ხუთშაბათი, 02 ოქტომბერი, 2025
2025-10-02 11:33:34
გიგა გელხვიიძე
ნიკა კაცია ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელიც რეჟიმის პოლიტიკურ რეპრესიებს საკუთარი გამოცდილებით იცნობს, _ 9-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ისევ აქტიურად ერთვება საზოგადოებრივ და საპროტესტო პროცესებში. მისი შეფასებით, საქართველოში მიმდინარე მოძრაობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ დედაქალაქით და ქვეყნის მასშტაბით ფართო მხარდაჭერას მოიცავს.
„ქრონიკა+“-ისთვის მიცემიულ ინტერვიუში კაცია საუბრობს რეჟიმის სისუსტესა და უსუსურობაზე, საზოგადოების მზარდ აქტიურობასა და გულწრფელ პროტესტზე, რომელიც, მისივე სიტყვებით, ვერასდროს ჩაქრება:
_ ნიკა, შევაფასოთ საქართველოში მიმდინარე პროცესები. ვგულისხმობ საპროტესტო ტალღას თბილისსა და რეგიონებში
_ დღეს არის 307-ე დღე, თუ არ ვცდები. ორად ვყოფ, ხოლმე შეფასებებს როცა მეკითხებიან აქტივობასთან დაკავშირებით. ერთი მიმართულია არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი და შეფასებები აქ მხოლოდ ნეგატიურია და რაღაც დადებით კონტურებს ვერ ვხედავ; მეორე არის უკვე საზოგადოების მხრიდან, რომელიც უფრო და უფრო აქტიურია და ადეკვატურია, რაც მთავარია, არის ძალიან გულწრფელი. პროტესტი გაშლილია. გვახსოვს, ერთი პერიოდი მხოლოდ დედაქალაქი იყო მოვლენების ეპიცენტრი. სასიხარულოც არის იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც გავიარე და რაც უშუალოდ ჩემნი პირადი ისტორიაა, თუმცა ამ პირადი ისტორიებით შეიქმნა რაღაც ერთიანი სურათი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას ასახავს. ვგულისხმობ რეჟიმის ყველა ტყვეს, ბიჭებსაც და გოგოებსაც. ამ მხრივ შეფასებები არის ძალიან დადებითი, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ვწუწუნებ ხოლმე, რადგანაც მეტი აქტივობა მინდა და უფრო მინდა, რომ ადამიანები ჩართულები იყვნენ პროცესებში. მაინც რაღაცნაირად უკან ვიხევ ხოლმე ერთი ნაბიჯით, რადგან როცა ამა თუ იმ მარშსა და აქციაზე ვარ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით მანქანებიდან იქნება ეს ე. წ. სიგნალებით თუ ფანჯრებიდან დროშების ფრიალით, ძალიან სასიამოვნო სანახავია. ეს, პრინციპში, არის ის, რა მუხტიც გვაქვს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დაბნელდეს და დაემხოს.
_ ახლა აქტიურად ხართ ჩართული პროცესებში, აქციები ახსენე და მარშები. როგორ ჩანდა ეს ყველაფერი საკნიდან? 9 თვის განმავლობაში თქვენ იყავით უკანონო პატიმარი.
_ მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა გადაწყვიტა, დავეტყვევებინეთ, მაინც მიმაჩნია, რომ საკნიდანაც პროტესტის ეპიცენტრში ვიყავი და მაინც წინა ხაზზე ვიდექი, რადგანაც ჩემი აქტივობა „გავრილოვის ღამიდან“ მოყოლებული იყო ასეთი, რომ მე ყოველდღე უნდა მივსულიყავი აქციაზე და ყოველდღე უნდა ჩავრთულიყავი გარკვეული ტიპის აქტივობაში, გამომეხატა ჩემი ემოცია, მუხტი, აზრი, მათ შორის, თქვენი, კოლეგების დახმარებით დედაქალაქის მთავარ მოედანზე. საკნიდან დანახული ეს პროცესი ასეთია, თან ამაყი ხარ და თან გული გწყდება. ორი შეგრძნება გაქვს, რადგანაც იცი, რის გამო მოხვდი იქ. რეალურად დანაშაული არ ჩაგიდენია და უბრალოდ ჩაგაგდეს და თან სიამაყეც გაქვს, რომ ამით მაინც ვერ გაგაჩერეს, რადგანაც ყველამ იცის, რომ წერილი რომ წერილია, ისიც რომ აეკრძალათ, უფლებადამცველები გვყავს და იმათ ვთხოვდი, მაინც გამოვიტანდი ჩემს აზრს, ან ოჯახის წევრების დახმარებით და ეს პრობლემას საერთოდ არ მიქმნიდა. მეორე მხრივ გულდასაწყვეტია ის, რომ საკუთარ ფიზიკურ რესურსს ვერ დებ იმ აქტივობაში, რომელიც აქტივისტისთვის ან უბრალოდ პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც სახლიდან პროტესტის გამოხატვა გავლილი ეტაპია, ძალიან ძველი ამბავია და ამ საკითხში ცოტას მოვიკოჭლებდი, რადგანაც სახლიდან არ მიყვარს ხმაური, მიყვარს დგომა იქ, სადაც მოვლენები ვითარდება და იწერება ქვეყნის უახლესი ისტორია. გულდასაწყვეტია, რომ ფიზიკურად გისოსები ვერ გაძლევს გასვლის საშუალებას. შეზღუდვები გაქვს. გულის წყვეტა იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ კონკრეტულ ეპიზოდს რომ ვხედავდი, ვერ ვიყავი იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც აქციების დროს გავიცანი, დავუმეგობრდი. აქ ვსაუბრობ ძალიან კარგ ადამიანებზე, კარგ პიროვნებებზე, რომლებიც საინტერესოები არიან თავიანთი ცხოვრებითა და აქტივობით. მათ მიმართ მაქვს ძალიან დიდი პატივისცემა. სიამაყეს იწვევდა ისიც, როდესაც ვხედავდი, რომ თუნდაც ერთი ადამიანი იდგა რუსთაველზე. მაშინ, როცა პროპაგანდა ითვლის თავებს, თუკი ერთი ადამიანი მაინც დგას ჯიუტად, პრინციპულად, უტეხად და გაუტეხლად, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და მიზეზი ბევრი არსებობს, ვინ სად და რატომ შეიძლება არ ჩანდეს. ამიტომ ნუ გაუხარდებათ ეს, რადგანაც იმ ერთსაც რომ ვიღაცა ეგებება სხვადასხვა ლოკაციიდან აღფრთოვანებით, ეს იმას ნიშნავს, რომ პროტესტი არის იმ ერთშიც და იმ დანარჩენშიც. ამიტომ მაინცდამაინც თავების თვლით ფონს ვერ გავლენ.
_ ამ პერიოდის განმავლობაში ვნახეთ ბევრი დაკავება სხვადასხვა დროს. თქვენც ისაუბრეთ იმაზე, რომ კონკრეტული მახასიათებლებით არჩევენ მსხვერპლს, _ რა კრიტერიუმები აქვს რეჟიმს თქვენი შეფასებით?
_ როდესაც რეჟიმზე ვსაუბრობთ, ვიყენებთ სხვადასხვა ეპითეტს, ეს იქნება ტირანია თუ ა. შ. ვისაც გვაქვს ფუფუნება და ვიცით რაღაც ისტორიული წარსული არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ, არამედ სხვა ქვეყნებშიც, აქ საუბარი იმაზე, თუ რა ნიშნით არჩევს მსხვერპლს, ცოტა აბსურდულია და ამავდროულად ირონიას იწვევს ჩემში, რადგან რეალურად რეჟიმი ამავდროულად ცდილობს ძალის დემონსტრირებას, თან არის უსუსური, აბსოლუტურად უშინაარსო და რაღაც გაუგებარი და ხშირად გაურკვეველიც კი. არ მიფიქრია ამაზე, მიუხედავად იმისა, რომ გეთანხმებით და ვამბობდი კიდევაც, რომ რაღაც მხრივ დასჭირდათ ტატუებიანი და პირსინგიანი ადამიანი, რომ შეეფუთათ. უსამშობლოებმა კი (ეს სიტყვა ხომ ძალიან უყვართ) მაინც ვერ შეძლეს, რადგან ჩვენ გვაქვს ბგერა, ჩვენ გვგვაქვს შინაარსი, იდეა და ამ იდეების ტირაჟირებას საკმაოდ კარგად ვახერხებთ და სხვათა შორის, დაუფინანსებლად. ყველამ ვიცით, რომ პროპაგანდა ბუსტავს (გარეკლამება, _ რედ.) საკუთარ პოსტებს, ასპონსორებს საკუთარ უსახურ იდეებს. გეთანხმებით და კითხვაზე პასუხი არის ასეთი, რომ შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ თუ გადავხედავთ სინდისის პატიმრებს, პოლიტიკოსებს მარტივად მივხვდებით, რომ მათ სჭირდებათ სიჭრელე და ყველა საზოგადოებრივ ჯგუფზე გატანა ამ ინფორმაციის, რათა შიში დანერგონ. თუ გავიხსენებთ რამდენი რამ გააკეთეს 2024 წლის ოქტომბრიდან, რაღა დარჩა 2025 წლის ოქტომბრამდე? პრაქტიკულად, უკან ნაბიჯი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან სასტიკი და ვერაგი, გავეშებული იყო რეჟიმი და ცდილობდა შევეზღუდეთ, მაგრამ ჩვენი ძლიერი მხარე არის ის, რომ მენტალურად, ფსიქოლოგიურად, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტელექტი და დიდი შესაძლებლობები. ამ მხრივაც არ გაუმართლა რეჟიმს იმიტომ, რომ ვერ ხვდება სტანდარტული ქოციც კი, რომ აქ საუბარია იდეაზე და არ ვინმეს პირად კომფორტზე. აქ არის საუბარი სახელმწიფოებრივ იდეაზე, პატრიოტიზმსა და სამშობლოს სიყვარულზე, ამ შემთხვევაში პირადი ისტორია არის გვერდზე. ადამიანი როცა ტყვეობაში ხვდები, აცნობიერებ, რომ შენი სიცოცხლეც კი არაფერია ამასთან შედარებით, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ქვეყნის გარდაცვალება. არ გვინდა ვიყოთ მონაწილეები ქვეყნის დაღუპვაში და ამიტომ იდეას ისინი ვერ მოერევიან. იდეა იმდენად გულწრფელი, სუფთა და ჯანსაღია, რომ რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, რეჟიმი მაინც ვერ მოგვერევა. ყველანაირი ადამიანის შერჩევა უნდოდათ ტყვეობისთვის და ასე მოქმედებდა ალბათ დიდი ვარაუდით „ოცნება“, რუსული ოცნება ოღონდ და არა ქართული. ნამდვილად ვერ შეძლეს ჩვენი შეშინება.
_ ძალიან მჭიდრო კავშირი გაქვთ მედიასთან და წლების მანძილზე მუშაობდით მედიასივრცეში, _ რას უკეთებს დღეს ხელისუფლება მედიას? აქ საუბარი მაქვს სახელისუფლებო და კრიტიკულ მედიაზე. ჩვენ გვინახავს კოლეგები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფრონტზე და დღესდღეობით იგივე ადამიანები პროპაგანდას ქადაგებენ ეთერებიდან.
_ მედიასთან დაკავშირებით სულ ვამბობთ, რომ რეჟიმი, რომელიც წირავს ადამიანის სიცოცხლეს, რაც ხელშეუხებელი უნდა იყოს და ფასდაუდებელი, ამ შემთხვევაში რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! მედია ხომ არ არის რაღაც ერთი კონკრეტული უსულო ობიექტი და საგანი, იმ მედიაში ადამიანები მუშაობენ. უცებ ყველა ის ადამიანი გამახსენდა, რომელიც შეეწირა ამ რეჟიმის პირობებს: გიორგი ახობაძის დედა, ონისე ცხადაძის მამა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედა, მირცხულავას მამა _ ეს ნიშნავს იმას, რომ „ოცნებისთვის“ სულერთია, ოღონდ თავისი გაიტანოს, თავისი რუსული გეგმის იმპლემენტაცია მოახდინოს და ფრთები შეასხას, საერთოდ არ აინტერესებს სხვა. ჩემი პროფესია რის ჟურნალისტიკა და ამ სფეროში ვარ უკვე ბევრი წელია. ფაქტობრივად სხვა არაფერი მიკეთებია და ვარ ამ სფეროში, ტელევიზია იქნება ეს რადიო თუ სხვადასხვა გამოცემა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩემი ეს გულწრფელი ემოცია, რომელსაც სულ გამოვხატავდი უსამართლო სასამართლოში, არც კი მინდა მოვყვე როგორი გულწრფელია. მე ხომ ვიცნობ ადამიანებს პოზიციებით, პროფესიონალიზმით, საერთოდ არ მიკვრის რომ მიყვარხართ პიროვნულადაც და პროფესიონალურ დონეზეც და ეს ყველაფერი ვალდებულიც კი ვარ, რომ შევიმჩნიო, ამ მხრივ თუ გავიხსენებთ რაღაც პროპაგანდას, ძალიან მწყდება გული. ადამიანები სხვადასხვა წლებიდან მახსოვს, არ ვარ პატარა ბიჭი და აღარ მინდა, ისინი სადმე შემხვდნენ. მე მათ არ მოვარიდებ თვალს, არ მაქვს თვალი მოსარიდებელი. როცა ტყვეობაში ვიყავი და ვუყურებდი დანარჩენი სინდისის პატიმრების მიმართ როგორ იქცეოდნენ, ჩემზე რატომ არ ქნეს არ ვიცი, ალბათ მიხვდნენ, რომ არ გაუვიდოდათ, რადგანაც საკმაოდ დიდზე ისმის ჩემი ბგერა, მართლაც რომ კოსმოსში. გული მწყდება იმაზე, რომ ესენი ნავიდან ნავში სკუპსკუპით მიუდგნენ საკითხს და უბრალოდ არ ვიცი მორალი, შეგნება, პროფესიული სტანდარტი, ყველაფერი დაივიწყეს და ეს არის გულდასაწყვეტი. ჩვენ ხომ ერთ საქართველოზე ვლაპარაკობთ, ხომ არ შეიძლება ეს საქართველო იყოს მხოლოდ ერთი ადამიანის პირადი საკუთრება და ამას ვეწინააღმდეგებით, რომ ერთი ადამიანის ჯიბეში არ იყოს ეს ქვეყანა. უბრალოდ, თავად იფიქრონ საკუთარი მორალით, აწონ-დაწონონ ეს ყველაფერი. მე ამ ადამიანებს ვეტყვი მარტო გამარჯობას ან შეიძლება გამარჯობაც არა ზოგს, რადგანაც საკუთარი თავიც რომ დავივიწყო, ვერ დავივიწყებ იმ დედების ტკივილს, რომლებმაც გააერთიანეს ყველა. ამ რეჟიმმა ატკინა დედებს, წაართვა შვილები, მეუღლეები, ოჯახის წევრები და ამ პირობებში, როდესაც პროპაგანდა ტაშს უკრავს და საკმეველს უკმევს რეჟიმს, რომელიც ძალიან სასტიკია, ასეთ კოლეგას ტაშს ვერ დავუკრავ. გააღვიძონ ემპათია თუ გააჩნიათ და უბრალოდ დაფიქრდნენ, რომ საკუთარ თავს კი არა, ღუპავენ ქვეყანას და ეს კარგად უნდა ახსოვდეთ.
_ რამდენად დიდი მნიშვნელობაა აქვს 4 ოქტომბერს და მოქალაქეების ერთობას რუსთაველის გამზირზე?
_ არასდროს ვყოფილვარ ასე აქტიური ჯგუფურ სივრცეში, ვგულისხმობ სხვადასხვა ჯგუფს, სადაც რაღაც დაორგანიზებულა. მე მაქვს ასეთი მიდგომა, რასაც სულ ვეუბნები ახალგაზრდებს და ჩემზე უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც, რომ როცა ადამიანი აქციაზე დგას ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის, როცა გამოიხედავ უკან, არ გქონდეს მარტოობის განცდა. ამიტომ მე ვმოქმედებდი ამ პრინციპით „გავრილოვის ღამიდან“ და შემდეგ: სულ მაქვს ერთი მოტივი, რომ მეც არ ვიგრძნო თავი მარტოსულად და როცა ადამიანი უკან მოიხედავს, მან დაინახოს ჩემი თვალები და მზერა ფიზიკურად და არა ისე, რომ სადღაც ამოიკითხოს. ყველა დღე არის მნიშვნელოვანი, ყველა წამი არის უმნიშვნელოვანესი და ყველა შინაარსი, რომელიც ქვეყნის გადარჩენასთან არის დაკავშირებული. არ ვეწინააღმდეგები არც თარიღებს და არც რაიმე შინაარსის გარშემო გაერთიანებას. ჩემთვის მთავარია, რომ ერთმა ადამიანმა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქემ ყველგან შევძლო დგომა, სადაც შემეძლება ერთგულება, მეგობრობა და თანადგომა _ ყველაფერი გამოვავლინო, მაგრამ ეს უნდა გამოავლინო ფიზიკურად და არა სოციალურ ქსელებში.