რატომ არ თანხმდება საქართველოს მთავრობა OECD/ACN-ის ანტიკორუფციული გარემოს მეხუთე რაუნდის მონიტორინგს საქართველოში?

თამარ როსტიაშვილი

თუ 2022 წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობა არ განაცხადებს თანხმობას ყველა ქვეყნის მიერ უკვე დამტკიცებული შეფასების ჩარჩო-დოკუმენტზე მიერთებაზე, 2023 წელს საქართველოში ვეღარ განხორციელდება OECD/ACN-ის ანტიკორუფციული გარემოს მეხუთე რაუნდის მონიტორინგი.

საერთაშორისო ქსელის ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგი გულისხმობს შემდეგს: 2022 წლის 17 ნოემბერს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD/ACN მმართველმა ჯგუფმა დაამტკიცა მეხუთე რაუნდის მონიტორინგის შეფასების ჩარჩო, რომელიც OECD/ACN წევრ ქვეყნებში ანტიკორუფციულ ეგარემოს შეისწავლის. დღესდღეობით, წევრი ქვეყანა საქართველოც გახლავთ, თუმცა, დიდად სამწუხაროდ, OECD/ACNწევრი სხვა ქვეყნებისგან (უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი) განსხვავებით, საქართველოს მთავრობამ არ მიიღო მონაწილეობა მეხუთე რაუნდის მონიტორინგის შეფასების ჩარჩოს დამტკიცების პროცესში.
IDFI-ს მონაცემებით, უკვე მეორე წელია, რაც OECD/ACN-მა ანტიკორუფციული მეთოდოლოგიის ახალი ინდიკატორები შეიმუშავა, რომელთა მიხედვითაც ქვეყნები 2023 წლიდან ყოველწლიურად უნდა შეფასდნენ. სწორედ ამაზე აცხადებს საქართველო უარს. კერძოდ, ინდიკატორებისა და მეთოდოლოგიის პრაქტიკაში დანერგვამდე, „ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის“ (EU ფორ Iნტეგრიტყ) პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის _ მთავრობებმა საპილოტე მონიტორინგის განხორციელებაზე თანხმობა განაცხადეს. ე. წ. პილოტური მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში აპრილში დამტკიცდა. საქართველოს მხარემ სწორედ ამ საპილოტე მეთოდოლოგიით ჩატარებული შეფასებაზე თავიდან თანხმობა განაცხადა. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა, ვინაიდან საქმე საქმეზე რომ მიდგა, OECD/ACN წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა შეფასების საბოლოო ჩარჩოს დამტკიცებაში. არადა, ვადა ჯერ ამოწურული არ არის და თუ არ ჩაერთვება ფინალურ პროცესში, 2022 წელს მონიტორინგის მე-5 რაუნდი საქართველოში ვეღარ განხორციელდება.
რა შეიძლება მოიტანოს ამან და რა პრობლემები შესაძლოა შეექმნას ქვეყანას OECD/ACN-ს რეკომენდაციების არშესრულების შემთხვევაში? ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის _ OECD/ACN-ს კორუფციული გარემოს შეფასების პროცესი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. როგორც IDFI-ს ანგარიშიდან ირკვევა, OECD/ACN შედგება ეკონომიკურად და დემოკრატიულად განვითარებული 38 ქვეყნისგან და ეხმარება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. OEჩD-ისთან თანამშრომლობა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების უდიდესი ნაწილი სწორედ OECD/ACN-ის წევრ ქვეყნებზე მოდის. ამ დახმარების ნაწილია პროგრამა სახელწოდებით ანტიკორუფციული ქსელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის (OECD/ACN), რომლის ფარგლებშიც პერიოდულად მოწმდება მონაწილე ქვეყნების ანტიკორუფციული გარემო და კონკრეტულ რეფორმებზე რეკომენდაციები გაიცემა.
ეს გახლავთ ერთ-ერთი ინდიკატორი ევროკავშირში გაერთიანებისა და კანდიდატის სტატუსის მიღების. ის ასევე შეიძლება გახდეს ერთ-ერთი კრიტერიუმი იმ ქვეყნების შეფასებისას, ვისაც აქვს ევროკავშირთან დაახლოების გაცხადებული მიზანი. საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰკითხო, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს ქვეყანასთან და მათ სურთ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიიღონ. მაგრამ მხოლოდ სიტყვით!
IDFI-მ უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობის პასიურობა OECD/ACN-ის მონიტორინგის მე-5 რაუნდის პროცესში მონაწილეობაზე აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების გატარების დღის წესრიგს. იგი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ითანამშრომლოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულ ქსელთან და უზრუნველყოს 2023 წელს საქართველოში ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის მე-5 რაუნდის შეფასების განხორციელება.
სწორედ ხსენებული ორგანიზაციის დამსახურებაა საქართველოში მედიის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაზე კვლევა, რომელიც ყველაზე რეალური და უკომპრომისო ანგარიში გახლავთ. აღმოჩნდა, რომ 2022 წელს ქართველ ჟურნალისტთა მხოლოდ 12%-მა შეძლო კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით საჯარო ინფორმაციის სრულად მოპოვება.
შემთხვევათა 50%-ში საჯარო ინფორმაციის განცხადება არ დაკმაყოფილდა ან დარჩა უპასუხოდ. 50%-ის შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია გაიცა ნაწილობრივ. ჟურნალისტთა შეკითხვების უპასუხოდ დატოვების ფაქტებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში (რაც 25%-ს შეადგენს), საჯარო დაწესებულებისგან განცხადებებზე საპასუხო წერილის მიღებას საშუალოდ 16 დღე სჭირდება. ამასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული საჩივრები, როგორც წესი, არ კმაყოფილდება. ჟურნალისტების მიმართვიანობის დაახლოებით 40%-ში ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, თუმცა საჩივართა დაკმაყოფილება არათუ არ ხდება, არამედ საერთოდ განუხილველია.
როგორც წესი, ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მისაღებად, საშუალოდ, 35 დღე არის საჭირო, ანუ თვეზე მეტი. ეს კი კანონით დადგენილ არანაირ წესში არ ჯდება _
როდესაც მედია რამეს ასაჩივრებს, მაგალითად, პროქტის ფარგლებში შეტანილ სარჩელებზე სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია. საერთო სასამართლო სისტემაში საჯარო ინფორმაციის დავის დასრულებას კი საშუალოდ 2.5 წელი სჭირდება.
2022 წელს სასამართლომ წარმოებაში მიღებული სარჩელების 100%-ზე 5 თვით გააგრძელა სასამართლოს განხილვის სტანდარტული ვადა დავის განსაკუთრებული სირთულის მოტივით (მათ შორისაა საქმეები, რომლებშიც ადმინისტრაციულ ორგანოს არც საჯარო ინფორმაციის განცხადებაზე და არც ადმინისტრაციულ საჩივარზე პასუხი საერთოდ არ გაუცია).
_ პროექტის მიმდინარეობისას, 7 თვის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის მიღების საკითხებზე IDFI-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება საქართველოს მასშტაბით 2021 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ჯამურად შეტანილი ანალოგიური სარჩელების რაოდენობას.
შინაარსობრივი მიგნებები: მედიის მიერ საჯარო ინფორმაციის მოპოვების სისტემური პრობლემები.
_ საჯარო დაწესებულებებმა, უმრავლეს შემთხვევაში ან დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები ან უპასუხოდ დატოვეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები.
_ ხშირად, საჯარო დაწესებულებები არასრულყოფილად გასცემენ მოთხოვნილ ინფორმაციას და არც ასაბუთებენ, თუ რატომ არ გაიცემა მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც აფერხებს გასაჩივრების უფლებით ჯეროვნად სარგებლობას.
_ საჯარო დაწესებულებების მიხედვით განსხვავებული მიდგომაა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე. ზოგიერთი საჯარო დაწესებულება არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს და მიიჩნევს, რომ იგი მხოლოდ სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.
_ პრაქტიკა მიუთითებს, რომ საჯარო ინფორმაციის ეფექტიანად მოპოვებისთვის საჭიროა შესაბამისი სფეროს/ბიზნესის პროფესიის ცოდნა ან/და სამართლებრივი დახმარება. აღნიშნული ძირითადად განპირობებულია საჯარო დაწესებულებების მიერ განცხადების შინაარსის მკაცრად ფორმალური შეფასებით.
_ გამოვლინდა შემთხვევები, სადაც საჯარო დაწესებულებები მიუთითებენ, რომ ინფორმაციას არ ამუშავებენ მოთხოვნილი ფორმით და არც იმ ფორმით გასცემენ ინფორმაციას, როგორც ის საჯარო დაწესებულებაში ინახება.
_ რიგ შემთხვევებში, საჯარო დაწესებულებები ინფორმაციას არ გასცემენ იმგვარ სამართლებრივ არგუმენტებზე მითითებით, რომელიც კანონიდან არ გამომდინარეობს.