ხუთშაბათი, 02 ოქტომბერი, 2025
2025-10-02 11:14:32
ელისო კილაძე
2025 წლის 15 მარტს თბილისში მოკლეს „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე. მკვლელობა იმდენად დემონსტრაციული იყო, ქილერი კამერებს არც კი მორიდებია, მეტიც, თავად ჯანგველაძესაც კი გამოელაპარაკა მეგობრის პანაშვიდზე შესვლის წინ.
მკვლელობიდან რამდენიმე დღეში ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური დააკავეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობა სანდრო წივწივაძის იარაღით მოხდა. მასთან ერთად ასევე დაკავებულია გიორგი კაჭკაჭიშვილი, გიორგი ჯოხაძის ნათესავი მამუკა ბაღდავაძე და გიორგი მიქაძე. ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს.
რა ჩაწერა დავით მიქაძის ბრალში პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ და რა არის აქედან ტყუილი და რა _ სიმართლე?
პროკურატურის ვერსია
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დავით მიქაძემ ჩაიდინა შეკვეთით და ანგარებით ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება.
დავით მიქაძის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ამ მიზნით ძმები დავით და გიორგი მიქაძეები დაუკავშირდნენ მათ მეგობარსა და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზედაც მისგანაც მიიღეს თანხმობა. სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ამ მიზნით მათ შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირ გელა უძილაურთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის განხორციელება, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. გიორგი ჯოხაძე, დავით და გიორგი მიქაძეები გელა უძილაურს სისტემატურად აწვდიდნენ დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციას, ასევე გიორგი ჯოხაძემ გელა უძილაურზე გაასაღა სანდრო წივწივაძისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი GLOK19 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი.
2015 წლის 15 თებერვალს გიორგი ჯოხაძემ საბერძნეთიდან დაბრუნებულ გელა უძილაურს შეხვედრა დაუთქვა ქ. თბილისში ორივესთვის კარგად ცნობილ სასტუმრო „თბილისი თაუერის“ შენობასთან. დაახლოებით 19:14 საათზე გელა უძილაური მივიდა დათქმულ ადგილას და შეხვდა გიორგი ჯოხაძეს. სასტუმროში ასევე მივიდნენ დავით და გიორგი მიქაძეები. და გელა უძილაურმა განიხილეს დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი დეტალები, მათ შორის, გიორგი ჯოხაძემ გელა უძილაურს მიაწოდა დავით და გიორგი მიქაძეებისგან მიღებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლისა და დაბინავების შესახებ. შესაბამისად, გელა უძილაურს დაავალა ლევან ჯანგველაძის თვალთვალი მკვლელობისთვის შესაფერისი დროისა და ადგილის შერჩევის მიზნით.
ლევან ჯანგველაძე საქართველოში ჩამოვიდა 2025 წლის 16 თებერვალს და მივიდა იოანე შავთელის ქუჩა #17-ში მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“. გელა უძილაურმა იცოდა რა ლევან ჯანგველაძის ადგილსამყოფელის შესახებ, ისიც მივიდა სასტუმრო „ამბასადორთან“ და დაიწყო ლევან ჯანგველაძის სისტემატური თვალთვალი და ინფორმაციის მოძიება. ამასთან, თვალთვალის დროს მიღებულ ინფორმაციას კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით გელა უძილაური აწვდიდა უშუალოდ გიორგი ჯოხაძეს, გიორგი და დავით მიქაძეებს. ასევე სხვა პირთა ინფორმირების მიზნით გელა უძილაურმა აღნიშნულ პერიოდში ვერ განახორციელა ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა მისთვის ხელსაყრელი პირობების არარსებობის გამო. 2025 წლის თებერვალს ლევან ჯანგველაძემ საქართველო დატოვა.
2025 წლის მარტში დავით და გიორგი მიქაძეებმა გიორგი ჯოხაძის საშუალებით გელა უძილაურს მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის 2025 წლის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლისა და გადაადგილების შესახებ. შესაბამისად, ამ უკანასკნელმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით.
2025 წლის 14 მარტს ლევან ჯანგველაძე გამოემგზავრა საქართველოში მისი გარდაცვლილი მეგობრის, გურამ მოქიას პანაშვიდზე. აღნიშნული ინფორმაცია გიორგი ჯოხაძემ და ძმებმა მიქაძეებმა მიაწოდეს გელა უძილაურს, რომელიც, თავის მხრივ, 2015 წლის 14 მარტს ვაზისუბნიდან ტაქსით გამოემგზავრა და მივიდა საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ჩავიდა მდინარე ვერის ხეობაში, სადაც გამოიცვალა ქურთუკი, გადალახა მდინარე ვერე და ბილიკით ავიდა წყნეთის გზატკეცილზე, შემდეგ დაახლოებით 20:40 საათზე მივიდა ქ. თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირის 7-ში მდებარე გურამ მოქიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაელოდა ლევან ჯანგველაძის მისვლას. ეს უკანასკნელი მის მეგობარ კახაბერ ძანძავასთან ერთად დაახლოებით 22:35 საათზე მივიდა პანაშვიდზე. ამ პერიოდში გელა უძილაური უკვე იმყოფებოდა ჭავჭავაძის #7-ის და #9-ის მიმდებარედ და ელოდებოდა ლევან ჯანგველაძის ჩამოსვლას. ლევან ჯანგველაძე და კახაბერ ძანძავა პანაშვიდიდან გამოვიდნენ დაახლოებით 23:30 წთ.-ს. იმ დროს, როცა ისინი ფეხით გადაადგილდებოდნენ ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად სავალ ბილიკზე, გელა უძილაურმა ისარგებლა ამ მომენტით და ხალხმრავალ ადგილზე შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მოკვლის მიზნით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ლევან ჯანგველაძის მიმართულებით, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ გელა უძილაურმა განზრახ მოკვლის მიზნით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რამდენიმე გასროლა განახორციელა გია ჩადუნელის მიმართულებით. სროლის შედეგად გია ჩადუნელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ გელა უძილაური წავიდა ქარელის მიმართულებით, სადაც მოიშორა დანაშაულის იარაღი და მობილური ტელეფონი, სადაც გააქტიურებული ჰქონდა პოლონეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი და რომლითაც აქტიურ კომუნიკაციაში იყო გიორგი ჯოხაძესთან. გელა უძილაური 2025 წლის 15 მარტს დაბრუნდა თბილისში და მივიდა სასტუმრო „თბილისი თაუერში“, სადაც სურდა გიორგი ჯოხაძის ნახვა, თუმცა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ვერ ნახა, მან სასტუმრო „თბილისი თაუერის“ ტელეფონიდან რამდენჯერმე სცადა გიორგი ჯოხაძის ტელეფონზე და სოციალურ ქსელ „ვოცაპზე“ დაკავშირება. ამის შემდეგ, კვლავ გიორგი ჯოხაძის ნახვის მიზნით, 2025 წლის 16 მარტს ის მივიდა გიორგი ჯოხაძის ნათესავის, მამუკა ბაღდავაძის სამსახურში, მდებარე თბილისში, ბერიაშვილის ქუჩა #12-ში, საიდანაც ტელეფონის საშუალებით რამდენჯერმე დაუკავშირდა მამუკა ბაღდავაძეს და მასთან კომუნიკაციის დამყარების შემდეგ დაახლოებით ერთ საათში დატოვა მითითებული ადგილი. 2025 წლის 17 მარტს, გიორგი ჯოხაძესთან კონტაქტის დამყარების მიზნით, კვლავ მივიდა მამუკა ბაღდავაძის სამსახურში და ვერ მოახერხა კომუნიკაციის დამყარება. დღეს გელა უძილაური სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა გიორგი ჯოხაძის ნათესავის, მამუკა ბაღდავაძის სამსახურთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე.
ასეთია პროკურატურის ოფიციალური ვერსია.
გავყვეთ ვერსიას თანმიმდევრობით:
ძმებ მიქაძეებსა და ლევან ჯანგველაძეს საერთო ბიზნესინტერესები არასოდეს ჰქონიათ, შესაბამისად, ვერც უთანხმოება ექნებოდათ. სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელების ტრანზიტი ჯონათან მორგოშიასა და ტარიელ კაკაბაძის შეთხზული ვერსიაა. მათივე ინიციატივაა საქმეში ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის სახელის გაჟღერებაც, რადგან ბრალში მისი გვარი და სახელი საერთოდ ნახსენები არ არის.
პროკურატურის ბრალში საუბარია, რომ უძილაურს ჯოხაძე და ძმები მიქაძეები აწვდიდნენ ინფორმაციას ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. საქმის მასალებში არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება იმის შესახებ, რომ მიქაძეებს ჯანგველაძის ჩამოსვლის შესახებ რაიმე ინფორმაცია ჰქონდათ. სამაგიეროდ, საქმეში დევს ჯანგველაძის ბიძაშვილ მიშა ბერძენიშვილისა და პირადი დაცვის, გია ჩადუნელის ჩვენებები იმის თაობაზე, რომ მათ წინასწარ იცოდნენ 15 მარტს ჯანგველაძის ჩამოფრენის შესახებ. უფრო კონკრეტულად კი ჯანგველაძემ იმ დღეს მხოლოდ საღამოს გადაწყვიტა მეგობრის პანაშვიდზე მისვლა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პირადი მცველი ფლობდა. გამოძიებას არ უმუშავია ჩადუნელის მიმართულებით არც ერთ ვერსიაზე, მიაწოდა თუ არა ვინმეს რაიმე ინფორმაცია ჯანგველაძის სავარაუდო მარშრუტის შესახებ.
პროკურატურის ბრალში წერია, რომ გიორგი ჯოხაძემ გელა უძილაურზე გაასაღა სანდრო წივწივაძისგან შეძენილი იარაღი. ამ ფორმულირების მიხედვით, სრული აბსურდია წივწივაძის ბიცოლას ჩვენება, რომ ჯანოს იარაღი წაიღო მამუკა ჟიჟილაშვილმა და მისცა მიქაძეს, შემდეგ მიქაძემ დაუდასტურა, რომ იარაღი მასთანაა.
შემდეგი დრამატული ეპიზოდი სასტუმრო „თბილისი თაუერში“ შეხვედრაა, სადაც დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე ერთმანეთს ნამდვილად შეხვდნენ. მიქაძე 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა სასტუმროს ფოიეში, ხალხმრავალ ადგილას, კამერებისა და ჩართული ტელეფონების თანდასწრებით. ამ დროსა და მოცემულობაში მკვლელობის დაგეგმვა აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამბავია. სასტუმროში გელა უძილაური არ იმყოფებოდა, ისევე როგორც გიორგი მიქაძე.
რაც შეეხება „ამბასადორის“ ეპიზოდს, სამხარაულის ექსპერტი ამბობს და ეს პროცესზეც დაადასტურა, რომ რაკი ვიდეოკადრებში გელა უძილაურის სახე არ ჩანს, დაზუსტებით ვერ იტყვის, რომ ეს ნამდვილად ისაა, გასროლისა და მკვლელობის რეპეტიციის ეპიზოდი ტარიელ კაკაბაძისა და ტვ „პირველის“ ფანტაზიაა, რადგან ეს ფაქტი არც ვიდეოკადრებით დასტურდება და არც ექსპერტიზის დასკვნით. ფანტაზიორი კაკაბაძე მიუთითებდა „ამბასადორთან“ დაზიანებულ ავტომანქანაზე. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაასკვნა, რომ კაზინოს ავტომობილი დაზიანებულია არა გასროლის, არამედ ბლაგვი საგნის დარტყმის შედეგად და ზიანი შეადგენს 5000 ლარს. საერთოდ, თუ ამ საქმეში რომელიმე ეპიზოდი გამოძიებულია, ეს სწორედ „ამბასადორის“ ეპიზოდია. გამოკითხულია უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაცვის უფროსი, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ჩატარებულია ყველა სახის ექსპერტიზა.
რაც შეეხება გელა უძილაურის „ამოცნობას“ ბავშვობის მეგობრის მიერ, ადვოკატის განცხადებით, მას დაკავებით დაემუქრნენ და იძულებული გახდა, გელა უძილაური მიხრა-მოხრით ამოეცნო.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გელა უძილაურზე ზეწოლა გრძელდება, _ ამჯერად კოკა მორგოშიამ მის ბიძას, დედის ძმას, რუსთაველი ძველი ბიჭი სოსო, მეტსახელად „ყასაბიჩი“ გაუგზავნა.
იმის გამო, რომ გამოძიება ჩიხშია, ამჯერად მას ჰაერივით სჭირდება გიორგი კაჭკაჭიშვილის ჩვენება. ჩვენი პუბლიკაციების შემდეგ ციხეში ვინმეს უკანონოდ შეყვანა გამორიცხულია, ამიტომ იგეგმება კაჭკაჭიშვილის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც მას მამამისი, მერაბ კაჭკაჭიშვილი უნდა მიუყვანონ. თუ მამა შვილისგან სასურველი ჩვენების მიღებას მოახერხებს, მას სამაჯურის მოხსნას ჰპირდებიან.