ნიკა ვარდოშვილი: „ასეთი სამარცხვინო ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ჰყოლია“

შორენა მარსაგიშვილი

25 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უნდა გამართულიყო. სხდომის გამართვის მოთხოვნით სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციამ მიმართა. ზურაბიშვილმა რიგგარეშე სხდომა კი ჩანიშნა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ იმავე დღეს განაცხადა, რომ სხდომაზე არ მივიდოდნენ და მას კვორუმის არარსებობით ჩაშლიდნენ. სხდომა მართლაც არ შედგა. მოსალოდნელი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, „ოცნებამ“ პარლამენტის სხდომათა დარბაზის კარი ჩაკეტა.

რას ნიშნავს პარლამენტის სხდომათა დარბაზის კარის ჩაკეტვა? რატომ გაიფარჩაკა თავი ოპოზიციამ? აქვთ თუ არა მათ კავშირი ბიძინა ივანიშვილთან? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ლეიბორისტული პარტიის წევრი, ნიკა ვარდოშვილი ესაუბრება:

_ ნიკა, თქვენ სოციალურ ქსელში ოპოზიციას უტრა…ოები უწოდეთ, რადგან მათ არ გააღეს „ქართული ოცნების“ მიერ ჩაკეტილი პარლამენტის სხდომათა დარბაზი.

_ გავიმეორებ იგივეს, რაც სოციალურ ქსელში დავწერე: პარლამენტში ბრძოლის მოტივით შესული ოპოზიცია რომ გქვია და ჩაკეტილ სხდომათა დარბაზის კარსაც ვერ შეანგრევ ან რა ჩემი …ს მებრძოლი ხარ, ან რა ჩემი ყ… გინდა იმ პარლამენტში?! ფულზე ახუნტრუცებული უტრა…ოები.

_ ზედმეტად მკაცრი ხომ არ ხართ ოპოზიციის შეფასებაში?

_ რატომ მომდის ზედმეტი? სიმართლეს ვამბობ. პოლიტიკაში ცხრამეტია წელია, რაც ვარ, ამ დროის მანაძილზე ასეთი სამარცხვინო და უთავმოყვარეო ოპოზიცია მე ჯერ არ მახსოვს. მოგეხსენებათ, ჩვენ, ლეიბორისტული პარტია, ვიყავით გაყალბებული გზით არჩეული პარლამენტის ბოიკოტის მომხრეები. ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდით იმას, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. ოპოზიციას კიდევ ერთი თვეც რომ გაეძლო და პარლამენტში არ შესულიყო, ჩათვალეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე დავიწყებული გვეყოლებოდა, მაგრამ არ გამოვიდა ეს ამბავი, რადგან ოპოზიციას სულმა წასძლია და შევიდა პარლამენტში.

პარლამენტში რომ შედიოდნენ, თავს იმით იმართლებდნენ, საკანონმდებლო ორგანოში უნდა ვიბრძოლოთ და შიგნიდან დავანგრიოთ რეჟიმიო. არც აქამდე მჯეროდა, რომ იბრძოლებდნენ, მაგრამ იმან, რაც 25 თებერვალს მოხდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

_ პარლამენტის სხდომათა დარბაზის კარის ჩაკეტვაზე საუბრობთ?

_ მაგას ვამბობ. საპარლამენტო ოპოზცია რომ გქვია და სხდომათა დარბაზის კარს გიკეტავენ და შენ ამას ითმენ ან ხარ გაფარჩაკებული, ან მიყიდული. ჩაიცვამენ ხან „თავისუფლება მიშას“ წარწერიან მაისურებს, ხან უკრაინის დროშას შემოიხვევენ და პარლამენტის თბილ დერეფნებში დარბიან. ეს, ჩემი აზრით, არის მასხარაობა და მეტი არაფერი.

საპარლამენტო ოპოზიციას მორალი და შეგნება რომ ჰქონოდა, იცით, როდის დატოვებდნენ დეპუტატის მანდატებს? _ შალვა ნათელაშვილს რომ შეუჩერეს დეპუტატის უფლებამოსილება. ამით „ქართულმა ოცნებამ“ ლეიბორისტული პარტია, ფაქტობრივად, აკრძალა. თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა ოპოზიციას, რამდენიმე მაინც დადებდა პროტესტის ნიშნად მანდატს.

_ რა მანდატების დატოვებაზე საუბრობთ? _ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნათელაშვილის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. მაგალითად, ცეზარ ჩოჩელმა, ხათუნა სამნიძემ…

_ ახლა ელისაშვილს ოპოზიციად არ განვიხილავ. მაგაზე საერთოდ არც ვაპირებ საუბარს. ხათუნა სამნიძე და კიდევ რამდენიმე რესპუბლიკელი რატომ არიან პარლამენტის წევრები, ეს ჩემთვის გაუგებარია.

_ რატომ არის გაუგებარი?

_ პლეხანოველი მარინა უფრო ცნობადი იყო, ვიდრე _ ეგენი. ადამიანს რომ არავინ იცნობს, იმას პარლამენტში რა უნდა?

_ გარდა იმისა, რომ მარინა თბილისში ცნობადი იყო, ყველას უყვარდა, არავის არაფერს უშავებდა და ცუდი არაფერი ჩაუდენია.

_ უყვარდათ და პატივსაც სცემდნენ. ესენი კიდევ ყველას ეზიზღება _ ხან რომელ პარტიას აეკიდებიან და ხან _ რომელს. ამ ნამუსგარეცხილებს ინახავს საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება. გამაგებინეთ ვინმემ, რატომ უნდა ვაფინანსებდეთ ამათ ვიზიტებს საზღვარგარეთ? ეს ძალიან აღმაშფოთებელია. ამას დაამატეთ დეპუტატის ხელფასი, თუ არ ვცდები, პარლამენტარის ხელფასი 6.000 ლარია თვეში. ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ხელფასი კიდევ უფრო მაღალია.

_ მარტო ხელფასის იმედად არ არიან. სახელმწიფო მანქანები ემსახურებათ, სახელმწიფო აძლევს საწვავის ფულსაც.

_ კიდევ უამრავი პრივილეგიით სარგებლობენ ეს მოღალატეები. პარლამენტში შესულ ოპოზიციაზე ერთადერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ _ კარგად მოეწყვნენ. კარგად მოწყობილები რომ არ ყოფილიყვნენ, პარლამენტის სხდომათა დარბაზის დაკეტვას არ გაატარებდნენ. ასეთ რამეზე თვალის დახუჭვა ჩემთვის არის წარმოუდგენელი ამბავი, ამას არავინ მოითმენდა.

_ რა უნდა ექნა ოპოზიციას? პარლამენტის სხდომათა დარბაზის კარს ხომ ვერ შეანგრევდა?

_ ნუ ამართლებთ ახლა, რას ჰქვია, პარლამენტის სხდომათა დარბაზის კარს ხომ არ შეანგრევდაო? პარლამენტის წევრი იმას როგორ უნდა უგულებელყოფდეს, რომ სხდომათა დარბაზის კარს უკეტავენ? ეს არ მესმის.

_ არ ვამართლებ, უბრალოდ, ვამბობ, კარს ხომ ვერ შეანგრევდნ-მეთქი?

_ გამართლება გამოდის. ეს ოპოზიცია პარლამენტში იმ მოტივით შევიდა, რომ იქ აპირებდა ბრძოლას. ბრძოლის საბაბით რომ შედიხარ, აღარ უნდა იწუწუნო, რომ ხელისუფლებამ პარლამენტის სხდომათა დარბაზის კარი ჩაგიკეტა. რატომ კნავიხარ დაკეტილ კართან? მიდი, შეამტვრიე და შედი სხდომათა დარბაზში. აი, ამას ჰქვია ბრძოლა.

საქართველოს მოსახლეობამ იმიტომ მისცა მაგათ მანდატები, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზის კარი ღია იყოს. საქართველოს მოსახლეობა ხელფასსაც მაგიტომ უხდის მაგათ. ესენი კიდევ დგანან და მოთქვამენ. სხდომათა დარბაზშიც თუ ვერ ახერხებთ შესვლას, რაღას შევიდნენ პარლამენტში? დავიჯერო, მარტო იმიტომ შევიდნენ, რომ მიშას გამოსახულებიანი მაისურებით ერბინათ პარლამენტის თბილ დერეფნებში?

მთავარ ოპოზიციურ პარტიად წოდებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ დაქვემდებარებაში მყოფ ოპოზიციურ არხს საქართველო საერთოდ დაავიწყდათ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებაა ამ ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა.

_ ახლა მიშასაც აღარ ახსენებენ.

_ აღარ სჭირდებათ და იმიტომ. როცა დასჭირდებათ, ახსენებენ. ამათთვის მთავარია, კარგად იყვნენ. მაშინ, როცა პარლამენტში შესული ოპოზიცია ათასობით ლარს იღებს თვეში ხელფასის სახით, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, ჩემი ჩათვლით, წამლისა და ექიმის ფულიც არ გააჩნია. რა იქნა ღარიბაშვილის დაპირებული იაფი წამლები? ხომ თქვა, თურქეთიდან უნდა შემოვიტანოო? კარგა ხანი გავიდა და არსად ჩანს იაფი წამლები.

_ ცოტაც მოითმინეთ და შემოვა იაფი წამლებიო, ასე თქვეს. სადღაც ორ კვირაში ელოდებიან.

_ როდემდე მოვითმინოთ? კარგი, ჩვენ მოვითმენთ, მაგრამ წამლებზე რატომ არ იღებს ხმას ეს მართლა ე. წ. ოპოზიცია? არ ადარდებს? ათასები აქვთ ხელფასი და უპრობლემოდ იყიდიან წამლებს, სხვისი პრობლემებით რატომ უნდა შეწუხდნენ? ძალიან სამარცხვინოები არიან.

თელავის საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 კაცი გაიყვანა. არც ერთ მათგანს ერთი ხმა არ ამოუღია თელავის პრობლემებზე, ვითომ ყველაფერი კარგად არის. სამაგიეროდ, ტრანსპარანტებით დარბოდნენ, თავისუფლება მიშასო. დავიჯერო, თელავისთვის მიშას განთავისუფლებაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არის? არ შეიძლება ასე მოქცევა. ძალიან ცუდად იქცევიან. ოპოზიცია რომ გქვია, ცოტა სხვანაირად უნდა იქცეოდე.

_ თელავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ისევ 5 მოადგილე ჰყავს?

_ თავმჯდომარე რომ ხარ, ხუთზე ნაკლები მოადგილე როგორ უნდა გყავდეს? ასე უყურებენ ისინი სიტუაციას. ისევ ხუთი მოადგილე ჰყავს, რატომ ეყოლება ნაკლები, არის საშუალება.

_ ზუგდიდის საკრებულოშიც 5 მოადგილე ჰყავს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს.

_ რატომ არ ეყოლება, როცა შესაძლებლობა არის? როგორც უკვე გითხარით, კარგად მოეწყვნენ და არც ხალხი ადარდებთ, არც ქვეყანა. ბრძოლაზე საერთოდ არ ფიქრობენ. საკუთარ კეთილდღეობას ხომ არ დაანგრევენ? ასეთი ხალხი რევოლუციას ვერ მოაწყობს.

_ არც აპირებენ რევოლუციის მოწყობას.

_ არ აპირებენ, მაგრამ ხალხს გვეპატიჟებიან ბარიკადებზე. თავად თბილ სავარძლებში უნდა ისხდნენ და ბარიკადებზე ჩვენ უნდა ვიდგეთ. ამათ აქციაზე არც მე წავალ და სხვებსაც ვეტყვი, რომ ამ ნამუსგარეცხილების დაძახილზე ქუჩაში კაციშვილი არ გამოვიდეს.

_ ამის მიუხედავად, ლეიბორისტები დადიან აქციებზე. უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე თქვენი პარტიის წარმომადგენლები ბლომად იყვნენ.

_ ამ აქციაზე როგორ არ უნდა წასულიყვნენ? ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესებს ეხებოდა. თავმოყვარე ქვეყანა თუ ვართ, უკრაინას მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ.

_ საქართველოში ბევრი ვერ იგებს, თუ რატომ უნდა გამოვუცხადოთ უკრაინას მხარდაჭერა.

_ ამდენს თუ ვერ იგებენ, ცუდად ყოფილა მათი საქმე. უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. უკრაინა იდგა ჩვენ გვერდით აგვისტოს ომის დროს. უკრაინელები გვეხმარებოდნენ აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებშიც. ჩვენ, უბრალოდ, ვალდებულები ვართ, მათ გვერდით დავდგეთ. განსაცდელში მეგობრის მიტოვება არ შეიძლება.

ძალიან მაოცებს ის ხალხი, ვისაც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გაუკვირდა. არიან ვაივიშში, _ ვაიმე, ეს რა თქვაო? ღარიბაშვილისგან რას ელოდებოდით, ნეტავ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვინ არის საერთოდ ღარიბაშვილი, ვის დაკარგვია?

_ რას ჰქვია, ვინ არის და ვის დაკარგვია? კაცს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი უკავია.

_ პრემიერი კი ჰქვია, მაგრამ არის პრემიერი? რასაც ივანიშვილი ჩასძახებს, ცარიელი ქვევრივით იმას ამოსძახებს. რას ელოდა საქართველოს მოსახლეობა და ოპოზიცია, რომ რუსი ოლიგარქი უკრაინის გამო პუტინსა და რუსულ ჯარს დაუპირისპირდებოდა? ამის თუ ვინმეს სჯერა, კარგად ყოფილა მაგათი საქმე. ძალიან მეცინება, როდესაც ვისმენ, რომ საქართველოს 20%-ია ოკუპირებულიო. რა 20% ხალხო? 20% რუსეთის ჯარის მიერ არის ოკუპირებული. დანარჩენი საქართველოს ოკუპაცია რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა ფულითა და აფერისტობით მოახდინა. საქართველო რუსეთის მიერ სრულად არის ოკუპირებული. ამიტომ არ მჯერა, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი ჩვენ დაგვესხმება თავს.

_ რა შეუშლის ავადმყოფ ვლადიმირ პუტინს ხელს იმაში, რომ საქართველოს თავს დაესხას?

_ თავდასხმა რომ განახორციელოს, ამაში ხელს არაფერი შეუშლის, მაგრამ ამის აუცილებლობა და საჭიროება უბრალოდ არ არის. რატომ უნდა იბრძოლოს ზედმეტად, როცა სრულად აკონტროლებს ამ ქვეყანას? ივანიშვილის სახით აქ უზის მეფისნაცვალი და რატომ აიტკივებს ომით თავს? მთელი „ქართული ოცნება“ რუსების საქმეს აკეთებს და რუსეთის „გაპრავებაზეა“ გადასული.

_ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს ოდნავ განსხვავებული პოზიცია. განსხვავებულ პოზიციას ის უკვე ხშირად აფიქსირებს.

_ მისი განსხვავებული პოზიციის არ მჯერა. სალომე ზურაბიშვილის განსხვავებული პოზიცია არ გაიშვა.

_ რატომ არ გჯერათ?

_ საერთოდ, სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია. ქალი ნორმალურად ვერ ლაპარაკობს ქართულად და როგორ უნდა გაიგო, რა უდევს თავში? ადამიანზე რაღაც შთაბეჭდილება რომ შეგექმნას, უნდა იცოდე, რას ფიქრობს. ჩვენ ისიც არ ვიცით, რას ფიქრობს ეგ ქალი.

პირადად მე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. პრეზიდენტი თავისი ფუნქციებით საგარეო აქტორია და როგორც ჩვენთან, კახეთში იტყვიან ხოლმე, ესაც რაღაცას ფახიფუხობს. გადამწტყვეტ მომენტში სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პოზიციას დაიკავებს, ამაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი.

_ ისევ ოპოზიციას დავუბრუნდეთ. ზემოთ თქვენ მითხარით, რომ ყველას ვეტყვი, ოპოზიციის დაგეგმილ აქციებზე არ წავიდნენო. ხალხი აქციებზე თუ არ მივიდა, როგორ უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში სიტუაცია?

_ არ მითქვამს, რომ ქართველი ხალხი აქციაზე არ უნდა წავიდეს. აქციები და ქუჩაში გამოსვლა არის აუცილებელი, რადგან სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვაქვს. რამდენი ხანია, ლეიბორისტული პარტია ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით ხელისუფლების დამთმობი არ არის. აქციაზე აუცილებლად უნდა წავიდნენ, მაგრამ იმ ნამუსგარეცხილი და გაფარჩაკებული ოპოზიციონერების დაძახილზე არსად არ გაადგან ფეხი.

_ ის „ნამუსგარეცხილები“ თუ დააანონსებენ ქციას, არ უნდა მივიდნენ?

_ არ უნდა მივიდნენ. მანამდე მაინც, სანამ ეს ე. წ. ოპოზიცია რიგითი მოქალაქის დონეზე არ ჩამოვა.

_ ამ ქვეყანაში ყველანი რიგითი მოქალაქეები ვართ. თანამდებობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

_ ეს თქვენ ფიქრობთ ასე, თორემ ვიღაცები პრივილეგირებულებად მიიჩნევენ თავს. პრეზიდენტი ხომ ამბობს, რომ ხალხზე მაღლა დგას.

_ ეგ თავად ჰგონია, რომ ხალხზე მაღლა დგას. აბა, ხალხს ვკითხოთ, სადაა ზურაბიშვილი?

_ სამწუხაროდ, მარტო პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ ფიქრობს ასე, სხვებიც ანალოგიურად ფიქრობენ.

_ თუ ასე ფიქრობენ, ვაი, მაგათ პატრონს.

_ ასე ფიქრობენ და ვერაფერს ვიზამთ. თავი რაღაც ჰგონიათ. მაგათ დაძახილზე რომ წავიდეთ, მაშინ ჩვენს დონეზე უნდა ჩამოვიდნენ. კეთილი ინებონ და თავი გაგვითანაბრონ.

_ თავის გათანაბრებაში რას გულისხმობთ?

_ ისე იცხოვრონ, როგორც ხალხი ცხოვრობს.

_ ამას ნამდვილად არ მოისურვებენ.

_ მაშინ, ყველაფერი გააკეთონ, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, როდემდე უნდა იფიქრონ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე? დავიდნენ ჩვენს დონეზე და მერე გამოვალთ მათ დაძახილზე ქუჩაში. აქციების გარეშე არაფერი გამოვა. ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი არის გათახსირებული.

_ რა მძიმე შეფასებაა.

_ სხვა სიტყვა ვერ მოვძებნე, რასაც წარმოადგენენ, ის ვთქვი. ასეთი ოპოზიცია რომ გვყავს, ამიტომ არის ჩვენი საქმე ცუდად.

_ 5 მარტს „ნაციონალები“ აპირებენ აქციის გამართვას, წახვალთ?

_ „ნაციონალების“ დაანონსებულ აქციაზე ვერ მიხილავთ.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ოპოზიცია. მათ აქციებზე მანამდე ვერ მიხილავთ, სანამ ისინი ოპოზიციურ მდგომარეობას არ დაუბრუნდებიან.

_ „ნაციონალებს“ ოპოზიციონერებად არ მიიჩნევთ?

_ ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ პარლამენტარი „ნაციონალები“ ოპოზიციად არ მიმაჩნია. მაგათ რომ ვუყურებ, ძალიან ვბრაზდები. ისინი ან ვერ უწევენ „ქართულ ოცნებას“ წინააღმდეგობას, ან არ უწევენ.

_ თქვენი აზრით, უფრო ვერ უწევენ თუ არ უწევენ?

_ ალბათ, ერთიცაა და მეორეც. ვერცერთ არგუმენტს ვერ გავამართლებ. პარლამენტში შესვლა იმით გაამართლეს, რომ იქ აპირებდნენ ბრძოლას. მაგრამ, აბა, სადაა ბრძოლა? რასაც ისინი აკეთბენ, მაგას ბრძოლა არ ჰქვია.

გულწრფელად მითხარით, რამდენი ხანია, არაფერი გსმენიათ ვადამდელ არჩევნებზე? ეს თემა საერთოდ დაივიწყეს. კარგად მოეწყვნენ პარლამენტში და არაფერი აღარ ახსოვთ. გახარიასაც კი დაუვიწყეს თვალთხარიობა და მასთან ერთად ალიანსი შექმნეს. ეს არის ძალიან ცუდი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველოს ასეთი სამარცხვინო ოპოზიცია არ ჰყოლია.