QronikaPlus
თამარ ჩხეიძე: „ივანიშვილი გაემიჯნება კობახიძის გუნდს“

თამარ ჩხეიძე: „ივანიშვილი გაემიჯნება კობახიძის გუნდს“

2025-04-30 12:01:45

შორენა მარსაგიშვილი

რატომ გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებამ ბრძოლა სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს? რატომ ვერ ახერხებს ქართული საზოგადოება ხელისუფლების დამარცხებას? იქნება თუ არა აქციები შედეგის მომტანი? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩხეიძე:

_ ქალბატონო თამარ, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ისტორიის გადაწერა და განაცხადა, რომ მაშინ ქართველების პროტესტი არა რუსულმა ჯარმა, არამედ უცხო ძალამ ჩაახშო. თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიის გადაწერა?

_ ამას ელემენტარული ახსნა აქვს _ „ქართული ოცნება“ პირდაპირ პუტინის დავალებებს ასრულებს. თავისთავად ტრაგიკულია, რომ აქამდე მივედით, მაგრამ კომიკურია იმაზე საუბარი, რომ 9 აპრილის პროტესტი გაურკვეველ უცხო ძალას ჩაუხშვია სისხლში. იმის თქმასაც კი ვერ ბედავენ, რაც სადავო არ არის.

_ სამაგიეროდ, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იმ უცხო ძალის რიგებში იყვნენ უკრაინელები და ბალტიელები.

_ ეს ერები შგნებულად ახსენეს, ალბათ. ამ დამსჯელი რაზმების შემადგენლობაში რომც ყოფილიყვნენ უკრაინელები და ბალტიელები, ეს სრულებითაც არ ცვლის იმას, რომ ეს გააკეთა რუსულმა ჯარმა. რუსეთი მაშინ არსებობდა საბჭოთა კავშირის სახით.

_ თქვენ თქვით, რომ პუტინის დავალებით მოქმედებს „ქართული ოცნებაო“. პუტინი მაშინ არ ყოფილა მმართველი, რომ 9 აპრილის ისტორიის გადაწერა მისთვის საჭირო იყოს. ამ ამბავში მისი ბრალეულობა ნამდვილად არ არის.

_ პუტინი დღეს განასახიერებს რუსეთის იმპერიას. მისი ოცნება და მიზანი არის საბჭოთა კავშირის აღგენა. ის ამას არც მალავს. პუტინს განსაკუთრებული პრეტენზია იმ ტერიტორიებზე აქვს, რომელსაც ფლობდა საბჭოთა კავშირი. რუსი დიქტატორი ღიად აცხადებს, რომ ძალიან დიდ უბედურებად მიიჩნევს საბჭოთა კავშირის დაშლას და გადაწყვეტილი აქვს, რაღაც ფორმით მისი აღდგენა. საბჭოთა კავშირის აღგენას თუ მიაღწია, შემდეგ ის მიადგება დანარჩენ მსოფლიოსაც. პუტინი მსოფლიოს მართვის იდეით არის შეპყრობილი, რაც სრულიად არაჯანსაღი, ავადმყოფური იდეაა.

_ ამ სენით მარტო პუტინი არ არის შეპყრობილი _ რუსების უმეტესობა ამ დაავადებით იტანჯება.

_ ეს ზოგადად რუსების სენია, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. საბჭოთა კავშირი დაშლამდე ცოტა ხნით ადრე ბევრად უფრო ჰუმანური იყო, ვიდრე დღევანდელი რუსეთი. რუსეთი უკვე ღიად ავლენს თავის შემზარავ და არაადამიანურ სახეს. დღეს რუსეთი ბევრად უფრო შეესაბამება იმ ცნებას, რომელიც რეიგანმა ახსენა თავის დროზე _ ბოროტების იპერია.

_ თუმცა რეიგანის თანაპარტიელი ტრამპი ყველაფერს აკეთებს, რომ პუტინი უკრაინის ომში მართალი გამოიყვანოს და დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა წაიღოს.

_ ამ შემთხვევაში ტრამპის რესპუბლიკელობა არავითარ როლს არ ასრულებს, რადგან რეიგანი არაფრით ჰგავს ტრამპს. გასაკვირია ის, რაც დღევანდელ რესპუბლიკურ პარტიაში მოხდა და ხდება.

_ ისევ ჩვენს ამბებს დავუბრუნდეთ: აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს 9 აპრილის გაუფასურებას. გვეუბნებიან, რუსებმა კი არ დახოცეს მომიტინგეები, ჭყლეტაში დაიღუპნენო. მიაღწევს „ოცნება“ თავის მიზანს ამ მიმართულებით?

_ ეს თეორია, თავის დროზე, რუსებს ჰქონდათ, მაგრამ არ გაამართლა. ამ თემის წამოწევა უპერსპექტივოა. 9 აპრილის ტრაგედია გამოძიებულია და დასკვნაც დადებულია. ასე რომ, ვერაფერს შეცვლიან. თავად რუსებიც კი არ უარყოფენ, რომ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში ხალხი დახოცეს. 9 აპრილთან დაკავშირებით შესაძლოა სხვადასხვა აზრი გაჩნდეს, მაგრამ ვერაფერი შეცვლის იმას, რომ ეს იყო რუსეთის უდიდესი დანაშაული. ვერავინ უარყოფს იმას, რომ 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი იდგა და ადამიანები ამ იდეის გარშემო დაიღუპნენ. ეს არ ექვემდებარება  შეცვლას.

_ ეროვნული გმირების გაუფასურების მცდელობასაც ვხედავთ. თეა წულუკიანმა გვითხრა, რომ გიორგი ანწუხელიძე, თურმე, ვიღაცის პიარს შეწირული უაზრო მსხვერპლია.

_ ეს იმდენად შემზარავი საზიზღრობაა, რომ ამაზე კომენტარიც კი უაზრობაა. მგონი, აღარ დარჩა რამე წმინდა, რასაც არ შეეხნენ. მათი ქმედებები გასაკვირიც კი აღარ არის. ისინი მთლიანად განასახიერებენ იმ აზრებს, რომელიც რუსეთის ოფიციალური პოზიციაა. „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მთლიანად რუსულ ნარატივზე არის აგებული. საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაიწყო რუსეთის დავალებით. ამ კომისიას რამდენიმე მიზანი აქვს: მთავარი მიზანი, ისევ და ისევ, რუსეთის გამართლებაა 2008 წლის ომში.  ის აგრესორის ნაცვლად მსხვერპლად უნდა გამოჩნდეს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აგვისტოს ომში საქართველო გამოიყვანონ აგრესორად. გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ შევჭრილვართ ჩვენსავე ტერიტორიაზე. აქვთ კიდევ სხვა მიზნები, მაგრამ კომისიის მთავარი მიზანი ეს რის.

_ ამ კომისიის მთავარი მიზანი ასევე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაც, რაც, რატომღაც, გადაიფიქრეს.

_ არა მარტო „ნაციონალების“ აკრძალვა უნდათ, მათი სურვილია, ზოგადად გააუქმონ დემოკრატიული ინსტიტუტები. ავტორიტარიზმიდან პირდაპირ ტოტალიტარიზმზე ცდილობენ გადასვლას.

_ ამ დროისთვის ტოტალიტარიზმისკენ საკმაოდ სწრაფი ტემპებით მივექანებით.

_ მივექანებით, მაგრამ არა ისეთი ტემპებით, როგორც ეს „ქართულ ოცნებას“ სურს. ამას აფერხებს ის პროტესტი, რომელიც დღეს საქართველოშია. ეს უწყვეტი პროტესტი რომ არა, ალბათ ბევრად მძიმე სურათი იქნებოდა ქვეყანაში. ეს აქციები რომ არ ყოფილიყო, მსოფლიო ვერ დაინახავდა, რომ საქართველო სხვაა და ეს ხელისუფლება _ სხვა. ისინი ამას განიხილავდნენ, როგორც საქართველოს ერთიან პოზიციას და ეს ძალიან  შეასუსტებდა საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის მომავალს. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მკვეთრად ფიქსირდება ქართული საზოგადოების აზრი.  არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენი ბრძოლა გლობალურ პროცესებზეა მიბმული. მსოფლიოში დღეს ბოროტებასა და სიკეთეს შორის არის ბრძოლა. ჩვენი მოწინააღმდეგე არა „ქართული ოცნება“, არამედ რუსეთია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მყისიერი შედეგი არ ჩანს. რუსეთთან დაპირისპირება მსოფლიოსაც უჭირს და რა გასაკვირია, რომ პატარა საქართველომ ეს პრობლემა ასე უცებ ვერ დაძლიოს?

_ პატარა კია საქართველო, მაგრამ დიდად არც პოლიტიკური პარტიები აღარ ჩანან პროტესტში და იქნებ, ამის ბრალიცაა, რომ ჯერ სასურველი შედეგი არ დადგა?

_ ამ ბრძოლაში პოლიტიკური პარტიებიც უნდა იყვნენ აუცილებლად, მაგრამ ის, რომ წინ წამოწეული უფრო ახალგაზრდები არიან, ეს ძალიან კარგია. ეს არ უნდა იყოს პარტიული ბრძოლა, მასში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. შედეგი აუცილებლად იქნება.

შედეგი არის კიდევაც, _ სანქციები და დასავლეთიდან ზეწოლა.

_ ამ აქციების შედეგად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ „ოცნებიდან“ მიდიან ადამიანები, გასულ კვირას ღარიბაშვილი წავიდა.

_ „ოცნებაში“ მიმდინარე ცვლილებები არა მგონია, რომ რამის მომტანი იყოს. რაც იქ ხდება, ეს აქციების დამსახურებაა, მაგრამ ეს ის ცვლილებები არ არის, რაც გვჭირდება. დღეს ხელისუფლება ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება.

_ არის ასეთი მოსაზრება, რომ შესაძლოა, ივანიშვილიც წავიდეს პარტიიდან და ახალი პარტია შექმნას.

_ გამოროცხული არაფერია. გამორიცხული კი არა, მოსალოდნელია, რომ ივანიშვილიც გაემიჯნოს კობახიძის გუნდს.

_ ხალხი დაიჯერებს ამას. არჩევნების წინ ისეთები დაიჯერა, რომ არ იქნება გასაკვირი.

_ მთელმა საზოგადოებამ არ დაიჯერა, მხოლოდ _ ნაწილმა. ოპოზიციას უფრო მეტად რომ ემუშავა, ასე არ მოხდებოდა. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ რაც დღეს საქართველოში ხდება, მათაც ეხება. მთელი ერი ვერასოდეს იქნება პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ უფრო მეტი რომ აღიქვამდეს ამას, როგორც მისი ბედის გადაწყვეტას, უკეთესი იქნებოდა. რომ არა პუტინის ფაქტორი, „ოცნება“ კარგა ხნის გაქცეული იქნებოდა, ამათ ნასახს ვერ ნახავდით აქ. რუსეთს რომ ვებრძვით, ამიტომ ჭირს გამარჯვება და არა იმიტომ, რომ აქციებია უუნარო.  

გაზიარება