი იქნება გაერთიანება. ვისურვებდი, რომ რუსეთმა კისერი წაიტეხოს უკრაინაში, ვისურვებდი, რომ ამ ფონზე გონს მოეგოს ჩვენი ხელისუფლება, თუმცა ამის იმედი არ მაქვს, გადადგას ის ნაბიჯები, რომ ჩვენ 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ; ვისურვებდი ასევე და ამაზე ჩვენი ბედიც არის დამოკიდებული, ის რუსები, რომლებიც რისკავენ თავის სიცოცხლეს, რომ პუტინს დაუპირისპირდნენ, ისინი გაძლიერდნენ და და არა ისინი, ვისთანაც ივანიშვილს აქვს მეგობრობა.