პარასკევი, 19 სექტემბერი, 2025
2025-09-19 07:02:25
თამუნა მჭედლიშვილი
პროლოგი
რა მოხდა 11 სექტემბერს?
სუს-მა ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი, იურისტი მურთაზ ხურცილავა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში მოულოდნელად დააკავა. უწყებამ გააკეთა განაცხადება, რომ ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი ტელევიზიებითა და სოცქსელებით პოლიციელების მიმართ ხალხის მხარეს გადმოსვლის შემთხვევაში მათთვის ფულადი ჯილდოს შეთავაზება გახდა. მათივე განმარტებით, მურთაზ ზოდელავა ხაბეიშვილის ტელეფონის გადამალვის მცდელობისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.
„ქრონიკა+“ დაუკავშირდა მურთაზ ზოდელავას მეუღლე მაიკო მუმლაძეს, იურისტს, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა მეუღლე.
მთავარი ამბავი:
_ ქალბატონო მაიკო, პირველ რიგში, გვაინტერესებს, როგორ განწყობაზეა ბატონი მურთაზი?
_ მურთაზი არის ძალიან მხნედ და საბრძოლო განწყობაზე. ერთი წუთითაც არ უმოქმედია მასზე ამ დაკავების ფაქტს იმ თვალსაზრისით, რასაც ესენი ფიქრობდნენ, ყოველ შემთხვევაში, იმას, რომ შეაშინებდნენ. პირიქით, არის საბრძოლო განწყობაზე და დარწმუნებულია, დაწყებული უკომპრომისო ბრძოლა, რაშიც იგი ამდენი წელია არის, ნამდვილად ბოლომდე მივა ქართველი ხალხის დახმარებით. ამაში მურთაზი დარწმუნებულია და მოუწოდებს ყველას, რომ 4 ოქტომბერს ყველა გავიდეს რუსთაველზე.
_ რა მუხლი აქვს წაყენებული ბატონ მურთაზს? რის საფუძველზე აიყვანეს იგი? მურთაზ ზოდელავას აყვანა მაინცდამაინც წინასწარ დაგეგმილ ოპერაციას არ ჰგავდა. ლევან ხაბეიშვილის გვერდით რომ იმყოფებოდა იმ მომენტში, ამიტომ? თქვენი, როგორც მეუღლისა და როგორც იურისტის შეფასება როგორი იქნება ამ კუთხით?
_ მურთაზ ზოდელავას წაუყენეს პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევის მუხლი. დაკავების ამსახველ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ესევა 5 ადამიანი მურთაზს. რეალურად, მურთაზს მაგ მომენტში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მოპარეს, როგორც ყაჩაღებმა, მისი კუთვნილი, პირადი მობილური ტელეფონი. დაკავება განხორციელდა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მურთაზმა უარი განაცხადა მისი პირადი მობილური ტელეფონის დაბრუნებამდე, სუს-ის კუთვნილი მანქანიდან გადმოსვლაზე. შესაბამისად, პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევა არის აბსოლუტურად აბსურდული ბრალდება! ასეთი მოქმედება არ მომხდარა, პირიქით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ ჩაიდინეს დანაშაული, პრაქტიკულად, იმ თვალსაზრისით, რომ მათ მურთაზ ზოდელავას მოპარეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი!
_ რაც შეეხება იმ ვერსიას, თითქოს მურთაზ ზოდელავამ ლევან ხაბეიშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი, იგივე ნივთმტკიცება, დაუმალა პოლიციას?
_ ასეთი ინფორმაცია არ გამაჩნია. ამის შესაბამისი მუხლიც არ აქვს წაყენებული ნივთმტკიცებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უშუალოდ თვითმხილველი ვარ ამ პროცესის, ვიმყოფებოდი ტელეკომპანია „ფორმულას“ ტერიტორიაზე, როდესაც ჩემი მეუღლე დააკავეს და ამგვარი რამ პოლიციელებს ადგილზე არ გაუჟღერებიათ. პირიქით, მურთაზი მათ სთხოვდა პირადი მობილური ტელეფონის დაბრუნებას. აღწერილობასაც კი ეუბნება და აკონკრეტებს, ისმის კადრში, თუ როგორია მისი ტელეფონი და ითხოვს, რომ დაუბრუნონ. პოლიციიდან არავის გაუკეთებია კომენტარი ადგილზე, რომ მურთაზ ზოდელავა ითხოვდა სხვისი ტელეფონის, ამ შემთხვევაში, ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის დაბრუნებას. თუ ასე იყო ნამდვილად, ლოგიკურია, რომ მათი პასუხი ყოფილიყო, _ ეს არის ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი და ჩვენ ვერ დაგიბრუნებთ. შესაბამისად, ასეთი ფრაზა, განმარტება საუბარში არ ისმის კადრებში. მურთაზი ეუბნება, რომ „ჩემი მწვანე „ჩიხოლში“ ჩადებული ტელეფონი დამიბრუნეთ“. თუნდაც გახსნან და ნახონ, რომ ნამდვილად მისი ტელეფონია, მით უმეტეს, თუ ნივთმტკიცებულებაა და დამაგრებული თუ აქვთ ეს ტელეფონი, გახსნან და ნახონ ვისია. ადგილზეც ვურეკავდი გაუჩერებლად ჩემს მეუღლეს და შეეძლოთ ეპასუხათ, გაეგოთ ვის ტელეფონზე იყო საუბარი. მათ არც ის უარყვეს, რომ საკუთარ ტელეფონს ითხოვდა მურთაზი. ძალიან კარგად იცოდნენ, ვის ტელეფონსაც ითხოვდა და ამიტომაც არც კადრებში ისმის მათი მხრიდან რაიმე განმარტება და არც სამართლებრივ ოქმში არ არის მითითებული მსგავსი რამ. შესაბამისად, ეს არის აბსურდი. მათ ჰქონდათ მიზანი, როგორც ჩანს, მოეპოვებინათ მურთაზ ზოდელავას მობილური ტელეფონი, რაც გააკეთეს და ამის შემდგომ დააკავეს იგი.
_ რამდენ წელს ითვალისწინებს მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ წაყენებული ბრალი? აღმკვეთ ღონისძიებას ვგულისხმობ.
_ პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა: 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ჩემი მოსაზრება, როგორც მეუღლისა და როგორც იურისტის, ორივე შემთხვევაში თანხვერდრაშია. ვფიქრობ, რომ არავითარი აღმკვეთი ღონისძიება ამ შემთხვევაში არ უნდა შეუფარდოს მურთაზ ზოდელავას სასამართლომ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ ვითარებას, თუ გადავხედავთ ზოგადად სასამართლო მოცემულობას და იმ საქმეებს, რასაც დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ ყველა ერთად, რა თქმა უნდა, არავითარ ლოგიკურ გდაწყვეტილებას მე არ ველოდები. მაგრამ თუ წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით შევაფასებთ, იმ მტკიცებულებიდან გამომდინარე, რომელიც იქნება საქმეში, იმ კადრებიდან გამომდინარე, რომელიც ჩაიდება საქმეში, მაშინ სასამართლოს არავითარი საფუძველი იმისა, რომ მას რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება შეუფარდონ, არ გააჩნია. მაგრამ ჩვენ ხომ არ ვართ ლოგიკურ გარემოში და არც სამართლებრივში, შესაბამისად, ამაზე პროგნოზი ცოტა მიჭირს.
_ რას ფიქრობთ, გამოვა ხალხი 4 ოქტომბერს, დადგება და იბრძოლებს ბოლომდე მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად? არის მზად ამისთვის?
_ დარწმუნებული ვარ, რადგან ვხედავ განწყობებს. ამ ბოლო დღეების განმავლობაში ისეთი ადამიანებიც კი გამოხატავენ მზადყოფნას, რომლებისგანაც მეც არ ველოდი, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველზე იდგებიან ქართველი ხალხის გვერდით, აი, იმ ხალხამდეც კი მოახერხა ხელისუფლებამ მიტანა იმისა, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, ისეთი ადამიანებისგან მომდის მესიჯები ამ თვალსაზრისით. არ მეპარება ეჭვი, რომ ხალხი არის მზად. ამისთვის მზაობა შექმნა, ისევ და ისევ, ხელისუფლებამ. ეს არ შეუქმნია სხვას, ქართველი ხალხი ხედავს, რომ ამის იქით უკვე მეტი არ შეიძლება...
_ რას გულისხმობთ?
_ როდესაც 23 წლის გოგონას ბანერზე საღებავის შესხმის გამო აპატიმრებ, თან დაზიანება არ ყოფილა, იმ წუთას გაიწმინდა, სპეცოპერაციას ჩაუტარებ ბათუმისკენ მიმავალ გზაზე და როგორც ტერორისტს, ისე დააკავებ, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი გყავს ციხეში გამომწყვდეული, როდესაც ამდენი ახალგაზრდა გოგო-ბიჭი, უდანაშაულო სინდისის პატიმრები დააკავე, რა თქმა უნდა, ხალხი ამას ხედავს, ადეკვატურად აფასებს და, რა თქმა უნდა, ეს არ ჩაივლის უკვალოდ. ეს ყველაფერი გროვდება ბრაზის სახით, ეს გროვდება უსამართლობის უდიდესი განცდის სახით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს ხალხი მოიტანს რუსთაველის გამზირზე 4 ოქტომბერს. ჩვენ თუ ახლა ეს არ გავაკეთეთ, ხალხმა ეს თუ ახლა არ გააკეთა, არ ვიცი, მართლა როგორ უნდა გავაგრძელოთ ასეთ რეჟიმსა და პირობებში ცხოვრება. ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია, არა იმიტომ, რომ დღეს შეიძლება ვიღაცამ თქვას, როგორც პატიმრის მეუღლე ისე ვსაუბრობ, არა, ნამდვილად არა, რადგან გუშინდელ დღემდეც ასე იყო და გუშინდელ დღემდეც ნათელი იყო ჩემი გადასახედიდან ის, რაც ხდება დღეს საქართველოში.
_ ლევან ხაბეიშვილის დაკავების ფაქტზე რას იტყვით? როგორ შეაფასებთ?
_ ეს არის სუფთა პოლიტიკური ტერორი ლევანის მიმართ, ცალსახად. დარწმუნებული ვარ, პირველი კურსის სტუდენტი რომ გააჩეროთ, მისთვისაც აბსურდულია ის, რაც მოვისმინეთ ბრიფინგზე, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში ამგვარი შემადგენლობა, რაც ლევანს აქვს წაყენებული, უბრალოდ, არ არის. ასეთი დანაშაული ბუნებაში არ არსებობს. ყველამ ზეპირად ვიცით ქრთამის მუხლის შემადგენლობა. ნიშანდობლივი რა არის, ნახეთ? _ ქრთამის მიცემა, მუხლი, შეიძლება იურისტმა იცოდეს, მაგრამ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელს ეკითხებიან ჟურნალისტები, მათაც ზეპირად იციან ქრთამის მიცემის მუხლი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან ნიშანდობლივია დღევანდელ ვითარებაში, მაშინ, როდესაც საკუთარი გუნდის წევრებს აკავებენ კორუფციული ბრალდებებით, კარგად იციან, რაზეც არის საუბარი. დიახ, თავისთვის კარგად იციან, მაგრამ როდესაც ლევანზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ეს ვერ იქნება, რადგა შემადგნელობა არ გვაქვს სახეზე. ჯილდოს საჯაროდ დაპირებაზე გაგვიგია, ხომ ასეა? მაგრამ ქრთამის საჯაროდ მიცემა გაუგია ვინმეს ნეტავ? ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს კონკრეტული პირის მიმართ განხორციელებული, ეს უნდა იყოს პირადი გამორჩენის მიზნით, მიღებით განხორციელებული, შესაბამისად, არც ერთი გვაქვს და არც _ მეორე. ფარულად ხომ უნდა მოისყიდო ვინმე ამ მიზნით? არაფერი ამდაგვარი სახეზე არ არის. არ ვიცი, რის იმედად დაიწყეს ეს პროცესი და შევიდნენ ამ სამართლებრივ აბსურდში, მართლა არ მესმის! თვითონ ბიძინა ივანიშვილი ჰპირდებოდა ხალხს საარჩევნოდ თითოეულ სოფელს მილიონებს... არჩევნების წინ ბანკის ვალებს ჩამოწერდნენ „ოცნებისთვის“ ხმების მიღების სანაცვლოდ. ანუ თუ ასეთი ყოჩაღები არიან, ჩამოყვნენ თავიანთი გუნდის წევრებს და უკვე განხორციელებულ ფაქტებზე მოახდინონ რეაგირება. აქ ლევანის შემთხვევაში ჯერ არარსებულ განზრახვაზე საუბრობენ, რომ რაღაცას გააკეთებს ლევანი. თუ ეს მართლა დანაშაულია, ჩამოყვნენ საკუთარი გუნდის წევრებს და უკვე რაც გააკეთეს ხმების ყიდვის სანაცვლოდ, მათ მიხედონ და მოსთხოვონ პასუხი!
მე ლევანიც მოვინახულე. იგი მხნედ არის და არც შეშინებულია...
_ ე. ი., ზოგადად, დაშინების მიზნით აიყვანეს? მათი ხალხის დაშინების მიზნით...
_ დიახ, ეს არის დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედება, რაც, საბოლოო ჯამში, ვერავის დააშინებს. მეც, მისი ოჯახიც, თვითონაც ვართ ძალიან მხნედ, საბრძოლო განწყობაზე და კიდევ უფრო გაათმაგებული ენერგიით შევუდგებით საქმეს, რომელიც აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე.
მოვუწოდებ ყველას, რომ 4 ოქტომბერს დადგეს ხალხის გვერდით და გავაგონოთ ხმა ამ რეჟიმს, რომ ჩვენ ისინი აღარ გვინდა, რომ ისინი უნდა წავიდნენ! ეს არის გარდაუვალი!
ეპილოგი
„ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარედგინა სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 317-ე მუხლებით. 339-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებას, ხოლო 317-ე მუხლი საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ“.
პროკურატურამ ბრალი წაუყენა მურთაზ ზოდელავასაც და მას გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავება: „მურთაზ ზოდელავამ, გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება. საბოლოოდ, „მურთაზ ზოდელავას 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც მოცემულ შემთხვევაში გლისხმობს საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანოიბაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.
პროკურატურა სასამართლოსგან ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო მურთაზ ზოდელავას მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
P. S. 13 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ ლევან ხაბეიშვილს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ხოლო მურთას ზოდელავას _ 25 000 ლარის გირაო. მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს ჩაინიშნა.