QronikaPlus
ტრამპის პოზიციის ცვლილება უკრაინის შესახებ და ზელენსკისთან ბოლო შეხვედრა

ტრამპის პოზიციის ცვლილება უკრაინის შესახებ და ზელენსკისთან ბოლო შეხვედრა

2025-10-02 11:19:37

მიხეილ ხაჩიძე

 

რუსეთ-უკრაინის ომმა მესამე წელს გადააბიჯა. დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე კიევის შესაძლებლობები საგრძნობლად შემცირდებოდა. აშშ-ის როლი გადამწყვეტია, რადგან სამხედრო, ფინანსური და დიპლომატიური დახმარების უდიდესი ნაწილი სწორედ ვაშინგტონიდან მოდის. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება პოზიცია დონალდ ტრამპის – პრეზიდენტის, რომელიც განსაზღვრავს ამერიკის საგარეო პოლიტიკას.

 

ტრამპი უკრაინის საკითხში ყოველთვის წინააღმდეგობრივად საუბრობდა. თავდაპირველად, მისი განცხადებები მიუთითებდა, რომ ომის სწრაფად დასრულების ერთ-ერთი გზა შეიძლებოდა ყოფილიყო კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა. მსგავსი მიდგომა უკრაინაში ღალატად აღიქმებოდა, ხოლო ევროპაში – გაფრთხილებად, რომ ამერიკა შესაძლოა აღარ ყოფილიყო სანდო პარტნიორი.

ამის გარდა, ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა სამხედრო დახმარების მოცულობას და აცხადებდა, რომ აშშ ზედმეტად დიდ ფინანსურ ტვირთს იღებდა საკუთარ თავზე. მისი თქმით, სწორედ ევროპულ ქვეყნებს უნდა ჰქონოდათ უფრო დიდი პასუხისმგებლობა. ეს პოზიცია ნაწილობრივ ეხმიანებოდა იმ სკეპტიკურ გრძნობებს, რომლებიც ამერიკელ საზოგადოებაში არსებობდა.

 

რიტორიკული ცვლილება 2025 წლის შემოდგომაზე

 

2025 წლის სექტემბერში ტრამპის განცხადებები მოულოდნელად შეიცვალა. მან თქვა, რომ უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს ყველა თავისი ტერიტორია, თუ ევროკავშირი და ნატო მას მხარს დაუჭერენ. ეს იყო მკვეთრი შეცვლა ტონის, რომელიც მანამდე უფრო მერყევი და ორმაგი იყო. მეტიც, ტრამპმა რუსეთი „ქაღალდის ვეფხვად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ მისი ეკონომიკა ჯოჯოხეთის გზაზეა. ამასთან, შტატების პრეზიდენტმა ისიც კი თქვა, რომ უკრაინა არათუ ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს, არამედ უფრო შორსაც წავა კიდეც.

ამ ცვლილებამ გარკვეული იმედი გააჩინა კიევში, თუმცა არანაკლები კითხვა დატოვა, – რამდენად არის ეს სიტყვები რეალური პოლიტიკის ნაწილი და რამდენად მხოლოდ რიტორიკა?

 

ტრამპისა და ზელენსკის ბოლო შეხვედრა გაეროში

 

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში გაიმართა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა. უკრაინის პრეზიდენტი ცდილობდა დაერწმუნებინა ტრამპი, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს, ასევე აუცილებელია სამხედრო დახმარების უწყვეტობა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ერთიანობა გადამწყვეტია და თუ აშშ და ევროპა ერთმანეთს გვერდით არ დაუდგებიან, რუსეთი გაცილებით თავდაჯერებულად იგრძნობს თავს. ტრამპის პასუხები ამჯერად შედარებით უფრო მხარდამჭერი იყო, თუმცა კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებზე ის ჯერ არ საუბრობს.

 

კრემლის რეაქცია და შეფასებები ბრიუსელსა და ვაშინგტონში

 

მოსკოვმა ტრამპის განცხადებებს სკეპტიკურად შეხედა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ რიტორიკული მანევრია. კრემლის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ტრამპი მაინც დარჩება კომპრომისის მომხრედ და მზად იქნება ომის გაყინვისთვის იმ პირობით, რომ რუსეთმა შეინარჩუნოს უკვე ოკუპირებული ტერიტორიები. ამგვარად, რუსეთი ტრამპის სიტყვებს კურსის სერიოზულ ცვლილებად არ აღიქვამს.

ვაშინგტონში ტრამპის ახალი ტონი გარკვეულ იმედს ბადებს, რადგან იგი აშკარად ემიჯნება რუსეთსა და პუტინს. თუმცა ეჭვი რჩება – შეძლებს თუ არა იგი ზუსტად იმავე გზით განაგრძოს უკრაინის დახმარება, როგორც ბაიდენის ადმინისტრაცია აკეთებდა ამას? ბრიუსელში კი სჯერათ, რომ ტრამპის რიტორიკა შეიძლება დაეხმაროს ევროპულ ქვეყნებს, რათა საკუთარი თავდაცვის გაძლიერებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.

 

ტრამპის პოზიციის ცვლილება უკრაინისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით:

 

1. მორალური ფაქტორი – როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საჯაროდ ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია ტერიტორიის დაბრუნება, _ ეს დადებითად მოქმედებს უკრაინელი ჯარისკაცებისა და საზოგადოების მორალზე;

2. დასავლეთის ერთიანობა – ტრამპის ახალი ტონი შეიძლება დაეხმაროს დასავლეთს, შეინარჩუნოს გაერთიანებული ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ;

3. შიდა პოლიტიკა – ტრამპი იყენებს უკრაინის თემას შიდა არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ მისი განცხადებები შესაძლოა დროებით სტრატეგიად იქცეს.

 

სცენარები: შესაძლოა ტრამპი, რეალურად გადავიდეს უფრო პროუკრაინულ პოლიტიკაზე; შესაძლოა, მისი განცხადებები დარჩეს მხოლოდ რიტორიკად; ან, რაც ყველაზე რეალურია, ტრამპი გააგრძელებს ორივე გზავნილის გამოყენებას – ერთ დღეს მკაცრი განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო მეორე დღეს კომპრომისის მოწოდება.

 

უკრაინის ფრონტის მდგომარეობა და უკრაინელების წარმატებები

 

უკრაინის ომი მესამე წელიწადს ითვლის გადაულახავი სიმძიმით და, იმავდროულად, დაუჯერებელი გამძლეობით. რუსეთის არმია კვლავ ცდილობს ფრონტის გარღვევას, მაგრამ თითქმის ყოველკვირეულად იკვეთება ახალი ამბები, რომლებიც უკრაინელების გმირობისა და წარმატების მოწმობაა. ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ უკრაინა აღარ არის მხოლოდ თავდაცვით მდგომარეობაში – ის ახერხებს ინიციატივის დაჭერას და მოწინააღმდეგეზე ზეწოლას.

 

დონბასის ფრონტი: გამძლეობის სიმბოლო

 

დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით ბრძოლები უკრაინული ომის ყველაზე მძიმე და სისხლიანი ეპიზოდია. მიუხედავად რუსეთის მრავალრიცხოვანი შეტევებისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები იცავენ თითოეულ პოზიციას და ხშირად ახერხებენ იერიშების მოგერიებას.

უკრაინელი სამხედროების მონათხრობებით, ფრონტზე ხშირად რამდენიმე მეტრისთვისაც კი დღეებისა და კვირების განმავლობაში იბრძვიან. ამ ბრძოლებმა უკრაინას არა მხოლოდ სამხედრო გამოცდილება, არამედ სიმბოლური გამარჯვებებიც მოუტანა – ოკუპანტის „გარღვევის გეგმები“ არაერთი მიმართულებით ჩაშლილია.

 

სამხრეთი: აზოვის ზღვისკენ მიმავალი გზა

 

უკრაინისთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი სამხრეთის განთავისუფლებაა. ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონში უკრაინულმა ძალებმა მოახერხეს მოწინააღმდეგის მომარაგების ხაზების სერიოზული დაზიანება. ზუსტად ეს გახდა მიზეზი, რომ რუსეთს გადაეწყვიტა სამხრეთიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა და მისი გადანაწილება ფრონტის სხვა მონაკვეთებზე.

უკრაინის არმია აქტიურად იყენებს თანამედროვე დასავლურ შეიარაღებას – უპილოტოებს, HIMAღშ-ს, საზენიტო სისტემებს. ამით არა მხოლოდ ფრონტის პოზიციები მტკიცდება, არამედ მოწინააღმდეგის ლოჯისტიკა და მომარაგება ყოველდღიურად ზარალდება.

უკრაინის ნამდვილი წარმატება ბოლო თვეებში შავ ზღვაში მიღწეულ უპირატესობას უკავშირდება. უკრაინულმა დრონებმა და რაკეტებმა არაერთი დარტყმა მიაყენეს რუსეთის ფლოტს. შედეგად, ოკუპანტს აღარ აქვს სრული კონტროლი ზღვაზე, ხოლო უკრაინამ შეძლო „მარცვლეულის დერეფნის“ გახსნა და საერთაშორისო გადაზიდვების ნაწილობრივი აღდგენა.

ეს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური გამარჯვებაცაა – უკრაინამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ზღვის კონტროლი, მიუხედავად რუსეთის მრავალრიცხოვანი გემისა.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები ბოლო თვეებში განსაკუთრებით თვალსაჩინოა. ისინი ახორციელებენ დივერსიულ რეიდებს მტრის ზურგში, ანადგურებენ რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურას და მობილიზაციის ცენტრებს. ამას ემატება სარაკეტო და დრონებით შეტევები რუსეთის ტერიტორიაზეც – ბელგოროდში, კურსკში, კრასნოდარში.

ეს შეტევები აჩვენებს, რომ ომი აღარ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე შეზღუდული და კრემლი ვეღარ გრძნობს თავს უსაფრთხოდ საკუთარ საზღვრებს მიღმაც.

უკრაინის წარმატებები შეუძლებელი იქნებოდა დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე. ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა Pატრიოტ-ისა და NAშAMშ-ის სისტემების მიწოდება, ასევე საბრძოლო თვითმფრინავების – F-16-ის პროგრამა რეალობად იქცა. ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად ცვლის ძალთა ბალანსს და უკრაინას აძლევს შესაძლებლობას, დაიცვას ცა და უფრო ეფექტიანად იმოქმედოს ფრონტზე.

გარდა ამისა, ევროკავშირისა და აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო ართულებს. ომის გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს ფაქტორი შეიძლება გახდეს კრემლის სისუსტის მთავარი მიზეზი.

 

გმირობისა და იმედის ფრონტი

 

უკრაინის ომი მხოლოდ ტანკებისა და რაკეტების დაპირისპირება არ არის – ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ყოველდღე იწერება გმირობის ახალი ისტორიები. სოფლების განთავისუფლება, დანგრეული ქალაქების აღდგენის მცდელობა და მოქალაქეების შეუპოვარი სული აჩვენებს, რომ უკრაინა არ აპირებს დანებებას. „ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ მიწისთვის, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვის“, – აცხადებენ უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტზე. სწორედ ეს სულისკვეთება აძლევს ქვეყანას ძალას და აჩენს იმედს, რომ გამარჯვება შესაძლებელი იქნება.

 

ზელენსკი: „ისრაელის „პატრიოტი“ უკვე მოქმედებს უკრაინაში“

 

ამავდროულად, ყველასთვის მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ მიწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტი“ უკვე მოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე. მისი თქმით, ეს სისტემა ერთი თვეა მოქმედებით რეჟიმშია და უახლოეს პერიოდში უკრაინა კიდევ ორ ასეთ კომპლექსს მიიღებს.

ეს განცხადება იქცა მნიშვნელოვან ნიშნულად არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკურ-დიპლომატიური კონტექსტის გათვალისწინებითაც.

 

თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება

 

უკრაინა უკვე წლებია, აქტიურად ითხოვს დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებას. რუსეთის მიერ მშვიდობიან ქალაქებზე სარაკეტო და დრონების შეტევების გახშირების ფონზე, თანამედროვე კომპლექსების მნიშვნელობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო გაიზარდა.

„პატრიოტი“ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად მიიჩნევა საშუალო და შორ მანძილზე მიზნების გასანადგურებლად. სწორედ მისი არსებობა განაპირობებს იმას, რომ უკრაინის არაერთ ქალაქს შეუძლია უკეთ დაიცვას საკუთარი ცა.

ზელენსკის განცხადება, რომ ისრაელის „პატრიოტი“ უკვე მოქმედებს, უკრაინელებისთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური გამარჯვებაცაა – მათ ეძლევათ იმედი, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები დაცული იქნება.

 

ისრაელის როლი და დიპლომატიური შედეგები

 

ისრაელის გადაწყვეტილება უკრაინისთვის „პატრიოტის“ მიწოდების შესახებ, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია. იერუსალიმი  დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა მსგავსი ტიპის სისტემების გადაცემისგან, რადგან არ სურდა პირდაპირი დაპირისპირება მოსკოვთან.

თუმცა რუსეთისა და ირანის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებამ – განსაკუთრებით დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების სფეროში – სერიოზული საფრთხე შეუქმნა თავად ისრაელსაც. ამ კონტექსტში კი უკრაინის მხარდაჭერა უკვე ერთგვარად საკუთარი უსაფრთხოების ნაწილად იქცა.

„პატრიოტების“ მიწოდება არა მხოლოდ სამხედრო ძალების გაძლიერებას ემსახურება, არამედ დემონსტრირებას უკეთებს ისრაელის მზარდ ჩართულობას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში.

 

შემოდგომის მოლოდინები

 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ორი ახალი „პატრიოტის“ მიღება სწორედ შემოდგომის ბოლომდე იგეგმება – იმ პერიოდში, როდესაც ტრადიციულად იზრდება რუსეთის მიერ სარაკეტო იერიშების რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა მზად არის, წინასწარ გააძლიეროს საკუთარი თავდაცვის ხაზები და შეამციროს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ზიანის რისკი.

ანალიტიკოსების შეფასებით, ისრაელის მონაწილეობა შესაძლოა გახდეს მაგალითი სხვა მოკავშირეებისთვისაც, რომ უკრაინის დახმარება მხოლოდ პოლიტიკურ სიმბოლიზმს არ უნდა დაეყრდნოს, არამედ პრაქტიკულ, საბრძოლო ეფექტიანობას.

ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადება „პატრიოტზე“ არა მხოლოდ ტექნიკური სიახლეა, არამედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილადაც უნდა მივიჩნიოთ. უკრაინა აჩვენებს, რომ ის იღებს მხარდაჭერას ისეთი პარტნიორებისგანაც, რომლებიც აქამდე თავს იკავებდნენ პირდაპირი სამხედრო დახმარებისგან.

ეს ზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ამაღლებს მოსახლეობის მორალს და საერთაშორისო საზოგადოებას აძლევს მკაფიო მესიჯს – უკრაინა მარტო არ არის და ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება.

 

გაზიარება