მესამე პრეზიდენტის მიერ შესრულებული უკრაინის ჰიმნი, გენერალ თემურ ჯანაშიას სიტყვა და ხმაურიანი სასამართლო პროცესი ე. წ. პიჯაკების საქმეზე

ნენე ინჯგია

სასამართლო დარბაზში შესრულებული უკრაინის ჰიმნი, გენერალ თემურ ჯანაშიას სიტყვა პროცესზე და სხდომათა დარბაზში აფრიალებული უკრაინას დროშა, _ 9 თებერვალს ე. წ. პიჯაკების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა.

პროცესს დაესწრო მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საზოგადოებას სხდომათა დარბაზიდან სიტყვით მიმართა. სიტყვით გამოსვლისას ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ისარგებლა და სასამართლო დარბაზში უკრაინის დროშა გაშალა, პარალელურად კი უკრაინის ჰიმნი შეასრულა.

რამ გააღიზიანა პროკურორები?!

საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ბრალდების მხარე მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც სხდომაზე მესამე პრეზიდენტმა პროკურორების ძვირადღირებული სახლების შესახებ ისაუბრა და შესაბამისი ფოტოები წარმოადგინა.

„პროცესი, რომელიც დღეს ტარდება, არის პოლიტიკური შინაარსის. ეს ყველაზე ანეკდოტური პროცესია, რომელიც ჩატარებულა საქართველოს სასამართლოს მრავალათასწლიან ისტორიაში“, _ განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ე. წ. პიჯაკების საქმის განხილვისას.

მისივე თქმით, მას ასამართლებენ სახელმწიფო თანხების გაფლანგვისთვის მაშინ, როდესაც სწორედ სახელმწიფოსა და ხალხის ხარჯებით, ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი პირები სახლებსა და აგარაკებს იშენებენ.

სააკაშვილმა პროცესზე ერთგვარი პერფორმანსი გამართა და სასამართლოს მისი საქმის პროკურორებისა და სხვა მაღალჩინოსნების სახლების ფოტოები აჩვენა:

„საქმე ის არის, რომ მე მასამართლებენ სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში და არა მითვისებაში. ახლა მინდა გაჩვენოთ სახლები, რომელიც დღევანდელ ჩინოვნიკებს ეკუთვნით. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ გუდაურში ჩემს შვილებსა და სანდრას ჰქონოდათ სახლი და მე არ მაქვს ეს სახლი, აი, ამ პროკურორს კი, რომელიც მე მასამართლებს პიჯაკების საქმეზე, ეს სახლი აქვს გუდაურში“, _ განაცხადა სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტის ამ განცხადებას სასამართლო დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

სააკაშვილმა არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს სიტყვით მიმართა:

„მე შენთვის ცუდი ამბავი მაქვს: ივანიშვილს მინდა ვუთხრა, ძალიან არასწორი „სტავკა“ გააკეთე, ძმაო, ადრე გიმართლებდა, მაგრამ ახლა პუტინის გამარჯვებაზე რომ დადე „სტავკა“, ასე როგორ დაგოიმდი, ა?! პუტინი ბოლომდე ასხამს უკრაინაში საქმეს და რომ დაიმალე ჩირგვებში. ღარიბაშვილი რომ დააავადეთ კოვიდით, როცა ანჟეი დუდა ჩამოდიოდა. თქვენ რა იცით, დუდა იქით წავიდა და მერე წამოვიდა პეკინიდან უკან, ძალიან მოითხოვა, რომ შეხვედროდა პრემიერ-მინისტრი, რადგან სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არაფერს წყვეტს და მოითხოვა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრა, რის შემდეგაც ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი; საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც დაურეკა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაემართა კოვიდი, თითქოს კოვიდის დროს ლაპარაკი არ შეიძლება. მაშინ თქვეს, მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და ოთხივე დაკავებულიაო. მოკლედ, ბოლომდე გადასხდნენ რუსეთის ბოსტანში და აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე“, _ განაცხადა სააკაშვილმა.

სხდომაზე მოწმის სახით დაბარებული იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, თუმცა მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა:

„მე ვრჩები ჩემი განცხადების ერთგული და არანაირი სურვილი არ მაქვს აქ მონაწილეობის“, _ განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ სასამართლო სხდომაზე, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზი დატოვა.

სანამ ჩუბინიძე სხდომათა დარბაზს დატოვებდა, მას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიმართა:

„ეს არ არის ჩვეულებრივი პროცესი, 5 საუკუნის შემდეგაც ილაპარაკებენ ამაზე, მას შემდეგ, რაც თქვენი მაფია ბოსი აახვევს აქედან. ამ დარბაზში ასეთივე მოსამართლეები ნამდვილად გაგიშვებენ ციხეში“, _ უთხრა სააკაშვილმა ჩუბინიძეს.

სდსს-ს მოქმედ უფროს ანზორ ჩუბინიძეს ასევე მიმართა სდსს-ს ყოფილმა უფროსმა, გენერალმა თემურ ჯანაშიამ, რომელიც ე. წ პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტთან ერთად არის ბრალდებული:

„ეს არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ასე ეთამაშონ საკუთარ თანამშრომლებს. მე დღეს მრცხვენია, როდესაც სდსს-ს უფროსი ასე იქცევა, არ უდგას გვერდით თავის ყოფილ თანამშრომლებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ბატონო ანზორ, ამას ნუ იზამთ, ეს მთელი ცხოვრება გაგაწამებთ, ეს არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ასე ვეთამაშოთ საკუთარ თანამშრომლებს, ეს იქნება დიდი სირცხვილი, რასაც სდსს ვერ ჩამოირეცხავს. რაც არ უნდა 11 წელი ვიჯდე ციხეში, ეს არ იქნება იმხელა სირცხვილი, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ. მთელი ცხოვრება დაგტანჯავთ, რადგან თქვენ შეგეძლოთ სიმართლის თქმა და არ თქვით“, _ მიმართა ჯანაშიამ ჩუბინიძეს.

მოსამართლემ მესამე პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა _ რას ითხოვდნენ სააკაშვილის უფლებადამცველები?!

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მესამე პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობის თანახმად, ადვოკატები ითხოვდნენ, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძის ჩვენება წარმოედგინათ, რომელიც მან სააკაშვილის შესახებ პროკურატურას მისცა.

სააკაშვილის ადვოკატ ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის უცნობი იყო, რომ ამ საკითხზე ჩუბინიძე მოწმედ დაიკითხა:

„ჩვენთვის უცნობი იყო, რომ ის ამ საკითხზე მოწმედ დაიკითხა. ჩვენ ვშუამდგომლობთ, რომ გამოვითხოვოთ ჩუბინიძის გამოკითხვის ოქმი, ამიტომ გთხოვთ, საქმეზე გამოთხოვილ იქნას პროკურატურიდან ჩუბინიძის ჩვენება და საქმეს დაერთოს, როგორც მტკიცებულება. მოგიწოდებთ შუამდგომლობით. გთხოვთ, ამაზე მაინც დავიცვათ წესები, ეს დოკუმენტი მაინც გამოგვაკვლევინეთ“.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მესამე პრეზიდენტის ადვოკატების მორიგი შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

სხდომაზე უფლებადამცველებმა მოითხოვეს, დაევალოს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს მესამე პრეზიდენტისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა და მიეცეს შესაძლებლობა, დაწესებულებაში მის მიერ შერჩეულმა მედიკოსებმა მოინახულონ იგი.

მოსამართლის განცხადებით, ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს ავალებს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად ყველა აუცილებელი და განსაკუთრებული ზომა გამოიყენოს.

რაც შეეხება სააკაშვილთან პირადი ექიმისა და „ემპათიის“ ექსპერტების დაშვებას, ბადრი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, რომ ცალკე მათი შეშვების დავალებას არ გასცემს, რადგან მისი განჩინება „ისედაც ითვალისწინებს“ მოთხოვნას ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევაზე.

რა კომენტარები გააკეთეს მხარეებმა პროცესის შემდეგ?!

„სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ წარმოადგინა მოწმე, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ ექნებოდა პერიოდთან, რაც ბრალდების საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა ე. წ. პიჯაკების საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა.

პროკურორისვე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, გარდა საქმის შესახებ საკითხებისა:

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა მოწმე ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც ისარგებლა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. მათ წარმოადგინეს მოწმე, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონია იმ პერიოდთან, რაც ბრალდების საგანია. ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, გარდა მის მიერ საკუთარი თავისთვის და მისი გარემოცვის ფუფუნებისთვის დახარჯული 9 მილიონი ლარისა“, _ განაცხადა პროკურორმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ანზორ ჩუბინიძის ჩვენებით, ცალსახად დადასტურდებოდა, რომ სააკაშვილსა და ჯანაშიას დანაშაული არ ჩაუდენიათ:

„ანზორ ჩუბინიძემ მისცა ინტერვიუ, რომ სასამართლოში გამოცხადდებოდა. ეს ადამიანი მოწადინებული იყო, სასამართლოზე მოსულიყო და დაედასტურებინა, რომ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ხარჯების გაწევა სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურისთვის სავალდებულოა. ეს არის არა მხოლოდ მისი სატელევიზიო ინტერვიუები, არამედ ეს არის მისი პატაკი, სადაც ანზორ ჩუბინიძე ავალებს სამსახურს, 50 ათასი ლარი გამოუყონ ვალერი კილაძეს, რომელმაც ეს თანხა პრეზიდენტის ხარჯების დასაფარავად დახარჯა.

ანზორ ჩუბინიძის ჩვენებით, ცალსახად დადასტურდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას დანაშაული არ ჩაუდენიათ. რა მოხდა დღეს? _ ანზორ ჩუბინიძე პროკურატურაში დაიბარეს და უთხრეს: ჭკუაზე მოდი! ამ ჩვენებას თუ მისცემ, ეს საქმე ჩამოგვეშლება, მოვიფიქროთ თითიდან გამოწოვილი მიზეზი და ამიტომ არ მისცე ჩვენებაო“.

რა მოხდა სასამართლოზე?

ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, დადასტურდა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის აზრით, მას დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს სხვა ხომ არაფერია _ „კითხვებზე რომ გაგცეთ პასუხი, ნიშნავს, რომ ბრალს წამიყენებენ“. „სახელმწიფოს დაცვის სპეციალური სამსახურის მხდალი უფროსი ამბობს, სიმართლის ლაპარაკის გამო შეიძლება ბრალი წამიყენონო. კითხვა მაქვს ყველა წარმოდგენილ მედიასაშუალებასთან, _ ამ პროცესს აქვს შინაარსი, სამართლიანობა და ობიექტურობა?! სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი უარს ამბობს, სიმართლე თქვას ფიცის ქვეშ, სასამართლოს წინაშე?“ _ აღნიშნავს ბასილაია.

ე. წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. პროკურატურა სააკაშვილსა და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის _ 9 მილიონი ლარის _ ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.