QronikaPlus
მურმან დუმბაძე - ბიძინა ივანიშვილი ასლან აბაშიძის ბედს გაიზიარებს

მურმან დუმბაძე - ბიძინა ივანიშვილი ასლან აბაშიძის ბედს გაიზიარებს

2025-10-02 10:46:28

შორენა მარსაგიშვილი

 

რა პროცესები მიდის „ქარული ოცნების“ შიგნით? ჩამოშლის თუ არა ეს შიდა დაპირისპირება ხელისუფლებას? რამდენი ხნით დაგეგმა ივანიშვილმა ხელისუფლების სათავეში დარჩენა? გაიზიარებს თუ არა იგი აჭარის ყოფილ ლიდერ ასლან აბაშიძის ბედს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი მურმან დუმბაძე:

 

_ ბატონო მურმან, უკვე აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებაში“ სერიოზული შიდა დაპირისპირებაა. დააკავეს ირაკლი ღარიბაშვილისა და გრიგოლ ლილუაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები. თქვენ ოდესღაც ამ გუნდში იყავით და კარგად იცით მათი სამზარეულო. როგორ ფიქრობთ, რა ხდება მმართველ გუნდში?

_ არაფერი განსაკუთრებული, _ ხდება ის, რაც უნდა მოხდეს. ხელისუფლებების დასასრულის წინ ასეთი ამბები ჩვეულებრივი მოვლენაა. როდესაც ძალაუფლების შენარჩუნების ყველა რესურსი ამოიწურება, ამის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს მისდგებიან ხოლმე.  რესურსებზე როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ ფინანსურ და ხალხის რესურსებსაც. ეს რესურსები მათ უკვე აღარ გააჩნიათ და დაერივნენ ერთმანეთს.

_ ფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ფული და ხალხის მხარდაჭერა აღარ აქვს?

_ ეს რესურსები აშკარად შემცირებულია, თუ არა ამოწურული. ახლა გადავიდნენ ერთმანეთის გადაბრალებაზე. ეს ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება მალე დასრულდება. და ეს რომ ასე იქნება, საამისოდ აჭარის მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: ასლან აბაშიძე 13 წელი მართავდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. 2002-2003 წლები, მისი მმართველობის ბოლო პერიოდი, დიდი დაჭერებით იყო გამორჩეული. აკავებდნენ მინისტრებს, დეპარტამენტის უფროსებს, ასლან აბაშიძესთან ახლო გარემოცვაში მყოფ ხალხს. ძალიან ბევრს გაუფუჭდა ასლანთან საქმე, საუბარი მაქვს მის ახლო გარემოცვაზე. ზუსტად ახლა ეს პერიოდი უდგას „ქართულ ოცნებას“. საკადრო ცვლილებებიც კი ემთხვევა ერთმანეთს. შს მინისტრი და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი მოხსნა ასლანმა. ვიღაც დაიჭირა, ვიღაც გააგდო, ვიღაცას ფული მოსთხოვა.

_ ფულიც დააბრუნებინა ასლან აბაშიძემ თავის ჩინოსნებს?

_ კი, კი! _ ეს ჩვეულებრივი ამბავია ავტორიტარული მმართველობის დროს. იყო ასეთ ადამიანი ასლან სმირბა. ის გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, ბათუმის მერი და ბათუმის პორტის ხელმძღვანელი. მას ეს სამივე თანამდებობა ერთდრიულად ეკავა. ის ასლან აბაშიძის დიდი ნდობით სარგებლობდა, მაგრამ ბოლოს მასაც აუხირდა და ფულს სთხოვდა.

დღეს ზუსტად იგივე ხდება „ქართულ ოცნებაში“, რაც 2002-2003 წლებში ხდებოდა ასლან აბაშიძის კარზე. ქართულმა საზოგადოებამ ეს მომენტი კი არ უნდა გამოიყენოს, არამედ კარგად უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ ეს არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც უნდა დასრულდეს. საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ადგილი აღარ უნდა იყოს. როგორც თავის დროზე ასლან აბაშიძის რეჟიმი დასრულდა, ასევე დასრულდება ივანიშვილის რეჟიმიც. ახლა ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდის.

_ ის, რაც მაშინ ასლან აბაშიძის კარზე ხდებოდა, ახლა მართლა იგივე ხდება ივანიშვილის კარზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აბაშიძე ერთი რეგიონის მმართველი იყო მხოლოდ.

_ რეგიონის მმართველი იყო, მაგრამ ის სახელმწიფო წარმონაქმნის _ აჭარის ავტონომიური რესპუბკლლიკის ლიდერი იყო. მან აჭარისგან, ფაქტობრივად, პატარა, ცალკე სახელმწიფო შექმნა. ჩოლოქიდან გოდერძის უღელტეხილამდე მას აბსოლუტური კონტროლი ჰქონდა დამყარებული. ყველა სახელმწიფო მოხელე, რომელიც მაშინ აჭარაში ცხოვრობდა, ამბობდა, რომ ასლანი არის ნომერ პირველი ფიგურა. ახლა „ქოცები“ იგივეს ამბობენ ივანიშვილზე. მაშინ აჭარაში მხოლოდ ადამიანების მცირე რაოდენობა ამბობდა, რომ

ასლანის ქმედებები იყო შეცდომა; რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ავტორიტარიზმს და ითხოვდნენ კონკურენციას პოლიტიკოსებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეას ძალიან ცოტა უჭერდა მხარს, მაინც გაიმარჯვა. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ. შესაძლოა, ეს ზებუნებრივი ძალები იყო, შეიძლება, ეს გარე ჩარევა იყო, მაგრამ ასლანი გაიქცა და  დღეს ჩვენ, მისგან განსხვავებით, თავისუფლად დავდივართ საქართველოს ტერიტორიაზე. ასე თავისუფლად ჩვენ ვერ დავდიოდით მისი მმართველობის დროს.

_ თქვენ ასლანის მმართველობასთან ავლებთ პარალელს და გამახსენდა, რომ მისი მთავარი ლოზუნგიც მშვიდობა იყო. ისიც მშვიდობის თემით მანიპულირებდა და ამბობდა, რომ მან ააცილა აჭარა სამოქალაქო ომს.

_ ასე იყო. თითქმის იგივე ლოზუნგები აქვს ახლა „ოცნებას“, რაც მაშინ ასლან აბაშიძეს ჰქონდა. ასლანი ამბობდა, ჩოლოქის გადაღმა მიმდინარეობს ძმათამკვლელი ომი, სამოქალაქო დაპირისპირებაო. განსაკუთრებით ხშირად მოჰყავდა სამეგრელოს მაგალითი. აბაშიძე ამბობდა, რომ მან გადაარჩინა აჭარა იმისგან, რაც დანარჩენმა საქართველომ გამოიარა.

_ ობიექტურობისთვის აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ აჭარას სამოქალაქო ომი არ შეხებია.

_ არ შეხებია, მაგრამ სხვა უბედურება შეეხო. რასაც ასლანი ამბობდა (მშვიდობის შენარჩუნება), ეს გახლდათ „ეფესბეს“ დაწერილი ალგორითმი, ის ბოლომდე ასრულებდა ამას, რის ხარჯზეც 13 წელი და 3 თვე ნებივრობდა აჭარაში. ბიძინა ივანიშვილს ეს რეკორდი ჯერ არ მოუხსნია.

_ აღარც ბევრი უკლია.

_ 2025 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყება მეთოთხმეტე წელი, რაც მისი გუნდი ხელისუფლებაშია. ასლანი 13 წელი და 3 თვე მეურვეობდა აჭარის რეგიონს. საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიაღწიოს იმას, რომ ასლანის ავტორიტარული რეჟიმის რეკორდი ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოხსნას. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ საიმისოდ, რომ 4 ოქტომბერს ქართველობამ ბიძინა ივანიშვილს უარი უთხრას.

_ თქვენ კი გინდათ, რომ ივანიშვილმა ეს რეკორდი არ მოხსნას, მაგრამ მას აშკარად სხვა განზრახვა აქვს. თავად თქვით ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ის 20 წელი აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას. მას კიდევ შვიდი წელი აქვს დარჩენილი და როგორ იქნება ეს ამბავი?

_ მართლა ასე მითხრა. თუ რამეს ვამატებდე, ღმერთმა ხვალინდელი დღე არ გამითენოს. 2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოში ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, სადაც ერთი ადამიანი იყო ერთ ხმა. ეს არჩევნები მოიგო „ქართულმა ოცნებამ“. მიშა დამარცხდა. მან დამარცხება აღიარა და არჩევნებში გამარჯვება მოგვილოცა. ჩვენ ძალიან გახარებულები ვიყავით. ჩემი და ივანიშვილის საუბარი სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ შედგა, 10 ან 15 ოქტომბერი იყო, ხელისუფლება ჯერ დაკომპლექტებულიც კი არ იყო. ივანიშვილმა მითხრა, _ მურმან, ისე უნდა გათვალო შენი ცხოვრება, რომ 20 წელი ვიქნებით ხელისუფლებაშიო. მე  მასთან მაშინ ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა მქონდა და შემეძლო მასთან ხუმრობით ლაპარაკი. ჰოდა, ვუთხარი, _ 20 წელი თუ დავაპირეთ ასე დარჩენა, მაშინ ასლანივით გაგვაგდებენ-მეთქი.

_ რა გიპასუხათ ივანიშვილმა?

_ სერიოზულად მიპასუხა, _ ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ისე არ მოვიქცევით, რომ ასლანივით გაგვაგდონ ხელისუფლებიდანო.

_ რის საფუძველზე გითხრათ, რომ 20 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში? რამე გარანტიები მიიღო?

_ ეს გარანტიები თუ პერსპექტივა მას არჩევნების მოგების შემდეგ გამოუჩდა. 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე მას ასეთი რამე არ უთქვამს. არჩევნებამდე ის იქცეოდა ძალიან წესიერად.

_ წესიერად მოქცევაში რას გულისხმობთ?

_ კონკურენტულად, როგორც სჭირდება პოლიტიკურ პარტიას. ძალიან ღირსეულად მოქმედებდა. მაგალითად, მე რადიკალურად განწყობილი ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ვამბობდი, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაგვეყენებინა. ივანიშვილი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

_ ივანიშვილი „ნაციონალების“ დასჯის წინააღმდეგი იყო?

_ დიახ. ივანიშვილი ამბობდა, „ნაციონალები“ არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ამოცანაა, ისინი ვაქციოთ ჩვენნაირებადო. პირველი ოქტომბრის შემდეგ ეს კაცი რადიკალურად შეიცვალა.

_ ასე უცბად შეიცვალა?

_ 2 ოქტომბერს უკვე შეცვლილი იყო.

_ თქვენი აზრით, რა დაემართა?

_ არ ვიცი, რა დაემართა. როგორც ჩანს, პირველ ოქტომბრამდე მან ითამაშა. ის უდავოდ კარგი თეატრმცოდნე და შესანიშნავი მსახიობია. ივანიშვილი გახლავთ კაცი, რომელსაც შეუძლია თამაში. ამ თამაშით მოგვიგო და ამ თამაშში აგვიყოლია. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით მაშინ.

_ რას გულისხმობთ შეცდომაში, _ ივანიშვილს რომ დაუჯერეთ, თუ ხელისუფლება რომ შეიცვალა?

_ ხელისუფლება იმ მომენტისთვის უნდა შეცვლილიყო, მაგრამ სხვანაირად და სხვა ადამიანით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მდიდარი ადამიანის ხელისუფლების სათავეში მოყვანა. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც ქართველმა ხალხმა მაშინ დაუშვა. ვფიქრობ, რომ ასეთი შეცდომა ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ამომრჩეველმა აღარასდროს უნდა დაუშვას.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მალე ივანიშვილს ხელისუფლებიდან გავუშვებთ. მაგრამ ეს მაგალითი ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ და არასდროს მოვიყვანოთ სათავეში ძალიან მდიდარი ადამიანი. ფულის დიდ ტომარაზე მჯდომი კაცი ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ხელისუფლების სათავეში სხვანაირი ადამიანია საჭირო.

_ როგორი ადამიანია საჭირო?

_ ადამიანი, რომელსაც პოლიტიკა ესმის. მას უნდა ჰქონდეს ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია, მაგრამ ასევე გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ რაღაც დროის შემდეგ ხელისუფლებიდან წასვლის პერიოდიც დაუდგება.

_ ქართულ პოლიტიკაში ასეთი კაცის მოძებნა შესაძლებელია?

_ რატომაც არა. მოვინდომებთ და მოვძებნით.

_ ქართველებს ძალაუფლების დათმობა და ხელისუფლებიდან საკუთარი ნებით წასვლა ძალიან უჭირთ.

_ უჭირთ, მაგრამ მაინც მიდიან ხოლმე. ადამიანი, რომელსაც მთელი 9 წლის განმავლობაში ვლანძღავდი, პოლიტიკიდან წავიდა. ბევრი ცუდი რამე შეიძლება ითქვას მიხეილ სააკაშვილზე, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, რომ მასზე დადებითიც ვილაპარაკოთ. 2012 წლის პირველ ოქომბერს 20:05 საათზე თქვა, რომ მე დავმარცხდი. წლების შემდეგ სააკაშვილის გარემოცვა კარგად გავიცანი. მისი დაცვის ერთ-ერთმა უფროსმა მითხრა, რომ ეს ჩანაწერი, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ გაუშვეს, გაკეთებული იყო 18:00 საათზე. მაშინ სააკაშვილმა შიდა გამოთვლებით უკვე იცოდა, რომ აგებდა არჩევნებს. ბიძინა ივანიშვილის წარმატება მიხეილ სააკაშვილმა დაიჯერა ჯერ კიდევ 20:00 საათამდე.

2016 წელს ივანიშვილი თუ არჩევნების გზით წავიდოდა, ეს კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ქართული სახელმწიფოსთვის. სამწუხაროდ, ივანიშვილმა ეს ნაბიჯი არ გადადგა. ჩვენ მომავალში ეს უნდა შევძლოთ. უნდა მივეჩვიოთ არჩევნებით წასვლას. ეს კარგად უნდა გაითავისონ იმ ადამიანებმა, რომლებიც აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას. ხელისუფლებაში მოდით, ძველი გაუშვით, მაგრამ სკამებზე დარჩით მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ამას საქართველოს მოსახლეობა მოინდომებს. როგორც წესი, ამომრჩეველი დიდი ხნით არ ინდომებს ხელისუფლების დარჩენას.

_ ვითომ ასეა?

_ რა თქმა უნდა. 2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ 48% მიიღო. ასე იყო 2020 წელსაც. ბიძინა ივანიშვილი 100%-ით აკონტროლებს ხელისუფლებას, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნია. ეს ვერ გაიაზრა ამ კაცმა და ამიტომ უნდა მივეხმაროთ, რომ წავიდეს ხელისუფლებიდან. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 4 ოქტომბერი. 4 ოქტომბერს საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვლება. 4 ოქტომბერი არის დღე, როცა შეიცვლება ქართული სახელმწიფოს დღის წესრიგიც. მმთავარია, რომ საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ რუსთაველზე.

_ გამოვლენ?

_ ვფიქრობ, რომ გამოვლენ. ჩემ ირგვლივ ვინც არის, ყველა იდგება რუსთაველზე. ზოგი ფიზიკურად მოვა, ზოგი ვერ მოვა. მთავარია, რომ ქართველობის უმეტესობა არის ცვლილებების მომხრე.

_ „ოცნება“ ამბობს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს და ძალაუფლებას შეინარჩუნებს, არაფერს დათმობს.

_ ეს ნებისმიერი ხელისუფლების თვისებაა. და ეს არის ყველა ხელისუფლების შეცდომა. ბიძინა 2016 წელს რომ წასულიყო, დარჩებოდა ერთ-ერთ ღრმა პოლიტიკოსად. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ვნახეთ ისეთი ხელისუფალი, რომელიც ამას შეძლებს.

_ და რა გარანტიაა, რომ შემდეგი ხელისუფალი ამას გააკეთებს და ისიც სკამს არ ჩაებღაუჭება?

_ ხალხმა უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არავინ ჩაებღაუჭიოს სკამს. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. ივანიშვილს წასვლა არ უნდა, მაგრამ ამაში მივეხმარებით და მას ხელისუფლებიდან გავუშვებთ. მაგრამ ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ შემდეგი ხელისუფლება აღარ შეცდეს. ევროპა ჩვენ იმიტომ კი არ გვინდა, რომ რუკაზე მოგვწონს მისი ადგილმდებარეობა, ევროპა გვინდა იმიტომ, რომ იქ დემოკრატიაა. იქ ხელისუფლებები არჩევნებით იცვლებიან. მინდა, რომ საქართველოშიც ასე იყოს. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს სახელმწიფოს იმსახურებს, რომელიც პირველ რიგში იქნება დემოკრატიული.

_ ზემოთ თქვენ ბევრი ისაუბრეთ ასლან აბაშიძესა და მის შეცვლაზე და იმედი გაქვთ, რომ ახლაც იგივე განმეორდება. ასლან აბაშიძის შეცვლა პროტესტის გარდა რამაც განაპირობა, თბილისში ხელისუფლების შეცვლა იყო და მას აღარც რუსეთმა დაუჭირა მხარი. იგორ ივანოვმა წაიყვანა ის მოსკოვში. ამ შემთხვევაში რუსეთი ივანიშვილის ხელისუფლებას ღიად უჭერს მხარს. რუსეთი კი, სამწუხაროდ, დიდი ძალაა.

_ რუსეთიც დაიხევს უკან, თუ ჩვენი საზოგადოება მტკიცე და შეუვალი იქნება. მოსკოვი ამბობდა, რომ კიევი სამ დღეში უნდა აეღო, მაგრამ ვერ შეძლო. ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა ისეთ ფორმაშია, შეუძლია ყველა ტერიტორიის დაბრუნება. აქამდე ტრამპს ასეთი რამ არ უთქვამს. რუსეთი ახლა დასუსტებულია და თუ აქ მტკიცე წინააღმდეგობა იქნა, უკან დაიხევს. ასლან აბაშიძეს რუსები ძალიან უჭერდნენ მხარს. ბათუმის სამხედრო ბაზა მის გვერდით იყო, მაგრამ მოსკოვმა როცა დაინახა, შევარდნაძეც უკვე დასრულებული იყო და ხალხსაც აღარ სურდა ასლანი, წავიდა დათმობაზე. ყველას მინდა მოგიწოდოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები იფიქროთ რუსეთზე.

_ რანაირად ვიფიქროთ რუსეთზე ნაკლები, როცა ყველგან რუსეთი გვეჩხირება?

_ ყველაფრის მიუხედავად, რუსეთი უნდა დავივიწყოთ. პირველ რიგში ჩვენს სახელმწიფოზე უნდა ვიფიქროთ. როცა შეუვალნი და მტკიცენი ვიქნებით, რუსეთი ჩვენს აზრს გაითვალისწინებს, მას სხვა გზა არ ექნება. ახლა 21-ე საუკუნეა და ქართველ ხალხს ამის გაკეთება შეუძლია. 2004 წელს, როცა ასლანის ბოლო დღეები იყო, მის წინააღმდეგ მხოლოდ რამდენიმე ათეული კაცი ვიბრძოდით. მართალია, აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩვენ გვიჭერდა მხარს, მაგრამ ღიად ამის თქმას ვერავინ ბედავდა. ასლანის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა 15-20-მა კაცმა დავიწყეთ, რასაც მერე დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. რუსეთიც მიხვდა, რომ ასლანის მხარდაჭერას აზრი არ ჰქონდა და წაიყვანა იქ, სადაც დღემდე ცხოვრობს. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ასლანი, მე ადამიანის სიცოცხლესთან პრეტენზია არ მაქვს. მაგრამ ეს კაცი იყო წასასვლელი და გავუშვით.

ესენიც უნდა გავუშვათ, ივანიშვილი აუცილებლად გაიზიარებს ასლან აბაშიძის ბედს. ის ან თავად წავა ან წაიყვანენ. მთავარია, ჩვენ ვიყოთ მტკიცენი და არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქროთ რუსზე. რუსეთის ფაქტორს ხშირად იყენებენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. არ აყვეთ ამ ნარატივს, რუსზე არ არის დამოკიდებული ჩვენი პოლიტიკური წყობა. საქართველოს სახელმწიფო როგორ იცხოვრებს მომავალში, ეს დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე. მე არ ვარ ის კაცი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი გვიშლის ხელს.

_ არ გვიშლის რუსეთი ხელს?

_ როგორ არ გვიშლის, მაგრამ თავი დავანებოთ მათ. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. ჩვენი პოლიტიკური მომავალი თავადვე უნდა გამოვჭედოთ. საქართველო უნდა გახდეს დემოკრატიული ქვეყანა. ვფიქრობ, რომ ხალხი ამისთვის მზად არის. მე საჯარო პოლიტიკოსი ვარ და სულ ქუჩებში დავდივარ. ყოველდღე უამრავ ადამიანს ვხვდები. ვესუბრები მათ და კარგად ვიცი ხალხის განწყობა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უნდა ცვლილებები. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ევროპულ გზაზე გავიდეთ. გვაქვს შანსი, რომ რუსეთი და საბჭოთა კავშირი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ. ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ საქართველო გაიმარჯვებს.

_ დაბოლოს, მინდა იმავე თემით დავასრულოთ, რითაც დავიწყეთ, _ „ოცნებაში“ მიმდინარე შიდა დაპირისპირება თუ იქონიებს რაიმე გავლენას იმ პროცესებზე, რომლის დაწყებასაც ოპოზიცია 4 ოქტომბერს აპირებს?

_ აუცილებლად იქონიებს. „ოცნების“ მხარდამჭერებს თუ წევრებს ეგონათ, რომ ისინი ხელშეუხებლები იყვნენ. ახლა მათ ამის გარანტიები აღარ გააჩნიათ და ისინიც ჩაერთვებიან პროცესებში. ყველა ხელისუფლების დასრულებას წინ უძღოდა შიდა დაპირისპირება და დაჭერები. „ოცნების“ შემთხვევაშიც ასე იქნება. საქართველომ აუცილებლად უნდა დაიწყოს ახალი გზით სიარული. საქართველო უნდა გახდეს ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა. ეს ლამაზი მხარე და ლამაზი ხალხი ამას იმსახურებს.

გაზიარება