მიხაილო პოდოლიაკი: „რუსეთის შიგნით სამხედრო ესკალაცია გარდაუვალია“

მიხეილ ხაჩიძე

რამდენიმეთვიანი მსჯელობისა და გერმანული სიდინჯის შემდეგ ოლაფ შოლცმა გადაწყვეტილება მიიღო: კანცლერმა გერმანიის ბუნდესტაგში გამოსვლისას უკრაინისთვის Leopard 2-ის მთავარი საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ განაცხადა. 14 ტანკი ბუნდესვერის მარაგებიდან უკრაინაში მომდევნო სამი თვის განმავლობაში შევა. გერმანიის კანცლერი რამდენიმე კვირა ფიქრობდა.
მხოლოდ მაშინ, როცა გაირკვა, რომ შეერთებული შტატები განიხილავდა ომის ზონაში 31 „აბრამსის“ გაგზავნას, შოლცმა საკითხს მწვანე შუქი აუნთო.

გერმანიის გადაწყვეტილებაში ნატოსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნები ჩელენჯივით ჩაერთნენ. საფრანგეთს, პოლონეთს, ფინეთს, ესპანეთს, ნორვეგიასა და ნიდერლანდებს ახლა ასევე სურთ ტანკების მიწოდება უკრაინისთვის. პარალელურად, დიდი ბრიტანეთი აგზავნის „ჩელენჯერ 2“-ის 14 ტანკს.
ამ გადაწყვეტილებით შეშფოთებულმა დიქტატორმა პუტინმა უკრაინაზე ახალი თავდასხმების ტალღა ააგორა.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ბოლო დღეებია, საჰაერო განგაში გამუდმებით ისმის, მათ შორის, დედაქალაქ კიევშიც. იქ ხალხი თავშესაფარს მეტროსადგურებში ეძებს.

ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე: „საკითხს ძალიან ფრთხილად განვიხილავთ“

აშშ არ გამორიცხავს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებასაც. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩევლის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ფაინერმა ხუთშაბათს (ადგილობრივი დროით) ამერიკული სატელევიზიო არხ MSNBC-ის ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ ავიაგამანადგურებლების მიწოდებას, ფაინერმა თქვა, რომ არ გამოირიცხება რაიმე კონკრეტული იარაღის სისტემის მიწოდება.
„მხარდაჭერა უკრაინელების საჭიროებაზე იქნება მორგებული. ჩვენ განვიხილავთ ამას ძალიან ფრთხილად“, _ დასძინა ფაინერმა უკრაინის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
მანამდე, უკრაინის ყოფილმა ელჩმა გერმანიაში, ანდრეი მელნიკმა, მოითხოვა თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები რუსული აგრესიული ომისგან დასაცავად.
მისივე თქმით, მოკავშირეებმა უნდა შექმნან ძლიერი გამანადგურებელი კოალიცია ამერიკული F-16-ებითა და F-35-ებით, Eurofighters-ითა და Tornados-ით, ფრანგული Rafales-ითა და შვედური Gripen-ით. მელნიკი ახლა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა.
ამასთან, ანდრეი მელნიკი მსოფლიოს მოუწოდებს უკრაინის საზღვაო ძალების მეტი მხარდაჭერისკენ: „ჩვენ გვჭირდება ხომალდები, რათა სანაპირო იყოს დაცული, ჩვენ გვაქვს ძალიან გრძელი სანაპირო. ჩვენ ასევე დაგვჭირდება წყალქვეშა ნავები შავი ზღვის სანაპიროზე ახალი თავდასხმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად“, _ განაგრძობს მელნიკი.
რუს ბლოგერთან ინტერვიუში მიხაილო პოდოლიაკი აღნიშნავს, რისთვის არის საჭირო მოიერიშე თვითმფრინავები. „რუსეთის შიგნით სამხედრო ესკალაცია გარდაუვალია“, _ განმარტავს ზელენსკის მთავარი მრჩეველი. „რუსებმა თავიანთ ქალაქებში, როგორიცაა მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი და ეკატერინბურგი, უნდა იგრძნონ ომის შედეგები“, _ დასძინა პოდოლიაკმა.
აღსანიშნავია, რომ ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდება ევროპის დღის წესრიგში აქტიურად დგას. გასულ კვირას ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოკსტრამ განაცხადა, რომ ეს თემა ღიაა და არ არსებობს ტაბუ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა (SPD) გამორიცხა საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება, ოთხშაბათს Leopard 2-ის მთავარი საბრძოლო ტანკების დაპირების შემდეგ. თუმცა გერმანული პოლიტიკა რომ ბოლო პერიოდში თავისი მრავალფეროვნებით მსოფლიოს აოცებს, ესეც ცალსახაა. შესაბამისად, შოლცის განცხადებაც, არ არის გამორიცხული, მალე გადაკეთდეს.
ამასთან, დასავლური მედიის ცნობით, საფრანგეთი არ გამორიცხავს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას. ბრიტანული მედიის ინფორმაციით კი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თომას გასილუმ ხუთშაბათს ბრიტანელ კოლეგა ტობიას ელვუდთან და თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესთან მოლაპარაკების შემდეგ ლონდონში განაცხადა: „ვნახავთ, რა მოხდება შემდეგ კვირებში, რადგან ყველაფერი სწრაფად იცვლება და ვითარდება“.

ზელენსკი: „ყოველი რუსული რაკეტა მეტი იარაღის არგუმენტია“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირდაპირ არ დაასახელა საბრძოლო თვითმფრინავი, მაგრამ დაადასტურა მისი ქვეყნისთვის შეიარაღების შემდგომი მიწოდების საჭიროება გარდა იმ საბრძოლო ტანკებისა, რომელთა უკრაინაში გაგზავნაც ახლა უკვე გადაწყვეტილია.
„რუსული აგრესიის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტული სახელმწიფო ამას სხვანაირად ვერ შეიგნებს“, _ თქვა ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეოგამოსვლაში.
„რუსეთის თავდასხმების ბოლო ტალღამ რამდენიმე საათით ადრე კიდევ ერთხელ აჩვენა ეს. ყოველი რუსული რაკეტა ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ, ყოველი ირანული დრონი, რომელსაც ტერორისტები იყენებენ, მეტი იარაღის არგუმენტია“, _ ხაზგასმით აღნიშნა მან.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი: „მზად იყავით!“

თავის მხირვ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული არმიის მზარდი ზეწოლის გათვალისწინებით, ევროპა კიდევ ერთხელ უნდა მოემზადოს მეტი ლტოლვილისთვის ომით განადგურებული ქვეყნიდან.
„ომის ყოველი გააქტიურება ნიშნავს ლტოლვილთა ახალი გადაადგილების რისკს“, _ განუცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ხელმძღვანელმა AFP-ს ხუთშაბათს კიევში.
„ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ყოველთვის, როცა ბრძოლები ძლიერდება, ადამიანებს ბუნებრივად სურთ უსაფრთხო ადგილას მოხვედრა. ასე იყო, როცა მარიუპოლისა და ხერსონის ირგვლივ ბრძოლები გაძლიერდა“, _ თქვა გრანდიმ. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, UNHCR-ის ხელმძღვანელმა მიმართა კიევის მთავრობასა და ასევე მეზობელ ქვეყნებს: „იყავით მზად, მოემზადეთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა გაზარდა სამხედრო ზეწოლა აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონში, ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლაში. მოსკოვი აგზავნის დიდი რაოდენობით ჯარისკაცს და უამრავ სამხედრო ტექნიკასა თუ იარაღს.