QronikaPlus
ირაკლი შაიშმელაშვილი -  4 ოქტომბერი უნდა იქცეს ისტორიულ თარიღად

ირაკლი შაიშმელაშვილი - 4 ოქტომბერი უნდა იქცეს ისტორიულ თარიღად

2025-10-02 10:37:39

მიხეილ ხაჩიძე

 

სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს გადამდგარი თანამშრომლები სისტემაში დარჩენილ ძალოვნებს საგანგებო განცხადებით მიმართავენ. მათი თქმით, დღეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ეტაპია და საჭიროა ერთიანობა, რათა ქვეყანა რუსეთის გავლენისგან და უპერსპექტივო მომავლისგან იყოს დაცული.

 

როგორც ისინი აცხადებენ, „რუსული ოცნება“ ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას ცდილობს და ეს ხდება სწორედ იმ ძალოვანი სტრუქტურების ხელით, რომლებიც ხშირად უსიტყვოდ ასრულებენ დანაშაულებრივ ბრძანებებს. ვეტერანები დარჩენილ თანამშრომლებს მოუწოდებენ, „გამოეცალონ ბოროტ სისტემას, შეასრულონ ფიცი და ემსახურონ არა ხელისუფლებას, არამედ _ საქართველოს“.

 

სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა:

„ჩვენ, საქართველოს სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის ემიგრაციაში მყოფი ვეტერანები, საქართველოს ეროვნული გმირებისა და ჩვენი დროშის ფონზე ვერთიანდებით ერთი მიზნით: საკუთარი წვლილი შევიტანოთ საქართველოს გადასარჩენად.

დღეს სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის ჟამი დგას, როდესაც ჩვენი ერთობით, ბრძოლისუნარუანობითა და სიმტკიცით უნდა გადავარჩინოთ საქართველო, რათა იგი არ გახდეს რუსეთის მონობის, უსამართლობისა და სრული უიმედობის მსხვერპლი. ჩვენ დღეს ვერთიანდებით სამშობლოს, ეროვნული გმირებისა და მომავალი თაობების გამო. ეს ერთიანობა ეძღვნება 4 ოქტომბერს.

დღეს, როცა საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი უნდა გადაიშალოს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ახალი საქართველოს დაბადება.

თუ ვინმემ იცის აბსოლუტური სიზუსტით, რა ხდება დღეს ქვეყანაში, ეს ძალოვანი სტრუქტურებია, ამიტომ მოგმართავთ თქვენ, რიგით და საშუალო რგოლის თანამშრომლებს, და არამც და არამც თქვენს ხელმძღვანელებს, რომლებმაც უკვე გააკეთეს თავიანთი არჩევანი და ისინი სიბნელის მხარეს დადგნენ. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. დადგა დრო, როცა რეალობა უნდა შეიცვალოს. დადგა დრო, როცა წლობით სისტემაში ჩამჯდარმა ყველა რეჟიმისა და მთავრობის მონა-მორჩილმა, ყველა დანაშაულებრივი ბრძანების უსიტყვო შემსრულებელმა ერთი და იგივე სახეებმა აღარ უნდა გმართონ. მოვიდა დრო, ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები. მათ შორის, განხორციელდეს ძალოვანი სისტემების საფუძვლიანი, სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებული იქნება, ერთი მხრივ, მშვიდობაზე, სამართლიანობასა და უსაფრთხოების დაცვაზე და, მეორე მხრივ, საკანონმდებლო დონეზე თანამშრომელთა მოვალეობების დარეგულირებაზე. მოვიდა დრო და თქვენ კი გეძლევათ შანსი, გახდეთ ამ უნიკალური ცვლილებების თანამონაწილე... ცხადია, თქვენც, ჩვენც, მათაც და ყველა სხვასაც ესმის, რომ ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს, ამაში არაფერია არაბუნებრივი. პირიქით, თუ ვინმე ასე არ ფიქრობს, ისაა უცხო. თუმცა მათ და ჩვენ ყველას ერთად, მთელ ქვეყანას ეს ხმები მოგვპარეს. მოპარული ხმების ერთ-ერთი თანამონაწილე კი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყავით და ეს ყველაზე კარგად თქვენ იცით, ვინაიდან იძულებით გაქციეს ამ სიბინძურის თანამონაწილეებად.

ამ სისტემური დანაშაულებების თანამონაწილედ თქვენ თქვენი მოქმედებით თუ უმოქმედობით გხდიან და ეს ყველაფერი თქვენი სახელით კეთდება. ამ პერიოდში ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი იწერება საქართველოს ისტორიაში, როცა ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას მთელი ძალით და სრული რესურსებით ახორციელებს რუსული ოცნება.

თქვენ ხართ ერთადერთი დასაყრდენი, რაზედაც დგას ახლა არალეგიტიმური და არაკანონიერი ხელისუფლება. არ დასჭირდება ისტორიას ბევრი დრო ამ მოვლენების შესაფასებლად, მიეცით თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს საშაულება, იამაყონ თქვენით.

ირწმუნეთ, რომ ბევრი ხართ, ირწმუნეთ ერთმანეთის, ირწმუნეთ იმ გმირების, რომლებიც იცავდნენ ეროვნულ ინტერესებს, ირწმუნეთ ახალგაზრდა თაობის, რომლებიც სისტემიდან წამოსულ თითოეულ თქვენგანს აღტაცებით შეხვდება და გულისფანცქალით გელოდებათ, ვინ იქნებით შემდეგი, რომ მიგიღოთ, რომ გმირებად გაქციოთ. ირწმუნეთ თქვენი სამშობლოს მომავლის, რომ თქვენ უნდა ააშენოთ ახალი ევროპული საქართველო, ახალი ევროპული ძალოვანი სისტემებით.

ბოლოს და ბოლოს, ირწმუნეთ საკუთარი თავის. გამოეცალეთ მაგ ბოროტ სისტემას და შეატოვეთ რუსული სახელი მათ, თქვენ კი წამოდით და თან წამოიღეთ თქვენი წილი ღირსება, რაც ამდენი წელი სიამაყით ატარეთ. უბრალოდ შეასრულეთ თქვენი ფიცი – ემსახურეთ საქართველოს!

დაბოლოს, დავასრულებ გიორგი კვინიკაძის სიტყვებით: „თუ თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო, თქვენ იპოვით თქვენს საქციელს“. დიდება გმირებს!“ – თქვა შაიშმელაშვილმა.

 

პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების ახალი რეალობა

 

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები ახალი რეალობის წინაშე აყენებს როგორც „ოცნების“ ხელისუფლებას, ისე ოპოზიციურ სპექტრსა და რიგით მოქალაქეებს. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში თანდათანობით გაღრმავდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უკვე გასცდა მხოლოდ არჩევნების შედეგების ირგვლივ განვითარებულ დაპირისპირებას და გადაიქცა სისტემურ პრობლემად. მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ხედავს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არ ემთხვევა ქვეყნის ისტორიულ არჩევანს – ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას – და უფრო მეტად უკავშირდება რუსულ მოდელს, რომელიც ეფუძნება ავტორიტარიზმს, ძალაუფლების უზურპაციასა და პროპაგანდაზე დაყრდნობილ კონტროლს.

ამ პროცესებში მნიშვნელოვანია ემიგრაციაში მყოფი ქართველების ხმა, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისა, რომლებმაც წლების განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაში შეიტანეს წვლილი. ერთ-ერთი ასეთი ფიგურაა ირაკლი შაიშმელაშვილი – ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელი, რომელსაც პოლიტიკური დევნის შესახებ საფრთხეების გამო სამშობლოს დატოვება მოუწია. თუმცა მან არ დაკარგა ხმა და დღესაც აგრძელებს აქტიურ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის სხვა პლატფორმიდან.

მისი სიტყვები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან იგი წარმოადგენს იმ პროფესიონალთა თაობას, რომელსაც პირადი გამოცდილება აქვთ სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობისა და იცის, რა სახის საფრთხეებით არის სავსე ქვეყნის თავდაცვა, უსაფრთხოება და დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, როდესაც იგი მიმართავს როგორც საზოგადოებას, ისე მოქმედ ძალოვნებს მოწოდებით – ემსახურონ არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს – ეს არა მხოლოდ პოლიტიკური სლოგანია, არამედ ერთგვარი სამხედრო-სტრატეგიული ხედვის გამოძახილი.

ბოლო თვეებში საქართველოში პროტესტის ტალღა არ წყდება. თითქმის ყოველდღიურად ათასობით მოქალაქე გამოდის ქუჩაში, რათა გამოხატოს უკმაყოფილება ბიძინა ივანიშვილის მიერ დამყარებული ფაქტობრივი რეჟიმის მიმართ. განსაკუთრებით სიმბოლური და მნიშვნელოვანი გახდა 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქცია. ეს დღე ბევრი მოქალაქის თვალში შეიძლება იქცეს გარდამტეხ მომენტად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქციას ენიჭება ისტორიული დატვირთვა – შესაძლებლობა, რომ საზოგადოებამ აჩვენოს ერთიანობა, სიმტკიცე და მზადყოფნა საკუთარი უფლებების დასაცავად.

ამ პროცესში ემიგრაციაში მყოფი ვეტერანების როლი განსაკუთრებულია. ისინი, ერთი მხრივ, ახმოვანებენ იმაზე მეტს, ვიდრე საართველოს მკვიდრნი და ყოველდღიურად ზეწოლის, შიშის ან დევნის რისკის ქვეშ იმყოფებიან. მეორე მხრივ კი ისინი ქმნიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ხიდს – ქართულ პრობლემებს აცნობენ უცხოეთის დიპლომატიურ წრეებსა და საერთაშორისო მედიას. სწორედ ამიტომ მათი განცხადებები ხშირად ხდება იმპულსი ახალი დისკუსიებისა და მხარდაჭერის გამოხატვისთვის.

ირაკლი შაიშმელაშვილთან ინტერვიუ განსაკუთრებულია არა მხოლოდ მისი პოლიტიკური შეფასებების მიზნობრიობით, არამედ _ ემოციურადაც. მასში იგრძნობა ტკივილი სამშობლოს დაკარგვის გამო, მაგრამ, ამავე დროს, რწმენა, რომ ცვლილება გარდაუვალია. იგი საუბრობს იმ სირთულეებზე, რომლებიც ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს აქვთ – ერთდროულად თავისუფლების შეგრძნება და მძიმე ტვირთი, როცა ხედავ საკუთარი ქვეყნის დანგრევას შორიდან. შაიშმელაშვილი „ქრონიკა+“-თან ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სისტემაში ჯერ კიდევ მუშაობენ პატრიოტი ოფიცრები, რომლებიც აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას – ემსახურონ ქვეყანას და არა კონკრეტულ პიროვნებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, როცა „ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების დაშინებას, რეპრესიებსა და ძალადობას.

ინტერვიუს ერთ-ერთი ცენტრალური თემა არის 4 ოქტომბრის აქცია და მისი მნიშვნელობა. შაიშმელაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ამ დღეს იყვნენ ბევრნი და გამოხატონ ერთიანობა. მისი თქმით, ხელისუფლება ხალხს ითვლის და სწორედ რაოდენობა და კონსოლიდაცია იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. თუ აქცია იქნება მასშტაბური და მშვიდობიანი, მაშინ იგი შეძლებს პოლიტიკური პროცესების გარდატეხას.

 

საერთაშორისო კონტექსტი: დასავლეთის რეაქციები და რუსული გავლენების დისკუსია

 

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განუყოფელია საერთაშორისო კონტექსტისგან. ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა – ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი – და ისტორიული მიზანი, გახდეს ევროპის ნაწილი, ყოველთვის განსაზღვრავდა მის პოლიტიკურ დღის წესრიგს. დღეს, როცა საზოგადოებაში უკმაყოფილება იზრდება და ოპოზიციური მოძრაობები აქტიურდება, დასავლეთის რეაქციები და რუსული გავლენების საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური სტრუქტურები ბოლო წლებში მრავალჯერ გამოხატავდნენ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების უკან დახევის გამო. განსაკუთრებით მწვავე გახდა ეს კრიტიკა მას შემდეგ, რაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა დაიწყო ავტორიტარიზმისკენ გადახრის ნიშნების გამოვლენა. ბრიუსელში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა საფრთხის ქვეშაა, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და არ უზრუნველყოფს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესის წევრები მკაფიოდ აფრთხილებენ თბილისის ხელისუფლებას, რომ ოპოზიციის დევნა, მედიის კონტროლი და სასამართლოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლა არის დემოკრატიის ძირითადი პრინციპების დარღვევა. მათ განცხადებებში არაერთხელ დაფიქსირდა პოზიცია, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, დასავლეთის მხრიდან დადგეს კონკრეტული ბერკეტებიც. ეს გზავნილები არ არის მხოლოდ დიპლომატიური რბილი კრიტიკა – ისინი პოლიტიკური წნეხის აშკარა მექანიზმია, რომელიც მიანიშნებს, რომ საქართველო დასავლეთის ყურადღების ცენტრშია.

ამავე დროს, დასავლეთში სულ უფრო მძაფრდება დისკუსია რუსეთის გავლენების შესახებ. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული რეჟიმი გარდამტეხ ფაზაში დგას: ერთი მხრივ, იგი აცხადებს ერთგულებას ევროპული კურსის მიმართ, მეორე მხრივ კი პრაქტიკული ნაბიჯებით ხელს უწყობს კრემლის სტრატეგიას – საზოგადოების გახლეჩას, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას და ქვეყნის საგარეო კურსის შენელებას. ამაში ასახულია კლასიკური „ჰიბრიდული გავლენის“ ნიშნები, რომლებიც რუსეთმა უკვე წარმატებით გამოიყენა მოლდოვაში, ბელარუსსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე არაერთი დებატი გაიმართა. იქ ხშირად აღნიშნავენ, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი კვლავ ერთგულია ევროპული ინტეგრაციის იდეის. ამიტომ დასავლეთში სულ უფრო მკაფიოდ ისმის პოზიცია, რომ დახმარება უნდა მიემართოს მოსახლეობას და არა ხელისუფლებას. ეს მიდგომა ხაზს უსვამს ერთ-ერთ მთავარ ტენდენციას – დასავლეთი ცდილობს აჩვენოს მოქალაქეებს, რომ ისინი მარტო არ არიან და რომ საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ სწორედ ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს.

ამ კონტექსტში 4 ოქტომბრის აქცია შესაძლოა იქცეს დასავლეთისთვის ერთგვარ ტესტად. თუ ქართველი საზოგადოება შეძლებს ერთიანობის ჩვენებას, ეს გახდება ძლიერი არგუმენტი ბრიუსელისა და ვაშინგტონის თვალში. მშვიდობიანი, მასშტაბური და პრინციპული პროტესტი დაანახვებს მსოფლიოს, რომ საქართველოს მოსახლეობა მზად არის დაიცვას საკუთარი გზა და არ დაუშვას მისი ჩათრევა რუსეთის ორბიტაში.

თუმცა, პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გაავრცელოს ნარატივი, რომ პროტესტებს „გარე ძალები“ მართავენ. ეს სტრატეგია ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – დაასუსტოს პროტესტის ლეგიტიმურობა და საზოგადოებაში დათესოს უნდობლობა. რეალურად კი საერთაშორისო კონტექსტი ნათლად აჩვენებს, რომ ერთადერთი „გარე ძალა“, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში უხეშად არის ჩარეული, სწორედ რუსეთია. ხელისუფლების ბრალდებები დასავლეთის მიმართ ამ შემთხვევაში მხოლოდ პროპაგანდის ინსტრუმენტია.

 

ინტერვიუ ირაკლი შაიშმელაშვილთან:

 

_ ბატონო ირაკლი, თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით ძალოვან სტრუქტურებში. მოგიწიათ ემიგრაციაში წასვლა. რას გრძნობთ – თავისუფლებას, პასუხისმგებლობას თუ მძიმე ტვირთს?

_ ემიგრაციაში ყოფნა ერთდროულად თავისუფლებაც არის და მძიმე ტვირთიც. თავისუფლება მხოლოდ იმ ნაწილში, რომ ხმამაღლა თქვა სათქმელი და მიიტანო ის საზოგადოებამდე, რომელსაც საქართველოში ვერ მოვახერხებდი. მეორე მხრივ კი ეს ძალიან მძიმე ხვედრია, უცხო ქვენიდან უყურებდე, როგორ ნაფლეთებად აქცევენ შენს ქვეყანას.

_ 4 ოქტომბერს თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება, – რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ დღეს?

_ ჩემი აზრით, 4 ოქტომბერი უნდა იქცეს ისტორიულ თარიღად. ეს არის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებამ მოახერხოს კონსოლიდირება, გაერთიანება და მოითხოვოს მშიდობიანად მისი კუთვნილი წილი საქართველოს დაბრუნება, რომელიც ტყუილებითა და ცბიერებით მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ ეს დღე უნდა იქცეს მომენტად, როცა საზოგადოება სიმტკიცეს აჩვენებს მათ.

_ ვიდეომიმართვაში ძალოვნებს მოუწოდეთ, ემსახურონ საქართველოს და არა _ ხელისუფლებას. რა რეაქცია გქონდათ მათგან, მიიღეთ თუ არა უკუკავშირი?

_ ჩემდა გასაკვირად, ბევრ მათგანთან მივიდა ეს სიტყვები. გასაგები მიზეზების გამო ისინი ვერ გამოდიან საჯაროდ, მაგრამ თუკი 4-ში საქართველოს ყველა მოქალაქე გაიზარებს საკუთარ წილ პასუხისმგებლობას და შეძლებს ერთ მუშტად გაერთიანებას, ეს იქნება მათთვის შესაძლებლობა, მიიღონ ღირსეული გადაწყვეტილება და ამას აუცილებლად გააკეთებენ.

_ არიან თუ არა დღეს სისტემაში საკმარისი რაოდენობის ოფიცრები, რომლებიც მზად იქნებიან, ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდნენ საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ?

_ სისტემაში ჯერ კიდევ მუშაობენ პატრიოტი და ღირსეული თანამშრომლები, რომლებმაც იციან, რომ მათი მოვალეობა არის ქართველი ხალხის, საქართველოს მსახურება და არა კონკრეტული პიროვნების. სწორედ მათზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველოს ხვალინდელი დღე.

_ რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც თქვენს მოწოდებას გაითვალისწინებენ?

_ დღეს მათ ემუქრებიან საკუთარი და ოჯახის წევრების სამსახურების დაკარგვით, დევნით და ცილისწამებით. თუმცა მალე სრულიად ახალი რეალობა იქნება ქვეყანაში და ისტორია ყველას თავის ადგილს მიუჩენს.

_ რამდენად რეალურია, რომ აქციამ მართლაც გარდატეხოს პოლიტიკური პროცესის?

_ აქციას ნამდვილად შეუძლია პოლიტიკური პროცესის გარდატეხა, თუ იქნება მშვიდობიანი, მასშტაბური და ერთიანი. მშვიდობიანი რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი და გარდამტეხი სწორედ რომ საზოგადოების ერთიანობა და პრინციპულობა არის. შესაბამისად, თუკი ეს ერთობა შედგება, ივანიშვილი ვერ შეძლებს მის უგულებელყოფას.

დააკვირდით, 300 დღე უწყვეტი პროტესტი გრძელდება და არცერთხელ არ შესთავაზეს ამ ადამიანებს დიალოგი და პროცესების მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანა _ ამით რუსული რეჟიმი ცდილობს ძალის დემონსტრირებას, საზოგადოების იგნორირებას, რათა მიაჩვიოს იგი, რომ მათ პროტესტს აზრი არ აქვს. 4-ში ყველაფერი სხვაგვარად უნდა მოხდეს. საზოგადოებამ საკადრისი პასუხი უნდა გასცეს დიქტატორსა და უზურპატორს.

_ ხელისუფლების მხრიდან რა რისკებს ხედავთ _ მიმართავს იგი ძალადობას, პროვოკაციებს?

_ ამ თვითმარქვია ხელისუფლებას არაერთხელ მიუმართავს ძალადობისა და პროვოკაციებისთვის, თუმცა ხალხით გავსებულ რუსთაველეზე (ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბევრი ადამიანის იქ დგომა) ამ პროვოკაციებზე ვერ წავა, ვერ გაბედავს, არ გამოუვა. ჩვენი ძალა კი სიმშვიდე და ორგანიზებულობა უნდა იყოს.

_ ემიგრაციაში მყოფი ვეტერანები როგორ აპირებთ აქციების მხარდაჭერას – მხოლოდ განცხადებებით თუ უფრო კონკრეტული ნაბიჯებითაც?

_ ჩვენ მხოლოდ განცხადებებით არ შემოვიფარგლებით. ჩვენ ვამზადებთ კონკრეტულ სტრატეგიულ მხარდაჭერას, მათ შორის, როგორც საინფორმაციო, ისე დიპლომატიური მიმართულებითაც.

_ თუ ხელისუფლება კვლავ უგულებელყოფს პროტესტს, რა უნდა იყოს საზოგადოების შემდეგი ნაბიჯი?

_ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ხელისუფლება აქციების დროს ითვლის ხალხს, ამიტომ 4-ში ქართველმა საზოგადოებამ უნდა აჩვენოს სიმრავლე, ერთიანობა და პრინციპულობა. თუ ეს მოხდება, მერწმუნეთ, აუცილებლად წავა ივანიშვილი კომპრომისებსა და დათმობაზე. თუ არ გაიქცა ქვეყნიდან, შეგვეხვეწება მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას.

_ რამდენად საჭიროა ერთიანობა ოპოზიციურ სპექტრსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის, რათა აქციებმა შედეგი მოიტანოს?

_ ერთიანობა აუცილებელია. ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და რიგითი მოქალაქეები თუ ერთ ფრონტად დადგებიან, შედეგი გარდაუვალი იქნება.

_ საქართველოში პროტესტის კულტურა ხშირად ასოცირდება მოკლევადიან აფეთქებებთან – როგორ უნდა გადაიქცეს ეს ენერგია მდგრად მოძრაობად?

_ პროტესტის ენერგია უნდა გადაიზარდოს სტრუქტურირებულ მოძრაობაში, სადაც არსებობენ ლიდერები, იქნება გეგმა და მკაფიო მიზნები.

_ ხელისუფლება აცხადებს, რომ პროტესტს „გარე ძალები“ მართავენ – როგორ უპასუხებთ ასეთ ბრალდებას?

_ ერთადერთი გარე ძალა, რომელიც საქართველოს საშინაო პოლიტიკაში უხეშად ერევა  და მართავს მას, არის რუსეთი!

მათი ბრალდება „გარე ძალებზე“ არის მხოლოდ მცდელობა, დააიგნორონ საკუთარი ხალხის ხმა. 4 ოქტომბრის მოძრაობა არის 100%-ით ქართული და იგი ითვალისწინებს მხოლოდ მომავალი თაობის ინტერესებს.

_ როგორია თქვენი გზავნილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კვლავ ფიქრობენ, რომ ქუჩის აქციებს რეალური ცვლილება ვერ მოაქვს?

_ მსოფლიო ისტრორიაში უამრავი მაგალითი არსებობს, რომ ქუჩის აქციებმა მშვიდობიანად შეცვალეს ხელისუფლებები. ვერცერთი ავტორიტარული რეჟიმი ვერ გაუძლებს ერთიან და მშვიდობიან საზოგადოებას. ის ხალხი კი, რომელიც ცდილობს დააკნინოს ეს პროტესტი, რუსულ ოცნებასთან კოლაბორაციში მყოფი კონფორმისტი ადამიანები არიან.

_ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი როლი მომავალში, – დარჩებით ემიგრაციაში აქტიური ხმით თუ გეგმავთ საქართველოში დაბრუნებას?

_ ჩემი როლი ემიგრაციაში დღეს არის ხმამაღალი ხმა საქართველოსთვის. მაგრამ, საბოლოოდ, ჩემი მიზანია დაბრუნება და სამშობლოსთვის სამსახური, როცა ამის შესაძლებლობა რეალური გახდება.

_ ფიქრობთ თუ არა პოლიტიკაში პირდაპირ ჩართვაზე?

_ პოლიტიკაში პირდაპირ ჩართვაზე ამჟამად არ ვფიქრობ. ჩემთვის ამ ეტაპზე მთავარია ქვეყნის გადარჩენა და ერთიანობა. შემდეგ უკვე დრო და ხალხი გადაწყვეტს, სად იქნება ჩემი ადგილი.

გაზიარება