ხუთშაბათი, 02 ოქტომბერი, 2025
2025-10-02 11:42:54
ირინა მაკარიძე
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთთან და ცხინვლთან მიმართებით გამოიყენა სიტყვა „კონფლიქტი“, _ მან არსებული ვითარება ეთნოკონფლიქტად წარმოაჩინა და არა ოკუპაციად, მან არ ახსენა რუსეთი. რუსეთის ქება პირდაპირ ვერ შეძლო, თუმცა ისაუბრა მულტიპოლარულ მსოფლიო წესრიგზე, რაც რუსეთის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გულისხმობს. არაფერი უთქვამს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ სწრაფვასა და ილაპარაკა მსოფლიო მშვიდობაზე, ზუსტად ისე, როგორც ამას პუტინი აკეთებს. ვიზიტის ბოლოს კი განაცხადა, რომ ტრამპს ურთიერობის გადატვირთვაზე ესაუბრა და აღნიშნა, _ აშშ-ის პრეზიდენტი დაჰპირდა, რომ დაუკავშირდება.
ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლაზე, „ქართული ოცნების“ საგარეო თუ საშინაო გზავნილებზე, ქვეყნის შიგნით არსებულ კრიზისსა და ქართველი ხალხის უწყვეტ ბრძოლაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ისტორიკოსი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ვანო წერეთელი:
_ ყაველაშვილის გამოსვლა იყო ქოცური პოლიტიკის შელამაზებული ვერსია. შეიძლება ცოტათი დავარცხნილი წინადადებები გამოიყენა, იმიტომ რომ ეს ტექსტი მას არ დაუწერია, დაუწერეს და იცოდნენ, სადაც უნდა წაეკითხათ. ამიტომ, რაღაცნაირად, უხეში გამონათქვამებისგან გაწმინდეს და გაასუფთავეს, თორემ, რეალურად, ზუსტად იმ პოლიტიკას გამოხატავს, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ანუ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის რუსული რეჟიმი და ეს სწორედ ამ სიტყვაშიც გამოიხატა, კონკრეტულად, საქართველოს არაღიარებული და ოკუპირებული ტერიტორიების ასეთი ფორმით მოხსენიებაში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, სადაც შეეძლო, პირიქით, ესაუბრა იმ გაგებით, რომ კიდევ უფრო გაემყარებინა არაღიარების პოლიტიკის საფუძვლები. არ იყენებენ ესენი, რა თქმა უნდა, არაფერს სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისთვისა და მთლიანობისთვის. მათი ერთადერთი მიზანი, რასაც ემსახურებიან, არის ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნება. არ მიყვარს ხოლმე ასეთი საუბარი, მაგრამ, ზოგადად, ამდენი და ასეთი სერიოზული საუბრები მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებითაც მართებულად არ მიმაჩნია, რადგან ეს არის დასმული ადამიანი, რომელსაც ორი წიგნიც არ აქვს წაკითხული, არ აქვს წარმოდგენა, რაზე საუბრობს, გააზრებულიც კი არ აქვს, რას აკეთებს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ისიც კი არ იცის, დანაშაულს სჩადის თუ არა, ღალატობს თუ არა ქვეყანას.
_ ანუ რუსულ საქმეს აკეთებს თუ არა, არ იცის?
_ ეს არის ადამიანი, რომელიც ზუსტად იმას გააკეთებს გაუაზრებლად, რასაც ივანიშვილი დაავალებს. შედარებისთვის, კობახიძესა და სხვა ადამიანებზე შეიძლება თქმა, რომ იციან, რასაც აკეთებენ, წაკითხული აქვთ ორი წიგნი და რაღაც საკითხებში განათლებულები არიან. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა დავალებით გაუშვეს ეს კაცი. ამის პარალელურად არ შეიძლება, რომ მხოლოდ ამ ვიზიტზე ამოგლეჯილად ვისაუბროთ, უნდა ვისაუბროთ მარკო რუბიოს მიერ მოწყობილ ტრანსატლანტიკური ალიანსის მეგობარი ქვეყნების შეხვედრაზე, სადაც საქართველო არ/ვერ მოხვდა. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ, _ ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება და მისთვის სრულიად მეათასეხარისხოვანია ქვეყნის უსაფრთხოება. ის ასრულებს რუსეთისა და კონკრეტულად პუტინის დავალებებს, რომელიც გულისხმობს საბჭოთა კავშირის აღდგენას. ეს არაერთხელ უთქვამს მას, დაწყებული 2005 წელს, როცა ღიად თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო გეოპოლიტიკური შეცდომა. ახლა, სამწუხაროდ, სამხრეთ კავკასიაში, სადაც მას დასაყრდენი საერთოდ აღარ აქვს, ვგულისხმობ აზერბაიჯანისა და სომხეთის დალაგებულ ურთიერთობებს, რომელიც უფრო და უფრო წინ მიიწევს, მათ შეცვლილ პოლიტიკას, განსაკუთრებით სომხეთისა, რომელიც დაუკავშირდა ევროპას და წინ მიიწევს ურთიერთობები, ერთადერთი დასაყრდენი დარჩა ის ხალხი, რომელმაც საქართველოში ძალაუფლება მიიტაცა. ეს არის ივანიშვილი და მისი გაწვრთნილი მონები, რომლებსაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და ასრულებენ იმას, რასაც ის დაავალებს.
_ გკითხავთ ყაველაშვილის განცხადებაზე ტრამპის შესახებ: მან თქვა, ტრამპი დაჰპირდა, რომ დაუკავშირდება, გადმოურეკავს, ალბათ.
_ „დაგიკავშირდები“ _ ეს რაღაც თბილისურ-უბნურ ლაპარაკში გადაიტანა ყაველაშვილმა, რადგან ამის მეტი არაფერი იცის, მაგრამ აქ საინტერესო ერთი რამ არის, რაც არა მხოლოდ ამ განცხადებაში გამოსჭვივის, არამედ ჩანს ასევე მის წაკითხულ გამოსვლაშიც: იმ ტექსტში კარგად ამოვიკითხავთ რაღაცნაირ მათხოვრობას, რომ რაიმე ფორმით ლეგიტიმაცია მიიღოს. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მათ შორის ბიძინამაც, რომ მათი პოლიტიკა „მკვდარ ცხენზე“ ზის. წარმოუდგენელია, ხელისუფლებაში დარჩეს ის ძალა, რომელიც დაუპირისპირდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ალიანსის სხვა მნიშვნელოვან პარტნიორებს. ჩვენ ვიხილეთ ელჩების დაბარებები...
_ „ოცნება“, ერთი მხრივ, ცდილობს აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვას და, მეორე მხრივ, ევროპის წამყვან და ძლიერ სახელმწიფოებთან ასეთი კონფრონტაციული პოლიტიკა აქვს, მის ელჩებს იბარებს და ტუქსავს. ამას რა ახსნა აქვს?
_ ერთადერთი ახსნა აქვს: ისინი თამაშობენ ვა-ბანკს. მიზანი, რაც მათ ამოძრავებთ, არის, რომ დაანახოს ამერიკას ბიძინა ივანიშვილმა, რომ ამ ქვეყანაში მას ხელში უჭირავს ყველა სადავე და თუკი რამე უნდა ამერიკას საქართველოსგან, მაშინ უნდა აღიაროს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება, ეს არის მათი მიზანი. დანარჩენს, ფიქრობს, რომ აქ ყველაფერს დაალაგებს. ეს ყოველდღიური აქციები და კრიზისი, რომელიც ვერ დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა, არის ხელის შემშლელი პირობა მისთვის, რის გამოც აშშ-სთან ვერ ლაგდება. გარდა ამისა, თვალნათლივ ხედავენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელმაც საქართველოში დაასამარა დემოკრატია, რაც არის მთავარი ხიდი, ვისთან უნდა ითანამშრომლოს დასავლეთმა. მით უფრო ახლა, როდესაც მკაფიო მიჯნები გაივლო დემოკრატიულ და ავტორიტარულ სამყაროებს შორის. ბიძინა ივანიშვილი ახლა ცდილობს საქართველო გადაიყვანოს ავტოკრატიული ქვეყნების მხარეს _ ვგულისხმობ რუსეთ-ჩინეთ-ირანის ორბიტას, რადგან დემოკრატია ახლა მისთვის დამღუპველია. თუ დემოკრატიული თამაშის წესებით ითამაშებს, მაშინ უნდა წავიდეს, გადაინაცვლოს, მინიმუმ, ოპოზიციაში.
_ ქვეყანაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია თითქოს ნარკოდანაშაულის, კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოფილი მინისტრების, მინისტრის მოადგილეების, მათთან დაკავშირებული კომპანიების წინააღმდეგ საქმეები იხსნება, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილს ჰქვია მაფიოზური. მართვის ეს სისტემა სამეცნიერო სივრცეში ცნობილია, როგორც Mაფია სტატე _ მაფიოზური სახელმწიფო, რომელიც გულისხმობს იმას, რომ აქ მაფიოზები კი არ მართავენ, არამედ მმართველობითი სისტემაა მაფიოზური ხასიათის. სახელმწიფო ინსტიტუტები კი არ წყვეტენ საკითხებს, არამედ არაფორმალური სისტემა. ამის პირდაპირი დადასტურებაა თანხის ის რაოდენობა და მასშტაბები, რომლის გათეთრებაზეც არის საქართველოში საუბარი. არავინ საქართველოში ახლა კორუფციას არ ებრძვის. ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ გარეთ აქვს დელეგიტიმაციის პრობლემა, მას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს თავისსავე გუნდში. რატომ? იმიტომ, რომ ერთი წელი გადის და დაპირების მიუხედავად, ვერ დაამთავრა საქართველოში კრიზისი. ცოტა ხნის წინ შეხვედრა იყო ბიზნესმენებთან, ასეთი კრიზისული პირობები და არასტაბილური ვითარება ნებისმიერი საქმიანობისთვის და განსაკუთრებით, ბიზნესისთვის, არის მიუღებელი. იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ახლა „ქართული ოცნების“ მხარეს დგანან და ბიძინას მოკავშირეებად ითვლებიან, ეს რეალობა არ აწყობთ. ივანიშვილს ასევე ეშინია იმ ადამიანების, რომლებსაც თავად აშოვნინა ფული, მისცა უფლება და საშუალება, რომ ფული დაეგროვებინათ, მაგრამ ახლა შეხედა, რომ ეს თანხები საკმაოდ სოლიდურია. სავსებით შესაძლებელია, ბიძინა ივანიშვილის 7 მილიარდს აჯობოს ვიღაცის ასეულმა მილიონმა. ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ეს თანხებიც საკმარისია, რომ ხელისუფლების საწინააღმდეეგო ნაბიჯები დაგეგმო. ამის ეშინია ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ ებრძვის თუნდაც სამოქალაქო სექტორში მისთვის უკონტროლო ფულის შემოსვლას. ვფიქრობ, ეს დაჭერებიც მიმართულია იქითკენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისსავე გუნდში გაიმყაროს მდგომარეობა. დააშინოს თავისსავე გუნდში მყოფი ადამიანები, რომ თუკი ვინმე რამეს გაიფიქრებს, ის აღმოჩნდება ციხეში და დაისჯება ივანიშვილის მხრიდან. ესეც არის მაფიოზური მართვის გამოხატულება. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის სჭირდება ეს კამპანია.
_ ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის მცდელობას, გადაიყვანოს ქვეყნის მართველობა რუსულ რელსებზე, ოპოზიციური ლიდერები ციხეში არიან, მედია და სამოქალაქო სექტორი შევიწროებულია, სამოქალაქო აქტივისტებს აჯარიმებენ და ახლა, ცოტა ხნის წინ, შევიდნენ ერთ-ერთი აქტივისტის ოჯახში და დაიწყეს ნივთების აღწერა, რომ ჯარიმების თანხა ასე ამოიღონ. რა პერსპექტივა აქვს ქუჩის პროტესტს ამ ვითარებაში?
_ ჩემი მხარდაჭერა ნათია ლეთოდიანს, რომელიც ჩვენი კოალიციის წევრია. ამის პარალელურად ნათია ჩემი სტუდენტია და ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ მას. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი, ვისაც მართლა გული შესტკივა საქართველოზე. სწავლასთან ერთად, რომელსაც ძალიან კარგად ახერხებდა, ყოველთვის იყო იქ, სადაც საჭირი გახლდათ ქვეყნის დასაცავად ბრძოლა. მის ბინაში შესვლაც, რა თქმა უნდა, მორიგი გამოხატულებაა ამ ძალადობის, რომ ეს ადამიანები დააშინონ, მაგრამ არც ნათიას შეეშინდება ამის, დარწმუნებული ვარ. ალბათ, სასაცილოდაც არ ჰყოფნის ეს ამბავი
_ მაგრამ შესაძლოა, ამან სხვაზე იმოქმედოს და სხვა შეშინდეს, არა?
_ მე მგონი, არა, თქვენ თუ გინახავთ ვინმე, რომ შეშინებოდეს? _ ამის მთავარი შემქმნელები, რომ შიში არ არსებობს და ბიძინა ივანშვილთან თანამშრომლობაზე არავინ მიდის, არიან ის ადამიანები, ვინც ახლა ციხეში ზის, იქნება ეს ჟურნალისტი, მსახიობი, სტუდენტი, ახალგაზრდა, თუ ძველგაზრდა. გარდა ამისა, ის პოლიტიკური ლიდერებიც და ჩვენი კოალიციის ოთხივე ლიდერი ციხეში ზის და არა მხოლოდ ისინი, ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები, გაუტეხლად არიან, არც აპირებენ და აზრადაც არავის მოსვლია თანამშრომლობა და გარიგება.
_ მათი ციხეში ყოფნა ხომ არ გაუმარტივებს, პირიქით, რეჟიმს პროტესტის ჩახშობას?
_ არ მგონია, რადგან ეს არ არის პოლიტიკური ლიდერების მიერ მართული პროტესტი. ეს არის თვითნაბადი, ქვემოდან, ხალხისგან წამოსული პროტესტი. 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ ხალხი, რომელსაც საქართველო წარმოუდგენია ევროპასთან მჭიდრო კავშირში, საკუთარი იდენტობის დასაცავად გამოვიდა ქუჩაში. ეს მოძრაობა არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც არ მართავს არავინ. ინსტინქტის დონემდე დავიდა, რომ თუკი ჩვენ ვმარცხდებით, დამარცხდება არა რაღაც პოლიტიკური მოძრაობა, არამედ პრობლემა შეექმნება საქართველოს იდენტობას, დამოუკიდებლობას, ესაა ბოლომდე გაცნობიერებული, ამიტომ შიში არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი. ჯარიმებმა, დაკავებებმა თითქოს სხვა რუტინაში გადაიყვანა ეს ყველაფერი. 300 დღეზე მეტია ერთსა და იმავე ადგილას დგას ხალხი და აკეთებს იმას, რაც მიაჩნია სწორად. ჩვენ უნდა დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება იმიტომ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი მოახერხებს და ჩვენს იზოლაციაში მოქცევას შეძლებს, მაშინ უნდა დავემშვიდობოთ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას, რადგან ეს პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან, რომლის ფისკალური კანონიც უზრუნველყოფს იმას, რომ მესამე სამყაროს ქვეყნებმა უარი თქვან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩვენი რეგიონების აღიარებაზე.
_ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რას იტყვით?
_ ჩვენი კოალიცია 4 ოქტომბრის ორგანიზატორი არ არის, თუმცა ჩვენ ვართ კოალიცია, რომელიც მუდმივად და ყველაზე ბევრნი, ამის პრეტენზია გვაქვს, ვართ ქუჩაში, ყველგან, სადაც საჭიროა, ნებისმიერ აქციაზე. 4 ოქტომბერსაც ჩვენ აუცილებლად ვიქნებით იქ და გავაკეთებთ ნებისმიერ, კანონის ფარგლებში, ქმედებას, რომელიც დაასუსტებს ბიძინა ივანიშვილს. ვნახოთ, დაველოდოთ. იმედი მაქვს, რომ 4-ში ბევრი ხალხი იქნება ქუჩაში და ბიძინა ივანიშვილი და ყველა დაინახავს, რომ ქართველი ხალხი გაჩერებასა და უკან დახევას არ აპირებს.