ნიკოლოზ ვარდოშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ბუფეტის პარტიაა“

მაკა მოსიაშვილი

რას ფიქრობს ემიგრაციაში გაქცეული ადამიანების გადაწყვეტილებაზე? როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას საქართველოში? რატომ უწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტის ბუფეტის პარტიას? როგორ აფასებს საკრებულოების მუშაობას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელ ნიკა ვარდოშვილს:

_ ნიკა, როგორც პოლიტიკოსი, როგორ შეაფასებდით საჯარო მოხელეთა ემიგრაციაში წასვლას?
_ თუ დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ ოჯახის რჩენის უნარი, ლოგიკურად რომ შევხედოთ, მაშინ დაუსაქმებელი ადამიანი და სოციალურად დაუცველი ყოფილა სიკვდილის პირას. ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი, იმიტომ რომ ამ წამს არა მარტო საჯარო მოხელეები, არამედ კერძო სექტორში დასაქმებულებიც, ჩემს თვალსაწიერში ვინც იყვნენ, რომელთაც კომუნისტების დროიდან და შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებშიც ძველი ქონებაც მოსდგამდათ და თვითონაც, ასე ვთქვათ, ფულის შოვნა არ უჭირდათ, ასეთი ადამიანები გარბიან ქვეყნიდან. მათ გაყიდეს ყველაფერი, რაც ებადათ და დღეს უკვე კვების პრობლემის წინაშე დადგნენ. აქედან ჩანს, რომ ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა.
_ კახეთის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ასეთი სურათი გვაქვს: ახმეტის მუნიციპალიტეტის ორი მოწვევის ყოფილმა გამგებელმა 2012-2017 წლებში, ბექა ბაიდაურმა, მუნიციპალიტეტის პოლიტიკური თანამდებობის პირველმა პირმა (ხაზს ვუსვამ!), აი, ამ ადამიანმა, დატოვა ქვეყანა და როგორც ჩემთვის ცნობილია, კანადაში დაიწყო მუშაობა ფიზიკურად. ასევე რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ გურჯაანის ყოფილი მერი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისიც, ალბათ, ფიზიკურად მუშაობს. ასევე გვქონდა შემთხვევები, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან წავიდა და საფრანგეთში ჩაბარდა. გვაქვს ფაქტი, რომ 2014 და 2017 წლების მოწვევის თელავის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე, ამ წუთში ამერიკაში ცხოვრობს. თელავის თემის სხვა დეპუტატებიც წავიდნენ და ასეთი ბევრი შემთხვევა შემიძლია დაგისახელოთ. ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა არსებობს? უხეშად რომ ვთქვათ, საქართველოში პოლიტიკას ვინღა აკეთებს?
_ ბოლოდან დავიწყებ: პოლიტიკას ამ ქვეყანაში უკვე პოლიტიკოსები დიდი ხანია, აღარ აკეთებენ. 2012 წელს რაც მოხდა, ამ ქვეყანაში პოლიტიკოსები დამთავრდნენ და მათი ფუნქცია შეიძინა ოლიგარქიამ, მილიონერების ბანდამ. იცით, ეს რატომაა ცუდი ქვეყნისთვის? _ პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები რაც არ უნდა ზნედაცემული და გათახსირებული ადამიანები იყვნენ, ისინი ერთმანეთთან მაინც ვერ შეთანხმდებიან რაღაც უკანონობაზე, ხოლო ბიზნესმენები ყოველთვის შეთანხმდებიან ერთმანეთში, იმიტომ რომ მათთვის მთავარი არის ფული და მოგება. მათ კარგად იციან გაყოფა და ასეთი სიტუაცია როდესაც არის, პოლიტიკოსები პოლიტიკური ველიდან გახვეტილები არიან. რაც შეეხება თქვენი კითხვის მთავარ ნაწილს, რომ ტოვებენ არა მარტო რიგითი ადამიანები, არამედ მაღალი თანამდებობის პირები, პირველი პირები რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში და მიდიან ემიგრაციაში, ეს იცით, რატომ ხდება?! _ იმიტომ, რომ რიგითი მოქალაქეები ვხედავთ, ქვეყანა მიდის ტალახში! ჭაობშია ქვეყანა ჩაფლული! მაგრამ მათ ხომ უშუალოდ ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვთ, ჩვენზე კარგად იციან, რამხელა უპერსპექტივობაა ქვეყანაში და ისიც კარგად მოეხსენებათ, რომ ამ უპერსპექტივობას ბოლო არ უჩანს. და ისინი რომ მიდიან, ამით უკვე ნათლად არის ნათქვამი: ამ ქვეყანაში დღითი დღე, წლიდან წლამდე, არამც თუ გაუმჯობესდება, არამედ უფრო და უფრო გაუარესდება მდგომარეობა. აი, ეს იციან მათ ჩვენზე უკეთესად. არა მარტო იმიტომ, რომ ეკონომიკურად უჭირთ, მათ ოჯახები აქვთ, ცოლ-შვილი ჰყავთ. შესაბამისად, ისინი მომავალზე ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში არც მათი შვილისთვის ღირს განათლების მიცემა, არც მერე აქ დასაქმება ღირს, ამიტომ პრაგმატულად აზროვნებს ხალხი. იციან, რომ საქართველოში ერთადერთი გამოსავალია (არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, ასეა), ან წახვიდე იმქვეყნად, ან სხვა ქვეყანაში გაიქცე!
თუმცა არსებობს მესამე: დავრჩეთ და ყველამ ერთად გავაკეთოთ გასაკეთებელი! მოვიშოროთ ეს ჭირი, ეს პოლიტიკური ეპიდემია, რომელმაც ამ დღეში ჩააგდო ქართული პოლიტიკაც, ჩვენი ქვეყანაც და თითოეული ჩვენგანიც! რადგან წელს უკვე არნახულ მასშტაბებს მიაღწია ქვეყნიდან გაქცეულთა რიცხვმა. ბოლოს ივანიშვილსა და ღარიბაშვილს დარჩებათ ეს ქვეყანა და რა ვიცი, იყვნენ მაშინ მოქალაქეების გარეშე!
_ პოლიტიკური პროცესები დღეს როგორ მიმდინარეობს რეგიონში, კერძოდ მუნიციპალიტეტებში ამ კრიზისის დაძლევის დროს? იმ ოპოზიციასაც ვგულისხმობ, რომელიც საკრებულოებში, თუნდაც პარლამენტში შევიდა. რას უნდა აკეთებდეს ამ დროს ოპოზიცია?!
_ რეგიონებში კი არა, მთლიანად ქვეყანაში აღარ არსებობს პოლიტიკური სიტუაცია. პოლიტიკური პროცესი მკვდარია მთლიანად ქვეყანაში და რეგიონებში ხომ არც ადრე იყო მაინცდამაინც და დღეს ხომ საერთოდ ნასახი აღარ არის. მაგალითად მოვიყვანოთ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები, _ თელავში „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს 16 დეპუტატი საკრებულოში. მე ვეკითხები „ნაციონალურ მოძრაობას“, _ ერთი საკითხი დამისახელონ, რომლის ინიციატივაც ჰქონდათ, გაიტანეს სხდომაზე და რაღაც გააკეთეს? ვერც ერთს დამისახელებენ. მაშინ რაღა აზრი აქვს მათ საკრებულოში ჯდომას?! ის ხომ არა, რომ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ოთხი თუ ხუთი მოადგილე ჰყავს?!
რა ვიცი, იქ რაღაც შტატები აქვთ! წარმომადგენლობითი ხარჯების თანხებს იღებენ. არ ვამბობ, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხელფასიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, წახალისებაც და პრემიაც, მაგრამ აქ სხვა რამე იგულისხმება _ „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ მათ ლიდერ მიხეილ სააკაშვილს „ქართული ოცნება“ ციხეში კლავს!
პუტინი კლავს და ის არის პუტინის პატიმარი, უფრო რომ დავაზუსტოთ, ის არის სასიკვდილოდ განწირული ადამიანი, რაშიც ოპოზიციას ვეთანხმები და მართლები არიან. მაგრამ ამ დროს რამდენად გამართლებულია გინდაც პოლიტიკურად და რაც მთავარია, მორალურად მათი პარლამენტსა და საკრებულოებში ყოფნა?
თუ ფიქრობენ, რომ ასეთი დანაშაული ხდება, უნდა მიდიოდნენ იმ „ვივამედში“ და ლეწავდნენ იქაურობას, ძალით გამოჰყავდეთ იქიდან თავისი ლიდერი და არა პარლამენტში ისხდნენ სამუშაო ჯგუფებში. ახლა ისე ნუ გაიგებთ, რომ ვინმეს ძალადობისკენ მოვუწოდებ, მაგრამ თუ მეუბნები, რომ აშკარა მკვლელთან გაქვს საქმე და ისიც იცი, რომ შენი ლიდერი მკვლელებს ჰყავთ ჩაგდებული ხელში და შენ მათ ელაპარაკები კანონებით და ჩარჩო-ხელშეკრულებებით, ეს რამდენად გამართლებულია?
ამიტომ ვაცხადებ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ნაწილმა თავისი გაუაზრებელი ნაბიჯით, ზოგიერთმა ანგარებით, ზოგიერთმა კი ყველა სხვა საზიზღრობით, ფაქტობრივად, გაწირა ლიდერი. ჰოდა, ამ ხალხს ამის მერე რა უნდა ველაპარაკო და როგორ უნდა განვიხილო საერთოდ პოლიტიკურ ძალად?! მანდატი არ ეთმობათ!
პარლამენტის ბუფეტი არ ეთმობა ამ ხალხს!
ამიტომ ეს არის პარლამენტის ბუფეტის პარტია!
მაგათ დავარქვი მე მწერალთა კავშირი _ მარტო ფეისბუქზე ჯღაბნიან პოსტებს, ეს არის მათი პოლიტიკური მოღვაწეობა.
_ დღეს საკრებულოებში რომ გვყავდეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რა სურათი გვექნებოდა?
_ თვითმმართველობის არჩევნებამდე სააკაშვილის ჩამობრძანებამ და მისმა ციხეში წასვლამ შექმნა ეს პოლიტიკური პოლარიზაცია, იმიტომ, რომ რა მოხდა, იცით? _ ადგილობრივი არჩევნებისას ამომრჩევლის ნაწილი მიდიოდა დღისით და ხაზავდა 41-ს, რათა მიშა ციხეში ჩაესვა, მეორე ნაწილი კიდევ მიდიოდა და ხაზავდა ხუთიანს, რათა მიშა ციხიდან გამოეშვა. სააკაშვილი რომ არ ჩამობრძანებულიყო, დღეს გვექნებოდა მრავალპარტიული საკრებულოები. ახლა თელავში 16 დეპუტატი რომ უზის „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში და ამ თექვსმეტიდან 3-4-ს თუ გამოარჩევ, ვინც იქ ხმას ამოიღებს, დანარჩენს კი იმის უნარიც არ გააჩნია, რომ სხდომაზე რა ითქვა, ის დაიმახსოვროს და გაიმეოროს, გარეთ გამოიტანოს და ამომრჩეველს გააგებინოს, რაღაზეა ლაპარაკი. ანუ ხუთ მარტივ წინადადებას ვერ იმახსოვრებენ. ამათ მაგივრად რომ შესულიყო ყველა პარტიიდან სიის პირველი და მეორე ნომერი, ის ხალხი, ვინც რაღაცაზე ხმას ამოიღებდა, ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს შესანიშნავად იცოდა სააკაშვილმა, რომ ამ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება ვეღარ ყოფილიყო მთავარი ოპოზიციური ძალა. ამიტომ ჩამობრძანდა და ჩაჯდა ციხეში.
აშკარად ეგონა, რომ საკრებულოში მისი გაყვანილები დაირაზმებოდნენ და გამოიყვანდნენ იმ ციხიდან. მეცოდება კიდეც სააკაშვილი მაგრამ ახია მაგაზე! დაუძახოს იმ 16 თუ 17 „ნაციონალს“ თელავიდან და თითოს 10-10 ადამიანი მოაკრებინოს და დაუდგნენ გვერდით, მაგრამ არავინ აღარ უდგას სააკაშვილს გვერდით!
„ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა მერობის კანდიდატებმა (მაგალითად, თელავში ბოტკოველმა) რომ გამოაცხადეს, აქ არჩევნები არ არის და რეფერენდუმიაო, ამით ირიბი მესიჯი გაუგზავნეს ამომრჩეველს. იცით, რა იყო ამის თქმა, რომ ეს რეფერენდუმიაო? რეფერენდუმზე არის ორი საკითხი! ანუ ჩვენ უნდა დაგვიჭიროთ მხარიო, იმიტომ, რომ დანარჩენი ოპოზიციისთვის მიცემული ხმა ეს არის დაკარგული ხმა. აი, ეს მესიჯი გაუგზავნეს რეფერენდუმი, რეფერენდუმის ძახილით!
თქვენი გაზეთიდან ვეკითხები ბოტკოველს: იმ რეფერენდუმზე, რომელსაც ადგილობრივი არჩევნების დროს გაიძახოდა, იქ გავიმარჯვეთ თუ დავმარცხდით? ეს მაინც გვითხრას ამდენი ხნის მერე. არ შემიძლია, „ქოცებს“ რამეში დავეთანხმო და, მით უმეტეს, _ კობახიძეს, მაგრამ ერთხელ თქვა: „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მსუბუქი ყოფაქცევის პარტია მეორე არ ვიციო. ამაში ნამდვილად ვეთანხმები იმ უსახურ კობახიძეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ნათქვამებში არასდროს არის თანმიმდევრული. როდის როგორ მოეპრიანებათ, იმას აბრახუნებენ და ამიტომ არის ეს ქვეყანა უბედურებაში! მთავარი ოპოზიციური ძალა ასეთი ამჩატებულია!
_ მაშინ ვინ დარჩა პოლიტიკაში, ვინც კრიტიკულ კითხვებს სვამს და ობიექტურ შენიშვნებს იძლევა?
_ ვინც ყველაზე რეპრესირებულია!
_ ანუ?
_ არ გაგიჭირდებათ მისი გამოცნობა, ელემენტარულად უნდა ნახოთ, რომელ პარტიას წაართვეს არჩეული საპარლამენტო მანდატი! რომელ პარტიას გააუქმეს ის რაღაც მწირი დაფინანსება, რაც მხოლოდ კომუნალურ გადასახედებს ჰყოფნიდა! რომელ პარტიას წაართვეს კომისიის წევრი! რომელ პარტიას წაართვეს დამკვირვებელი, წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე?!
და პირდაპირ სხვა არაფერი არის ეს, თუ არა პარტიის აკრძალვა! მანქანას თუ ოთხივე ბორბალს მოაცლი და ძრავს ამოაგლეჯ, ყველაფერს გაუფუჭებ, ბუნებრივია, ვეღარ ივლის. აკრძალვა გამოდის!
_ დაბოლოს, თქვენ მოქალაქის სტატუსით ხშირად ესწრებით საკრებულოს სხდომებს, რა შთაბეჭდილება გრჩებათ? რას აკეთებს ხელისუფლება?
_ მე ვესწრები საკრებულოს სხდომებს და ერთადერთი შთაბეჭდილება მრჩება ოპოზიციაზეც და ხელისუფლებაზეც _ მათ რომ ვუყურებ, ორი სიტყვა მომდის აზრად თავში. ეს სიტყვებია: კარგად მოეწყვნენ!
_ უფრო კონკრეტულად?
_ კარგად არიან მოწყობილები, ყველას თავისი ფუნქცია აქვს იქ, ანუ არაფრის კეთება. და ყველას აქვს ამ არაფრის კეთებაში შემოსავალი! _ არცთუ არასოლიდური, საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ. რაც შეეხება მათ გაკეთებულ საქმეს, არ შემიძლია თქვენი ყურადღება არ გავამახვილო ბოლო ორ სხდომაზე, ანუ მუნიციპალიტეტს ჰქონდა ერთჯერადი სათბობი შეშის დახმარების პროგრამა და ეს პროგრამა მომავალი წლისთვის გააუქმეს!
ახლა ახალი წლის წინა პერიოდია, მუნიციპალიტეტებში არის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები, სადაც ის ერთი ბეწო შეშაც არ ჰყოფნით და როგორ უნდა გადააგორონ ზამთარი, არ ვიცი! ამის საპასუხოდ მომავალი წლიდან ეს პროგრამა გააუქმეს, ანუ 2023 წლიდან შეშის თანხას აღარ მისცემენ. მეორეც: რიგგარეშე სხდომა დანიშნეს, რომელზედაც უკვე წლის ბოლოა _ დეკემბრის მიწურული და მორიგი გეგმური სხდომა ინიშნება, ბიუჯეტი უნდა მიიღონ. ამ რიგგარეშე სხდომაზე ვიფიქრე, რომ რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი გადის, რაღაც სასიკეთო ამბავია-მეთქი, ამიტომ გადავწყვიტე, დავსწრებოდი საკრებულოს სხდომას, თუმცა ნურას უკაცრავად!
საკითხი იყო გამაოგნებელი _ წელს საახალწლო ღონისძიებებზე ნახევარ მილიონს დახარჯავს თელავის მუნიციპალიტეტი!
ინტერვიუს დასაწყისში რომ გეუბნებოდით, ემიგრაციაში მიდის ხალხი-მეთქი, მართალია! ემიგრაციაშია წასული ხალხის უმრავლესობა და დაცლილია სოფლები, სკოლები, ბაღები, ქალაქები, ჰოდა, ვეკითხები მუნიციპალიტეტებს: ვიღას უწყობთ მაგ კონცერტებს?! ვიღასთვის უნდა გადაიყაროს ეს ნახევარი მილიონი?! რა გვეზეიმება, როცა ჩვენი ქვეყნიდან ნაწილი ხალხი ემიგრაციაში გარბის და მეორე ნაწილი კი აგერ ომშია და იარაღი უჭირავს?!. კარგი არსაიდან ისმის არაფერი, არც ერთი მხრიდან და არც მეორე მხრიდან! აქ რა მდგომარეობაშია ქვეყანა, კი ვხედავთ!
ყოველდღე უურებთ დაკეტილ ობიექტებს, სამსახურებიდან გამოყრილთა რიგებს, ყველაფერზე ფასების მატებას. არ ვიცი, ამ დროს რა გვეზეიმება? ხან ვფიქრობ, რომ ეს უკვე ღვთის სასჯელია, ასეთ გაჭირვებაში იყო და თან ასეთი ვერაგი და, ამავე დროს, უტვინო ხელისუფლება გვმართავდეს, გაგიგონიათ სადმე?! მხოლოდ თელავში ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვა ამ „ფინთიკრუშკებში“ ვერაგობა და უტვინობაა, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ!
_ რას გეგმავს სამომავლოდ ნიკოლოზ ვარდოშვილი?
_ არაფერს! რადგან როგორადაც დავგეგმე და გავაკეთე, ხან ვფიქრობ, რომ ესეც არ უნდოდა ამ ღრმა ძილით მძინარე საზოგადოებას. თუ მოსწონთ ასეთი ქვეყანა, ეძინოთ! მეტი არაფერი შემიძლია ჩემდა თავად!