ხუთშაბათი, 02 ოქტომბერი, 2025
2025-10-02 11:39:22
შორენა მარსაგიშვილი
პლატფორმა „აფხაზთა კრების“ ლიდერი, მალხაზ პატარაია, დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან რუსებს ქართველებისთვის მოწყობილი გენოციდისთვის პასუხისგება მოუწევთ.
რა აძლევს სოხუმში დაბრუნების იმედს და რატომ ვერ დავარქვით აფხაზეთში მომხდარ სისხლისღვრას ნამდვილი სახელი _ ომი? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მალხაზ პატარაია:
_ ბატონო მალხაზ, თქვენ გამოხვედით ინიციატივით, რომ 27 სექტემბერი მოვიხსენიოთ არა როგორც სოხუმის დაცემის, არამედ მისი დაპყრობის დღედ. რა იცვლება ამით?
_ აფხაზეთი, ისევე როგორც სოხუმი, დღეს არის ოკუპირებული. ოკუპაცია ქართულად ნიშნავს დაპყრობას. 1993 წელს მოხდა სოხუმის დაპყრობა. აფხაზეთი დღეს არის ოკუპირებული. აფხაზეთის ოკუპაცია მთლიანად, კოდორის გამოკლებით, განხორციელდა 1993 წლის 30 სექტემბერს. ოკუპანტმა სოხუმი აიღო 27 სექტემბერს და ენგურზე გასვლა მხოლოდ ტექნიკური საკითხი იყო. მათ ეს ტერიტორია, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განგვაიარაღეს, სამხედრო ტექნიკა ჩამოგვართვეს, 14 დღის განმავლობაში შიშველი ხელებით ვიცავდით სოხუმს. ვიღაც უჩინმაჩინს რომ არ გაეცა პოზიციების დატოვების ბრძანება, ჩვენ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდით ბრძოლას აფხაზეთისთვის.
_ ეს უჩინმაჩინი ვინ იყო?
_ შევარდნაძე! სხვა ასეთ ბრძანებას ვერ გასცემდა. სოხუმთან პოზიციები საკმაოდ დიდ პერიმეტრზე იყო. იმ პოზიციების დატოვების ბრძანება გაიცა.
_ გამოძიება, წესით, ამ ომის შესახებ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ჩვენ სხვა ომს ვიძიებთ.
_ ტარდებოდა. ამ ომთან დაკავშირებით ორი გამოძიება მიმდინარეობდა. ერთი გამოძიება გენოციდის მიმართულებით ტარდებოდა, მეორე _ ღალატის. ის საქმე, რომელიც ღალატს ეხებოდა, ჩემი მონაცემებით დაკარგულია.
_ რას ნიშნავს, დაკარგულია?
_ ამ გამოძიებას ალექსანდრე შუშანაშვილი აწარმოებდა. ის წესიერი კაცი იყო. როგორც მახსოვს, მან შევარდნაძის დაკითხვის გადაწტყვეტილებაც კი მიიღო, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე გაათვისუფლეს და სხვა სამსახურში გადაიყვანეს. თავად საქმე დაიკარგა.
დავუბრუნდები ისევ დაცემა-დაპყრობის თემას და უმჯობესია, ვახსენოთ დაპყრობა. ამაში გაეროში მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლამაც დამარწმუნა. მან, ფაქტობრივად, არაფერი თქვა, არც კი ახსენა აგრესორი და ოკუპანტი. უბრალოდ დაიწყო ძველი სიმღერა და განაცხადა, რომ ჩვენ წყენები უნდა დავივიწყოთ. გაეროს ტრიბუნიდან პირდაპირ ჩაჯდა ეთნოკონფლიქტურ თემაში, რომელიც აფხაზეთში არ ყოფილა.
_ ეთნოკონფლიქტი მართლა არ ყოფილა, ეს იყო საქართველო-რუსეთის ომი აფხაზეთში.
_ ეს იყო ომი და რუსეთმა მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, ქართულ მოსახლეობას მოუწყო გენოციდი. ეს მიწა დღეს სრულად ოკუპირებილია რუსეთის მიერ. ჩვენ კანონიც გვაქვს ოკუპაციის შესახებ. იმ კანონში მკაფიოდ არის მითითებული თუ, ვინ არის აგრესორი და ოკუპანტი. ეს არის რუსეთი.
_ რომლის ოკუპანტობასაც უკვე მეცამეტე წელია, აღარ ახსენებს საქართველოს ხელისუფლება.
_ გასაგებია, რა მიზეზითაც ვერ ახსენებენ ოკუპანტად. მეტსაც გეტყვით: რუსეთს უარყოფით კონტექსტში არასდროს მოიხსენიებენ. პირიქით, ერთი-ერთზე იმეორებენ რუსულ ნარატივებს _ დაწყებული დუგინიდან, დამთავრებული ზახაროვათი.
_ „ოცნებამ“ რომ აღარ ახსენოს, აფხაზეთი და ცხინვალი ვის მიერ არის ოკუპირებული, ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს რუსეთმა გააკეთა. რას ემსახურება მათი ასეთ ქცევა?
_ ეს არის რუსული გეგმის ნაწილი. უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთბები აღადგინა სირიის ახალ ხელისუფლებასთან. სირიის ახალმა ხელისუფლებამ, თავის მხრივ, აღიარა უკრაინის ტერიტირიული მთლიანობა. ასადის რეჟიმი ამ საკითხს სვანაირად უყურებდა და ამიტომაც შეწყდა კიევსა და დამასკოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები. სირიის ახალი ხელისუფლება მეგობრობს დასავლეთთან და იბადება კითხვა, _ რატომ არ შეუძლია „ქართულ ოცნებას“ გადაათქმევინოს დამასკოს ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარება? არაფერს აკეთებენ ამ მიმართულებით. სამაგიეროდ, აფსუები ჩადიან დამასკოში და რაღაც შეხვედრებს მართავენ სირიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იმიტომ არ გადაათქმევინეს სირიას ეს აღიარება დასავლეთის დახმარებით, რომ არავისთან მიესვლებათ. სუფრაზეც კი არ მიიწვიეს ყაველაშვილი, დემონსტრაციულად აქცია ზურგი დასავლეთმა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას.
_ ეს კარგია თუ ცუდი?
_ ზოგადად სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის ეს არის ცუდი, მაგრამ იმას, რასაც აკეთებს დღეს საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ხალხის მიმართ, პოზიტიური მოვლენაა, ამათ რომ არავინ იკარებს და კეთროვანებივით გარიყეს. ახლა ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, საგარეო მიმართულებით, განსაკუთრებით რუსეთთან დამოკიდებულებაში, ძალიან ბევრი წარმატება გვექნებოდა. ევროკავშირისკენ წინსვლაზე უკვე აღარაფერს ვამბობ. ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობაა შეწყვეტილი, ბაიდენის ადმინისტრაციამ შეწყვიტა და ტრამპის ადმინისტრაციას არ აღუდგენია. ეს იზოლაცია უაღრესად სახიფათოა.
_ შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს საქართველო რუსეთთან პირისპირ მარტო არის დარჩენილი?
_ დიახ, მარტო ვართ დარჩენილი. ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ოკუპანტთან მარტო დარჩენა ძალიან სახიფათოა. ეს შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგებით დამთავრდეს.
_ მძიმე შედეგებში მთელი საქართველოს ოკუპაციას გულისხმობთ?
_ მძიმე შედეგებში ვგულისხმობ იმას, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში. აფხაზეთის ნაწილი ქართველებისგან სრულად დაცლილია. მეორე ნაწილში, გალის რაიონში, არიან დარჩენილი ქართველები, მაგრამ ისინი უუფლებოდ ცხოვრობენ. ქართული ენა აკრძალულია, სარწმუნოება აკრძალული აქვთ. აი, ეს მდგომარეობა იქნება მთელ საქართველოში, თუ ოკუპანტთან მარტო დავრჩით.
_ აფსუებზეც მინდა გკითხოთ, _ იმათ კიდევ სჯერათ, რომ დამოუკიდებლები არიან, თუ გამოფხიზლდნენ?
_ ოკუპირებულ აფხაზეთში არის ასეთი ბლოგერი ლაკოია. სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი ვიდეო. ეს იყო პანორამული ვიდეო, ზემოდან იყო გადაღებული გაგრა. ვიდეოს კომენტარს უკეთებდა ეს ბლოგერი. ლაკოია ამბობს, აი, შეხედეთ, ეს არის გაგრის სტადიონი, ამ გაგრის სტადიონზე ბავშვები თამაშობენ ფეხბურთს, მაგრამ, თავის დროზე, ამ სტადიონზე სხვა ფეხბურთი მიდიოდა, ჩვენ ვთამაშობდით ქართველების თავებით. ეს ერთეული შემთხევა არ არის, როცა აფხაზები აღიარებენ, რომ გაგრაში ქართველების თავებით ფეხბურთი ითამაშეს. ეს სერგეი შამბამაც აღიარა ამას წინათ.
_ სამაგიეროდ, ამას კატეგორიულად გამორიცხავს პაატა ზაქარეიშვილი.
_ პაატა ზაქარეიშვილმა უარყოს, აფსუები ადასტურებენ და აღიარებენ. გარდა ამისა, თვითმხილველებიც არსებობენ. ამ ვიდეოზე, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, უამრავი კომენტარი იყო, მაგრამ არავის დაუწერია, ამას რას ამბობ და რას აკეთებო? ეს არის იქაური საზოგადოების აზრის გამოხატვა.
_ ქართველების მიმართ ზიზღი აქვთ?
_ ქართველთმოძულეობა აქვთ უკვე სისხლში გამჯდარი და ამას ყოველდღიურად გამოხატავენ. თქვენ, ალბათ, გინახავთ პანორამული ვიდეოები ფრონტისპირა უკრაინული ქალაქების. მთლიანად მიწასთან არის გასწორებული. ეს გახლავთ რუსული სამყარო. იმას, რასაც ლაკოია აკეთებს, ესეც არის რუსული სამყარო, ოღონდ აფსუების თავებში. ოკუპირებულ აფხაზეთში ასეთი რუსული სამყაროა: საზიზღარი, კაცთმოძულე და მორალისგან სრულიად დაცლილი. ადამიანურობა საერთოდ აღარ არის იქ.
_ ეგენი, მგონი, ერთმანეთის მიმართაც ეგრე არიან განწყობილი და რუს ტურისტებსაც არაერთხელ თავს დაესხნენ ოკუპირებულ აფხაზეთში.
_ ეგრე მთლად ერთმანეთში არ არიან, რაღაც ტომობრივ-გვაროვნული წესები აკავებთ ჯერ კიდევ. რუს ტურისტებს რაც შეეხება, ვინ უნდა ჩავიდეს იქ? ვიღაც გალახეს. აფსუები რუსი ტურისტებით უკმაყოფილონი არიან. აცხადებენ, რუსები აქ ფულს საერთოდ არ ხარჯავენ და თავისი დოშირაკით ჩამოდიანო. ხომ წარმოგიდგენიათ, რანაირი ტურისტები ჩავლენ იქ. არანაირი სერვისი არაა და უსაფრთხოებაც არ არსებობს. აფსუები მაინც ერიდებიან რუსებთან კონფლიქტს, იციან, რომ ამას მოსკოვში შესაძლოა რაღაც ხმაური მოჰყვეს და ერიდებიან. თან ეს რუსები ცოტა ფულს მაინც ხარჯავენ. ერთ ხაჭაპურს მაინც შეჭამენ. აფსუებმა ხაჭაპურს აფხაზური დაარქვეს.
_ არა მარტო ხაჭაპურს, ელარჯიც აფხაზურ კერძად გამოაცხადეს.
_ ყველა ქართული კერძი აქვთ მითვისებული. კერძებს ვინ ჩივის, ჩვენს ისტორიას ითვისებენ. ოკუპირებულ აფხაზეთში ორი მღვდელი ჰყავთ: ბესარიონ აპლია და დოროთე დბარი. ეს უკანასკნელი განკვეთილია და ახალ ათონშია გამაგრებული. დბარი იბრალებს, რომ არქეოლოგია და გათხრები დაიწყო გუდაუთაში. გათხარა ერთ-ერთი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც გელათის ტიპის გახლავთ. აღმოაჩინა ქვა, სადაც წერია იოანეს სახარების დასაწყისი: პირველთაგან იყო სიტყვა. წარწერა გაკეთებულია ქართულად. ასომთავრულით ქვაზე ჭრის სამი სკოლა არსებობდა საქართველოში. ერთი სკოლა იყო აფხაზეთში. ამ აფსუებს აშკარად ღმერთმა გამოუგზავნა ქვა ნიშნად, სადაც ქართულად წერია, რომ პირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო ქართული. ეს დბარი კიდევ დგას და გაიძახის, ეს ქვა ჩვენიაო. მთელი აფხაზეთი და ისტორიული მემკვიდრეობა ჩვენიაო, გესმით? ოკუპირებულ აფხაზეთში ანტიქართული ფაშიზმი სხვადასხვა დონეზეა დამკვიდრებული, მათ შორის, ისტორიოგრაფიაში. აღშფოთებულმა გამოვაქვეყნე ამ ქვის ფოტო და ვიღაცამ დამიწერა, კიდევ კარგი, ზღვაში არ გადააგდესო.
_ მართალი მოუწერია იმ კომენტარის ავტორს. მიკვირს, რომ არ გადააგდეს.
_ ახლა აღარ აგდებენ, ახლა ამბობენ, ჩვენიაო.
_ მაგათი რანაირადაა? ქართული წარწერაა...
_ თქვენ არ გინახავთ, სოხუმში დღესასწაულებზე ცხენოსნები რომ გამოდიან და ქართული დროშები უჭირავთ? ხუთჯვრიანი დროშები უჭირავთ და ჩვენიაო, გაიძახიან.
_ ისტორიული მემკვიდრეობის სხვა ნაწილზე ცხინვალელი ოსები გვედავებიან და ქართველები, ეტყობა, უცხო პლანეტაზე ვიყავით.
_ ასე გამოდის. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით, როდესაც ჩვენ მათ ისტორია შევუქმენით. თან ისტორია შვუქმენით ე. წ. ორაბორიგენობის თეორიით. როგორ შეიძლება, ერთ ტერიტორიაზე ორი ეთნოსი არსებობდეს და პარალელურად ვითარდებოდეს? ეს არ არსებობს, ჩვენ შვქმენით. ასეთი რამე პრინციპულად ეწინააღმდეგება თანამედროვე სახელმწიფოს გაგებას. თანამედროვე სახელმწიფო არის მოქალაქეებისგან შემდგარი საზოგადოება, სადაც არავის არავითარი უპირატესობა არ გააჩნია არნაირი ნიშნით. ყველა თანასწორია კანონის წინაშე, რა შუაშია აქ ძმები და დები.
_ ისე, რატომ ვეძახით ძმებს ქართველების სისხლში ამოსვრილ და ქართველების სიძულვილით გაჟღენთილ ოსებსა და აფსუებს?
_ ეს გახლავთ ძველი რუსული ნარატივი: თითქოს აფხაზეთში იყო ეთნოკონფლიქტი და რუსები არაფერ შუაში არიან. რუსებმა იქ მოაწყვეს ქართველების გენოციდი. ამაზე უმაღლესი დანაშაული არ არსებობს, რომელსაც ხანდაზმულობის ვადები არ აქვს. ყაველაშვილი კი ამ გენოციდს წყენას ეძახის გაეროს ტრიბუნიდან.
_ ყაველაშვილს ეგ ამბავი თავის დროზეც არ აწუხებდა. ქართულ სოფლებს ჯერ კიდევ ცეცხლის ალი ასდიოდათ აფხაზეთში, ვლადიკავკაზის „ალანიაში“ რომ წავიდა სათამაშოდ.
_ ითამაშა და ითამაშა, რა ვუყოთ, მაგრამ ელემენტარული განათლება ხომ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს? გამოვიდა და წინაპრებს მადლობა გადაუხადა ფერისცვალების დაწესებისთვის. ეს ხომ კატასტროფაა! „ალანიაში“ თამაშის გამო ნუ მოვთხოვთ პასუხს. დევნილებიც წავიდნენ რუსეთში სათამაშოდ.
_ კი ბატონო, ერთ-ერთი მათგანი, მურთაზ შელია, ყაველაშვილთან ერთად თამაშობდა „ალანიაში“.
_ შესაძლოა, არ წასულიყვნენ, მაშინ გარკვევით რომ ეთქვათ, ეს იყო საქართველო-რუსეთის ომი. საქართველოს ხელისუფლება სულ გაიძახოდა, ქართულ-აფხაზური კონფლიქტიო და გაეროს რეზოლუციებშიც ასე ჩაიწერა. ეს იყო ოფიციალური იდეოლოგია და პროპაგანდა. ასე იყო პოლიტიკაში, ხელოვნებაში, კინემატოგრაფში. გამახსენეთ, აბა, რომელიმე სპექტაკლი ან ფილმი აფხაზეთზე, სადაც მხოლოდ წყენებზე არაა საუბარი და მერე ამ წყენებს ვპატიობთ ერთმანეთს. თანაც ბოდიშის მოხდას გვთხოვენ.
_ ბოდიშს ვერ ეღირსებიან!
_ შინაარსი ესაა ამ ფილმების და სპექტაკლების. შარშან ივანიშვილმა მოითხოვა, ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო და ამას მწვავე რეაქცია მოჰყვა. ეს რეაქცია რომ არა, ყაველაშვილიც იგივეს იტყოდა გაეროს ტრიბუნიდან. არ არის
გამორიცხული, სხვა დროს წამოიწიოს ეს თემა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებებით აღფრთოვანებული არიან ოსები და აფხაზები. მოსწონთ კომისიის დასკვნაც. ამბობენ, აღიარეს, რასაც ჩვენ ვამბობდითო. თუმცა ეს არ აკმაყოფილებთ და ახლა ითხოვენ, დამოუკიდებლობა უნდა აღიარონ ჩვენიო.
_ გაბედავს ამის გაკეთებას „ქართული ოცნება“?
_ „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად რომ მოქმედებდეს, ისინი დიდი ხანია, არ იქნებოდნენ საქართველოს ხელისუფლებაში. გაბედვაზე კითხვა სხვანაირად უნდა დაისვას, _ მოითხოვს თუ არა ამას პუტინი ამათგან? ასევე უნდა გავარკვიოთ, რამდენად გვაქვს წინააღმდეგობის უნარი ქართულ საზოგადოებას? არის ასეთი გამოთქმა, მოსკოვს ცრემლების არ სჯერა. რაც არ უნდა მოისაწყლო თავი, ემლიქვნელო, ეს რუსეთის გეგმებზე არ იმოქმედებს. რუსეთის გეგმებზე იმოქმედებს მხოლოდ ის, ზიანს მიიღებს რაიმე ამბიდან თუ სარგებელს. ეს აღვირახსნილი ანტიდასავლური პროპაგანდა მიმართულია სწორედ ამისკენ. რუსეთმა უნდა განახორციელოს თავისი ისტორიული გეგმა საქართველოს მიმართ. დღეს ხშირად გვესმის, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღგენა სურს. საბჭოთა კავშირის აღგენა კი არა, რუსეთის იმპერიის აღგენა უნდა. „ქართული ოცნების“ პროპაგანდაც აქეთაა მიმართული. ახლა უკვე ქმედებებზე გადავიდნენ და ელჩებს იბარებენ. ისე გათავხედდნენ, რომ ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩები დაიბარეს.
_ ამას ხომ ბერლინიდან და ლონდონიდან პასუხი მოჰყვება და ეს არ იციან?
_ იციან, მაგრამ რუსები ეუბნებიან და ესენიც აკეთებენ. დასავლეთის მიმართ თავაშვებული განცხადებებით კახა კალაძე გამოირჩევა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს. „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მტერი რუსეთი შეგვაყვაროს. ცდილობს, მტერი მეგობრად წარმოგვიჩინოს და მეგობარი მტრად გვიქციოს.
_ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს რომ უყვარს რუსეთი, ამაზე რას ფიქრობთ? ეს როგორ ავხსნათ?
_ არა მგონია, რომ დიდი ნაწილი იყოს ასეთი. ვინც ამას ლაპარაკობს, ის პროპაგანდის მსხვერპლია. ხვალ ის სულ სხვანაირად ილაპარაკებს. ყვარყვარეობა და ლუარსაბობა ქართველების სენია და რას ვიზამთ? ნებისმიერ გამოკითხვას თუ ვნახავთ, გამოკითხულთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს დასავლურ კურსს. ამით უნდა განვსაზღვროთ ხალხის განწყობა. ჩვენი საზოგადოება არის უზარმაზარი პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ.
_ ზემოთ თქვენ ვიდეოზე ისაუბრეთ, აფსუა ბლოგერმა რომ გამოაქვეყნა. ამ საშინელებას ხალხის მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია და ესეც პროპაგანდის ბრალია? რანაირად უნდა მოგინდეს ამის მერე, აფსუას ძმა დაუძახო?
_ ეს არის ძველი ამბავი, მას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. გვინერგავდნენ, რომ აფსუები ჩვენი ძმები იყვნენ და აფხაზეთში ომი კი არა ეთნოკონფლიქტი იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არანაირი ეთნოკონფლიქტი არ ყოფილა. ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი. აფსუებთან არანაირი შეჯახება არ ყოფილა. ერთადერთი ასეთი შეჯახება მოხდა 1989 წლის ივლისში. ესეც რუსული სცენარი იყო. აფხაზეთის ომში „აიდგილარა“ არ ყოფილა მარტო. იქ იყო კავკასიის ხალხთა კონფედერაცია, რომელიც შეიქმნა აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ომისთვის. როგორც კი ომი მორჩა, ის დაიშალა. იქ იყო სომხური ორგანიზაცია „კრუნკი“, „სლავური სახლი“ და ა. შ. ომში, ძირითადად, რუსები გვებრძოდნენ. იყვნენ სომხები, კაზაკები, რომლებსაც კაზაკების ფორმა ეცვათ და სინამდვილეში რუსი ოფიცრები იყვნენ. და რატომაა ახლა ეს ეთნოკონფლიქტი? ეს არ არის ეთნოკონფლიქტი.
_ აფსუები იბრძოდნენ საერთოდ ამ ომში ჩვენ წინააღმდეგ?
_ ახლა აფხაზეთში ომის გმირებს გაუზარდეს პენსია. სადღაც, 2200 გმირი ჰყავთ აფსუებს.
_ სერიოზულად ამბობთ?
_ სერიოზულად ვამბობ. ეს ოფიციალურად წერია აფხაზურ საიტებზე. მეორე მსოფლიო ომში აფხაზეთში გმირი იყო 21 კაცი. მაშინ ტოტალური მობილიზაცია განხორციელდა. აქედან აფსუა სულ რამდენიმე იყო. ახლა უცბად როგორ გახდა 2200? ეს სასაცილო ამბავია. იმ შენაერთებში, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდნენ, აფხაზები 10-15% იყო. ყველაზე ნაკლებად ბრძოლისუნარიანები იყვნენ. არსებობს ერთი ვიდეო, სადაც არძინბა ემუქრება აფსუა მეთაურებს, _ ყველას დაგხვრეტთ, მრცხვენია, ისეთ რამეებს მეუბნებიან თქვენზეო. რუსებიც ბრაზობდნენ, ეუბნებოდნენ, ისეთი აზრი გაქვთ, თითქოს თქვენ მაგივრად ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რადგან თქვენ მცირერიცხოვანი ხართო.
1993 წლის 14 მარტის შტურმი სოხუმზე იყო სუფთა რუსული შემოტევა. ყველა სახის ძალა მუშაობდა იქ: არტილერია, ჰაერი, ზღვა. ამის მიუხედავად, სოხუმი ვერ აიღეს. მაშინ ჩვენ შევძელით რუსებთან გამკლავება. მერე ეს ოხერი შევარდნაძე რომ არ ჩამოსულიყო, გადავიდოდით შეტევაზე.
_ ტამიშთანაც რუსული დესანტი არ გადმოსხეს 1993 წლის ივლისში?
_ ტამიშთანაც რუსები იყვნენ, მაგრამ ესეც მოვიგერიეთ. რუსეთმა დაინახა, რომ საკუთარი ძალებით ვერ ერევა ქართველებს და სხვა ხერხს მიმართა. ეს იყო ქართული ჯარის განიარაღების ტაქტიკა. ქართული ჯარი თავად საქართველოს ხელისუფლებამ განაიარაღა. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ ნდობა გამოუცხადა რუსეთს და 27 ივლისს სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი. არადა, ასეთი შეცდომა არ უნდა დაგვეშვა. 1992 წელს იგივე მოხდა გაგრაში. 3 სექტებერს შეთანხმება გაფორმდა და ერთ თვეში გაგრა დავკარგეთ, რუსებმა დაიპყრეს. ქართული მოსახლეობა გაანადგურეს. მთელ საქართველოში სწავლა პირველ ოქტომბერს დაიწყო, აფხაზეთში კი _ სექტემბერში. ეს იყო უდიდესი აბსურდი.
_ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ვისაუბრეთ, არის იმის ალბათობა, რომ ჩვენ აფხაზეთს დავიბრუნებთ? გაქვთ ამის იმედი?
_ როგორ არ მაქვს იმედი. გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელია. ოღონდ, იზოლაციონალიზმის ნაცვლად უნდა განვსაზღვროთ, სად ვართ. გეოპოლიტიკური ცენტრი არის უკრაინა. იქ ისეთი პროცესები მიდის... თავიდან ტრამპმა თქვა, რომ კოზირები არ აქვს უკრაინასო და ახლა ეუბნება, კოზირებიც გაქვს, შეგიძლია დაიბრუნო დაკარგული და იმის იქითაც წახვიდეო. მე მჯერა, რომ დავბრუნდებით.