QronikaPlus
ვადო მაჭავარიანი: „ვეღარავინ სუნთქავს თავისუფლად, „ოცნების“ რეპრესიული მანქანა უფრო ძლიერდება“

ვადო მაჭავარიანი: „ვეღარავინ სუნთქავს თავისუფლად, „ოცნების“ რეპრესიული მანქანა უფრო ძლიერდება“

2025-06-26 07:27:51

თამარ სანაძე

23 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურ საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს კონტექსტში 3 საკითხს განიხილავენ: დეზინფორმაცია ევროკავშირის წინააღმდეგ, სანქციების დაწესების შესაძლებლობა და უვიზო მიმოსვლის პრივილეგია.

ბოლო დროის პოლიტიკურ საკითხებზე, ოპოზიციის ქმედებებზე, „ქართული ოცნების“ ახალ კანონებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მოძრაობა „სართულის“ დამფუძნებელი, ვადო მაჭავარიანი:

_ ვადო, „ოცნება“ კვლავ ახალ დრაკონულ კანონებს იღებს: გუშინ გახდა ცნობილი, რომ პირი, რომელიც ფინანსური ბრალდებით გასამართლდება, მისი ფინანსური ზარალის ამოღება ნათესავებისგან იქნება შესაძლებელი. რას ნიშნავს ეს და რატომ არის ეს კანონი სახიფათო?

_ ეს არის ყველა იმ კანონის გაგრძელება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდში მიიღო. ეს კონკრეტულიც, როგორც დანარჩენი კანონები, იქნება მიღებული, როგორც რეპრესიების მთავარი იარაღი. ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ საკანონმდებლო ცვლილებაა, რაღაცები შეიძლება გაამართლონ, მათმა პროპაგანდამ შეიძლება აქეთ მიმართოს ყველაფერი, მაგრამ ცხადია, რომ ეს კანონი მიმართულია პატიოსანი ადამიანებისკენ, რომლებსაც ებრძვიან, ვისი ფინანსური სიძლიერეც არ აწყობთ.

მაგალითად: ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მცირე ბიზნესი, თუნდაც მაღაზია ან ავტომობილების პროფილაქტიკა. თუ ხელისუფლებას, მაღალ ან საშუალო რგოლს რაღაც არ მოეწონა, თვალში არ მოუვიდა ეს ადამიანი ან მოუნდა მისი ქონება, მას შეუძლია მისვლა და ჩამორთმევა არა მხოლოდ ამ ადამიანის, არამედ მისი ოჯახის წევრის ქონების, რომელიც ამ ბიზნესთან შეიძლება საერთოდ არც იყოს შემხებლობაში. ყველაფერს ამ კანონის არსებობით გაამართლებენ. ის, რომ ქვეყნის დატოვება არ შეეძლება ადამიანს, სანამ ამ თანხას არ ამოიღებს ხელისუფლება, ეს კიდევ ცალკე ახალი რეპრესიული და სასტიკი მეთოდია. ჩხადია, ამ ყველაფერს აკეთებენ იმიტომ, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა ამოიღოს ხმა, რაც შეიძლება ნაკლებმა ბიზნესმა ამოიღოს ხმა. „ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, რომ არ ფინანსდებოდეს კარგი საქმე და მთელი ბიზნესი მათ გარშემო იყოს კონცენტრირებული და აღარ არსებობდეს თავისუფალი ბიზნესი საქართველოში. მათ ძალიან ხშირად უყვარდათ საუბარი იმაზე, რომ აი, ბიზნესი თავისუფალი იქნება. 2012 წელს სწორედ ამ სიტყვებით და რიტორიკით მოვიდნენ, რომ  გავათავისუფლეთ ბიზნესიო. რეალურად კი ეკონომიკაზე, ბიზნესმენებზე, ადამიანებზე ზეწოლის ყველაზე სასტიკი მეთოდი არის ეს. ყველანაირ მონაპოვარს, რაც ჰქონდათ მათ და რითიც ამაყობდნენ, კარგავენ, რადგან ვეღარავინ სუნთქავს თავისუფლად, მათი რეპრესიული მანქანა კიდევ უფრო ძლიერდება. ეს არის გაგრძელება 20-წლიანი სისტემის, რაშიც ვიმყოფებით, ეს ყველაფერი ამ წრეზე ტრიალია. ეს კანონიც განკუთვნილია ადამიანების რეპრესიისთვის, ამასთან დაკავშრებით კიდევ ბევრ მაგალითზე შეგვიძლია ვისაუბროთ.

_ ამ საკითხზე საუბრისას მაგალითის სახით ბიზნესი მოიყვანეთ. ნოემბრიდან, როდესაც საპროტესტო აქციები დაიწყო, მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის პროტესტი ძალიან თვალში საცემი იყო. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის „ოცნების“ ეს ნაბიჯი იმისკენ მიმართული, რომ დაისაჯონ ისინი ან სამომავლოდ პროტესტი ვერ გამოხატონ?

_ ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ფაქტორია ამ კანონის იდეის. „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია, რომ ყველანაირი საპროტესტო რგოლი, რაც კი არსებობს ქვეყანაში მოკლას, ეს ყველაფერი თან ძალიან საშიშია და თან კომიკურიც არის. მათ ჰგონიათ, რომ საზოგადოების ყველა ფენას თუ მოუჭერენ ამ კანონებით და ადამიანების დაწურვაზე გადავლენ, უფრო მეტს მიაღწევენ, მაგრამ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს. საქართველო და ქართველობაო, რომ გაიძახიან, როგორც ჩანს, ქართველებს კარგად არ იცნობენ, ასეთ რეპრესიებს არავინ შეეგუება. შეიძლება ამ მომენტში პროტესტი შენელებულია, მაგრამ ასეთი კანონების შემოღებით მათსავე ამომრჩეველში მწიფდება პროტესტი და მათვე მიუბრუნდებათ ძალიან ცუდად.

რაც მეტ ადამიანს მოუჭერს და საოგადოების რაც უფრო დიდ ნაწილს დააყენებს საფრთხის წინაშე, რეპრესიების წინაშე, პროტესტს მით უფრო გაზრდის.

შეიძლება „ოცნება“ მშვიდად არის და თითქოს რაღაც წარმატებებს აღწევს თავისივე ამბებში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღებს პასუხს. მათ აქ, საქართველოში, რუსეთი და ბელორუსი არ გამოუვათ.

ჩვენ ასეთი ვითარება გამოცდილი გვაქვს. ასეთი წნეხი და რეპრესიები იყო წინა ხელისუფლების დროსაც. როგორც კი იმდროინდელი ხელისუფლება ცდილობდა გადასულიყო რეპრესიებზე, ზეწოლაზე, რომ საზოგადოების ნაწილი გაეჩუმებინა, სწორედ მაშინ იჩენდა თავს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის პროტესტი.

მინდა მქონდეს იმედი, რომ არავინ გაჩერდება, ბიზნესიც ხმას ამოიღებს. სამწუხაროდ, ბიზნესის დიდი ნაწილი გაჩუმებულია, მცირე და საშუალო ბიზნესებს უფრო მეტი ვაჟკაცობა აქვთ, რომ ხმა ამოიღონ. მსხვილ ბიზნესს კი ხვანაირად აქვს საქმე, _ მონოპოლიები, _ ამიტომ გაჩუმებულები არიან. ვინც ხმა აიმაღლა, იმედი მაქვს, რომ ისინი ბოლომდე მიიყვანენ საქმეს და არ გაჩერდებიან. „ოცნება“ იღებს კანონებს, რომ მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ყველასთვის, თუმცა ჩვენი პროტესტით შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი „ოცნებას“ საპირისპიროდ მიუბრუნდეს.

ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არ არის ვიღაცის დასჯა, ეს არის ის, რომ ოჯახებზე გადავიდეს ყველაფერი და ოჯახის წევრებისგან ამოიღონ ფული. ოჯახს გაიძახიან სულ, ასე თუ წარმოუდგენიათ ოჯახის სიწმინდის დაცვა, რომ ოჯახებიდან ფულის ამოქაჩვა უნდოდეთ, ეს კომიკურია.

ასეთ მოვლენებს რომ შეეჯახებიან ადამიანები, პროტესტი უფრო გაიზრდება.

_ ჯარიმები ფეისბუქპოსტების გამო, დაკავებები, აქტივისტ ნინო დათაშვილს პატიმრობა შეუფარდეს, მანდატურს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენაო. სადამდე შეილება გაგრძელდეს ეს ყველაფერი?

_ ჩემი სოლიდარობა ნინო დათაშვილს და ყველა სინდისის პატიმარს. „ქართული ოცნება“ ამას აკეთებს დემონსტრაციულად, არავის და არაფერს ერიდება. ქალბატონების დაკავებაზე გადავიდა, ამდენი ადამიანი დაპატიმრებულია. აკავებენ იმის გამო, რომ ვიაცას ლოყა აუწითლდა, მათე დევიძემ თავდაცვის მიზნით ჯოხი მოიქნია და 4 წლით უშვებენ ციხეში. ამდენი წლით უშვებს ე. წ. ხელისუფლება ხალხს ციხეში აბსურდული ბრალდებებით, ეს მხოლოდ მათ შიშსა და სისუსტეზე მეტყველებს. ასეთი ბრალდებებით, ამდენი წლით, მხოლოდ უღირსი ხელისუფლებები აპატიმრებენ ხალხს.

როდესაც ამგვარ კანონებს ვხედავთ, ამასთან ერთად აჯარიმებენ პოსტების გამო, იჭერენ „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის გამო, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს იჭერენ, საბა სხვიტარიძის ძმა დააკავეს აბსურდული ბრალდებით, ეს ყოველივე მეტყველებს ე. წ. ხელისუფლების შიშზე, ამიტომ ისინი მიმართავენ რეპრესიულ ზომებს. მაგრამ მათი ეს ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ გააღვივებს პროტესტს.

ესენი უშვებენ იმ შეცდომებს, რომლებსაც ძალიან ბევრი ავტორიტარი უშვებდა. ხალხში აღვივებს ბრაზს. არავის ეშინია.

მე პირადად 15 ათასი ლარის ჯარიმა მაქვს დაგროვებული, არის პატიმრობის საფრთხე, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ მე გაჩერებას არ ვაპირებ. ჩემსავითაა ძალიან ბევრი ადამიანი, მათ არ ეშინიათ, არავინ ვაპირებთ დანებებას, სწორედ ესაა ის, რისიც უნდა ეშინოდეთ მათ. როდესაც შემდეგი საპროტესტო ტალღა აგორდება, ჩვენ ბევრად მეტ ადამიანს ვნახავთ ქუჩაში, რადგან ბრაზი საზოგადოებაში გროვდება და აუცილებლად ამოფეთქავს. სწორედ ეს იქნება „ქართული ოცნებისთვის“ სავალალო.

_ ამ ყველაფრის ფონზე, ოპოზიციურ ფლანგზე ჯერ კიდევ კამათია არჩევნებში არმონაწილეობის საკითხზე. როგორ უყურებთ თქვენ, როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ამ პროცესს?

_ ეს პროცესები კიდევ ერთხელ გამოხატავს იმას, როგორი არაადეკვატური და არათანმიმდევრულია ოპოზიცია. მე საუბარი მაქვს ძირითად პარტიებზე, მსხვილ მოთამაშეებზე. ორ სუბიექტს რაღაც გაუგებარი ლტოლვა აქვს, რომ შევიდეს პარლამენტში. თან, არც უარყოფენ, რომ გაუყალბებენ არჩევნებს. უცნაური ამბავი ხდება მათ თავს. იმედი მაქვს, რომ გონს მოვლენ და მიხვდებიან _ როცა პატიმრები ყოველდღე გვემატება, ამდენი სინდისის პატიმარი გვყავს, მათ შორის დაპატიმრებულები არიან იმის გამო, რომ ოპოზიციას არჩევნები გაუყალბეს, არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარიც კი  სასაცილოა. რეალურად „ქართული ოცნება“ ძლიერდება ოპოზიციით.

ამდენი წელია, უშინაარსო და არათანმიმდევრულია ოპოზიციური სპექტრი და კამათობს უკამათო თემებზე. მათ პროტესტზე შეუძლიათ თავისი რესურსების მიმართვა, მაგრამ ამჯობინებენ ერთმანეთისთვის ტალახის სროლას, არაფერ შუაში მყოფი თემების განხილვას. ამაზე პასუხს მიიღებენ საკუთარი მომხრეებისგან. ახლა მნიშვნელოვანია, ახალმა ადამიანებმა მშვიდად ვაკეთოთ საქმე, წნეხი იყოს საზოგადოებისგან, რომ აღარასოდეს გვყავდეს ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხალხზე მაღლა საკუთარ ინტერესებს დააყენებენ. 

_ „ოცნების“ ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება. მათ ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ სპექტრში ადეკვატური რეაქცია არ აქვს, რას ფიქრობთ ამაზე?

_ ესეც სწორედ მათი არათანმიმდევრული პოლიტიკის გაგრძელებაა. პირდაპირ გეუბნება „ქართული ოცნება“, რომ დამკვირვებლებს არ მოიწვევს, პირდაპირ ამბობენ, რომ ამკაცრებენ და აუარესებენ არჩევნებთან დაკავშირებით კანონს, პირდაპირ გეუბნებიან, რომ არაფერი შეიცვლება ამ არჩევნებში და ჩემი თამაშის წესებით ითამაშებ და შენ მაინც საუბრობ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, ეს უკვე „ოცნების“ პრობლემა და პასუხისმგებლობა კი არ არის, ეს ოპოზიციის იმ ნაწილის ბრალია, რომელიც ვერ იაზრებს, რასთან აქვს საქმე და რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვართ.

მებრძოლი ადამიანების წყალობით, ჩვენ რუსეთი და ბელორუსი არასოდეს გავხდებით, მაგრამ ასეთი ადამიანები, რომლებიც ვერ იაზრებენ, რა ბრძოლაშიც ვართ და პირდაპირ სიგნალს რომ უშვებს „ქართული ოცნება“ და მაინც ილტვიან იმისკენ, რომ ლეგიტიმაცია მისცენ, ეს არ იქნება იმათი დამსახურება.

საბოლოო ჯამში, ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ყველა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე აგებს პასუხს. ჩვენ კი ადეკვატურად უნდა შევაფასოთ რეალობა, რომელშიც გვამყოფებს „ქართული ოცნება“ და ადეკვატურად ვიმოქმედოთ.

_ პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ 23 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. საქართველოს კონტექსტში 3 საკითხს განიხილავენ: დეზინფორმაცია ევროკავშირის წინააღმდეგ, სანქციების დაწესების შესაძლებლობა და უვიზო მიმოსვლის პრივილეგია. ელჩის განცხადება ძალიან მწვავე იყო. მან შემაძრწუნებელი უწოდა პოლიტპატიმრების ირგვლივ არსებულ ვითარებას. როგორ ფიქრობთ, რა წნეხი შეიძლება მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“ ამ სხდომის შემდეგ?

_ პასუხი, პირველ რიგში, „ოცნებისთვის“ უნდა იყოს ძალიან მძიმე, ე. წ. ხელისუფლების ქმედებების გამო ხალხი არ უნდა დაისაჯოს. თუკი მოხდა ისე, რომ ქართველმა ხალხმა უვიზო მიმოსვლის სიკეთეები დაკარგა, ეს „ოცნების“ ბრალი იქნება, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ აქამდე არ მივა სიტუაცია. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ ამისკენ არ წავიდეს საქმე. იმედი მაქვს, ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება იმგვარად არ იქნება მიმართული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ აამუშაოს მორიგი პროპაგანდა, რომ აი, ევროკავშირმა ხალხი დასაჯა. ეს ყველაფერი „ოცნებას“ აწყობს. მათ აწყობთ, რომ ახალგაზრდა ადამიანმა ვერ ისწავლოს ევროპაში, ხალხმა ვერ იმოგზაუროს და ვერ ნახოს ქვეყნები, ვერ ნახოს ის სიკეთეები, რაც ევროპის ქვეყნებშია.

ევროკავშირის მხრიდან ყველაზე ეფექტიანი იქნება იმაზე მუშაობა, რომ სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. სისტემური სანქციები არ არის იმის გამო, რომ უნგრეთსა და სლოვაკეთს ვერ ითანხმებენ. ორბანს ძალიან ბევრჯერ დაუხევია უკან და ბევრჯერ შეუცვლია პოზიცია.  ამაზე უნდა იმუშაოს ევროკაშირის წევრმა ქვეყნებმა, უკან დაახევინონ ორბანს, რათა არ წავიდეს „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესების წინააღმდეგ. სწორედ „ოცნებაა“ პასუხისმგებელი იმაზე, რა შედეგიც შეიძლება მივიღოთ. „ოცნების“ წევრები უნდა დასანქცირდნენ, უნდა გაიხადონ ეს ფასი, რადგან აუცილებელია.

ის, რომ მკაცრი შეფასებები არის და კიდევ უფრო მკაცრი იქნება, ეს არ არის ახალი და გასაკვირი. „ქართული ოცნებაა“ ის, ვინც ევროკავშირთან აჩერებს ურთიერთობას, შეაჩერა მოლაპარაკებები, ჩაკეტა ყველა გზა, ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს.

იმედია, ქართველი ხალხი არ დაისჯება და უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდება, ამას ვერავინ დაუჭერს მხარს, მაგრამ „ოცნებაა“ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ამ მიმართულებით ხდება და არავითარ შემთხვევაში არც ერთი ევროსტრუქტურა და ევროპელი პოლიტიკოსი.

ევროპისგან, ამერიკისგან უნდა ველოდოთ სანქციებს, რაც ძალიან კარგი გაკვეთილი იქნება „ქართული ოცნების“ კრიმინალური ქმედებების ჩამდენი წარმომადგენლებისთვის, მაგრამ აქ და ახლა ჩვენ, ქართველმა ხალხმა, უნდა ვიმოქმედოთ, არ უნდა ველოდოთ რომელიმე ევროპული თუ დასავლური ქვეყნის გადაწყვეტილებას, რეზოლუციას.

ისევ ვიხილავთ ქუჩაში ბევრ ადამიანს და მგონია, რომ პროცესები სწორედ ამ მიმართულებით მიდის, ჩუმად, მაგრამ მაინც პროტესტიკენ. ხალხი არ გაჩერდება, კარგია ყველა მწვავე გამოხმაურება, სანქცია, ზეწოლა, მაგრამ ქართული საზოგადოების გასაკეთებელს ვერც ერთი ევროპელი პოლიტიკოსი ვერ გააკეთებს.

_ აქ და ახლა მოქმედება საპროტესტო აქციების სიმწვავეს გულისხმობს? აქციების გააქტიურებაა ის რეცეპტი, რაც შედეგს გამოიღებს?

_ აქციები უცილებლად უნდა გააქტიურდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი სასამართლო პროცესების პარალელურად უნდა იყოს დიდი პროტესტი. მთელი ზაფხულის განმავლობაში ძალიან ბევრი სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ბევრს ეგონა, რომ ზაფხული პოლიტიკურად მკვდარი პერიოდი იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ადამიანები მათე დევიძის პროცესის შემდეგ გამოვიდნენ ქუჩაში და ხმა აიმაღლეს, კიდევ უფრო მეტი გამოვა ყველა პროცესის მიმდინარეობისას, რადგან სასამართლო პროცესებზე ვხედავთ აბსურდს, უსამართლობას. ტყუილად უსჯიან წლებს ადამიანებს, მტკიცებულებების გარეშე, ცრუ მოწმეებით. ციხეში უშვებენ აბსურდული ბრალდებით. ხალხი ამას ხედავს, ყველაფერი ხელის გულზეა. სასამართლოები მთავარი ლოკაციაა, ყოველდღიურად არის პროცესები, ხალხი უნდა მოვიდეს, დარბაზები სულ სავსეა, გარეთაც უნდა იყოს პროტესტი და სასამართლო უნდა იყოს პროტესტის მთავარი ლოკაცია მთელი ზაფხულის განმავლობაში. მე და ჩემი მეგობრები ორშაბათს ვესწრებით მზია ამაღლობელის პროცესს, ყოველთვის დავდივართ და ვესწრებით უკანონოდ დაკავებულების პროცესებს. ახლა სასამართლოა პროტესტის მთავარი ლოკაცია. ვფიქრობ, შემოდგომიდან რაღაც მოხდება ისეთი, რაც კიდევ უფრო გააბრაზებს ხალხს, გამოიყვანს ქუჩაში. მხოლოდ ქართული „ოცნება“ ახდენს ამ ყველაფრის პროვოცირებას, რავინ ბრაზდება უბრალოდ, თავისით. ე. წ ხელისუფლება არის ის, ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს. „ოცნება“ ხალხის მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს სინდისის პატიმრებს და არ მიდის დათმობებზე. მხოლოდ „ოცნების“ ქმედებების დამსახურება შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანები ქუჩაში ისევ გამოვიდნენ. ოქტომბერში კიდევ შევხედავთ მომავალ ფარსს, რომლის დროსაც ისინი ეცდებიან, რომ 80 ან 90 პროცენტზე მეტი დაიწერონ. „ქართული ოცნება“ კარგად ხვდება, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. შიგნითაც როგორი გაუგებარი სიტუაცია აქვთ: კადრებს ხსნიან, თვითონაც შიგნიდან სუსტდებიან, გარედანაც წნეხი და პროტესტი იქნება.

 

გაზიარება