ნიკო მანაგაძე: „ქართველი ახალგაზრდებისთვის რუსეთი არის ყველაზე დიდი წყალგამყოფი“

გიგა გელხვიიძე

რუსული კანონი ერთგვარი წყალგამყოფი აღმოჩნდა ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს შორის, რაც ყველაზე მკაფიოდ გამოიკვეთა 7-8 მარტის აქციების დროს, როდესაც რუსთაველის გამზირსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ.

ზემოხსენებული მოვლენების ავანგარდში, კი მრავალწლიანი პაუზის შემდგომ, სტუდენტები იდგნენ. გაზეთი „ქრონიკა+“ აქტიურად ცდილობს, უფრო ახლოს გააცნოს მკითხველს ის ახალგაზრდები, რომლებმაც ამ პერიოდში ლომის წილი შეიტანეს ქართული საქმის კეთებაში.
გაზეთის ამ ნომერში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნიკო მანაგაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც ეროვნული საქმის კეთებისთვის პოლიციამაც დააკავა:

_ ძალა, რომელიც სტუდენტობას აქვს…
_ ყოველთვის, როდესაც ქვეყანაში გარკვეული სახის საპროტესტო ტალღა გორდებოდა, ყოველთვის სვამდნენ კითხვას, _ სად არიან სტუდენტები? რატომ არ აპროტესტებენ? ახლა კი სტუდენტებმა, ფაქტობრივად, 7-9 მარტის მოვლენების დროს აჩვენეს, თუ სად არიან და სად უნდა იდგნენ. აჩვენეს, რომ დგანან ისტორიის სწორ მხარეს და, შეიძლება ითქვას, ბარიკადების წინა ხაზზე. ისევე როგორც საზოგადოების უმეტეს ნაწილში, სტუდენტებშიც არის ის ფაქტორი, რომ სოციალური პრობლემების გასაპროტესტებლად არ გამოსულან ქუჩაში. როდესაც ეგზისტენციალური, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი დგას დღის წესრიგში, მაშინ გამოდის სტუდენტი გარეთ. ასეთი ფაქტი იყო, მაგალითად, 2019 წლის 20 ივნისი, როდესაც გავრილოვი ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და ასეთი ფაქტი იყო ახლაც, 7-8 მარტს, როდესაც რუსეთი დადგა ისევ დღის წესრიგში. ანუ რუსეთი არის ქართველი ახალგაზრდებისთვის ყველაზე დიდი წყალგამყოფი. ეგზისტენციალური საფრთხის განცდა ახალგაზრდებში ჩნდება სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთთან დაკავშირებული თემა წამოიწევს წინ. კოლაბორაციული ხელისუფლების ყურება ყველაზე მძიმე და მტკივნეული საკითხია მათთვის, რადგანაც ეს არის თაობა, რომელსაც არ უცხოვრია საბჭოთა კავშირში, საბჭოთა დროში, დიქტატურასა და ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობდა დემოკრატია. ჩვენ ეს ისტორიის ფურცლებიდან ვიცით და შავბნელ წარსულად არის ჩვენს ცნობიერებაში, ეს არის თაობა, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში და არ აპირებს ამის დათმობას, ვერ წარმოუდგენიათ ეს, ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად ფიზიკურადაც კი ვიბრძოლებთ და ეს დამტკიცდა კიდევაც. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ ჩვენში დაინახა ხელისუფლებამ. ამ დრომდე მათ ჩვენი თაობა გამორჩენილი ჰქონდათ, რადგანაც მთელი პროპაგანდისტული საშუალებები იყო მიმართული კონკრეტული ხალხის გაშავებაზე, კონკრეტული სეგმენტის ტვინების დამუშავებაზე, იყენებდნენ შესაბამის სტრატეგიებს, არასოდეს უფიქრიათ, რომ ახალგაზრდები ასეთი საფრთხის მატარებლები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მათთვის და ამიტომ ეს ახალი ხილი იყო თითქოს. ვერ გაუგეს მათ ახალგაზრდებს, არ იციან ახალგაზრდების ენა, არ იციან, როგორ მიუდგნენ და რა უნდათ მათ, რადგანაც ახალგაზრდებს არ გააჩნიათ პირადი, მერკანტილური ამბიციები ან მიზნები, ისინი იდეებისთვის და ფასეულობებისთვის იბრძვიან. სწორედ იდეები და ფასეულობები არ გააჩნია დღეს ხელისუფლებას და ამიტომაც სხვისი მხრიდან მსგავსი რამისთვის ბრძოლა გაუგებარია მათთვის. ეს არის, რამაც შოკში ჩააგდო ეს ხელისუფლება.
_ როდის გაგიჩნდა პირველად პროტესტის გრძნობა იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება?
_ გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი ოჯახი „ნაციონალების“ დროს ოპოზიციაში იყო და როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, თავიანთი აქტიური წვლილი შეიტანეს წინა ხელისუფლების ცვლილებაში. მე მაშინ 9-10 წლის ვიყავი, მაგრამ მაინც მქონდა ბავშვური გადმოსახედიდან არსებული პროტესტი. მახსოვს მაშინდელი ანტიდემოკრატიული პროცესები, ამიტომაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს ყველას ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი და ძირეული დემოკრატიული ცვლილებები დაიწყებოდა და რაღაც შეიცვლებოდა. ფუნდამენტური საკითხი მაშინ იყო დემოკრატია, რადგანაც საგარეო თუ ეკონომიკური პრობლემები არ იყო ამდენად მძაფრი. ცხადია, ყველას უნდოდა უკეთესი ცხოვრება და იყო ამის იმედი, მაგრამ მთავარი გახლდათ დემოკრატია და ეს პროტესტის განცდა, როგორც საზოგადოების სხვა წარმომადგენლებში, ჩემშიც არსებობდა. პირველ პერიოდში ჩემი ოჯახიც და მეც ამ ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერები ვიყავით, თუმცა 2018 წლის შემდგომ ეს დამოკიდებულება შეიცვალა და ამის მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნები გახდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის წითელი ხაზი იყო რუსეთი და როდესაც 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დააყენეს ადამიანი, რომელიც აცხადებდა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო და მისი რიტორიკა იყო ანტისახელმწიფოებრივი, მაშინ ვთქვი, რომ გამორიცხულია, ამ პარტიას ვეღარ დავუჭერ მხარს-მეთქი. როდესაც ასეთი პოზიციის ადამიანს აყენებენ კანდიდატურად თუ უჭერენ მხარს (სალომე ზურაბიშვილი ფორმალურად იყო დამოუკიდებელ კანდიდატად წარმოდგენილი), წარმოიდგინეთ, მაშინ ეს აღმოჩნდა ჩემი გადმოსახედიდან ბოლო წითელი ხაზი ამ ხელისუფლებასთან მიმართებით და დღეს ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელიც კი არის პრეზიდენტის ასეთი გარდასახვა, მაშინდელი გადმოსახედიდან. შემდეგ მალევე იყო 20 ივნისი, როდესაც რადიკალურ ოპოზიციონერად ვიქეცი. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი და იქ დავდიოდი აქციებზე, თუმცა პარალელურად ვუყურებდი, რაც ხდებოდა თბილისში და ეს მართლაც წითელი ხაზი იყო. ისეთი თემა, რაც იყო გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომა, შემდგომში კი „გავრილოვის ღამის“ მოწყობა, ეს იყო ჩემთვის პირადად შოკი და ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, ვიქეცი რადიკალურ ოპოზიციონერად, თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ დღემდე არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ. მე არ ვარ არცერთ პარტიაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი, როდესაც ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანი და ძირეული პრობლემები დგას და სამშობლო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგება.
_ ევროპა _ ეს არის უმთავრესი და ამოსავალი წერტილი, რომლისკენაც მიისწრაფის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. თუმცა მოქალაქეებისგან განსხვავებით სხვა პოზიცია აქვს ხელისუფლებას. თუ ხედავთ საპროტესტო აქციების გარდა სხვა გამოსავალს ხელისუფლების გადასარწმუნებლად?
_ არ მგონია, რომ ხელისუფლების გადარწმუნება შესაძლებელია და ამის სივრცე დარჩა, _ ეს არის უკვე ღიად, გაცხადებულად რუსული ხელისუფლება. ხელისუფლების მოსვლის პერიოდში ისინი დემონსტრირებდნენ დასავლურ კურსს და ეს იყო მაშინ შესამჩნევი. მაგალითად, პრემიერმა კვირიკაშვილმა ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა დასავლური სტრუქტურების ინტეგრაციის გზაზე, დაწესდა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, მაგრამ შემდგომ, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ უნდა მიემართა ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის, დაეწყო მედიის დევნა, გაეჩინა პოლიტიკური პატიმრები, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გაელაშქრა, მათი ეს ნაბიჯები უკვე აბსოლუტურად შეუსაბამო გახდა დასავლურ ფასეულობებთან. მათი პოლიტიკა უკვე აღარ ებმის დასავლეთს და ერთადერთი, ვისთანაც ეს თავსებადობაში მოდის, არის რუსეთი. შესაბამისად, როდესაც მათ ეს გზა აირჩიეს, რამის შეცვლა ახლა მათ კურსში შეუძლებლად მიმაჩნია, ვერ შედგება საგარეო კურსის ორიენტირის ცვლილება ასე მარტივად, გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ ერთადერთი გზა არის ის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს. მჯერა, რომ ამ მოვლენების შემდგომ უფრო მეტი მიხვდა, რომ ეს რუსული ხელისუფლებაა და ამ რუსული კურსის შესანარჩუნებლად იბრძვიის და ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ მეტ ადამიანს მიეცეს შანსი, რომ გამოხატოს თავისუფალი ნება. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი, რომლებიც წინა არჩევნებზე 41-ს ხაზავდნენ, მაგრამ მათთვის სანატრელი იყო საქართველოს ევროპული მომავალი. ამ ტიპის ელექტორატს ნათლად უნდა დავანახოთ, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელია. სხვათა შორის, ბოლო მოვლენებმა საზოგადოებრივ განწყობებში ძალიან დიდი გარდატეხა შეიტანა.
როდესაც ქუთაისში ჩავედი და ვესაუბრე მეგობრებს, ასევე ვესაუბრე იმ ადამიანებს, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობდნენ, სულ სხვა პათოსით იყვნენ, მხარს უჭერდნენ ამ ხელისუფლებას და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები იყვნენ, აბსოლუტურად შეცვლილია მათი მსოფლმხედველობა. პირდაპირ რომ ვთქვა, თავად ლანძღავენ და აგინებენ ამ ხელისუფლებას იმიტომ, რომ ამ მოვლენებმა, რაც განხორციელდა ორი ღამის განმავლობაში ახალგაზრდებთან მიმართებით, ხელისუფლების სრული ლუსტრაცია შეძლო. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რეპუტაციულად ეს ხელისუფლება ჩამოშლილია. ახლა მთავარია, ეს განწყობები შენარჩუნდეს და ოპოზიციამ სწორად მიიტანოს თავისი სათქმელი ადამიანებამდე. იმის მიუხედავად, რომ არჩევნები ყალბდება, დიდი მობილიზაცია უნდა იყოს და არჩევნების გზით დავასრულოთ გარუსების პოლიტიკა.
_ ფიქრობ თუ არა, რომ რეგიონებში შედარებით უფრო ნაკლებად ვრცელდება ინფორმაცია და გაქვთ თუ არა სხვა ქალაქების უნივერსიტეტების სტუდენტებთან კავშირი?
_ რეგიონებსაც გააჩნია, შედარებით მსხვილ რეგიონებში, მაგალითად ქუთაისში, ბათუმსა და მსგავს დიდ ქალაქებში მკაფიოდ არის წარმოდგენილი, ფორმირებული და ჩამოყალიბებული ევროპული განწყობები. ბევრ რეგიონში ისედაც არ არის უნივერსიტეტი და რეგიონის წარმომადგენლების განწყობები ისედაც მკაფიოდ გამოხატულია. ეს კარგად იგრძნობა თბილისში, რომ მათ უნდათ ევროპა და პატივს სცემენ დასავლურ ფასეულობებს. შედარებით მცირე მასშტაბის რეგიონში არის დარჩენილი ასაკოვანი ადამიანები და მათზე კარგად მუშაობს პრორუსული სახელისუფლებო პროპაგანდა. ამ მხრივ იქ უფრო პრობლემურია სიტუაცია, სტუდენტებისგან განსხვავებით.
_ როგორია დღევანდელი საქართველო?
_ დღევანდელი საქართველო, ცოტა პესიმისტურად გამომდის, მაგრამ უპერსპექტივოა, მძლავრად იგრძნობა უპერსპექტივობის განცდა. ტოვებენ ქვეყანას ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები. შეიძლება მათ არ უჭირთ ლუკმა-პურის ფული, მაგრამ ბოლო წლებში იმძლავრა ახალგაზრდებში ტოტალურმა ნიჰილიზმმა, სრული უპერსპექტივობის განცდაა. დღეს რომ დაიძინებს, ფაქტობრივად, იცის, რომ ხვალინდელი დღე უარესი გათენდება. წლების წინათ იმედი მაინც არსებობდა, რომ უკეთესობისკენ წავიდოდით, მაგრამ დღეს სულ სხვა სიტუაციაა, სულ სხვა ხედვებია.
_ შენ ერთ-ერთი ხარ, რომელიც აქციების დროს დააკავეს _ რა განიცადე მაშინ?
_ სამართლებრივად სრული აბსურდი იყო ჩემი დაკავება და ეს შემდგომში დასაბუთდა კიდევაც, თუნდაც სასამართლოზე. მე დამაკავეს რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში და ეს კადრები გამომადგა, როგორც მტკიცებულება. ყველამ ნახა, რომ უბრალოდ ვიდექი სპეცრაზმის წინ და ვესაუბრებოდი მათ, როგორც სტუდენტი, რომ თქვენს საქმეს ვაკეთებთ აქ, ერთ საქმეს უნდა ვემსახურებოდეთ წესით-მეთქი. მინდოდა, ისინი მორალური დილემის წინაშე დამეყენებინა, თუმცა გამოვარდა ვიღაც, თუ არ ვცდები, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი და დაუძახა თავის თანამშრომლებს, რომ მოკიდეთ ხელი და გაათრიეთო. პირველი განცდა იყო უსამართლობა, რომელიც ისედაც არსებობს ამ ქვეყანაში, თუმცა იმ მომენტში ძალიან იმძლავრა ამ ყველაფერმა, რადგანაც აცნობიერებ, რომ უსამართლოდ გაკავებენ. თუმცა რომ გითხრათ, ეს მოულოდნელი იყო-მეთქი, მოგატყუებთ, რადგანაც გარკვეული სახის მოლოდინი დაჭერისა, როდესაც ასეთ აქციაზე გადიხარ, არსებობს, რომ შესაძლებელია არ აღმოჩნდე სახარბიელო სიტუაციაში. ამის გარდა ორი საათის განმავლობაში ვისუნთქე გაზი, ჩიტაძის ქუჩაზე მუცლის არეში მომხვდა რეზინის ტყვიაც და ამის შემდეგ დამაკავეს, თუმცა როცა სხვაგან გადამიყვანეს დაკავების შემდგომ, ბევრად უფრო შოკისმომგვრელი იყო პოლიციელების დამოკიდებულება. რეჟიმისგან დანიშნული მაღალი ჩინის ადამიანები გამოირჩეოდნენ უფრო მეტი აგრესიით, ვიდრე, ვთქვათ, სხვა, რიგითი თანამშრომლები. რიგითი პოლიციელები პირად საუბრებში გვეჩურჩულებოდნენ და ყველას უნდოდა თავისი პოზიციის გამოხატვა, რომ ისინი მხარს გვიჭერდნენ. იქ ვიგრძენი, რომ ამ ადამიანებს, რიგით პატიოსან თანამშრომლებს, რომლებიც სისტემაში მუშაობენ, სული ეხუთებათ იმ უსამართლობის კეთების გამო, რასაც ავალებენ. ჩემი დამკავებლები ძალიან ლოიალურად იყვნენ განწყობილები ჩემ მიმართ, თუმცა როდესაც პარლამენტის ეზოში გადაგვიყვანეს და ალბათ სამი საათის განმავლობაში ვიყავით ჩამწკრივებულები ხელებშეკრულები, დავინახე, რომ იქ შემოყვანილ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ ძალიან მძიმე მეთოდებით. ხელებშეკრულ ადამიანზე, ერთ-ერთ დაკავებულზე, პოლიციელი ფეხებით იყო შემდგარი. ეს მე, ოცი წლის ადამიანმა, ძალიან მძიმედ აღვიქვი. როდესაც ასეთი რამ ხდება შენ თვალწინ და გიწევს ამის გადატანა, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ თუნდაც გავემტყუნებინეთ სასამართლოს და მოესაჯა ადმინისტრაციული წესით ის ორკვირიანი პატიმრობა, ღირდა. როდესაც თავისუფლებისთვის იბრძვი რეჟიმის წინააღმდეგ რაღაცების დათმობა აუცილებლად მოგიწევს.
_ ალბათ უსმენდი ხელისუფლების ბოლო პერიოდის განცხადებებს _ რა შთაბეჭდილება დაგრჩა?
_ მათ რიტორიკაში იგრძნობა ის, რომ შეშინებულები არიან და როდესაც საზოგადოებაზე უხდებათ საუბარი, ვერ არიან ისე თამამები, როგორც აქამდე. თუმცა მათი საუბრიდან ისიც იგრძნობა, რომ შურისძიებას აპირებენ, რეპრესიების წამოწყებასა და ახალი პროპაგანდისტული მანქანის ამოქოქვას, რომ ახალგაზრდების მიმართ იმოქმედონ, რადგანაც, როგორც ვთქვი, მათ ახალგაზრდებში განსაკუთრებული საფრთხეები იგრძნეს. ადრე ისინი მუდმივად ახსენებდნენ ენჯეოებს, პოლიტიკურ ლიდერებს, თუმცა ამ ბოლო დროს მათი სამიზნე ჯგუფი შეიცვალა და საუბრობენ ახალგაზრდებზე, რაც გარკვეული შიშის მაჩვენებელია. ვფიქრობ, მათთვის შოკის ეფექტი ჰქონდა ახალგაზრდების ქმედებებს და ამიტომაც გაიწვიეს რუსული კანონი. თუკი აქამდე აქციის მონაწილეები, როცა სპეცრაზმელების წინ აღმოვჩნდებოდით, ვამბობდით, რომ მოდით, ხელები ავწიოთ, ჩვენი სახე დავანახოთ მათ, ერთ ლოყაში რომ გაგვარტყამენ, მეორე მივუშვიროთ, ახლა ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ როდესაც ერთ ლოყაში გაგვარტყამენ, ავიღოთ ორივე ხელი და ორივე ლოყაში შემოვცხოთ. საბოლოოდ ეს აღმოჩნდა გამარჯვების ფორმულა და როდესაც ერთხელ უკვე ირწმუნეს გამარჯვება ადამიანებმა, გაიგეს გამარჯვების გემო, ახლა აღარავინ აპირებს ამ გამარჯვების დათმობას, მით უფრო, „ქართული ოცნების“ პერიოდში.
_ არის თუ არა დღეს ოპოზიცია პასიური და შეეძლო და შეუძლია თუ არა უფრო მეტის გაკეთება ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ?
_ როდესაც ეს რუსული კანონი განიხილებოდა, ვფიქრობ, ოპოზიციამ საკმაოდ სწორად იმუშავა კრიტიკულ მედიასთან ერთად, მოსახლეობის ინფორმირების ნაწილში პარლამენტს შიგნით. საკმაოდ სწორად აწარმოეს ბრძოლა და სწორი მეთოდები გამოიყენეს ამ ბრძოლის დროს. ვფიქრობ, ოპოზიცია არის პასიური, მას არ გააჩნია სტრატეგია, როგორ იმოქმედონ. ნორმალური ოპოზიციის არსებობის შემთხვევაში დიდი ხნის ჩანაცვლებული იქნებოდა ეს ხელისუფლება და მოშორებული გავლენების სადავეებიდან. შიდა გარჩევები და მუდმივი ბრძოლა გავლენებისთვის, საბოლო ჯამში, აზიანებს იმ პროცესებს, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს და რაც საჭიროა ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად. მეტი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, დასახოს სწორი სტრატეგია, შეისწავლოს მოსახლეობის ხედვები, ინტერესები და აწარმოოს სწორი კომუნიკაცია ადამიანებთან.
_ ხშირად ისმის, რომ პოლიტიკოსები არ უნდა იდგნენ ახალგაზრდებთან ერთად. ვნახეთ, თუ როგორ წაართვეს გიორგი ვაშაძეს მიკროფონი. როგორ წარმოგიდგენია პოლიტიკური აქცია და პროცესები მთავარი აქტორების გარეშე?
_ ზოგადად, საქართველოს ევროპული მომავლის თემა იმდენად მასშტაბურია ამ ქვეყანაში, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის ან თუნდაც მხოლოდ ოპოზიციის თემა. მათ შორის ნეიტრალურად განწყობილ ადამიანებს შორისაც არიან ისეთები, რომელთათვისაც აუცილებელია ევროპული მომავალი. ამიტომაც აქციაზე საკმაოდ ეკლექტური ტიპის საზოგადოებაა წარმოდგენილი და ბუნებრივია, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებისთვისაც პოლიტიკური ფიგურები მიუღებლები არიან. გამოთქვამდნენ კიდევაც იმ მოსაზრებას, რომ ეს ტრიბუნა არ დაეკავებინათ კონკრეტულ ლიდერებს და ეს ყოფილიყო მაქსიმალურად საზოგადოებრივი პროტესტი, რომელსაც წარმართავდნენ ახალგაზრდები. ეს ფიგურები არიან კონტრვერსიული ადამიანები და ნაკლებად აქვთ ერთგვაროვანი განწყობები საზოგადოების წარმომადგენლებს მათ მიმართ. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ხალხმა გადადო თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ხედვები ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით და ყველამ გაიაზრა, რომ ეს არის საერთო საქმე, საერთო ინტერესი და აბსოლუტურად ზეპარტიული. ამ დროს პოლიტიკური წყენები ყველამ უნდა გადავდოთ. ვფიქრობ, ამ განსხვავებულთა ერთობამ მოიტანა სწორედ ეს შედეგი.
_ როდესაც საკანონმდებლო ორგანოში იგეგმება ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და უბრალოდ რიგით ადამიანებს, შენი აზრით, ამ დროს რამდენად უნდა ისმოდეს პარლამენტში სტუდენტების ხმა, ადამიანების, რომლებიც ხვალ იქნებიან ჟურნალისტები, იურისტები, სოციოლოგები და სხვა?
_ ამაში სტუდენტებისა და ახალი თაობის ჩართულობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც რამდენიმე რაღაცის გამო: იძენ აუცილებელ გამოცდილებას. როგორც აღნიშნეთ, ეს ადამიანები მომავალში უნდა გახდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ასეთი რამ აუცილებელია მათთვის. მეორე მხრივ, როდესაც ამ ყველაფერში ჩართულები არიან ახალგაზრდები, ისინი საჯარო პოლიტიკაში, ამ ქვეყნის სწორად ფორმირების საქმეში უფრო მკაფიოდ და ნათლად ხედავენ თავიანთ როლს. ეს კიდევ უფრო აქტიურს ხდის საზოგადოებას და პასიური მდგომარეობიდან გამოჰყავს ახალგაზრდები.
_ საქართველოს მთავრობაში მომხდარი საკადრო ცვლილების ფონზე, ვგულისხმობ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ცვლილებას, როდესაც მიხეილ ჩხენკელი ჩანაცვლდა გიორგი ამილახვრით, იმ ადამიანით, რომელმაც პარლამენტში ხმა მისცა რუსულ კანონს, ხომ არ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა რეპრესიებისთვის ამ სისტემაში? რომ ზეწოლა მოხდეს „ურჩ“ სტუდენტებზე და იმ პროფესორ-მასწავლებლებზე, რომლებმაც პეტიცია შეადგინეს ამ კანონის წინააღმდეგ?
_ ცხადია, ეს საკადრო ცვლილებები უკავშირდებოდა ბოლოდროინდელ მოვლენებს, განსაკუთრებით სტუდენტებისა და ახალგაზრდების ჩართულობას. როცა ვსაუბრობდით, რომ ხელისუფლებამ განსაკუთრებით დიდი საფრთხე დაინახა ახალგაზრდობაში, მეორე მხრივ, მათ დაინახა ისიც, რომ განათლების მათმა სისტემამ ახალგაზრდების ტვინებზე სათანადოდ ვერ იმუშავა, რომ დამორჩილებოდნენ ხელისუფლებას და ყოფილიყვნენ დამოკიდებული სახელმწიფო სექტორზე, მათ შორის, ლექტორ-მასწავლებლებზე. ეს საკადრო ცვლილება და ამილახვრის დანიშვნა ამ პოსტზე შეძლება აღვიქვათ მომავალი რეპრესიების საწინდრად. ახლახან წავიკითხე ინფორმაცია განათლების წინა მინისტრთან დაკავშირებით, ისიც საკმაოდ მორჩილი კადრი იყო ამ ხელისუფლების, განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ბოლო დღეებში, ამ აქციების წინ, გამართა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა, ვისაც ეს კანონი ეხებოდა, ასევე გამართა გაცვლითი პროგრამების წარმომადგენლებთან შეხვედრა და ამით მკაფიო დემონსტრირება მოახდინა იმის, რომ განათლების სექტორი და თავად ჩხენკელი მხარს უჭერდა ევროპულ გზასა და ხედვებს. ამგვარი კანონის იდეას არ უჭერს მხარს და ამანაც განაპირობა, ჩემი აზრით, ეს ცვლილებები.
ვიმეორებ: ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, იძლევა იმის მოლოდინს, რომ დაიწყება აქტიური რეპრესიები.
_ თუ დღის წესრიგში დადგება კვლავ რუსული კანონის შემოტანა (ამ კითხვას ვსვამ იმ კომენტარებიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო პერიოდში კეთდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან), როგორი იქნება ხალხის პასუხი?
_ მაშინ იყო უფრო ემოციური განწყობები და ბევრ რიგით ადამიანთან მიმართებით ბრალდებებიც კი ისმოდა, რომ ეს კანონი არ აქვთ წაკითხული და არ იციან მისი ძირითადი არსი. დღეს ქართულ საზოგადოებასა და ახალგაზრდებს უფრო მკაფიოდ აქვთ გააზრებული, თუ რა გამოწვევის წინაშე დგებოდნენ ამ კანონპროექტის მიღებით და ზოგადად ამ ხელისუფლების მიზნები არის რუსული და ანტიქართული. პროტესტი იქნება ბევრად მძლავრი და გააზრებული, შესაბამისად, „ოცნების“ ყოველგვარ მცდელობას ექნება უკუშედეგი.